ხარკოველები პუტინის „ტიგრებს“ ქუჩებში წვავენ, ისევე, როგორც 79 წლის წინ ჰიტლერის „ტიგრებს“... - კვირის პალიტრა

ხარკოველები პუტინის „ტიგრებს“ ქუჩებში წვავენ, ისევე, როგორც 79 წლის წინ ჰიტლერის „ტიგრებს“...

საოცარი რამ არის ეს ისტორია, ის უცნაურად მეორდება...

1943 წლის თებერვალში ხარკოვთან ბრძოლებში ჰიტლერის „ტიგრებს“ აფეთქებდნენ...

2022 წლის თებერვალში ხარკოვის ქუჩებში შეჭრილი პუტინის „ტიგრებს“ წვავენ...

მართალია ჰიტლერის „ტიგრი“ 57 ტონიანი მძიმე ტანკი იყო, ხოლო პუტინის „ტიგრი“ 7 ტ-იანი ჯავშანმანქანაა, მაგრამ ამ ისტორიულ პარალელში საერთო ისაა, რომ ჰიტლერიც და პუტინიც ხარკოველებისთვის დაპყრობლები იყვნენ და არიან...

download-1645961388.jpg
ჰიტლერი „ტიგრი“ ხარკოვის ქუჩაზე 1943 წელს

ხარკოვი რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 30-იოდე კმ-ით თუა დაცილებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის არმიამ მისი აღება მეოთხე დღესაც ვერ შეძლო, არადა ამ ქალაქის შემოგარენის დაბომბვას რუსული „სმერჩები“ ომის დაწყების პირველი წუთიდანვე, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან შეუდგნენ...

რუსეთის გენერალიტეტში თვლიდნენ - იმის გამო, რომ ხარკოვში ბევრი რუსი ცხოვრობს, ქალაქი მათ კარებს ფართოდ გაუღებდა და ქუჩებში რუსულ ჯავშანტექნიკას ყვავილებს ესროდნენ...

ხარკოვის ქუჩებში გამოჩენილ პუტინის „ტიგრებს" მართლლაც ესროლეს, ოღონდ ყვავილების ნაცვლად... ყუმბარსატყორცნებიდან და იქვე „დაადუღეს“ რამდენიმე რუსული „ტიგრი“, ხოლო დანარჩენი ასეთივე ჯავშანმანქანა უკრაინელმა მებრძოლებმა ალაფად ჩაიგდეს ხელში.

1,5 მლნ-იანი ხარკოვი სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში კიევის შემდეგ და მასზე სრული კონტროლის აღება რუს სამხედროებს, თუ ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარსაც ეს არ უნდა, ძალიან გაუჭირდებათ.

ჯერჯერობით ხარკოვში მცირე ინტენსოვობის ქუჩის ბრძოლები მიდის, როგორც ჩანს რუსეთმა ქალაქში ჯერ „ტიგრებით“ აღჭურვილი სადაზვერვო დანაყოფები შეუშვა, ხოლო როდესაც მათ გაუჭირდებათ (რაც აუცილებლად მოხდება), მძიმე ტექნიკასაც მიაშველებს ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების სახით.

მანამდე კი რუსეთის არტილერიამ მთელი ღამის განმავლობაში მიზანმიმართულად ბომბა და დიდი ზიანი მიყენა ცნობილ ხარკოვის სატანკო ქარხანას, რომელშიც უკრაინული ტანკები რემონტდებოდა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში დიდ თავსატეხს წარმოადგენდა ოკუპირებულ დონბასში მებრძოლი ადგილობრივი სეპარატისტებისა და იქ ფარულად მივლინებული რუსი ოფიცრებისთვის.

ხარკოვში რუსული, ფაშისტური სამფეროვანი დროშის აღმართვის შემთხვევაში ოკუპანტებს კარგი დღე არ ელით...