"ლხინისა და დროს ტარების მოტრფიალე თავადს 25 ბოთლი ღვინის დალევა შეეძლო“
"1858 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს ალექსანდრე დიუმა წინანდალში რამდენჯერმე შეხვდა გულბაათ ჭავჭავაძეს. თვითონაც ღვინის დიდი მცოდნე და მოყვარული მოხიბლული იყო გულბაათის სტუმართმოყვარეობით, სუფრაზე მოლხენითა და განუმეორებელი თამადობით...“
"...გულბაათმა პირობა არ გატეხა და 1958 წელს უკვე გამეფებულ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს II-ს პეტერბურგში ესტუმრა. იმპერატორმა დიდი პატივით მიიღო გულბაათი. მეგზურად გენერალ-ადიუტანტი პეტრე ბაგრატიონი (დიდი პეტრე ბაგრატიონის ძმისშვილი) დაუნიშნა, რომელმაც დაათვალიერებინა სამხატვრო გალერეები, პეტერგოფი, კრონშტადტი... სიურპრიზიც კი მოუწყვეს გულბაათს - სუფრასთან პირველი ჭიქა რომ დალია, თავისი დაყენებული ღვინო იცნო. იმპერატორი თავის სტუმრებს თურმე გულბაათის წინანდლის მარნის ღვინით უმასპინძლდებოდა..." - ცნობილ ქართველ დიდგვაროვანზე მისი შთამომავალი ირაკლი კალანდია გვიამბობს...
- გულბაათ ჭავჭავაძის სახე ლადო ასათიანმა პოეტური სტრიქონებით უკვდავყო. ადრე ლექსში არ მომწონდა ის ადგილი, სადაც ქვევრების მსმელი ჩემი დიდი პაპა ჭინჭილამ წააქცია, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს იყო პოეტის ინტერპრეტაცია ქართული გამოთქმისა "ზღვა კოვზით დაილია", რაც ლექსს ძალიან მოუხდა.
გულბაათი დედაჩემის, ეკა ანდრონიკაშვილის მხრიდან, ბებიის, თამარ ჭავჭავაძის ბაბუა იყო... კახეთში ჩამოსულ სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწეებს გულბაათს წარუდგენდნენ, როგორც სახეს ქართველი დიდგვაროვნისა. პირველივე შეხვედრისას ის ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა თავისი გარეგნობით და სიტყვა-პასუხით. გულბაათ ჭავჭავაძე იყო მაღალი, მხარბეჭიანი, წვრილი წელი თეთრ ჩოხაში ჰქონდა გამოკვეთილი. მოხუცებულსაც კი ჰქონდა შენარჩუნებული ახალგაზრდული აღნაგობა. ასაკი მხოლოდ მოკლედ შეკრეჭილი ჭაღარა თმითა და გრძელი თეთრი ულვაშით ეტყობოდა. შეჭაღარავებული წარბებიდან ორი ცისფერი ჭკვიანი თვალი იყურებოდა. ის ყველას მხოლოდ თავის დაკვრით ესალმებოდა და ხელს არავის ართმევდა. თუკი ვინმე ხელს გაუწვდიდა, მარჯვენა ხელს ზურგს უკან წაიღებდა და ეტყოდა: "მე ხელს არავის ვართმევ და არც თქვენ იქნებით გამონაკლისი..." ახალგაზრდობაში ხელს ყველას ვუწვდიდი, მაგრამ ცხოვრებაში გაიძვერა ადამიანს მეტს შევხვდი, ვიდრე კეთილსინდისიერს და რომ არ შევცდე, ხელს არავის ვართმევო... საქმე სასამართლოში არასდროს მქონია, სხვის საქმეში არ ვერევი და არც სხვას მივცემ უფლებას, ჩემს საქმეში ჩაერიოსო... გაიღიმებდა და გამოაჩენდა თეთრ, კარგად მოვლილ კბილებს. ის ყოველთვის საინტერესოდ საუბრობდა, კარგი იუმორი და ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.
გადმოცემით მას 25 ბოთლი ღვინის დალევა შეეძლო. ქეიფის სიყვარული არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავთვალოთ ლოთობად. ნადიმები საჭირო იყო მისი საბრძოლო ძალის დასაკმაყოფილებლად, ურომლისოდაც სიმშვიდეს ვერ პოვებდა. ერთხელ მეზობლად მცხოვრებ გლეხს, აჩუაანთ დემეტრე პაპას, მისთვის უკითხავს, კნიაზო, ამდენ ღვინოს რომ მიირთმევ, გვიბრძანე, როგორღა ინელებო? გულბაათს ულვაშებში ჩაუღიმია, შე დალოცვილო, შენა, ჩვენებური ყურძნის თავანკარა წვენს მე კი არა, სნეულიც წამალივით ინელებს და რაღა ჩემი გაგკვირვებიათო!
- როგორც ცნობილია, გულბაათ ჭავჭავაძეს თავად ჰქონდა ვენახები...
- გულბაათს უზარმაზარი ვენახები ჰქონდა, თითოეულ რიგზე დარგულ ვაზს ცალკეული დღეობის სახელები ერქვა და ჭავჭავაძის ოჯახში მოწვეული სტუმრები სხვადასხვა დღესასწაულზე სწორედ იმ ღვინოს სვამდნენ, რომელი დღესასწაულის სახელზეც ვენახის რიგი იკრიფებოდა. ჭავჭავაძეების ღვინის ქებას კახელები ლექსით და შაირით გამოხატავდნენ: "ნეტავი ნატვრა მანატრა, ეს ნატვრა ამიხდინაო და ღვინო ჭავჭავაძისა მილით შინ მომიდინაო".
1863 წელს წინანდალს ესტუმრა მისი უდიდებულესობა პრუსიის პრინცი ალბერტი, იმპერატორ ვილჰელმის ძმა. ის 14 სექტემბერს ალავერდობის დღესასწაულზე იყო ჩამოსული. პრინცს გულბაათი წარუდგინეს და თან აუხსნეს, რატომ არავის ართმევდა ხელს თავადი. პრინცმა ხელი აღარ გაუწოდა.\ გულბაათმა ძალიან კომიკურად, თითქოს ეშინოდა, რომ ხელს ჩამოართმევდნენ, უცებ ხელი ზურგს უკან წაიღო. ამან საერთო სიცილი გამოიწვია და ყველაზე მეტს პრინცი იცინოდა.
თითქმის იგივე გაიმეორა რუსეთის მომავალმა იმპერატორმა ალექსანდრე მეორემაც, როცა გულბაათმა მის პატივსაცემად გამართულ სუფრაზე ითამადა. სუფრა ქართულად, ტრადიციების დაცვით ჩაატარა. მომავალი იმპერატორი მოიხიბლა გულბაათით, ნადიმის შემდეგ გადაეხვია და პეტერბურგში სტუმრობა რამდენჯერმე სთხოვა. გულბაათმა პირობა არ გატეხა და 1858 წელს, უკვე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს პეტერბურგში ესტუმრა. იმპერატორმა დიდი პატივით მიიღო. მეგზურად გენერალ-ადიუტანტი პეტრე ბაგრატიონი (დიდი პეტრე ბაგრატიონის ძმისშვილი) დაუნიშნა, რომელმაც დაათვალიერებინა სამხატვრო გალერეები, პეტერგოფი, კრონშტადტი... სიურპრიზიც კი მოუწყვეს - სუფრასთან პირველი ჭიქა რომ დალია, გულბაათმა თავისი დაყენებული ღვინო იცნო. იმპერატორი სტუმრებს თურმე გულბაათის წინანდლის მარნის ღვინით უმასპინძლდებოდა...
ლხინისა და დროს ტარების მოტრფიალე თავადს არა მხოლოდ სასმლის სიყვარული, ღვინის ყადრი, ფასი და ღირსებაც კარგად სცოდნია, რაც მას მამა-პაპათაგან მოსდევდა.
გულბაათი სრულიად ახალგაზრდა, 16 წლის ასაკში დაობლდა. ჰპატრონობდა თავის მცირეწლოვან და-ძმებს. მთელი ცხოვრება ადგილ-მამულების დამუშავებას მოახმარა, შემოსავლით კი კარგი განათლება მისცა უმცროს ძმებს და შვილებს. მისი ოჯახიდან შვიდი გენერალი გამოვიდა...
გულბაათი ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის სალონურ ცხოვრებაშიც მონაწილეობდა. ნინო ჭავჭავაძის დადგმულ ოჯახურ სპექტაკლში, გრიბოედოვის პიესაში "ვაი ჭკუისაგან" მას ფამუსოვის როლი ათამაშეს. ეს იყო გრიბოედოვის სპექტაკლის პირველი დადგმა.
- მას ალექსანდრე დიუმაც ხომ შეხვდა?
- 1858 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს ალექსანდრე დიუმა წინანდალში რამდენჯერმე შეხვდა გულბაათ ჭავჭავაძეს. თვითონაც ღვინის დიდი მცოდნე და მოყვარული მოხიბლული იყო გულბაათის სტუმართმოყვარეობით, სუფრაზე მოლხენითა და განუმეორებელი თამადობით.გულბაათი 1863 წელს გარდაიცვალა. გასვენებაში ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ყველა წოდების წარმომადგენლები იყვნენ. იმ დროს ბატონყმობა ჯერ არ იყო გადავარდნილი, მაგრამ გულბაათი გლეხობაში ცნობილი იყო თავისი უბრალოებითა და სამართლიანობით. დაკრძალეს წინანდალში, ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოზე. ევროპაში ნებისმიერი ღვინის სამარკო კატალოგში ნახავთ ინფორმაციას ასეთ ცნობილ, ღვინის კულტურის დამფასებელ ადამიანებზე და ცნობილი მსმელების სახელზე ჩამოსხმულ ღვინოს. ეს მათი კულტურის ნაწილია. სამწუხაროა, რომ ღვინის კულტურის ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უპირველესი მსმელისა და თამადის, გულბაათის სახელი, არც ერთ ქართულ სამარკო ღვინოს არ ჰქვია.