"მგელი ხომ არა ვარ, მარტო ვიცხოვრო. მეც წავალ... “ - კვირის პალიტრა

"მგელი ხომ არა ვარ, მარტო ვიცხოვრო. მეც წავალ... “

"ახალგორს მხოლოდ ქართველები კი არა, ოსებიც ტოვებენ“

"არავინ იცის, ინსულტმა დაარტყა თუ ცემაში შემოაკვდათ. არც მაშინ გვინახავს ექიმი, ვიდრე გონებას დაკარგავდა, და არც შემდეგ... ყველაზე დიდი უბედურება, ნამდვილი ტრაგედია ის არის, რომ ეს არის ჩვენი, ვინც მავთულხლართების მოსაზღვრედ ან მის მიღმა ცხოვრობს, ხვალინდელი დღე. აქ "საზღვარი" ხან ეზოს ყოფს, ხან სახლს, ბაღსა და ვენახს. სახლიდან სამუშაოდ ან საქონლის გასადენად გასულმა ადამიანმა არ იცის, რუსმა მესაზღვრეებმა სად გაუვლეს მონიშვნა. შეიძლება ავტომატით მიადგნენ და ცხინვალში წაიყვანონ "საზღვრის უკანონო დარღვევისთვის..." ინსულტმა დაარტყაო, გვითხრეს გენადიზე. ინსულტიანი ადამიანი მანამდეც მინახავს, მაგრამ თვალს ახელდნენ, ლაპარაკობდნენ კიდეც, კონტაქტური იყვნენ. ჩემი ძმა რამდენიმე თვის განმავლობაში ცოცხალ-მკვდარი იყო. მე ექიმი არ მინახავს და კაცმა არ იცის, რა მოხდა", - იხსენებს "კვირის პალიტრასთან" ნაირა ბესტაევი თავისი ოჯახის ტრაგედიის დეტალებს.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ძალებმა 5-ჯერ დააკავეს, ბოლოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში, 2019 წლის ნოემბერში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესტაევმა ე.წ. საზღვარი რამდენჯერმე დაარღვია, ამიტომ მკაცრი სასჯელი მიესაჯა. სინამდვილეში, როგორც ბევრი სხვა საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რუსი "მესაზღვრეების" გავლებული მავთულხლართები გენადი ბესტაევის სახლის ეზოში გადის და ზარდიაანთკარელების თქმით, ამის გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი რუს სამხედროებთან.

გენადი ბესტაევი 2021 წლის 16 ნოემბერს, ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონოდ გადმოიყვანეს. "ცხელი ხაზით" მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა და ცხინვალის საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამის შემდეგ ბიბილოვის ხელისუფლებამ ის ქართულ მხარეს გადმოსცა.

მავთულხლართები ოკუპაციის კვალდაკვალ...

"გენადი ბესტაევის სახლი იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ რა უბედურებაში ვცხოვრობთ. მისი სახლის ერთ მხარეს ქართველი სამართალდამცველები დგანან, მეორე მხარეს კი - "რუსი მესაზღვრეები". ზარდიაანთკარი, როგორც ახალგორის სხვა სოფლები, ფაქტობრივად, დაცლილია. რა ვქნათ, ვეღარ ვუძლებთ, ცალკე "კოვიდი", ცალკე ჩაკეტილობა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქამდე გზას არ გახსნიდნენ, წინასაარჩევნოდ მაინც, მაგრამ ბიბილოვმა გამოგვიცხადა, არც ვაპირებთ გახსნას და ამას შეეგუეთო. ყოველდღე ახალ-ახალ ადგილებს იმატებენ. ამას წინათ, სოფელ მერეთთან, სადაც საოკუპაციო გამყოფი ხაზი უკვე გავლებული იყო, რუსებმა სპეცტექნიკა მოიყვანეს და მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. ამ სოფელს ქსუისი ესაზღვრება და ამ ორ სოფელს შორის გამალებული მიდი-მოდიოდნენ. ბოძები დაამონტაჟეს და მავთულხლართები გააბეს. როგორი საყურებელია ყოველდღე შენს სახლში, შენი წინაპრების საძვალეზე, ავტომატიანი რუსი რომ დააბიჯებს. ხეებზე თეთრ ნიშნულებს ტოვებენ. ეს ნიშნავს, რომ ხვალ-ზეგ იქ მავთულხლართი გაივლება. ასე ხდება მეჯვრისხევში, ჯარიაშენშიც... არ ჩერდებიან, ხეებს ნიშნავენ, მავთულხლართებსა და თხრილებს ავლებენ.

არც ექიმი გვყავს, არც სკოლაა. ახლა გაზაფხული მოდის, მაგრამ რისთვის უნდა დავამუშაოთ მიწა, ერთხელ და ორჯერ არ ყოფილა, რომ მოსავლის აღების დროს გაავლეს საზღვარი. მიწა ხომ გვეკარგება, ნაწვალები და ნაშრომიც გვენანება.

ამას წინათ, ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი სოსლან ნანიევი ჩამოვიდა. ახალგორის საავადმყოფოს მედპერსონალს, ახალგორელებს შეხვდა. ჩვენც ვუთხარით, რომ ექიმები არა გვყავს. ისინი, ვინც ხელფასებს იღებენ, ჩვენი სიმპტომების მოსმენის შემდეგ "გუგლში" ეძებენ ინფორმაციას, რომ დიაგნოზი დასვან და წამალი გამოგვიწერონ. ჩემი ყოფილი თანამშრომელი დააყრუეს, ანთება ჰქონია და ვერ მიუხვდნენ. ადამიანი უექიმობით და უწამლობით დაყრუვდა. ნანიევი შეგვპირდა, რუსეთიდან ჩამოგიყვანთ კვალიფიციურ ექიმებსო. არ გვინდა, გზა გაგვიხსენით და ჩვენით გადავალთ ქართულ მხარეს-მეთქი, ვუთხარით. გაეცინა, ეგ თქვენს ხელისუფლებას უთხარითო. რაიონს პედიატრიც არ ჰყავს, ბავშვი რომ ავად გახდეს, ცხინვალში უნდა გააქანო, იქამდე კი ტრანსპორტი კვირაში ერთხელ დადის. სიცხიან ბავშვს ვერ წაიყვან. ამიტომ მიდის ხალხი, რაიონი იცლება. ამ ზამთარს უამრავი სახლი დაიკეტა, მომავალ ზამთრამდე მესამედიც არ დარჩება. ვერ ძლებს ხალხი. მგელი ხომ არა ვარ, მარტო ვიცხოვრო. მეც წავალ... მხოლოდ ქართველები კი არა, ოსებიც მიდიან", - გვეუბნება ახალგორის ერთი სოფლის მკვიდრი.

ვინ არის "პიშტულა"

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, დიდი ხანია ახალგორში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებს დაჰყვება ვიღაც რადიკ ბიკოევი, მეტსახელად "პიშტულა", რომელიც გამოძახების დროს "სასწრაფოს "მძღოლის გვერდით ზის, იქ, სადაც ექიმი უნდა იჯდეს.

"მისი საქმიანობა მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანაში ჯდომით არ შემოიფარგლება. დილიდან შუაღამემდე მთელ დროს საავადმყოფოს პალატებში, სამზარეულოში, მთავარი ექიმის, მთავარი მედდის კაბინეტში ატარებს, ყველგან მიღებული კადრია. საიდუმლოდ რჩება, რატომ ანდობენ ადამიანების ჯანმრთელობას პირს, რომელსაც არავითარი სამედიცინო განათლება არა აქვს.

ჩვენს საავადმყოფოში არსებული წესები სტანდარტულისგან სრულიად განსხვავდება. იქ ხშირად იმართება ქეიფები, დღესასწაულები და კორპორაციული წვეულებები, რომელსაც "პიშტულა" ყოველთვის ესწრება და სადღეგრძელოების დროს ვიდეოზარით უკავშირდება მთავარ ექიმს, "ჯანდაცვის მინისტრ" ნანიევს ან თავად პრეზიდენტ ბიბილოვსაც. ალბათ, გასაგებია, სწორედ ჩამოთვლილ პირებთან „კომუნიკაციის“ დამსახურებით სარგებლობს სამედიცინო განათლების უქონელი "პიშტულა" შეუზღუდავი „ექიმის“ უფლებამოსილებით და ხელფასსაც იღებს. ამას წინათ, მძიმე პაციენტი ჟანგბადზე მიუერთებია, რაც არ იყო საჭირო. ამას შემდეგ მიხვდნენ და განგაშიც ატყდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბალონი აფეთქდა. თუმცა "პიშტულა" თანამდებობაზე მაინც დარჩა.

აქ მხოლოდ ცხინვალის მხრიდან არ მოდის პრობლემები. ბოლო დროს ხალხი მედიკამენტების (პირველადი დახმარების წამლების, დეფიციტურსა და ძვირად ღირებულზე არ ვსაუბრობ) უქონლობას უჩივის. მედიკამენტების შეძენას პაციენტის ოჯახის წევრებს სთხოვენ. სად მიდის წამლები, რომლებსაც ტელევიზიით გვიჩვენებენ?! პაციენტები და მათი ახლობლები ხშირად ამბობენ, რომ საავადმყოფოში კვება არ არის. ადრე მსგავსი პრობლემები მაინც არ იყო.

მესამე თვეა საავადმყოფოს კედლებიდან მხოლოდ სკანდალები, ინტრიგები და ქეიფის ხმები ისმის".

ამჟამად ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქეა. ახალგორელების თქმით, მამუკა ჩხიკვაძე, ვალერი კანიაშვილი და კახაბერ ნათაძე ხელისუფლების მუდმივი ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ, რადგან არავინ იცის, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საფრთხე კი გენადი ბესტაევის, არჩილ ტატუნაშვილისა და კიდევ სხვების მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილად არსებობს.

ამას წინათ, „"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" წარმომადგენლებმა სამივე დაკავებული მოინახულეს და ოჯახებიდან გაგზავნილი წერილები გადასცეს, თუმცა ორგანიზაციას უკანონოდ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

გასული წლის 14 დეკემბერს მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყოფილ ქართველ სამხედროს მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს უნდა მიეწოდებინა, თუმცა რუსულმა მხარემ 20 დღე ითხოვა. "სასამართლო პროცესი" 22 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა ოსურმა მხარემ გაურკვეველი მიზეზით გადადო.

P.S. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის თქმით, გატაცების პირველი წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ჩართული არიან თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში.

"რუსეთი ახლა აწყვეტილია თავისი სისუსტის გამო და არა იმიტომ, რომ ძლიერია“

კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, ის, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთი ქმნის ამინდს, სულაც არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვუშვათ.- გასულ კვირას ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღე იყო, რომელიც ცხინვალის ციხეში სადისტურად მოკლეს. თუ არ ვიაქტიურებთ, სულაც არა ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ასეთი ტრაგედია კიდევ ბევრი მოხდეს. პუტინს ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო იძულებულია ანგარიში გაუწიოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენი მთავრობა ისე იქცევა, თითქოს რუსეთი არაფერს აშავებს. ვახალისებთ რუსეთის სურვილებს, უფრო ცინიკურად, თავხედურად მოიქცეს. არ ვრეაგირებთ არაფერზე. არადა, რუსეთი ახლა აწყვეტილია თავისი სისუსტის გამო და არა იმიტომ, რომ ძლიერია. ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ მის კიდევ უფრო დასუსტებას დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, მაგრამ პირიქით ვიქცევით - ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე უფრო ვაძლიერებთ. რეგიონის დაცლა დაწყებულია. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს" სულ უფრო მეტი ახალგორელი მიმართავს, რომ ჩასვან იმ პირთა სიაში, რომლებიც ქართულ მხარეს სამუდამოდ გადმოსვლას აპირებენ. ფაქტობრივად, მხოლოდ მოხუცები დარჩნენ. მოსახლეობას ეგონა, რომ ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაინც გახსნიდნენ გზას, მაგრამ ბიბილოვმა უთხრა, - რასაც უნდა დაგპირდნენ, იცოდეთ, წნელისის გზის გახსნამდე ჩაკეტილი იქნებითო. ამას ბოროტად, უსინდისოდ იყენებს ოსური მხარე და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლას აძლიერებს. მერამდენე ადამიანი გადმოასვენეს იქიდან... ამ ვითარებაში რაღაც გზას უნდა ეძებდეს ხელისუფლება.