"ისე გაუშვეს უკრაინელები, რომ ამ ხალხის მეხსიერებაში გურია ვერაფერმა ამოშალა"
"ვამბობთ უკრაინას, ვგულისხმობთ საქართველოს!", - ეს სიტყვები ალბათ ყველაზე ზუსტად ასახავს, თუ რას განიცდის ჩვენი ქვეყანა უკრაინაში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სხვა სიტყვები, ალბათ, საჭირო აღარც არის, თუმცა შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ თავისუფლების მოყვარე უკრაინელებისა და ქართველების მეგობრობას ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ ისტორიის ყველაზე სულისშემძვრელი მომენტები კი გურიაში, კერძოდ სოფელ მიქელგაბრიელში განვითარდა, დაახლოებით, 80 წლის წინ. ამ ემოციებს ამ სოფელში დადგმული ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობის ობელისკი ასახავს, და კიდევ, ის განცდები, რითაც ახლა მიქელგაბრიელში უკრაინის ბედს განიცდიან. ამასთან დაკავშირებით გურიის ამ ლამაზი სოფლის მცხოვრებს - ბატონ ზურაბ მჟავანაძეს ვესაუბრე, რომელსაც ახლაც ზუსტად ისე ახარებს სოფელში უკრაინელების სტუმრობა, როგორც ბავშვობისას, სოფელში გაგონილი უკრაინელი სტუმრებისა და გურული მასპინძლების სიმღერა.
- ბატონო ზურაბ, ალბათ, თქვენს სოფელში განსაკუთრებულად დარდობენ უკრაინის ბედზე. ცხადია, თავად არ გემახსოვრებათ უკრაინელებთან დამეგობრების დასაწყისი, მაგრამ გეცოდინებათ, როგორ დაიწყო ეს ამბები?
- ჩვენს სოფელში ისეთს ვერავის მოძებნით, მაგ ამბის მცოდნე ან მონაწილე რომ არ იყოს; თუმცა მაშინ ჩვენს სოფელს შრომა ერქვა და არა - მიქელგაბრიელი. ჰოდა, სოფელი შრომა მეორე მსოფლიო ომის წინ უმდიდრესი იყო თავისი ჩაითა და ციტრუსით. ალბათ, სწორედ ამიტომაც ამოიყვანა ოზურგეთის საბჭოთა მთავრობამ 84 წლის წინ ჩვენს სოფელში უკრაინელები, კერძოდ - გენიჩესკის რაიონის სოფელ როვნოდან. უნდოდათ, რომ ჩვენი სიმდიდრე ეჩვენებინათ და მერე ჩვენი სოფლიდან წაეყვანათ ხალხი უკრაინაში. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ამ სტუმრებს გურულები როგორ უმასპინძლებდნენ?! ისე გაუშვეს როვნოელები, რომ ამ ხალხის მეხსიერებაში გურია ვერაფერმა ამოშალა.
მეორე მსოფლიო ომის დროს გურიის სოფლებში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები დაჰყავდათ გამოსაჯანმრთელებლად. მათ მთელი სოფელი პატრონობდა. ერთ-ერთი მათგანს, გვარიც მახსოვს, - პეტრე ლავრენტიევს, შვილმკვდარი დედა - მელინკი მჟავანაძე უვლიდა. ქალს შვილი ომში ჰყავდა დაღუპული და მაინც ის მოითხოვა, - ყველაზე მძიმე ჯარისკაცი მომეცით, რომ გარდაცვლილი შვილის სახელზე მოვუაროო და ასეც გააკეთა კიდეც.
ბოლოს ლავრენტიევი ამბობდა: ორი დედა მყავს, ერთი უკრაინელი და ერთიც ქართველიო. ამ დროს უკვე უკრაინაში შიმშილი მძვინვარებდა. აი, ამიტომ სოფელში უკრაინელებისთვის ფულის, პროდუქტის და თბილი ჩასაცმლის შეგროვება დაიწყო.
- ეს ფული ნამდვილად უკრაინელებმა მიიღეს?
- ეს ცნობილი ამბავია: ამ ფულით, როგორც ვიცი, ტანკი ჩამოისხეს, რომელმაც ომის ბოლომდე იბრძოლა. ომი რომ დამთავრდა, უკრაინელებმა სოფელში და, საერთოდ, გურიაში ხორბლის გამოგზავნა დაიწყეს. თანაც, თავადაც მუდამ ჩამოდიოდნენ, ხან შეხვედრებზე, ხან ისე, უბრალოდ. სხვათა შორის, ამ დროს ჩვენს სოფელში სამი უკრაინული ოჯახი ჩასახლდა და დღემდე არიან შთამომავლები. ჩვენმა ბიჭებმა, ჩხაიძეებმა და ხომერიკებმა უკრაინელი გოგონები შეირთეს ცოლად. დღესაც არიან ეს ოჯახები.
- რა დიდი ამბავი ყოფილა. თქვენ როდის შეხვდით სოფელში უკრაინელებს?
- 1968 წელს. 8 წლის ასაკში. მშვენიერი კონცერტიც გავუმართე. რასაკვირველია, ამ დროს სუფრებთან არავინ მიმიშვა, რომელზეც უკრაინელებს მასპინძლობდნენ. სამაგიეროდ, მერე შევხვდი, 1999 წელს, როდესაც უკრაინელები კვლავ ჩამოიყვანა მაშინდელმა ერთ-ერთმა დეპუტატმა.
- ძალიან კარგი, რომ დეპუტატს აუღია თავზე ეს. ეს ის დროა, როდესაც ქვეყანაში გართულებულია ადამიანური ურთიერთობები და სტუმრის უხვად დახვედრის შანსი არავის აქვს.
- დიახ, მაგრამ მართლაც კარგი მასპინძლობა იყო. სოფლის კულტურის სახლში მაშინ 600 კაცი შეიკრიბა უკრაინელების დასახვედრად. რაც უნდა გაჭირვება იყოს საქართველოში, სტუმარს საკადრისად უნდა დახვდე. სულ ბოლოს, 2019 წელსაც იყვნენ უკრაინელები ჩამოსულები. ჯერ ოზურგეთში მოინახულეს უკრაინული დასახელების - გენიჩესკის ქუჩა, შემდეგ, რა თქმა უნდა, მიქელგაბრიელშიც მოვიდნენ და ხალხი გაახარეს. ასე რომ, გურია უკრაინისა და საქართველოს ძმობის გარეშე არ არსებობს. ასეთ ძმობას კი ნამდვილად ეკუთვნოდა უკრაინელებისა და ქართველების ძეგლის დადგმა.
- სამაგიეროდ, პუტინს, ალბათ, არანაირად არ უხარია ჩვენი და უკრაინელების მეგობრობის ნახვა.
- ასეა. რუსეთს ორივე ჩვენგანის წაქცევა სურს. მაგრამ უნდა გაუძლონ უკრაინელებმა, ვიდრე მტერი არ დაიღლება და არ განადგურდება. ეგ მე მტკიცედ მწამს, რომ მტერი აუცილებლად განადგურდება - ერთხელაც და სამუდამოდაც.
(სპეციალურად საიტისთვის)