"რეზო მწერალია და სოფელში თავს მშვიდად და კარგად გრძნობს. მსიამოვნებს, რომ აქ ისეთი მძიმე აურა არ იგრძნობა, როგორიც თბილისშია" - კვირის პალიტრა

"რეზო მწერალია და სოფელში თავს მშვიდად და კარგად გრძნობს. მსიამოვნებს, რომ აქ ისეთი მძიმე აურა არ იგრძნობა, როგორიც თბილისშია"

"საქართველოს ყველა კუთხე მიყვარს, მაგრამ კახეთი მაინც განსაკუთრებულია, ძველი სახლი და ეზო შევიძინეთ, ვენახი გავაშენეთ და ყველაფერი ჩვენს ეზოში მოგვყავს. სოფელში ისეთი მძიმე აურა არ იგრძნობა, როგორიც თბილისშია"

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ნიჟარაძე კახეთში, სოფელ ართანაში, მეუღლესთან ერთად თავს შესანიშნავად გრძნობს. "ბედნიერი ვარ, რადგან ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ", - გვითხრა მსახიობმა.

- მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ნაკლებად ფიქრობდა, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა მისთვის მომავალი პროფესია. ახლანდელი ახალგაზრდები გაცილებით პრაგმატულები არიან და ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც უფრო მომგებიანია. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდიც. ყველაფერი ბოლო კლასში გადავწყვიტე, როცა სკოლას ვამთავრებდი. მანამდე მსახიობობაზე არც მიფიქრია, სამაგიეროდ, წლების განმავლობაში დავდიოდი მუსიკაზე, ბალეტზე და ქორეოგრაფიული სასწავლებელიც დავამთავრე. ბოლოს გადავწყვიტე ისეთი პროფესია ამერჩია, სადაც მუსიკაც არის, ცეკვაც და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე, მე მაინც მსახიობი გავხდი.

- სამი შვილის დედამ როგორ მოახერხეთ მათი აღზრდა საკმაოდ რთულ პროფესიასთან ერთად?

- დედა 1990-იან წლებში გავხდი, როცა ჩვენთან მართლა საშინელება ხდებოდა. ვისაც ის უმძიმესი წლები ახსოვს, მიხვდება, რას ნიშნავდა მაშინ ბავშვების აღზრდა. მე, როგორც ყველა, პირისპირ აღმოვჩნდი ძალიან მძიმე რეალობასთან, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და ახლა რომ დავფიქრდები, ყველაფერი, ალბათ, ამიტომ გადავიტანეთ. საოცარია, როგორ ვახერხებდით, რომ სიბნელეში, სიცივეში გვეცხოვრა, მაგრამ სტუმრიანობა და მისვლა-მოსვლა მაინც გვქონოდა. სხვათა შორის, პურის რიგშიც ბევრჯერ ვმდგარვარ. ახლა გამახსენდა: ჯერ კიდევ ორსულად ვიყავი, დილით ადრე ავდექი და პურისთვის წავედი. ვისაც ახსოვს, "მზიურის" ახლოს ყველასათვის საყვარელი საცხობი იყო, რომელსაც "ფრანციას" ვეძახდით. იქ უგემრიელეს ბატონებს აცხობდნენ, წარმოუდგენელი ჭეჭყვა იყო და, რა თქმა უნდა, ყურადღებას არავინ აქცევდა, რომ რიგში ორსული ქალი იდგა. ერთი პარტია გამოცხვა, არ შემხვდა, მერე - მეორე, მეხუთე და დრო ისე გამეპარა, ვერც გავიგე. ზამთარი იყო, მალე დაბნელდა და თურმე ნიკო ქუჩა-ქუჩა მეძებდა, შინ რომ აღარ დავბრუნდი.

- თქვენი მეუღლე მსახიობი ნიკო გომელაური იყო. რა გახსენდებათ ამ ურთიერთობიდან კარგად და რა - ცუდად?

- ბევრი რამ კარგად მახსენდება და ბევრი რამ ცუდად. სხვათა შორის, გაუთავებელი ყოფითი პრობლემები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე და ნიკო ერთმანეთს დავშორდით. მისგან ორი შვილი დამრჩა - ტასო და ჯეჯი გომელაურები. ორივე ძალიან ჰგავს მამას, როგორც ხასიათით, ასევე გარეგნობით. ტასო კერამიკოსია და თავისი სტუდია აქვს. ბიჭმა თეატრალური დაამთავრა, მაგრამ მსახიობობა აღარ მოისურვა. მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, არ მინდოდა მსახიობი გამხდარიყო. მერე ხშირად მეუბნებოდა, დე, მართალი ყოფილხარო. ახლა ის სულ სხვა სფეროში საქმიანობს. ჩემი მესამე შვილი, ნოდო, ამერიკაშია, უნივერსიტეტში სწავლობს, მომავალი არქიტექტორია.

- როგორ წერდა ნიკო გომელაური ლექსებს?

- ჩემი დაკვირვებით, უფრო სპონტანურად და ყველას არ უმჟღავნებდა. სისტემატურად ლექსების წერა მოგვიანებით დაიწყო, მაგრამ თავის ლექსებს უფრო ოჯახურ ან სამეგობრო წრეში კითხულობდა. ცხადია, მიხაროდა, როცა მისი ლექსები გამოიცა და მკითხველმაც შეიყვარა.

- ახალგაზრდა ბებია ხართ.

- ჩემი უფროსი შვილიშვილი ცოტა ხნის წინ 9 წლის გახდა და ბევრი იცინა, როცა ვუთხარი: თუ ჩემსავით 20 წლის ასაკში გათხოვდები და შვილი გეყოლება, შენი წყალობით ახალგაზრდა დიდი ბებიაც გავხდები-მეთქი. ადრეულ ასაკში დაოჯახებას ერთი პლუსი აქვს: მე და ჩემი შვილები ლამის ერთად გავიზარდეთ: რეპეტიციებზეც დამყავდა, რადგან მაშინ ძიძის ინსტიტუტი არ არსებობდა. რომც ყოფილიყო, ძიძის აყვანის საშუალება არავის ჰქონდა.

- კახეთში დასახლდით. თქვენი მეუღლე რეზო თაბუკაშვილი როგორ შეეგუა სოფლად ცხოვრებას?

- რეზო მწერალია და სოფელში თავს საკმაოდ მშვიდად და კარგად გრძნობს. ძველი სახლი და ეზო შევიძინეთ, ვენახი გავაშენეთ და ყველაფერი ჩვენს ეზოში მოგვყავს. ყველაფერი ჩემი მაქვს: ლობიო, კარტოფილი, პამიდორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა... ახლა წიწილების გაზრდას ვაპირებ. იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, როცა დილით ადრე გაიღვიძებ, ეზოში გახვალ და ახალდამწიფებული ბოსტნეული და ხილი დაგხვდება. შენივე ხელით მოყვანილს თავად დაკრეფ და სადილი რომ გაქვს გასაკეთებელი, არსად წასვლა აღარ გჭირდება. მე ამ სიამოვნებას უკვე ვერაფერზე გავცვლი.

eka2-1645973665.jpg

- საცხოვრებლად კახეთი რატომ აირჩიეთ?

- საქართველოს ყველა კუთხე მიყვარს, მაგრამ კახეთი მაინც განსაკუთრებულია, თანაც ის პლუსი აქვს, რომ თბილისთან ახლოსაა. მართალია, მე კარგა ხანია სურვილი აღარ მაქვს, თბილისში ვიცხოვრო, მაგრამ ქალაქში ჩემი შვილიშვილები ცხოვრობენ. ისინი მენატრებიან და ამიტომ ჩამოვდივარ. ართანაში არაჩვეულებრივი მეზობლები მყავს, რომლებიც ყველანაირად მეხმარებიან. ვისი სახლიც ვიყიდე, ახლა გარდაცვლილია. როცა გაიგებენ, რომ ქეთანას სახლში ვცხოვრობ, ამბობენ, ეტყობა, ფუძემ მოითხოვა, რომ ქეთანას სახლში ასეთი კარგი გოგო დასახლებულიყოო. როცა ცოტას ამოვისუნთქავთ და ჩვენი სახლის მშენებლობას დავასრულებთ, რაჭაშიც მინდა ერთი პატარა ხის სახლი შევიძინო - ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა.

- ქალბატონო ეკა, საინტერესო როლი რომ შემოგთავაზონ, ყველაფერს მიატოვებთ და ისევ ძველ საქმეს დაუბრუნდებით?

- ჩემს პროფესიაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი, მით უმეტეს, რომ კარგა ხანია არ მითამაშია, თანაც კახეთში ცხოვრება ხელს არ შემიშლის. თელავის თეატრშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ, რადგან აქვე, ახლოსაა. ძალიან კარგი თეატრია და თუ დავჭირდები, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე რამდენიმე წელია არ ვმდგარვარ, არასრულფასოვნების განცდა მაინც არა მაქვს, რადგან ბევრ ახალ რამეს ვსწავლობ. მაგალითად, ბოლო ხანებში ყაისნაღით ქსოვა დავიწყე - "იუთუბიდან" ვსწავლობ, ვქსოვ და ლამაზად რომ გამომდის, ძალიან მსიამოვნებს. ისიც მსიამოვნებს, რომ სოფელში ისეთი მძიმე აურა არ იგრძნობა, როგორიც თბილისშია. აქაურები შრომას დილაადრიან იწყებენ და სახლებში გვიან საღამოს შედიან. პრობლემები მათაც აქვთ, მაგრამ მათი ყოფა გაცილებით მშვიდია.

- ბოლოს, რას ეტყვით ემიგრანტ ქალებს, რომლებიც ტოვებენ შვილებს, ოჯახებს და უცხო ქვეყნებში მიდიან?

- ძალიან მიჭირს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება,. მათი თავგანწირვა გასაგებია, მაგრამ ამით ოჯახის წევრებს ხომ არ აზარმაცებენ? მე მაინც მგონია, რომ თუ მოინდომებ, შეგიძლია იშრომო და ოჯახი შენს ქვეყანაშიც არჩინო. მესმის, რომ უმძიმესი მატერიალური მდგომარეობაა, რომ დედაჩემის ხნის ქალები ქუჩაში გაწვდილი ხელით დგანან. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი თუ მოინდომებს, თავის ქვეყანაში უფრო მეტს მოახერხებს. ამას წინათ ვუყურებდი დევნილებს, რომლებიც ავარიულ შენობაში ცხოვრობენ და ბინის შესაძენად რაღაც თანხას სთავაზობენ. მე მათ ადგილზე ფულს ავიღებდი, სოფელში სახლს ვიყიდდი და მიწას დავამუშავებდი. მე დიდი უბედურება მგონია, ახალგაზრდები ქალაქში რომ მიდიან. ხშირად ისიც არ იციან, სად მიდიან და იქაც ვერაფერს აკეთებენ. ამ დროს ზოგიერთ სოფელში რამდენიმე ოჯახიღა ცხოვრობს. საბავშვო ბაღში სამი-ოთხი ბავშვი რომ იქნება, ტრაგედიაა, აბა, რა არის?! მით უმეტეს, არაჩვეულებრივი მიწა გვაქვს, რომელსაც პატრონობა და გამოყენება სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე