"ეს ინფორმაცია მომაწოდა ჩემმა პროფესორმა... ძალიან მეშინოდა, თუმცა ძალა მოვიკრიბე­..." - კვირის პალიტრა

"ეს ინფორმაცია მომაწოდა ჩემმა პროფესორმა... ძალიან მეშინოდა, თუმცა ძალა მოვიკრიბე­..."

"სივრცის ინსტალაციის, სცენოგრაფიის, განათებისა და ხელსაწყოების საშუალებით უკეთ მივიტან სათქმელს, რომ ჩვენ გადავცურავთ ზღვას თავისუფლებისთვის..." - გვეუბნება სცენოგრაფი გვანცა­ ზაკალაშვილი­, რომელიც გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- გაზაფხულზე ნიუ-იორკში გამო­ფენის მოწყობას ვაპირებ, სადაც სხვა ნამუშევრებს შორის გამოიფინება ჩემთვის­ მნიშვნელოვანი ინსტალაცია. ესკიზები­ და მაკეტი მზად მაქვს. If I can not fly, cross the sea to swim - ცხოვრება და დრო განუყოფელია, არ არსებობს სიცოცხლე დროის გარეშე და დრო სიცოცხლის გარეშე. ინსტალაციის იდეა გამიჩნდა მაშინ, როდესაც­ წავიკითხე მწერალ დავით ტურაშვილის მოთხრობილი ამბავი­ 1980-იანი წლების საბჭოთა საქართველოს ყველაზე ტრაგიკულ ფაქტზე, როცა ქარ­თველმა­ ახალგაზრდებმა სცადეს თვითმფრინავით აშშ-ში გაქცევა... "ჯინსების თაობა" ნამდვილი ამბავია, ტრაგიკული,­ მაგრამ ამავდროულად მომავლის იმედით სავსე.

მოსკოვის იდეოლოგია განსაკუთრებულად ებრძოდა აშშ-ის ყველა ფასეულობასა და სიმბოლოს, მათ შორის - ჯინსსაც. საბჭოთა მოქალაქეებს სჯეროდათ, რომ სადაც იყო ჯინსი, იქ იყო ბედნიერებაც. ქვეყანაში, სადაც ჯინსი არ იწარმოებოდა, არ არსებობდა საკუთრების უფლება, რაც დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველია...

ჩემი შექმნილი ინსტალაცია სათქმელს ამბობს სინათლით, რომლისკენაც ასე ისწრაფოდა ის თაობა. კონცეფციის ძლიერი კომპონენტია ალის ენერგია, როგორც დაძაბულობის გამოხატულება. ფერები, სივრცე, დრო, მოძრაობა, ხმა, ჩრდილები - ამ ელემენტებთან ურთიერთობა ერთი წყაროს პოტენციალს უსასრულოს ხდის.

- თქვენ იმუშავეთ ჰოლივუდში, გვიამბეთ, როგორ მოხვდით იქ.

- ჩემს მიწვევას ფილმში The secret of Joy წინ კონკურსი უძღოდა. ეს ინფორმაცია მომაწოდა ჩემმა პროფესორმა ფრანჩესკო ძიტომ. ძიტო არის მსოფლიოში ცნობილი სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი, მსოფლიოში უამრავი საოპერო სპექტაკლი დადგა. ის პლასიდო დომინგოს ახლო მეგობარია. სწორედ ფრანჩესკო ძიტოს ასისტენტი ვიყავი იმ წლებში და მითხრა, რომ ჩემი შესაძლებლობები უნდა გამომევლინა­. დროა, ფრთები გაშალოო...

ძალიან მეშინოდა, თუმცა ძალა მოვიკრიბე­ და გავითვალისწინე ყველა რეკომენდაცია, რაც კი ამ არაჩვეულებრივი ადამიანისგან მივიღე. კონკურსში ოთხმა დოქტორანტმა გავიმარჯვეთ. ამ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. მასალად ვიყენებდით თითქმის ყველაფერს, რისი გარდაქმნაც­ შეიძლებოდა, საკვები პროდუქტით დაწყებული, პლასტმასის ბოთლებით დამთავრებული.­ თეთრ აბრეშუმს სპეციალური ხსნარებით ვღება­ვდით ლაბორატორიაში. ვატარებდით ექსპერიმენტებს, ვიყენებდით სხვადასხვა ხარისხის ქსოვილს, ბევრი ექსპერიმენტის შედეგად კი მივიღეთ არაჩვეულებრივი ფილმის მხატვრული კოს­ტიუმები. ორი მთავარი, თეთრი და ყავისფერი­ კოსტიუმი, ფილმში სიკეთესა და ბოროტებას გამოხატავდა...

უამრავი მოგონება დამრჩა. ლაბორატორიაში ჰოლივუდის ვარსკვლავების სტუმრობა და მათი კომპლიმენტები ჩვენთვის სტიმული იყო. ჰოლივუდში­ ფილმის პრეზენტაციაზეც მიმიწვიეს. ფილმმა ათი ჯილდო მიიღო. ფილმის შემოსავლიდან 10 ათასი დოლარი ბავშვთა კიბოს კვლევის ფონდს გადაეცა.