რუსული ელიტური სატანკო დივიზიის ტანკისტებმა Т-80У -ები უკრაინულ სოფელში მიატოვეს - კვირის პალიტრა

რუსული ელიტური სატანკო დივიზიის ტანკისტებმა Т-80У -ები უკრაინულ სოფელში მიატოვეს

რუსეთის არმიის კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზია თუ რას წარმოადგენს, ნატოს დაზვერვაზე უკეთ შეიძლება არავინ იცოდეს, რადგან ის მოსკოვთანაა დისლოცირებული და კრემლში, როდესაც შიდა სახელმწიფო გადატრიალებები ხდებოდა (სტალინის სიკვდილის შემდეგ 1953 წელს, 1991 წელს „გე-კა-ჩე-პე“-ს და 1993 წლის რუსეთის დუმასთან ბრძოლის დროს), ამ დივიზიის ტანკები მოსკოვის ცენტრში შეჰყავდათ, ხოლო 1993 წელს, რუსეთის პრეზიდენტის - ელცინის ბრძანებით მოსკოვში, რუსეთის „თეთრ სახლსაც“ - სახელმწიფო დუმის შენობასაც კი დაუშინეს 125 მმ-იანი ჭურვები, რასაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა...

და ამ ელიტური რუსული სამხედრო შენაერთის ტანკებს დღეს უკრაინის სუმსკის რაიონის სოფელ ჩუპახოვკას მცხოვრებლები თავის სახლებთან, შუა გზაზე პოულობენ... ტანკისტების გარეშე, სრულიად მიტოვებულს.

original-12-1645975860.jpg
რუსი ტანკისტების მიერ შუა გზაზე მიტოვებული Т-80У-ები

თანაც, ეს უბრალო ტანკები არ გეგონოთ - ესენი აირტურბინიანი Т-80У-ებია, სხვანაირად მას „ლა-მანშის ტანკებსაც“ ეძახდნენ პირველი ცივი ომის დროს, რადგან აღმოსავლეთ გერმანიაში დისლოცირებული ამ ტანკების ეკიპაჟების მთავარი საბრძოლო ამოცანა ატლანტიკის ოკეანისკენ, ლა-მანშის სრუტისკენ შეუჩერებლივ გაჭრა წარმოადგენდა, მით უმეტეს, აირტურბინიანი ძრავა ასფალტირებულ გზაზე Т-80У-ს მაქსიმალური, 70 კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევდა - ტრასაზე ამ სიჩქარით მოძრავი 42 ტონიანი რკინის მონსტრი თავად წარმოიდგინეთ...

მაგრამ პუტინმა მეორე ცივი ომის მთავარი საბრძოლო ამოცანის - ისევ ლა-მანშისკენ გაჭრამდე, თავის ელიტურ ტანკისტებს ჯერ „პატარა საქმის“ მოგვარება დაავალა - უკრაინის საბოლოო მოთვინიერება ორ-სამ დღეში და რუსი ტანკისტებიც სხვა დანაყოფებთან ერთად, უკრაინისკენ დაიძრნენ, ისინი ხომ ისეთივე გასეირნებას მოელოდნენ, როგორც რვა წლის წინ, ყირიმის „ქურდულად“ ოკუპაციის დროს...

მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის მეორე დღესვე რუსმა ტანკისტებმა დაინახეს, რომ თურმე უკრაინელებს კარგად გამოსდით ასე ნაქები საბჭოთა/რუსული ტანკების აფეთქება...

original-13-1645975898.jpg
რუსი ტანკისტების მიერ შუა გზაზე მიტოვებული Т-80У-ები

მაგრამ ზემოხსენებულ უკრაინულ სოფელთან ეკიპაჟების მიერ მიტოვებული ტანკები, არათუ დაზიანებული, გაკაწრულიც კი არ იყო (ისე გაუკაწრავი ტანკი, ცოტა სასაცილოდ ჟღერს),უფრო მეტიც, საბრძოლო კომპლექტიც - ჭურვები და ვაზნები ტანკებში ჩატვირთული გახლდათ.

მაშინ რამ გააქცია ამ ელიტური რუსული დივიზიის ტანკისტები?

მიზეზი შეიძლება ძალიან ბანალური იყოს - ტანკებს უბრალოდ საწვავი გაუთავდათ!

საქმე ის არის, რომ დიზელის ძრავიანი Т-72 და Т-90 ტიპის ტანკები ჩვეულებრივ დიზელის საწვავს მოიხმარენ, Т-80У-ს გასაწყობად კი საავიაციო ნავთია საჭირო, სწორედ ისეთი, საბრძოლო „სუ“-ები თუ სამგზავრო „ბოინგები“ რომ დაფრინავენ.

მაგრამ სად ეშოვათ უკრაინის ერთი პატარა სოფლის შუაგულში რუს ტანკისტების „ბოინგის“ საწვავი?!

საერთოდ, სატანკო კოლონებს საწვავით სავსე მანქანა - ცისტერნები დაჰყვებიან უკან, მაგრამ ამ შემთხვევაში, პუტინის მიერ შექებული შოიგუს თავდაცვის სამინისტროს ზურგის სამსახურმა ვერ იყოჩაღა ან სულაც უკრაინელები მოიქცნენ ჭკვიანად და რუსულ ტანკებთან მძიმე ბრძოლაში ჩართვას, ამჯობინეს სატანკო კოლონის კუდში მიმავალი შეუჯავშნავი და ადვილ სამიზნედ ქცეული საწვავიანი მანქანა-ცისტერნების განადგურება ავტომატების ჩვეულებრივი ტყვიებით...

original-14-1645975944.jpg
რუსი ტანკისტების მიერ შუა გზაზე მიტოვებული Т-80У-ები

ასეა თუ ისე,უკრაინა-რუსეთის ომის მეოთხე დღეს უკვე შეიმჩნევა ერთი საინტერესო ტენდენცია - მცირე პრობლემისთანავე რუსეთის არმიის საბრძოლო მანქანების ეკიპაჟები დიდი ფიქრის გარეშე ტოვებენ მათ (ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები ასევე გზაზე მიტოვებული რუსული „გრადისა“ და ქვემეხების) და თავს შველიან, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში შეჭრილი რუსი აგრესორების ნაწილში საბრძოლო სულისკვეთება დღითიდღე კატასტროფულად მცირდება და ეს მზარდი ტენდენციაა.

პ.ს. ისე, Т-80У-ს „გაძღობა“ საწვავით ძალიან ძნელია, რადგან 100 კმ-ის დასაფარად, თუკი დიზელისძრავიან Т-72-ს 240 ლიტრი დიზელის საწვავი სჭირდება, იმავე მანძილის გასავლელად Т-80У-ი 430-500 ლიტრ საავიაციო ნავთს წვავს, თანაც ეს მხოლოდ ასფალტირებულ გზაზე, თორემ გრუნტის გზაზე ასი კმ-ის გასავლელად Т-80У-ს შეიძლება 790 ლიტრი საავიაციო საწვავით კი დასჭირდეს.

პ.ს.ს. უკიდურეს შემთხვევაში Т-80У-ის ავზებში დიზელის საწვავის ჩასხმაც დასაშვებია (ოღონდ შემდეგ ტანკის საწვავის მომარაგების მთელი სისტემა უნდა გამოირეცხოს), მაგრამ რუსმა ტანკისტებმა მაინც თავის შველა ამჯობინეს...