რუსული ტაქტიკური საჰაერო დესანტის განადგურება აეროპორტში, რომელმაც გუშინ კიევი გადაარჩინა... - კვირის პალიტრა

რუსული ტაქტიკური საჰაერო დესანტის განადგურება აეროპორტში, რომელმაც გუშინ კიევი გადაარჩინა...

რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთანავე, სარაკეტო დარტყმების, საავიაციო და საარტილერიო დაბომბვებისა და ჯავშანკოლონებით სწრაფი შეტევების გარდა, გამოიყენა საბრძოლო მოქმედებების კიდევ ერთი სახეობა - ტაქტიკური საჰაერო საშვეულმფრენო დესანტის გადასხმა მოწინააღმდეგის აეროდრომზე, მისი დაკავების, შენარჩუნებისა და მასზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების დაჯდომით, დამატებითი სადესანტო ძალების თავმოყრის მიზნით.

რაღაც ამგვარს რუსეთი აგვისტოს ომის დროს ჩვენც გვიპირებდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შვეულმფრენებით ტაქტიკური დესანტის გადმოსხმას, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკავებას და მასზე იმ მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღებას, რომლებიც რუსეთიდან საქართველოს დედაქალაქთან უშუალოდ ჩამოაფრენდნენ რუს მედესანტეებს მსუბუქ სადესანტო ჯავშანტექნიკასთან ერთად და შემდეგ თბილისს აღმოსავლეთიდანაც შეუტევდნენ.

მაშინ რუსეთმა ეს აღარ გააკეთა, რადგან ისედაც ერთ-ორ დღეში სრული უპირატესობა მოიპოვა ცხინვალის რეგიონსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო თბილისის აღება მაშინ პუტინს დასავლეთის თხოვნა-მოთხოვნამ გადააფიქრებინა (რასაც პუტინი დღეს შეიძლება ნანობს კიდევაც...)

დღეს კი სულ სხვა სიტუაციაა და პუტინის მთავარ მიზანს სწორედ კიევის-უკრაინის დედაქალაქის, რაც შეიძლება სწრაფად აღება წარმოადგენს, რათა იქ პრორუსული ხელისუფლება დასვას და ამით უკრაინა დასავლეთისკენ აღარც გაახედოს.

სწორედ ამ მიზნით, კიევიდან სულ რაღაც 15-იოდე კმ-ში მდებარე გოსტომელის აეროპორტში (რომელიც ანტონოვის ცნობილი საკონსტრუქტორო ბიუროს აეროდრომს წარმოადგენს, სადაც მსოფლიოში უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავი „მრია“, ასევე „რუსლანი“ გამოიცადა) გუშინ, ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში ტაქტიკური საშვეულმფრენო დესანტი გადასხა.

აეროპორტს უკრაინის ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების დანაყოფი იცავდა და მან წინააღმდეგობა გაუწია რუსული დესანტის გადასხმას.

alada2-1645782083.jpg
გოსტომელის აეროპორტი

უკრაინელი ეროვნული გვარდიის მებრძოლების თქმით, მოულოდნელად აეროდრომის თავზე ძალიან დაბალ სიმაღლეზე 34 რუსული შვეულმფრენი შეფრინდა, რომლებიდანაც, ერთი მეტრის სიმაღლიდან მიწაზე რუსი სპეცრაზმელები ხტებოდნენ.

უკრაინელებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსულ შვეულმფრენებს და სამი მათგანი ჩამოაგდეს (ერთ-ერთმა დაზიანებულმა რუსულმა დამრტყმელმა „კა-52“ „ალიგატორმა“ მოახერხა ავარიული დაშვება და მისი ეკიპაჟის ორივე წევრი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა).

მიუხედავად ამისა, ორ ასეულამდე რუსმა სპეცრაზმელმა მოახერხა გოსტემელის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკავება და დაიწყო მომზადება დამატებითი ძალების მისაღებად.

უკრაინის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფსკოვიდან ასაფრენად ემზადებოდა 18 ერთეული „ილ-76“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებსაც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის 76-ე გვარდიული სადესანტო-მოირიშე დივიზიის (ამ რუსული დივიზიის დანაყოფებიც შემოიჭრნენ საქართველოში აგვისტოს ომის დროს) მედესანტეები, საბრძოლო მანქანებთან ერთად შეიძლება ჩამოეფრინათ, მანამდე ტაქტიკური საშვეულმფრენო დესანტის მიერ დაკავებულ გოსტომელის აეროპორტში.

alada3-1645782083.jpg
შურისძიების მიზნით რუსებმა გოსტომელს რაკეტა ესროლეს...

ამიტომაც უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ყველა ზომა მიიღო, რაც არ უნდა დაჯდომოდა, დაებრუნებინა კონტროლი გოსტომელის აეროპორტზე.

მაგრამ რუსებმა მოახერხეს დამატებითი საშვეულმფრენო დესანტით გოსტომელის დამპყრობლების გაძლიერება და სიტუაცია კრიტიკული გახდა.

უკრაინელი გვარდიელები იძულებულნი გახდნენ ჰაუბიცების ცეცხლი გაეხსნათ აეროპორტის ასაფრენ-დასფრენ ზოლზე გამაგრებული რუსი სპეცრაზმელებისთვის (ერთ-ერთი ვერსიით ისინი შეიძლება 45-ე ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადიდან იყვნენ, რომელთა თანამებრძოლებმა აგვისტოს ომის დროს ფოთში ჩვენი სამხედრო პორტი დაიპყრეს და კატარღები ჩაგვიძირეს). საარტილერიო დაბომბვისას დიდი სიზუსტე იყო საჭირო, რადგან აეროპორტის დასახლებაში, კორპუსებში მაცხოვრებელი თავისივე მოქალაქეები არ დაეზიანებინათ.

მაგრამ, როდესაც ესეც არ გახდა საკმარისი, უკრაინულმა საფრონტო ბომბდამშენმა „სუ-24მ“-მა დაბალი სიმაღლიდან აეროდრომის დამპყრობელთა დაბომბვა განახორციელა, რაც გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა აეროპორტის დასაბრუნებლად და იქ მასიური რუსული დესანტის გადმოსხმის საშიშროების გასანეიტრალებლად. უკან დახეულმა რუსი სპეცრაზმელებმა ახლომდებარე ტყეს შეაფარეს თავი. მათ გასანადგურებლად აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის გაჩხრეკვა დაიწყეს უკრაინელმა გვარდიელებმა.

აღსანიშნავია, რომ გოსტომელის აეროპორტის დროებით დამპყრობელი რუსული ტაქტიკური საჰაერო დესანტის დასახმარებლად მათკენ გაჭრას ცდილობდა ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრილი რუსული ჯავშანკოლონა, რომლის შეჩერება ბრძოლებით უკრაინელმა სამხედროებმა დასახლებულ პუნქტ გლუხოვასთან მოახერხეს, აეროპორტიდან 137 კმ-ში.

p.s. გოსტომელის აეროპორტიდან გაძევებულმა რუსებმა შურისძიების მიზნით დღეს ქალაქ გოსტომელს რაკეტა ესროლეს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის წინ აფეთქდა...