ომი ომად, მაგრამ უნიკალურ „მრიას“ გაუფრთხილდით, არ ააფეთქოთ! - კვირის პალიტრა

ომი ომად, მაგრამ უნიკალურ „მრიას“ გაუფრთხილდით, არ ააფეთქოთ!

უკრაინული სიტყვა მრია ქართულად იმედს ნიშნავს და სწორედ ასე ქვია მსოფლიოში უნიკალურ და ყველაზე დიდ სატრანსპორტო თვითმფრინავს „ან-225“ „მრიას“.

მისი ერთადერთი საფრენოსნო ეგზემპლარი ჯერ კიდევ 1988 წელს დამზადდა, რათა თავის „ზურგით“ გადაეტანა საბჭოთა კოსმოსური „შატლი“-„ბურანი“ ქარხნიდან ბაიკონურის კოსმოდრომამდე.

„მრიამ“ პირველი გაფრენა გოსტომელის აეროდრომიდან განახორციელა და მას შემდეგ 34 წლის განმავლობაში მის ნავსაყუდელად სწორედ ეს აეროდრომი რჩება.

ეს სწორედ ის გოსტომელის აეროდრომია, რომელზეც რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, 24 თებერვლის შუადღიდან დიდი ბრძოლები გაიმართა, როდესაც იქ გადამჯდარმა რუსულმა საშვეულმფრენო ტაქტიკურმა დესანტმა ამ აეროდრომის დაკავება მოინდომა, რათა იქ ფსკოვიდან გამოფრენილი რუსი მედესანტეებით გადაჭედილი სამხედრო-სატრასპორტო თვითმფრინავები მიეღო და მერე ერთად შეეტიათ ამ აეროდრომიდან 15 კმ-ში მდებარე უკრაინის დედაქალაქისთვის.

უკრაინელმა გვარდიელებმა მომხვდურებს გეგმები ჩაუშალეს, რის გამოც ფსკოვიდან გამოფრენილი 18 ერთეული რუსული სატრანსპორტო „ილ-76“ იძულებული გახდა ბელარუსის გომელის აეროდრომზე დაშვებულიყო.

გოსტომელის აეროდრომზე მიმდინარე გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროდრომზე მდგარი უნიკალური „ან-225“ „მრია“ თითქოს აფეთქდა და დაიწვა, ამას მთელ მსოფლიოში ასი ათასობით და შეიძლება მილიონობით ავიაციის მოყვარულს დიდად დაწყვიტა გული...

შორს რომ არ წავიდე, ჩემს თავზეც ვიტყვი, რადგან 2001 წელს საფრანგეთში, ლე-ბურჟეს ავიაკოსმოსურ გამოფენაზე, როდესაც ქართულ-ებრაული „სუ-25კმ“ „სკორპიონი“ ჩავიტანეთ, იქ უშველებელი, ექვსძრავიანი „მრიაც“ ჩამოფრინდა და მომეცა საშუალება მისი დეტალურად დათვალიერების, გარედან და შიგნიდან, რის შემდეგ შთაბეჭდილების წიგნში ქართულად ერთი-ორი ლამაზი სიტყვა ჩავუწერე და „მრიას“ სულ მშვიდობიანი ფრენა ვუსურვე...

„მრია“ თბილისი საერთაშორისო აეროპორტშიც არანაკლებ ორჯერაა დამჯდარი საწვავის მარაგის შესავსებათ და ამ 84 მ სიგრძისა და 640 ტონა მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე გიგანტი-თვითნფრინავის აფრენა-დაფრენის პროცესი აეროდრომებთან ასეულობით ცნობისმოყვარის თავშეყრას იწვევს ხოლმე.

2-1645851784.jpg
„მრიას“ მეორე, დაუმთავრებელი ეგზემპლარი ანგარში, რომელიც სავარაუდოდ დაიწვა ბრძოლების დროს

საბედნიეროდ, „მრიას“ აფეთქების ამბავი არ დადასტურდა (არადა ის მხოლოდ 5 თებერვალს ჩამოფრინდა თავის „ბუდეში“-გოსტომელის აეროპორტში დანიიდან, საიდანაც უკრაინის არმიას სამხედრო ტვირთი ჩამოუტანა, არადა „მრიას“ მაქსიმალური, 250 ტ ტვირთის წაღება შეუძლია), როგორც ამბობენ გოსტომელის აეროდრომზე ბრძოლების დროს დაიწვა ანგარში მდგარი „მრიას“ მეორე, დაუმთავრებელი ეგზემპლარიო...

გოსტომელის მხრიდან რუსი აგრესორები კიდევ უტევენ კიევს და იმედი ანუ უკრაინულად-მრია გვქონდეს, რომ ჩრდილოელი დამპყრობლები ვერც კიევს აიღებენ, „მრიაც“ გადარჩება და უკრაინა საქართველოსთან ერთად ბოლოს და ბოლოს გამარჯვებული გამოვა „მსოფლიო ბოროტებასთან“ - რუსეთთან მრავალწლიან ჭიდილში...