"დაჩოქილმა" ლუკაშენკომ პუტინს ბელარუსიდან პირდაპირ კიევზე დარტყმის საშუალება მისცა... - კვირის პალიტრა

"დაჩოქილმა" ლუკაშენკომ პუტინს ბელარუსიდან პირდაპირ კიევზე დარტყმის საშუალება მისცა...

რომ არა, ბელარუსის მხრიდან კიევზე, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან რუსების შეტევა, უკრაინის დედაქალაქს ასეთი საფრთხე არ დაემუქრებოდა...

ომში ჩართული ყველა ქვეყანა ცდილობს ბოლომდე დაიცვას თავისი დედაქალაქი, რომლის დაცემა ომში წაგების ტოლფასია, თუმცა არა ყოველთვის.

დღესაც, როდესაც ასე უჭირთ კიევის დამცველებს და იგერიებენ რუსების შეტევას თითქმის ყველა მიმართულებიდან, მეტი ამოსასუნთქი ექნებოდათ, რომ მეზობელი ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს თავისი ქვეყნის ტერიტორია არ დაეთმო რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად.

ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივი რუსულ-ბელარუსული სამხედრო სწავლების საფარქვეშ რუსეთის არმიამ ბელარუსის აეროდრომებიდან საჰაერო დარტყმები განახორციელა უკრაინაზე, ბელარუსიდან აფრენილმა ორ ასეულამდე შვეულმფრენმა არაერთი ტაქტიკური საჰაერო დესანტი გადასხა უკრაინის აეროპორტებში, ბელარუსიდან სტარტაღებული რუსული ბალისტიკური რაკეტები უკრაინის ქალაქებში ეცემოდნენ და ბოლოს, ბელარუსის ტერიტორიიდან დაძრულმა რუსულმა საბატალიონე-ტაქტიკურმა ჯგუფებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში კიევის ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან მიიტანეს...

ახლა ნათელი ხდება თუ რატომ ჩქარობდა ასე პუტინი ბელარუსი კოლეგის "დაჩოქებასა" და დამორჩილებას, რადგან რუსეთის კურსკის, ბელგოროდის, როსტოვისა თუ ანექსირებული ყირიმის მხრიდან სამი მიმართულებით უკრაინის ტერიტორიაზე რუსების შესევას, სტრატეგიულად, ძალიან "დაამშვენებდა" ბელარუსიდანაც თავდასხმა.

ბელარუსის სამხრეთი საზღვრიდან უკრაინის დედაქალაქამდე უმოკლესი პირდაპირი ხაზით (რომელიც ჩერნობილის ზონაზე გადის) სულ რაღაც 90 კმ თუა, რამაც რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფებს კიევამდე სწრაფად გადაადგილების საშუალება მისცა, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინელები ბოლომდე ვერ იჯერებდნენ, რომ მეზობელი ბელარუსის პრეზიდენტი ასე გაყიდდა ორი მოძმე ერის ისტორიულ მეგობრობას და ამიტომაც ძირითადი თავდაცვითი ზღუდეები უფრო რუსეთის საზღვართან ჰქონდათ მოწყობილი.

ეს ომი ადრე თუ გვიან დამთავრდება, იმედია უკრაინის გამარჯვებით და მერე თავად ბელარუს ერს მოუწევს პასუხის მოთხოვნა თავისი "უცვლელი პრეზიდენტისთვის" - ღირდა კი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იმ ვერაგობის ჩადენა, რაც ისტორიიდან არასდროს ამოიშლება?!