"პუტინს შეუძლია უკრაინელ სამხედროებზე გაიმარჯვოს, მაგრამ რა იქნება შემდეგ" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"პუტინს შეუძლია უკრაინელ სამხედროებზე გაიმარჯვოს, მაგრამ რა იქნება შემდეგ" - რას წერს უცხოური გამოცემა

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინს შეუძლია უკრაინელ სამხედროებზე გაიმარჯვოს, მაგრამ რა იქნება შემდეგ?“, რომლის ავტორია კალიფორნიის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი მაქს ბოტი.

მე ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომელთა მტკიცებით, ვლადიმერ პუტინის შეჭრა უკრაინაში „გენიალურ სვლას“ წარმოადგენს და ვერც იმათ, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთის პრეზიდენტის ისტორიული შეცდომაა. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, რა იქნება შემდეგ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ნაბიჯს გადადგამენ უკრაინელი და ევროპელი ხალხები ამ აგრესიული ომის წინააღმდეგ, მის შესაჩერებლად.

ვლადიმერ პუტინი არ ერიდება ძალის გამოყენებას. მან თავისი პრეზიდენტობის ოცწლიან პერიოდში კარგი საომარი გამოცდილება მიიღო. იგი დარწმუნებულია, რომ სწორად იმოქმედა, როცა რუსეთის ჯარებს უკრაინაში შეჭრა უბრძანა.

პუტინის რეჟიმმა ომები 1999 წელს ჩეჩნეთზე თავდასხმით დაიწყო. რუსეთის ჯარებმა ალყაში მოაქციეს გროზნო, დახოცეს ათასობით ადამიანი და განდგომილი რესპუბლიკა საკუთარ კონტროლქვეშ მოაქციეს. პუტინის პრეზიდენტობამდე ჩეჩნეთში პარტიზანული ომი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მან კი სწრაფად დაამყარა წესრიგი და რესპუბლიკის ხელმძღვანელად ადგილობრივი მინი-დიქტატორი დანიშნა - ჯერ აჰმად კადიროვი, შემდეგ კი მისი ვაჟი რამზან კადიროვი.

ვლადიმერ პუტინი ასევე შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოში - საქართველოში 2008 წელს. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ რუსებმა ქვეყნის დედაქალაქს - თბილიის მიუახლოვდნენ, მაგრამ არ აუღიათ. მის ნაცვლად დამპყრობლებმა ხელში ჩაიგდეს საქართველოს პრორუსული რეგიონები - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, რომლებიც დღემდე კრემლის კონტროლის ქვეშ რჩებიან. საქართველოს ამბიციები ნატოში გაწევრების თაობაზე დაიმსხვრა.

2014 წელს, კიევში პრორურუსლი მმართველის - ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში პირველად შეიჭრა: „მწვანე კაცუნებმა“ ანუ მწვანეფორმიანმა რუსმა ჯარისკაცებმა - განმასხვავებელი ნიშნების გარეშე - ყირიმის გაკონტროლება დაიწყეს. იმავდროულად რუსეთის მხარდაჭერით აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, ადგილობრივმა სეპარატისტებმა ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რომელიც ბოლო დრომდე გრძელდება და ბოლო დღეებში უკრაინაში მასშტაბური სამხედრო შეჭრის საბაბი გახდა.

შემდეგ რუსეთმა სირიაში ინტერვენცია განახორციელა, 2015 წელს, როცა მოსკოვის მოკავშირე ბაშარ ასადი [ოპოზიციისა და „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების მიერ] დამხობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ვლადიმერ პუტინმა მის გადასარჩენად სამხედრო-საჰაერო ძალები და შეზღუდული სამხედრო კონტინგენტი გაგზავნა. ულმობელი დაბომბვებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილიც მოჰყვა, კრემლმა ანტიდემოკრატიული რეჟიმი გადაარჩინა. იმ დროს არ გამართლდა ბარაკ ობამას წინასწარმეტყველება, რომ ვლადიმერ პუტინის სირიაში შესვლით ეს ქვეყანა „ჭაობში ჩაეფლობაო“ (ის, რაც ამერიკას მოუვიდა ვიეტნამის ომით). „ჩაფლობის“ ნაცვლად სირია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ომის პოლიგონი გახდა, რომლის გამოცდილებას კრემლი დღეს უკრაინაში იყენებს.

გასაგებია, რომ სამხედრო წარმატებების ჯაჭვმა ვლადიმერ პუტინი, რომელიც ქვეყანას ოცი წელია მართავს, იმ აზრამდე მიიყვანა, რომ უკრაინა რუსეთის სატრაპიად (პროვინციად) უნდა გადააქციოს. მაგრამ ომი, რომელიც მან კიევის წინააღმდეგ დაიწყო, იმ ომებზე უფრო რთულია, რომლესაც იგი ადრე აწარმოებდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები, მართალია ძლიერებით რუსეთის არმიას ჩამოუვარდებიან, მაგრამ აღემატებიან იმ არმიებს, რომელთა წინააღმდეგ რუსები ბოლო დრომდე იბრძოდნენ. უკრაინელ სამხედროებს დრეს უფრო მეტი ახალი იარაღი აქვთ, ვიდრე 2014 წელს. იმდროინდელმა რუსულმა აგრესიამ უკრაინელები უფრო ნაციონალისტურად და შეურიგებლად განაწყო რუსების მიმართ, ისინი უფრო პროდასავლურები გახდნენ... მოსახლეობაში გაიზარდა ნატოსადმი ნდობა. ბევრი უკრაინელი მზად არის, თავიანთი ბაბუების მსგავსად, პარტიზანულად იბრძოლოს.

რუსეთის არმია უკრაინაში ჯერ-ჯერობით საომარი ოპერაციის საწყის ეტაპზე იმყოფება, რომელიც, ვლადიმერ პუტინის სიტყვებით, ქვეყნის „დემილიტარიზებისა და დენაციფიცირებისკენ“ არის მიმართული - უკრაინის პრეზიდენტი ეროვნებით ებრაელია.

განახლებულ რუსული არმიას, რასაკვირველია, უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხება და კიევის აღება შეუძლია, მაგრამ რა იქნება შემდეგ? იქმნება იგივე სიტუაცია, როცა გენერალმა დევიდ პეტრესუმა იკითხა 2003 წელს აშშ-ის არმიის ერაყში შეჭრის შემდეგ: „მითხარით, ეს რით დამთავრდება?“.

ის 190-ათასიანი არმია, რომელიც ვლადიმერ პუტინმა შექმნა უკრაინაში შეჭრის მიზნით, ალბათ, საკმარისია მთავრობის დასამხობად, მაგრამ, როგორც ამას წინათ განაცხადა იმავე დევიდ პეტრეუსმა, სრულიად არასაკმარისია იმ ქვეყნის გასაკონტროლებლად, რომლის მოსახლეობა 43 მილიონს აღწევს. ამისათვის კიდევ ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურეა საჭირო და თუ ამას, სავარაუდოდ, პარტიზანული ბრძოლის შესაძლებლობას დავუმატებთ, სიტუაციის სტაბილიზება გაჭიანურდება და რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა დაეცემა.

პუტინისათვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარება, მაგრამ როგორ შეინარჩუნებს ასეთი რეჟიმი ხელისუფლებას? უკრაინელებს უკვე ორი პრორუსუსლი რეჟიმის დამხობის გამოცდილება აქვთ „ფერადი რევოლუციებით“ 2005-2014 წლებში და რა შეუშლის ხელს მათ მესამედ იგივე გააკეთონ? შესაბამისად, პუტინს მოუწევს უსაფრთხოების პრორუსული სტრუქტურები ჩამოყალიბებაც, რაც, მოსახლეობის ნაციონალისტური განწყობის გათვალისწინებით, ძალიან ძნელი იქნება.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ლიდერის შეტევა ჩაიფუშება. სისულელე იქნებოდა ასეთი გამოცდილი ტირანის შეუფასებლობა. მაგრამ რუსეთის წარმატება მუდმივი არ არის, დასავლეთსაც შეუძლია რაღაც-რაღაცეების გაკეთება მისი აგრესიის შესაკავებლად. დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინელებისათვის იარაღის მიწოდება და მხარდაჭერა, უნდა გააგრძელოს ნატოს ჯარების თავმოყრა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და უნდა გააფართოვოს დრაკონული სანქციების მიღება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ.

ნაპოლეონ ბონაპარტე ესპანეთში 1808 წელს რომ შეიჭრა, გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, მაგრამ შემდეგ იმპერატორი იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო ესპანელ პარტიზანებთან, რომლებსაც მხარს მისი მტრები - ინგლისელები უჭერდნენ. სულ მალე ნაპოლეონი მიხვდა, რომ „ესპანური წყლული“ მისთვის აუტანელი ხდებოდა. დღეს დასავლეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვლადიმერ პუტინს „უკრაინული წყლული“ შეუქმნას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთის დიქტატორის მიერ განხორციელებულმა გამბიტმა მისთვის სასურველ მიზანს არ მიაღწიოს. წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ