"ბევრი მეგობარი წავიდა ჩემგან, მაგრამ დარჩა ქართული კინო, რომელსაც ვეღარ ვხედავ, მაგრამ ხმა ხომ მესმის“ - კვირის პალიტრა

"ბევრი მეგობარი წავიდა ჩემგან, მაგრამ დარჩა ქართული კინო, რომელსაც ვეღარ ვხედავ, მაგრამ ხმა ხომ მესმის“

"ყოველთვის კადრს მიღმა ვიდექი, მაგრამ კადრს თავად ვქმნიდი. იმ საორგანიზაციო საქმეს ვუძღვებოდი, რის გარეშეც გადაღება შეუძლებელია - მსახიობის შერჩევით დაწყებული, გადაღების დეტალებით დამთავრებული"

ალბათ, ბუნებაში ნაკლებად არსებობს ისეთი უპასუხო კითხვები, როგორიც არის კითხვები ჩვენი მომავლის შესახებ: რა გველის მომავალში? როგორი იქნება ჩვენი სიბერე? ვინც უნდა ვიყოთ და რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ძნელია განსაზღვრო, ხვალ რა იქნება, რადგან ზოგჯერ წამებშიც კი ბედნიერება მარტოობით და სასოწარკვეთით იცვლება. სწორედ ეს განცდა დამეუფლა, როდესაც გავიგე, რომ ქართული კინოს გამორჩეული მოღვაწისთვის, 87 წლის ლია გოგელიასთვის, დახმარებას ითხოვდნენ. ამ ქალბატონის კადრს მიღმა საქმიანობით (ლია გოგელია რეჟისორის ასისტენტისა და მეორე რეჟისორის მოვალეობას ასრულებდა) შექმნილია არა მარტო ძველი, არამედ - თანამედროვე ქართული ფილმებიც. ასეთი ადამიანი-მემატიანის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებლად მივიჩნიე. და როდესაც ვიპოვე, რა თქმა უნდა, ვკითხე, ამ მდგომარეობაში მარტო როგორ აღმოჩნდით-მეთქი. პასუხი მარტივი იყო - ალბათ, უკვე ძალიან დავბერდიო, მერე კი მთხოვა, ჩემს დახმარებაზე აღარაფერი დაწეროთ, გარშემო ჩემ გარდაც უამრავი ადამიანია გადასარჩენი, ჯობს, ქართულ კინოზე ვისაუბროთო. დავეთანხმე და არც დავეთანხმე. ჩვენ რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც ღირსებასა და შრომას ფასი აქვს, მაშინ ქალბატონი ლიას მსგავს ხალხს არც თითქმის დაკარგული მხედველობის მკურნალობა უნდა უჭირდეს, ასე რომ, საუბარი მაინც ამით დავიწყეთ:

- ქალბატონო ლია, დახმარება უხერხული არ არის. არავინ იცის, როდის რა დასჭირდება. თქვენ რა გიჭირთ?

- აბა, რა გითხრათ... ეს რომ მოგიყვეთ, უნდა დაგღალოთ. წუწუნი და ადამიანის დამძიმება კი კარგი სულაც არ არის. ფაქტია, რომ მარტო ვარ, მაქვს თვალის მრავალჯერადი დაავადება, თითქმის ვერაფერს ვხედავ და ჩემი ტრაგედია ეს არის. მინდა მკურნალობა შევძლო, იქნებ რაიმე მეშველოს. იმედი ხომ ყველაზე ბოლოს კვდება... ამისთვის კი თანხაა საჭირო. Aამ ბოლო დროს გამოჩნდა კეთილი ხალხი, რომელმაც ჩემი ეს გასაჭირი გაახმაურა და სრულიად უცნობი ადამიანები დამეხმარნენ.E ეს ჩემთვის ისეთი ემოცია იყო, ვერც ამ თემაზე ვახერხებ საუბარს. ამხელა ემოციის გამოხატვის უნარი არ მაქვს, არ ვარ ამის ოსტატი. იმასაც ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემს ცხოვრებაშიც ასეთი მომენტი დადგებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დადგა. უფალს მადლობა იმ ახლობლებისთვის, რომლებიც არ მტოვებენ.

- გამიგია, რომ ლია გოგელია, გარდა ქართული კინოსი, იმ ადამიანებზეც ზრუნავდა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.

- თუ ადამიანმა ვინმეზე არ იზრუნა, ისეთ გაუგებარ არსებად გადაიქცევა, რომლის ყურებაც ძნელია. მახსოვს, ერთხელ ირაკლი კვირიკაძის "ქვევრის" გადაღებისას მთელი ჯგუფი ჩავრთე გადამღები ჯგუფის წევრის კვებითი რეჟიმის დაცვაში.E ეს ადამიანი დიაბეტიანი იყო, რის გამოც საათობრივად უნდა ეჭამა და ჯგუფის წევრებს ვთხოვე, მე თუ არ ვიქნები, ან დამავიწყდება, ამ კაცს შეახსენეთ, როდის უნდა ჭამოს-მეთქი.

- შეუძლებელია, პატივი არ ეცათ ქალბატონისთვის, რომელიც მაშინ მოვიდა კინოში, როცა ქართული კინოს ფენომენის ჩანასახიც არ არსებობდა.

- 1954 წელს მივედი კინოში. 18 წლის გახლდით და როგორც ყველას ჩემს თაობაში, მეც საოცრად მიყვარდა ქართული კინო, სადაც "ფატიმა" ითვლებოდა მწვერვალად. თავიდან კინოგაქირავების საამქროში მივედი. Aაქ უცხოური ფილმებისთვის ქართულ სუბტიტრებს ქმნიდნენ და ჩემი კლასელი ბიჭი მუშაობდა. მან მითხრა, თუ ასე გიყვარს კინო, თუ გინდა, მუშაობას დაგაწყებინებო. Aასე დაიწყო ჩემთვის კინო, რომლითაც ახლაც ვცოცხლობ. როდესაც მიმიღეს, საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი და ესეც კი არ ავიწყდებოდათ ჩემს უფროსებს. სამი საათი რომ გახდებოდა, ხუმრობით მეტყოდნენ, აბა, ახლა მოუსვი აქედანო და მეც გავრბოდი სასწავლებელში. ბოლოს ზაზა ურუშაძესთან ვიმუშავე "ცხელ ძაღლზე". ზაზას ადამიანობასა და ნიჭს მე დღესაც მივტირი. ძალიან ადრე წავიდა. ადამიანი იყო და მისმა გულმა არაადამიანობას ვერ გაუძლო. ჩემ გვერდით მყოფთა ბედს მუდამ ისე განვიცდიდი, თითქოს სამსახურშიც ოჯახის წევრები მყავდნენ. ასეც იყო. როგორც კი ფილმის გადაღებას დავიწყებდით, ჯგუფის ყველა წევრი ოჯახის წევრივით ახლობელი ხდებოდა. სხვანაირად, ალბათ, არც ქართული კინოს ფენომენი იქნებოდა. ახლა, როდესაც მეკითხებიან, რატომ არ გათხოვდი, მარტო რატომ დარჩიო, საკუთარი თავისთვისაც კი ეს პასუხი მაქვს: სამსახურში ჩემთვის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მომენტი არ ყოფილა, ამიტომ ეს სადმე სხვაგან უნდა მეძებნა, მე კი სულ სამსახურში ვიყავი. შაბათი-კვირაც კი არ მიყვარდა, სახლში რა უნდა ვაკეთო-მეთქი.

- თქვენ კინოში 1954 წელს მიხვედით და მხოლოდ წლების შემდეგ გაჩნდა ის თაობა, რომელმაც ქართული კინოს ფენომენი შექმნა: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, გიორგი და ელდარ შენგელაიები, გურამ პატარაია და სხვები. გახსოვთ, როგორები იყვნენ ისინი ახალგაზრდები?

- რა თქმა უნდა! მოვიდნენ ახალგაზრდები, ნიჭიერები და მთლიანად შეცვალეს ქართული ხელოვნება. ქართულმა კინოფენომენმა ხელოვნების ყველა დარგი მიიზიდა: მუსიკა, მწერლობა, მხატვრობა... ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სიამაყე იყო ამ ხალხის გვერდით მუშაობა! ჯერ რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობდი, მერე - მეორე რეჟისორად. ყოველთვის კადრს მიღმა ვიდექი, მაგრამ კადრს თავად ვქმნიდი. იმ საორგანიზაციო საქმეს ვუძღვებოდი, რის გარეშეც გადაღება შეუძლებელია - მსახიობის შერჩევით დაწყებული, გადაღების დეტალებით დამთავრებული.

ერთ-ერთი პირველი რეჟისორი, რომელთანაც ვიმუშავე, შოთა მანაგაძე იყო. "ჯვარცმული კუნძულის" გადაღებაზე ვიყავი მასთან ერთად. ეს იყო ბალტიისპირეთში. სწორედ მაშინ გამოჩნდნენ ქართულ კინოში ისინი, ვინც მერე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებად იქცნენ: თენგიზ არჩვაძე, ზურაბ ქაფიანიძე, ლეო ფილფანი, გეიდარ ფალავანდიშვილი, კარლო საკანდელიძე... თითოეული მათგანი საოცრება იყო. მახსოვს, რა დაემართა ბალტიისპირელ რესტორნის პერსონალს, როდესაც ეს ახალგაზრდები იქ ხმაურით შევიდნენ, მაგრამ როგორც კი ჩვენმა ბიჭებმა სიმღერა დააგუგუნეს და სადღეგრძელოებზე ფეხზეც წამოდგნენ, მათ გარშემო მთელი რესტორანი მოგროვდა. ამის შემდეგ იქ ყველა მოუთმენლად გველოდა და ძალიან ეწყინათ, რომ წამოვედით.

შემდეგ ირაკლი კვირიკაძის "ქვევრზე" ვიმუშავე გურჯაანში. ეს კვირიკაძის შედევრია, მაგრამ მეც არ დამიშურებია ძალა მის გადასაღებად. ერთხელ მწარედაც კი ავტირდი, რადგან რაღაც არ დამიჯერეს. იცით, რა მოხდა? ფილმისთვის უზარმაზარი ქვევრი იმერეთში შევიძინეთ. მე მინდოდა, ეს ქვევრი გადამწყვეტ კადრამდე მიგვეტანა და მხოლოდ ბოლო მომენტში დაგვეგორებინა, რათა მაყურებელზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოგვეხდინა, მაგრამ ირაკლიმ უფრო ადრე გადაწყვიტა ამ სცენის გადაღება. ეგონა, ქვევრი დაგორებისას არ გატყდებოდა. მე ტირილით ვუმტკიცებდი, ამას ნუ შვრები, ქვევრი მაშინვე გატყდება, როგორც კი დააგორებ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა და ქვევრიც, რა თქმა უნდა, პირველი დაგორებისთანავე გატეხა, მერე კი თავადაც ინანა. ბოლოს გადაღებებისთვის თაბაშირის ქვევრი გამოვიყენეთ, რასაც მაყურებელი, საბედნიეროდ, ვერ ამჩნევს.

- მაგრამ მსახიობებმა ხომ შეამჩნიეს და, ალბათ, ეწყინათ... მაგალითად, განუმეორებელ ეროსი მანჯგალაძეს, რომელიც Bბრწყინვალეა ამ ფილმში.

- ის მართლაც ბრწინვალე იყო და არა მარტო ის. ამიტომაც, როდესაც თვალს გადავავლებ, ვის გვერდით მიმუშავია, აღარაფერს ვნანობ.E ეროსი სიყვარულით სავსე კაცი იყო, რომელსაც ადამიანზე გაბრაზებაც არც შეეძლო, იმავე წუთში ურიგდებოდა. ერთხელ დაიჩივლა, უკვე დიდი ხანია ვიღებთ და მომწყინდაო, ამიტომ გადავწყვიტეთ, გავხუმრებოდით: გადაღებაზე ერთი მშვენიერი გარეგნობის ყმაწვილი გვყავდა, რომელსაც კაბისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა ვთხოვეთ, გრიმი გავუკეთეთ და ეროსის ოთახში შევუშვით. როდესაც ეს "ქალბატონი" ეროსის ოთახში შეგოგმანდა და მისი აღტაცებული შეძახილიც გავიგონეთ - აქ საიდან გაჩნდი, მშვენიერო ქალბატონოო, ისეთი სიცილი ავტეხეთ, რომ ეროსი მაშინვე ყველაფერს მიხვდა, გამოგვივარდა, გვეჩხუბა და დაგვემდურა, მაგრამ იმ დღესვე შეგვირიგდა, არ შემიძლია, ვერ დაგემდურებით, მიყვარხართო. ნიჭიერი ადამიანები ცოტა უცნაურები არიან და მათ ეს უცნაურობები უნდა აპატიო.

ერთხელ გიორგი შენგელაიამ "ხარებასა და გოგიას" გადაღებებიდან გამომაგდო. მიზეზი უბრალო იყო - ერთ საღამოს დაღლილი მსახიობები შემეცოდა და მეორე დღეს დილის 9 საათის ნაცვლად, ათის ნახევარზე დავიბარე. ვუთხარი, გიორგი ათ საათამდე არ მოდის გადაღებაზე და შეგიძლიათ ნახევარი საათი დაისვენოთ-მეთქი, სწორედ იმ დილას კი გიორგი ადრე მოსულა, არავინ დახვედრია და მიზეზი უკითხავს. ჰოდა, მოვიდა და, ბარგი აიკრიფე და წადიო, მითხრა. იმდენი ბარგი-ბარხანა მქონდა, შევეკამათე, ჩემი ბარგი მარტომ როგორ წავიღო-მეთქი. მითხრა, მანქანას გამოგიგზავნიო და გამომიგზავნა, მანქანაში გამწარებული ვიფიცებდი, ამიერიდან გიორგი შენგელაიას აღარ გავეკარები-მეთქი, თბილისში ჩასულს კი ზარი დამეწია, გადაღებები ჩაგვეშალა, გიორგი წამოვიდა და უკან წამოგიყვანსო. მალე თვითონაც დამადგა თავზე, ხელების სავსავით, ახლა არაფერი მითხრაო! რაღას ვიზამდი, გავყევი. ან როგორ უნდა მეთქვა უარი, როცა მის ფილმში უკვე სიცოცხლის ნაწილი მქონდა ჩადებული. საოცარი ჯგუფი შევქმენით, რომელთაგან ლევან თედიაშვილი სასწაული იყო. აიჩემა, თუ მე ვითამაშებ, თავადვე უნდა გავახმოვანოო და ფეხშიშველი დაგვადგა გახმოვანების სტუდიაში, მცხელაო. აი, ასე ფეხშიშველამ გაახმოვანა მთელი ფილმი და ერთი ტონი არ შეშლია. ბინა რომ მივიღე, თედიაშვილი 400 მანეთით დამადგა თავზე, ეს დაგჭირდება და იცოდე, უკან აღარ მომცეო.

- მართლაც საოცარი ადამიანი ყოფილა.

- განა მხოლოდ ლევან თედიაშვილი! ვისაც ჩემ გვერდით უმუშავია, ყველა ზღაპარი იყო... ან მე მიყვარდა ყველა სიგიჟემდე და ვაზღაპრებდი. მაგალითად, რეჟისორ გურამ პატარაიასთან ერთად ორი ულამაზესი ფილმი - "რეკორდი" და "კუჩხი ბედინერი" გადავიღეთ და ამ ბედნიერებით კარგა ხანს ვიცხოვრე. მართალია, "ქვევრის" შემდეგ წარმატებები აღარ მიკვირდა, მაგრამ უდიდეს სიხარულს მანიჭებს, როდესაც კმაყოფილ მაყურებელს ხედავ. ასეთი ბევრი იყო... ორმოც ფილმზე ვიმუშავე... ვღელავ, რომ ყველას ვერ ვიხსენებ.

- ზაზა ურუშაძემ თავად მიგიპატიჟათ "ცხელ ძაღლზე" და ეს სერიალი წარმატებული აღმოჩნდა...

- დიახ, თავად მიმიწვია მეორე რეჟისორად. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე ასაკოვანი ვიყავი, ზაზამ იცოდა, რომ გადაღებაზე ჩემთვის ასაკი არ იარსებებდა და ასეც იყო. ზაზასთანაც საოცარი ემოციით ვიმუშავე, რადგან თავადაც საოცარი ადამიანი იყო. თითქოს გულით ულევ სითბოს დაატარებდა და ყოველ წუთს გინაწილებდა. ასეთი გული დიდხანს ვერ ძლებს და ზაზასაც უმტყუნა. ბევრი უსამართლობა ვერ აიტანა. მენანება მისი დედა, რომ ასეთი შვილის უბედურებას შეესწრო. ჩემი თავიც მენანება, იმდენი სახელი, იმდენი მეგობარი წავიდა ჩემგან, მაგრამ დარჩა ქართული კინო, რომელსაც, მართალია, ვეღარ ვხედავ, მაგრამ ხმას ვუსმენ და ეს ჩემთვის სიცოცხლის წყაროა. თუმცა განა მარტო ჩემთვის - ეს ყოველთვის იქნება ჩვენი სიცოცხლის წყარო და ჩვენს არსებობას გაამართლებს.