"სულაც არ გამოვრიცხავ, თბილისში მოსკოვიდან სატელეფონო ზარი ყოფილიყო, ხმას ამოიღებთ და..."
" დღეს რომ პოლონეთში ვარ და ამხელა ფილარმონიას ვხელმძღვანელობ, არ მინდა აქ ვინმემ მკითხოს, შენი ქვეყანა რომ დაბომბეს, უკრაინის პრეზიდენტი რომ თქვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდა, თქვენ რას აკეთებთო? - ასე რომ მკითხონ, შეიძლება თავი მოვიკლა!
ცნობილი ქართველი დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე ამჯერად პოლონეთში იმყოფება და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე თავის გულისტკივილს გვიზიარებს...
- ახლა პოლონეთში ვარ, სადაც პოლონეთის, ბალტიის ფილარმონიულ ორკესტრს ვხელმძღვანელობ... აქ მართლაც ფანტასტიკური ხალხია. ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირდაპირ ტირიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მაგრამ რას გააკეთებენ, ვინ რა უნდა ქნას?! ორკესტრის წევრებსაც სულ ცრემლები მოსდიოდათ, წარმოუდგენლად დიდი ემოციებია ხალხში... სასწრაფოდ გადავწყვიტეთ ჩვენი 25 თებერვლის კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერი კონცერტი ყოფილიყო და დარბაზი უკრაინის დროშებით გავაფორმეთ.
ვხედავთ, მთელი მსოფლიო ვერაფერს აკეთებს... ან 25-30 წლის განმავლობაში რას აკეთებდნენ? ერთ ან ორ მილიონს გადმოგვიგდებდნენ და ისიც იმისთვის, რომ ერთადერთი, რა ფუნქციაც საქართველოს და უკრაინას გვქონდა - დანარჩენი სამყარო რუსეთის გასაღიზიანებლად გვიყენებდა.
ევროკავშირის 40 პროცენტი რუსეთის გაზზეა დამოკიდებული, გერმანელი ტოპმენეჯერები გაზპრომის სათავო ოფისებში სხედან და საერთოდ რაღაზე ვლაპარაკობთ?! რუსეთი ყოველთვის ასეთი იყო, სულ მონსტრები ჰყავდათ სათავეში და ეს არის ქვეყანა, სადაც სურთ, სულ ასეთები მართავდნენ... ნორმალურს ვეღარც აიტანენ, არ შეუძლიათ... თუმცა დანარჩენი მსოფლიო რას აკეთებდა როდესაც აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ყირიმში ომი იყო? ამ არაადამიანმა შეხედა, რომ მსოფლიოს არ ენაღვლება, ეშინია და მხდალები, არაფრისგამკეთებლები არიან. ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად...
რამდენს ვყვიროდით, მაგრამ ხმა ვის მივაწვდინეთ? საქართველოშიც უნიჭოზე უნიჭოები არიან სათავეში, ვერაფრით ვერ განვვითარდით. კი, ხელს გვიშლის რუსეთი, მაგრამ ჩვენ თვითონაც რას დავემსგავსეთ და საერთოდ, სად ვართ?! რუსეთზე ვართ დღესაც ბევრ რამეზე დამოკიდებული.
ხალხი, რაც შეგვიძლია, თანაგრძნობას გამოვხატავთ. მე ჩემს უკრაინელ მეგობრებს ვურეკავ და ვეუბნები, რამე საშინელება რომ მოხდეს, კახეთში სახლი მაქვს და ჩემი სახლი მზად არის მათ მისაღებად!
- სახელმწიფო როგორ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერას?
- არ ვიცი, სახელმწიფომ რომ თქვას დიპლომატიურ ურთიერთობას ვწყვეტო, გაწყვეტ თუ არა დიპლომატიურ ურთიერთობას, პირდაპირ ბომბს ჩამოგიგდებს... დღეს მილიონ ნახევარი ქართველი რუსეთში ცხოვრობს და ჩვენს უსაქმურ ქართველებს ფულს უგზავნის. ეს რომ რუსეთმა გადაგიკეტოს, წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა რა დღეში ჩავარდება... ასე ვართ თავიდან ბოლომდე რუსეთზე ჩამოკიდებული და არც არასოდეს ყოფილა პერიოდი, როდესაც მათზე დამოკიდებული არ ვიყავით... პარადოქსია, მაგრამ სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, მანამდე ვიყავით რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული.
ეს ჩვენი საცოდავი მთავრობა არასოდეს არაფრის გამკეთებლებია, ვერაფერი ვერ შეცვალეს და იმიტომაც არიან ახლა ჩუმად... რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ახლა ჩუმად არ ვყოფილიყავით?! ოფიციალურ დონეზე ხმას ვერ ამოვიღებთ, ვერც გავბედავთ, თორემ გაგვჟლეტენ! სულაც არ გამოვრიცხავ თბილისში მოსკოვიდან სატელეფონო ზარი ყოფილიყო, ხმას ამოიღებთ და... არ მსურს უცენზურო სიტყვების გამოყენება...
რუსეთი აბსოლუტურად ყველაფრის მკადრებელია!
- ორი რუსეთი არსებობს?
- არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს! არსებობს ერთ რუსეთი და ის საცოდავი ორი, ან სამი პროცენტი არაჩვეულებრივი ადამიანების, რომლებიც გასულ დღეებში რუსეთში დააკავეს და ციხეში ჩაყარეს... ჩემს სამ-ოთხ მეგობარს სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა უყენია და გუშინ რუსეთის კულტურის სამინისტრომ თეატრებში წერილები დაგზავნა, ყველა ნეგატიური კომენტარი, შერაცხილი იქნება როგორც ქვეყნის ღალატიო...
ამის მერე გაგიკვირდებათ მუქარის ზარი რუსეთიდან საქართველოში ყოფილიყო?
როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, მე და ჩემი მეუღლე უკრაინისთვის ვლოცულობთო, შე არარაობავ, შენი ლოცვები ვის რაში სჭირდება?! ახლა შეიძლება ნებისმიერმა ამერიკელმა ეს სიტყვები გამიპროტესტოს, რა ვალდებული ვარ შორეული ქვეყანა დავიცვაო, მათ ვეტყოდი, რომ ზუსტადაც ვალდებული არიან! ამერიკას პრეტენზია აქვს მსოფლიოს უზარმაზარ გავლენებზე და როდესაც პრეტენზია გაქვს, მორალური ვალდებულებებიც უნდა აიღო! ამერიკასაც და ჩასვრილ ევროკავშირსაც პრეტენზია აქვთ, მაგრამ მორალურ ვალდებულებას მშვიდობაზე და ადამიანების სიცოცხლეზე ვერ იღებენ.
ისევე როგორც რუსეთს, ამერიკას, ევროპას და სრულიად ცივილიზებულ (აბსოლუტურად ანტიცივილური) მსოფლიოს იმის პრეტენზია აქვთ, მსოფლიო მართონ და უზარმაზარი გადაწყვეტილებები მიიღონ, მაგრამ მორალური ვალდებულება არა! შედეგებიც სახეზეა, ჩვენს ქვეყანაშიც და უკრაინაშიც! რუსეთი რომ არის ისეთი, როგორიც არის, ყველაფერი "ცივილიზებული" სამყაროს ბრალია!
არცერთი მთავრობა არაფერს სასიკეთოს არ იზამს, თუ საზოგადოების უზარმაზარ წნეხს და პოზიციას არ იგრძნობს.
პოლიტიკური ექსპერტები რომ გამოდიან ჭკვიანური სახეებით ტელევიზიით და ფილოსოფოსობენ საქართველოს "პრაგმატულ" პოლიტიკაზე, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არ არის მორალზე დაფუძნებული, ამორალურია!
არ მინდა ისე ჩანდეს, ჩვენი ხელისუფლების პოზიციას გამართლებას ვუძებნიდე... ახლა ჩუმად ყოფნა იმდენად ამაზრზენი და მხდალი საქციელია, უარესი რომ არ შეიძლება! ყველაზე მეტად არ მინდა ახლა ჩვენი ქვეყნის სიმხდალე გამოჩნდეს, ასე საცოდავები რომ ვიყოთ! როგორც ვიცი, უკრაინის პრეზიდენტი 2008 წელს ჩამოფრინდა... მიუხედავად იმ საფრთხეებისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ჭკვიანი ხელისუფლება დანის წვერზე გაივლიდა და რაღაცას იტყოდა მაინც... ისე როგორც მაგალითად აზერბაიჯანის პრეზიდენტი იქცევა ამ დღეებში.
ჭკვიანი პოლიტიკოსი თუ ხარ, რაღაცას მოიფიქრებ! ხელისუფლება რაღაცას იზამ ისეთს, შენი ერის სახელს წარმოაჩენ! ერთადერთი, რაც ქართველებს გვაქვს, მეგობრობაში ერთგულების სახელია და ყველაფერი რომ დაკარგული გვაქვს, ესეც თუ დავკარგეთ, მაშინ საერთოდ აღარაფერი დავრჩებით!
მე დღეს რომ პოლონეთში ამხელა ფილარმონიას ვხელმძღვანელობ, არ მინდა აქ ვინმემ მკითხოს, შენი ქვეყანა რომ დაბომბეს, უკრაინის პრეზიდენტი რომ თქვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდა, თქვენ რას აკეთებთო? ასე რომ მკითხონ, შეიძლება თავი მოვიკლა!
შენ არავინ გთხოვს რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, ან შენი საცოდავი ტანკები სადმე გაგზავნო... მაინცდამაინც მთელ მსოფლიოს ნუ დავანახვებთ, რომ არარაობა ვართ!
(სპეციალურად საიტისთვის)