აბა „ჯაველინი“ ვერ ააფეთქებსო?! - კვირის პალიტრა

აბა „ჯაველინი“ ვერ ააფეთქებსო?!

26 თებერვლის საღამოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ „ჩრდილოეთმა“ გაავრცელა მორიგი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქ ჩერნიგოვზე იერიშის მცდელობისას კიდევ ორი რუსული ტანკი ააფეთქეს.

ეს ჩვეულებრივ, მორიგ სასიამოვნო ინფორმაციად დარჩებოდა, რომლებიც საბედნიეროდ მომრავლდა ბოლო საათებში, რომ მას ერთ-ერთი აფეთქებული რუსული ტანკის ფოტოც არ მოჰყოლოდა თან.

რას ვხედავთ ფოტოზე - იწვის, სავარუდოდ რუსული Т-72 ტიპის ტანკის ერთ-ერთი მოდიფიკაცია, მაგრამ თუკი კარგად დავაკვირდებით დავინახავთ ტანკის კოშკურაზე აღმართულ უცნაურ, რკინის „საქათმეს“ ანუ ამ ტანკზეც რუსებმა უკრაინის შეჭრის წინ, თავის ჭკუაში დამატებითი დაცვა დაამონტაჟეს, რომ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინების“ (რომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობას ჩატანა უკრაინაში ამერიკელებმა საბედნიეროდ მოასწრეს) ტანკის კოშკურაზე ზემოდან მოხვედრის შემთხვევაში. თავი დაეცვათ.

2-poto-1645889626.jpg
უკრაინაში შეჭრილი ერთ-ერთი რუსული ტანკის კოშკურაზე დადუღებული რკინის „საქათმე“

რუს ტანკისტებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ „საქათმეზე“, რომელიც 1-1,5 მ-ის სიმაღლეზე იყო, დადუღებული ტანკის კოშკურაზე, „ჯაველინის“ რაკეტის მოხვედრისთანავე ამოქმედდებოდა კუმულაციური ჭავლი და სანამ კოშკურას მიაღწევდა, გაიფანტებოდა...

როგორც ჩანს, არ გაუმართლდათ იმედები რუს ტანკისტებს - ამ ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ „ჯაველინის“ რაკეტა სწორედ ზემოდან მოხვდა ამ რუსულ ტანკს, უპრობლემოდ გაარღვია რკინის „საქათმე“ (დააკვირდით როგორ არის ის დეფორმირებული), რის შემდეგაც ინიცირებულმა კუმულაციურმა ჭავლმა გახვრიტა კოშკური, შედარებით მცირე სისქის ჯავშანი და უშუალოდ ტანკის საბრძოლო ნაკვეთურში მოახდინა ჭურვების დეტონაცია, რის შედეგადაც, თითქმის ათტონიანი კოშკურა მცირე სიმაღლეზე ჰაერში აისროლა და ის ისევ ტანკის კორპუსს დაეცა...

3-poto-1645889686.jpg
უკრაინელებმა უკვე იციან,რომ „ჯაველინებით“ რუსების ტანკებს შავ დღეს დააყრიან...

ამ რუსული ტანკის ეკიპაჟის გადარჩენაზე ლაპარაკიც არ არის, უბრალოდ უკრაინელებმა ეს ფოტო ფართოდ უნდა გაავრცელონ სოციალურ ქსელებში, რომ იქნებ, რაც შეიძლება მეტმა რუსმა ტანკისტმა ნახოს (მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინაში შეჭრის წინ ყველანაირი სახის მობილური ტელეფონები ჩამოართვეს) - მათ ვერც ტანკის კოშკურაზე ნახევრადკუსტარულად დადუღებული რკინის „საქათმე“ დაიცავს უკრაინელი მებრძოლებისგან ნასროლი ამერიკული „ჯაველინებისგან“, პირიქით, ამ „საქათმის“ უცნაური კონსტრუქცია ტანკის მეთაურისა და მემიზნე-ოპერატორის სწრაფ ევაკუაციასაც კი გააძნელებს კრიტიკულ მომენტში...