Exclusive: "დედა პარიზული გაზეთის ჟურნალისტი იყო და მამასთან ინტერვიუსთვის მივიდა. მათი სიყვარულის ამბავი თითქოს "რომაულ არდადეგებს" ჰგავს" - კვირის პალიტრა

Exclusive: "დედა პარიზული გაზეთის ჟურნალისტი იყო და მამასთან ინტერვიუსთვის მივიდა. მათი სიყვარულის ამბავი თითქოს "რომაულ არდადეგებს" ჰგავს"

"მამასთან ერთად მონაწილეობა მივიღე ფილმში The Portrait. ერთხელ მანქანაში რამდენიმე წუთი მოუხდა ლოდინი, რადგან დამაგვიანდა და ძალიან გაბრაზდა. ის არასდროს აგვიანებდა. ისეთ პატივს სცემდა სხვა ადამიანებს, რომ მათ არასდროს ალოდინებდა. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო...“

"ყველა ვექილი ოდესღაც ბავშვი იყო"

ჩარლზ ლემი

ამ სიტყვებით იწყება ჰარპერ ლის ცნობილი რომანი "ნუ მოკლავ ჯაფარას", რომლის მიხედვით ფილმი 1962 წელს გადაიღეს. მთავარი გმირის, ატიკუს ფინჩის, როლის შემსრულებელ გრეგორი პეკს ერთადერთი ოსკარი სწორედ ამ როლისთვის ერგო.

1999 წელს ამერიკული კინოს ინსტიტუტის (American Film Institute, AFI) ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ჩამონათვალში ციკლიდან "AFI 100 Years", მოხსენიებულ ამერიკული კინოს 50 ლეგენდარულ ვარსკვლავს შორის გრეგორი პეკი მე-12 ადგილზეა. ამერიკული კინოს ლეგენდა ხუთჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე. მან 60-ზე მეტი კინოროლი შეასრულა. წელს მსახიობი 105 წლის გახდებოდა. მას ორი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს. ჩემი რესპონდენტი - მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი სესილია­ პეკი, მამის შესახებ ინტერვიუზე სიამოვნებით დამთანხმდა და ლეგენდარული მსახიობის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე­ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

nino4-1645967636.jpg

- სესილია, მინდა ჩვენი ინტერვიუ ბავშვობის მოგონებებით დავიწყოთ.

- ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით. როდესაც მამა ფილმზე მუშაობდა და გადაღებები სხვა ქვეყანაში იყო, მთელი­ ოჯახი მასთან ერთად მივდიოდით. ძირითადად კი ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდით, მაგრამ ზოგჯერ კვირების ან თვეების განმავლობაში გვიწევდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება. როდესაც იღებდნენ ფილმს Arabesque (1966 წელი), ერთი წლით ლონდონში გადავსახლდით და მესამე კლასი იქ დავამთავრე. ამერიკაში დაბრუნებულს ინგლისური აქცენტი მქონდა. მე გადასაღებ მოედანზე გავიზარდე, არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ჩვენი დიდი ოჯახისგან განუყოფელი იყვნენ. ყოველი ახალი ფილმის გადაღებაზე ახალი შემოქმედებითი­ ოჯახი ვიკრიბებოდით, თუმცა გადასაღებ­ მოედანზე მამას რამდენიმე პარტნიორი ჩვენი­ ოჯახის მუდმივ მეგობრად დარჩა. მე გავიზარდე ოდრი ჰეპბერნის, ავა გარდნერის, ლაურენ ბაკალის, ჰარპერ ლის, ალან პაკულას, ბროკ პიტერსის, ჯენიფერ ჯოუნზის გარემოცვაში და ეს მცირე ჩამონათვალია. ეს ადამიანები იყვნენ ჩემი საუკეთესო, სანდო მრჩევლები.

- ყველაზე ხშირად რა გახსენდებათ მამაზე?

- 1993 წელს მამასთან ერთად მონაწილეობა მივიღე ფილმში The Portrait, სადაც მის ქალიშვილს ვთამაშობ. ფილმის გადაღებები ჩრდილოეთ კალიფორნიაში მიმდინარეობდა. დედის როლს ლაურენ ბაკალი ასრულებდა. ეს ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდია. დილას მე და მამა ერთად მივდიოდით გადაღებებზე. ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან. ვხედავდი, როგორ აფასებდა თითოეულ ადამიანს გადასაღებ მოედანზე, რეჟისორით დაწყებული, შემოქმედებითი ჯგუფის თითოეული წევრითა და მომსახურე პერსონალით დამთავრებული. ერთხელ მანქანაში რამდენიმე წუთი მოუხდა ლოდინი, რადგან დამაგვიანდა და ძალიან გაბრაზდა. ის არასდროს აგვიანებდა. ისეთ პატივს სცემდა სხვა ადამიანებს, რომ მათ არასდროს ალოდინებდა. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო.

nino6-1645967636.jpg
კადრი ფილმიდან "ნუ მოკლავ ჯაფარას"

- თქვენს მშობლებს აქვთ საოცარი სიყვარულის ისტორია.

- ჩემი მშობლები შეხვდნენ იმ პერიოდში, როდესაც "რომაული არდადეგების" გადაღებები მიმდინარეობდა. დედა იყო პარიზული გაზეთის, France Soir-ის ახალგაზრდა ჟურნალისტი და მამასთან ინტერვიუსთვის მივიდა. მათი სიყვარულის ამბავი თითქოს "რომაულ არდადეგებს" ჰგავს.­ ფილმში მამა თამაშობს ახალგაზრდა რეპორტიორს, რომელსაც პრინცესა ანა (ოდრი ჰეპბერნი) შეუყვარდა. დედა, ვერონიკა, იყო 20 წლის, ძალიან ლამაზი ჟურნალისტი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ეს სიყვარული 50 წელი გაგრძელდა. ისინი იყვნენ სულიერი მეწყვილეები. ეს იყო ნამდვილი სიყვარული ინტელექტუალურად ერთნაირი ადამიანების. ერთმანეთს უზიარებდნენ ყველაფერს, ერთმანეთს აღმერთებდნენ. მამას დედას დანახვისას თვალები 80 წლის ასაკშიც კი უციმციმებდა.

- როგორი იყო გრეგორი პეკი სახლში, ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- როდესაც მამას ლოს-ანჯელესში უწევდა მუშაობა, მას ყოველ დილას, სტუდიაში წასვლამდე, სკოლაში მივყავდით, სადილისთვის კი აუცილებლად ბრუნდებოდა სახლში. კვირაობით მთელი ოჯახი ჩვენი ავტომობილით, ძაღლებით, ფრანით, ბურთით და საპიკნიკე აღჭურვილობით მივდიოდით პლაჟზე. მამა ცდილობდა, ყოფილიყო ჩვეულებრივი და თავისი არაორდინარული ცხოვრების მიუხედავად, ჩვენთვის შეექმნა ნორმალური ბავშვობა. მას უყვარდა მუსიკა და ფირფიტებზე ჰქონდა კლასიკა, ოპერა, ჯაზი, მაილს დევისი, ბილი ჰოლიდეი, დეივ ბრუბეკი, ჟობიმი, სინატრა, "ბითლზი". სახლში ყოველთვის ისმოდა მუსიკის ხმა. გრეგორი პეკის ჰობი იყო მებაღეობა - საათობით შეეძლო მოევლო თავისი ორქიდეებისთვის და გადაერგო ყვავილები. უყვარდა ირლანდიური პოეზია, შექსპირი, წიგნები ისტორიული პიროვნებების შესახებ. დედა და მამა ხშირად მართავდნენ წვეულებებს, რომელთა მიზანი იყო ხელოვანი ადამიანებისა და სოციალური პროექტების დახმარება. სახლი ივსებოდა მუსიკოსებით, მწერლებით, რეჟისორებით, მსახიობებით, პოლიტიკოსებით და იმართებოდა ძალიან საინტერესო საუბრები.

nino7-1645967757.jpg
კადრი ფილმიდან "რომაული არდადეგები"

- 1974 წელს ბი-ბი-სისთან ინტერვიუში თქვა: "ჩემი აზრით, მსახიობის წარმატებას საზოგადოებასთან მისი გულწრფელი დამოკიდებულება განსაზღვრავს. მათ უნდა დაგინახონ, ვინ ხარ სინამდვილეში". რომელი მისი კინოგმირი ჰგავს გრეგორი პეკს ყველაზე მეტად?

- ის ძალიან ჰგავს ატიკუს ფინჩს, ფილმიდან "ნუ მოკლავ ჯაფარას". 46 წლის იყო, როდესაც ატიკუს ფინჩი ითამაშა და მას უკვე ჰქონდა იმდენი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ მთელი თავისი არსება ჩაედო ამ როლში. ჯო ბრედლისაც ძალიან ჰგავს, ფილმიდან "რომაული არდადეგები" - ძალიან მომხიბვლელ, იუმორის გრძნობით სავსე ადამიანს, რომელსაც სჯერა სიყვარულის, მაგრამ მზად არის, გაიღოს მსხვერპლი იმისთვის, რომ ღირსეულად მოიქცეს. მამა ძალიან შორს იყო მაჩოს ტიპაჟისგან. მან განასახიერა სხვადასხვა კინოროლი, რომლებითაც თავისი ინტელექტი, მგრძნობიარე ხასიათი და ღირსება აჩვენა. მას შეეძლო ეთამაშა უარყოფითი პესონაჟები, კოვბოები, კომედიური როლები, მაგრამ, ჩემი აზრით, მას ჰქონდა შესაშური უნარი ღირსეული პერსონაჟების განსახიერებისა. ყველა ასეთ როლს მის ნამდვილ ხასიათთან ვაკავშირებ. ერთხელ მარტინ სკორსეზემ მამაზე თქვა: "მას ესმოდა პატიოსანი კაცის დაძაბულობის, ეჭვის, იმედგაცრუების და ღალატის".

nino2-1645967636.jpg
გრეგორი პეკი და ვერონიკა

- რას ნიშნავს თქვენთვის ატიკუს ფინჩი? ამ როლისთვის გრეგორი პეკს "ოსკარი" ერგო.

- ატიკუს ფინჩი არის მარტოხელა მამა, რომელიც თავის ორ შვილთან ერთად პირველად დაუპირისპირდა რასობრივი უსამართლობის მკაცრ რეალობას და თავისი ოჯახი საფრთხის წინაშე დააყენა. ერთხელ ჰარპერ ლიმ თქვა: "ატიკუს ფინჩმა გრეგორი პეკს შესაძლებლობა მისცა, ეთამაშა თავისი თავი". ცხოვრების ბოლო ამოსუნთქვამდე მეგობრობდნენ ჩემი მშობლები და ჰარპერ ლი. ჩემი ცხოვრების მანძილზე ლისთვის ძალიან ბევრჯერ მითხოვია რჩევა. ჰარპერი მოდიოდა ხოლმე და ჩემს შვილს, რომელსაც სახელი მის პატივსაცემად დავარქვი, წიგნებს უკითხავდა. როდესაც მამა გარდაიცვალა, ჰაპერი ალაბამიდან კალიფორნიაში ჩამოვიდა და დედას გვერდიდან არ მოშორებია. როდესაც დედაც გარდაიცვალა, ყოველ წელს ალაბამაში ჩავდიოდი ჰარპერთან, რადგან ის ჩემი ოჯახის წევრი იყო.

nino3-1645967636.jpg

- დაბოლოს, რას ეტყვით მამათქვენის ქართველ ფანებს?

- მამა იყო ჩემპიონი ამბების თხრობაში. მას არ ეშინოდა იმ როლების განსახიერების, რომლებიც იმ პერიოდში სრულიად განსხვავებული იყო, რომლებიც ღაღადებდა თანასწორობას, ტოლერანტობას და უპირისპირდებოდა იმ პერიოდის პრობლემებს. ის იყო ნამდვილი ინტელიგენტი, ამასთანავე, ძალიან სასაცილო და საყვარელი ადამიანი.