"როგორც გავიგეთ, სარაკეტო თავდასხმების დროს რამდენიმე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა" - რას ჰყვება კიევის მეტროში მყოფი ქართველი
აფეთქებების ხმებისა და მეწამულად შეღებილი ცის ფონზე გათენდა უკრაინაში. შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს კიევთან ახლოს, ივანკოვოს დასახლებასთან, სადაც რუსული ტანკები კიევის მიმართულებით გარღვევას ცდილობენ, მაგრამ უკრაინული ძალები მას ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ. მიუხედავად ამისა, კიევში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ძლიერი ხმა ისმოდა.
„საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმებია კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენმა დედაქალაქმა 1941 წელს განიცადა, როდესაც მას ფაშისტური გერმანია დაესხა თავს“, - ასე გამოეხმაურა კიევზე სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
გუშინ კიევში რამდენჯერმე ჩაირთო განგაშის სიგნალი. ამის პარალელურად, საცობები შეიქმნა ქალაქიდან გასასვლელ გზებზე. 24 თებერვლის ღამე კიევის უამრავმა მაცხოვრებელმა ქალაქის მეტროსადგურებში გაატარა. მათ შორისაა ქართველი ლაშა ვარშალომიძე, რომელიც რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად კიევში ცხოვრობს. მისი თქმით, როდესაც ქალაქში განგაშის სიგნალი ჩაირთო, მშობლებთან ერთად ერთ-ერთ მეტროსადგურში ჩავიდა.
- ახლა მეტროში ვართ. მოწოდება იყო, თუ ღამით განგაშის სიგნალი ჩაირთო, თავშესაფარში გადადითო. როგორც კი გაისმა განგაშის სიგნალის ხმა, ჩამოვედით მეტროში. ველოდებით, არ ვიცით, რა იქნება. მე მშობლებთან ერთად ვარ. კიევში არიან ჩემი ძმებიც, თავისი ოჯახებით. ისინი ქალაქის სხვა ნაწილში ცხოვრობენ და ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, მათთან მაქვს კონტაქტი და ამ დროისთვის ყველაფერი რიგზეა. როგორც გავიგეთ, სარაკეტო თავდასხმების დროს რამდენიმე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა. აქ „ტელეგრამ არხი“ გვაქვს, სადაც აქაურები აზიარებენ ინფორმაციებს და ვგებულობთ, რა ხდება ქალაქში. როგორც ახლა გავიგეთ, კიევთან ახლოს ბრძოლებია, რუსული ტანკების კოლონა ქალაქში შემოსვლას ცდილობს, მაგრამ ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძვიან. აქ სიწყნარეა, ღამე ბევრმა გაათია, როგორც იცით, კომენდანტის საათია დაწესებული და ბევრმა მხოლოდ დილით შეძლო აქედან გასვლა. მეტროში არიან ოჯახები, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მოხუცები, და ყველა ერთმანეთს უდგას მხარში. მომარაგებული გვაქვს პირველადი საჭიროების ნივთებიც.


ახლა ძალიან რთული ვითარებაა, ინტერნეტში ვრცელდება სხვადასხვა ვიდეო, რომლებშიც ჩანს, როგორ მოემართება კიევისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა, ქალაქში რაკეტები დაფრინავს, ისმის განგაშის სიგნალის ხმა და მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ ქუჩები და გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას. ასეთი მდგომარეობა გვაქვს ახლა. არ ვიცი, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, - ამბობს ჩვენთან საუბარში ლაშა.
