"ყიფშიძეების დიდ ოჯახში მოვედი და დამხვდნენ ზღაპრული ადამიანები დიდი გულით“ - კვირის პალიტრა

"ყიფშიძეების დიდ ოჯახში მოვედი და დამხვდნენ ზღაპრული ადამიანები დიდი გულით“

"კოსმოზე ამბობენ, რომ მე მგავს. ლუნა კი ზურას ბავშვობის დროინდელ ფოტოებში ძალიან ჰგავს“

რამდენიმე წლის წინ მსახიობ გიორგი ყიფშიძის ცხოვრებაში მასზე 20 წლით უმცროსი ენი გასიევას გამოჩენას დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა მოჰყვა. დღეს ენის და გიორგის ორი საერთო შვილი კოსმო და ლუნა ჰყავთ. ბავშვების სახელებით რომ დავინტერესდი, ენიმ იხუმრა, ყიფშიძეებში მთელი გალაქტიკა შევქმენითო...

- დაახლოებით ორწელიწად-ნახევარია, რაც გიორგისა და მის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. მანამდე მშობლებთან ვცხოვრობდი. მერე მამა ინგლისში გაემგზავრა და ვიზრდებოდი დედასთან. ჯერ 51-ე სკოლაში დავდიოდი, იყო პერიოდი, როცა „"კომაროვში"“ ვსწავლობდი, საბოლოოდ კი კერძო სკოლა დავამთავრე. გურამ წიბახაშვილთან ფოტოგრაფიის კურსებიც გავიარე. მუშაობა 15 წლის ასაკში დავიწყე, - ვიღებდი ივენთებს, კერძო სესიებს. დღეს ჩემი დრო, ძირითადად, შვილებს სჭირდებათ, თუმცა იშვიათად გადაღებასაც ვახერხებ.

- მამასთან გაქვთ ურთიერთობა?

- მე მამას გოგო ვარ... არასდროს მიგრძნია ბარიერი იმის გამო, რომ ის ინგლისში ცხოვრობდა და მე - საქართველოში. მამა ყველანაირად ხელს უწყობდა ჩემს კარიერულ წინსვლას და მატერიალურადაც მაძლიერებდა. დედა გვარად კვერნაძეა. ნათესავები, ძირითადად, რუსეთში მყავს. დედა როდესაც რუსეთში მიდიოდა, მე საქართველოში მტოვებდა, ამიტომ პატარაობიდანვე ვისწავლე სადილების მომზადება. ახლა ყიფშიძეების დიდ ოჯახში სადილს რომ ვამზადებ, ყველას ძალიან მოსწონს. დიდი ხანია, გამიტაცა კულინარიამ და "სამზარეულოს ომებშიც" ვაპირებ მონაწილეობას.

- გიორგი სად და როდის გაიცანი?

- მეგობართან წვეულებაზე. მერე სოციალური ქსელით დავიწყეთ ურთიერთობა. ერთხელ თეატრში შევხვდი და ბარში დამპატიჟა. მერე კიდევ ვნახე, მერე - კიდევ და... ახლა ორი შვილის მშობლები ვართ.

მე მსახიობ გიორგი ყიფშიძით არ მოვხიბლულვარ, პიროვნება გიორგი ყიფშიძით მოვიხიბლე. იშვიათი მამაკაცია, რომელმაც იცის, რა გაუხარდება ქალს და, რაც მთავარია, ძალიან კარგი მამაა.

გიორგის პირველ ცოლთან ვმეგობრობ, მაგრამ ანისთან, მეორე ცოლთან, ურთიერთობა არ მაქვს.

- როგორ შეხვდნენ თქვენს არჩევანს მშობლები?

- დედა მაშინ რუსეთში იყო. მე ექიმთან გეგმური ვიზიტი მქონდა და დედას ანალიზის პასუხები გავუგზავნე. დედას ექიმ ნათესავს ჩემი მონაცემებისთვის რომ დაუხედავს, უთქვამს, ენი ფეხმძიმედ არისო. ამ დროს უკვე სამი თვის ორსული ვიყავი. მამამ რომ გაიგო ჩემი ამბავი, ერთი თვე არ მელაპარაკებოდა. ახლა კი, გიორგი ძალიან უყვარს.

yifshi3-1645969447.jpg

- გიორგის მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ?

- ჩვენი პირველი შეხვედრა სასიამოვნო ვითარებაში წარიმართა. ზღაპრული ოჯახია, მოვედი და დამხვდნენ ზღაპრული ადამიანები დიდი გულით.

- ახლა ვინ ცხოვრობთ ყიფშიძეების დიდ ოჯახში?

- მე, კოსმო, ლუნა, გიორგი, ზურა, ლელა, ლენუკა, ნიკუშა და ბენი (ჩვენი ძაღლი), ნატალია ხან ჩვენთანაა, ხან - კრისტისთან. ზურა ფანტასტიკური ადამიანია. უთქმელად ესმის, რა გინდა, რა - არა. საუკეთესო მამამთილია. დღის ბოლოს, ყველაზე მეტად რომ დავიქანცებით ხოლმე, ზურა მოვა და ხან აძინებს, ხან ათამაშებს კოსმოს. გიჟდებიან ერთმანეთზე. როცა დრო გამოუჩნდება, ლუნასაც ასეირნებს.

yifshi2-1645969447.jpg

- გიორგის შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- მე და ნატალია საუკეთესო მეგობრები ვართ. ძალიან კარგი გოგოა. ალექსანდრე იშვიათად მოდის. უჭირს იმასთან შეგუება, რომ მშობლები დაშორდნენ. ვფიქრობ, ყველაფერს ნელ-ნელა გადალახავს.

- როდესაც თქვენი და გიორგის ურთიერთობა დაიწყო, გიორგი და ანი დაშორებული არ იყვნენ?

- სანამ გიორგის ცხოვრებაში გამოვჩნდებოდი, მათი ურთიერთობა უკვე დანგრეული იყო.

- შვილებს, მართლაც რომ უცნაური სახელები შეურჩიეთ.

- არ გვინდოდა მათთვის ისეთი სახელები დაგვერქმია, ყველას რომ ჰქვია. კოზმა წმინდანია. ინსპირაცია მისი სახელიდან წამოვიდა, გავათანამედროვეთ და დავარქვით კოსმოსი. კოსმოსი და მთვარე ერთმანეთს უხდება, ამიტომ გოგონას სახელი ამის მიხედვით შევარჩიეთ და ყიფშიძეებში მთელი გალაქტიკა შევქმენით. კოსმოზე ამბობენ, რომ მე მგავს. ლუნა ზურას ბავშვობის დროინდელ ფოტოებში ძალიან ჰგავს.