"მძიმე ორშაბათი გათენდება რუსეთისთვის, რადგან..." - კვირის პალიტრა

"მძიმე ორშაბათი გათენდება რუსეთისთვის, რადგან..."

უკრაინაში ომი გრძელდება და ვხედავთ უკრაინის მოსახლეობა თავისი სამშობლოს დასაცავად მედგრად იბრძვის. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ მძიმე ორშაბათი გათენდება რუსეთისთვის, რადგან სანქციები მის წინააღმდეგ უკვე ამოქმედდება.

თორნიკე შარაშენიძე:

- მიდის ომი და ახლა ცდილობენ, დასავლეთიდან ჩაუკეტონ გზა, რადგან მთლიანი უკრაინა პოლონეთიდან იღებს მომარაგებას. ვხედავთ, როგორ იბრძვიან უკრაინელები, კიევის აღება არის უმნიშვნელოვანესი მორალურადაც, თუ კიევი არ დაეცემა რამდენიმე დღე, ეს იქნება ძალიან კარგი. იქნებ რუსეთმაც დაიწყოს მერე სერიოზული მოძრაობები ამ ომის წინააღმდეგ და ხალხმა მასიურად გააპროტესტოს. რატომ ომობს რუსეთი მოსახლეობას ვერ გაუგია, არადა, ყველაზე მონათესავე ერია. ორი დღე ალბათ გადამწყვეტი იქნება, იმიტომ, რომ ამ ჩავარდნის შემდეგ, რაც აშკარად გამოიკვეთა გუშინ, რუსეთი შეეცდება, რომ ძალები მოიკრიბოს და ძალიან მაგრად დაარტყას. ასე მარტივად არ დასრულდება.

სამწუხაროდ, უკრაინელებმა თავის დროზე ვერ მოახერხეს ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ვერ დაამარცხეს კორუფცია, მაგრამ ომი იციან. პუტინმა სწორედ ეს შეცდომა დაუშვა, რომ ომში ჩაება მათთან. ომი ნამდვილად იციან, თავმოყვარე, გამოწრთობილი ხალხია. ერთი საუკუნე არ გასულა მას შემდეგ, რაც მათ ტერიტორიაზე გაიარა ჯერ ფაშისტური გერმანიის ჯარებმა და მერე, წითელმა არმიამ, ეს არის ხალხი, რომელსაც ომის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ მოსკოვში, რომ უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი ხალხი გადავიდოდა მათ მხარეს, მაგრამ მგონი პირიქით მოხდა. ისინი შოკირებულები იყვნენ ამ ყველაფრით და მთელი უკრაინა შეიკრა რეალურად დამპყრობლის წინააღმდეგ. ის ფაქტი, რომ ვერ აიღო კიევი, იმას ნიშნავს, რომ გაერთიანდა მთელი უკრაინა.

- პოლონეთი აცხადებს, რომ ეხმარება, პუტინის მუქარაც მოვისმინეთ, რომ ყველას დაუპირისპირდება, ვინც უკრაინას დახმარება, იმის საშიშროებაც ხომ არ არის, რომ პოლონეთის საზღვარზეც მოხდეს რაიმე შეტაკებები?

- ამ სიგიჟეზე ვერ წავლენ, რაში სჭირდება პოლონეთი. პუტინი უკმაყოფილოა სტალინის იმიტომ, რომ უკრაინაში ჩაურთო ლვოვის მხარე, რომელიც პოლონური იყო და არ იყო უკრაინული და მან შემოიტანა ანტირუსული ელემენტი უკრაინაში. ბოლოსდაბოლოს, ამერიკელები დგანან იქ და არ შეეხება.

- რუსეთის განცხადებებზე რას იტყვით, რომ მსხვერპლი არ ჰყავს მათ ჯარს?

- ეს არის პროპაგანდა. გათვლილი რუსეთის არაინფორმირებულ, ყველაზე ჩამორჩენილ და ფანატიკურ მოქალაქეებზე. ნორმალური რუსები ამ ომს მხარს არ დაუჭერენ. იმედი აქვთ, რომ თვითონ როგორც უწოდებენ, "ნაყარ-ნუყარი ხალხი" მხარს დაუჭერს. ეს მათი ტერმინია.

- რადიოაქტიური ბაზა დაბომბესო ითქვა, ამაზე რას იტყვით?

- ჩერნობილის აღება რაში უნდოდათ არ ვიცი, ვერ გავიგე. ერთს გეტყვით, ძალიან მძიმე იქნება ორშაბათი რუსეთისთვის, რადგან მთელი მსოფლიოს ბირჟაზე სანქციები ამოქმედდება და რუბლს დაარტყამს ძალიან. ამას მოჰყვება პანიკა მოსახლეობის, მიცვივდება ხალხი ბანკებთან, რომ გამოიტანოს ვალუტა და ეს კიდევ უფრო მეტად გააუფასურებს რუბლს. თუ გაძლებს კიევი რამდენიმე დღე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სასწაულია ამდენ მასირებულ შეტევას რომ გაუძლო კიევმა, მართლა სასწაული ხდება. ეტყობა მოსახლეობამაც აიღო ხელში იარაღი და ამას ეტყობა არ ელოდნენ მოსკოვში. კიევი 3,5 მილიონიანი ქალაქია და ერთმა პროცენტმა რომ აიღოს იარაღი ხელში, ესეც მნიშვნელოვანი ამბავია 35000 კაცია, გაცილებით მეტმა - 20 პროცენტმა აიღო მინიმუმ ხელში იარაღი და იბრძვის.

- უცხოეთი შეიარაღებით მომარაგებას მასიურად გააგრძელებს?

- შეიარაღების მხრივ დახმარება გაგრძელდება. მოხალისეებიც შეიძლება შევიდნენ საბრძოლველად და იომებენ. ოფიციალურად რომელიმე ქვეყნის ჯარი შევიდეს, ეს გამორიცხულია.

- ჩეჩნებიც შეუერთდნენ რუსებს, კადიროვის ხალხი როგორი გაწვრთნილია ყველამ იცის, ეს გაზრდის საშიშროებას?

- რაც შეხება ჩეჩნებს, ესენი არიან პუტინის რეჟიმის დამცველები. ყველაზე მეტად გაწვრთნილი, შეიარაღებული, მოტივირებული და აგრესიული ხალხი. არც თუ ისე დიდია რაოდენობა, როგორც გვაშინებენ. კადიროველებს ეძახიან, ვფიქრობ, მათ ბევრს არ გაუშვებენ უკრაინაში, რადგან ისინი უფრო მოიაზრებიან რეჟიმის დამცველებად შიგნით, რუსეთში, მათ შორის, ჩეჩნეთშიც. სულ იქ არიან საჭირო ისინი.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია რუსი ხალხის პროტესტი, გაქვთ იმედი, რომ ისინი რეჟიმს დაუპირისპირდებიან და ქუჩაში გამოვლენ?

- ყველაზე მნიშვნელოვანი რუსი ხალხის პროტესტია. თუ ამან მიიღო ძალიან დიდი მასშტაბი, ეს შეიძლება მართლაც იყოს სერიოზული გარდატეხა ამ ყველაფრის. მოდი, გავიხსენოთ 1991 წლის აგვისტოში მოსკოველებმა როგორ ივაჟკაცეს - ყველანი გამოვიდნენ და ჩვენ ყველანი გადაგვარჩინეს. სწორედ მოსკოვში, ცენტრში მოხდა გარდატეხა, ამან დაასრულა საბოლოოდ საბჭოთა კავშირი, თორემ რა გაგრძელება ექნებოდა, არავინ იცის. ვნახოთ, არაფერი გამორიცხული არ არის.

- ის ეკონომიკური სანქციები, რაზეც მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ, რამდენად საკმარისია?

- უცებ არ აისახება ეს სანქციები მოსახლეობაზე, მაგრამ პანიკა აუცილებლად იქნება და რუბლს მაინც მაგრად დაარტყამს. ჩვენსავით რუსეთი არ არის დამოკიდებული იმპორტზე, საჭმელ-სასმელი, ყველაფერი თავისი აქვთ და იმპორტირებული არ აქვთ. სურსათს არ გააძვირებს, მაგრამ რუბლზე მაინც ყველა შემთხვევაში იმოქმედებს. რუსები მიეჩვივნენ კომფორტს, მოგზაურობას და ა.შ მათთვის ახლა ის ლოზუნგი, დავიბრუნოთ უკრაინა, გაუგებარია. ყველა ხედავს რეალობას და არ არის მარტივი მოატყუონ ეს ხალხი. ხედავენ, რომ ომი დაიწყო ყველაზე უფრო მოძმე ხალხის წინააღმდეგ და ეს ძალიან უცნაურია მათთვის. ვერ ხსნის ვერავინ რატომ მოხდა, რაში სჭირდებოდა ეს ომი უკრაინასთან. ეკონომიკურად ახრჩობდა ისედაც ქვეყანას, მსოფლიო ლიდერები დღეში 7- ჯერ ელაპარაკებოდნენ და რუსეთს რაში სჭირდებოდა ეს ომი, ვერ ამიხსნია, როცა ლამის მთელი მსოფლიო შენს დაკრულზე ცეკვავს. ომის დაწყება და შენს წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს გაერთიანება მოხდა. მოსკოველებს, პეტერბურგელებს ვერ გამოაშტერებ, ხედავენ რეალობას. რუსი პოლიტოლოგებიც ელოდნენ, რომ საზღვარზე წვრთნების გამართვით და მუდმივი დაძაბულობით უკრაინას ჩააგდებდა მძიმე მდგომარეობაში და ამ ომით რა მოიგეს? ეს არაფერში ჯდება და გაოგნებულები არიან რუსი პოლიტოლოგებიც ამ ნაბიჯით.

- პუტინის განცხადება, ვინც დაეხმარება უკრაინას, მათ ყველას დაუპირისპირდება, რამდენად საფრთხის შემცველია?

- როგორც ჩანს, ის არ ელოდა დასავლეთის ასეთ გაერთიანებას. ეს გამოიწვია უკრაინის ასეთმა სასტიკმა წინააღმდეგობამ, რომ არ დამდგარიყო უკრაინა ასე მყარად და ასე არ ეომა, დიდი შანსი იყო, ხელი ჩაექნიათ, მაგრამ ახლა ყველა დაეხმარება მაქსიმალურად. ამ ფონზე, როცა ყველა მისი წინააღმდეგია, ვერ გაბედავს ვერაფერს. ატომურ ომს ხომ ვერ დაიწყებს. თუ აქამდე მიდგა საქმე, ვფიქრობ, ამას მისი გარემოცვაც არ დაუშვებს. არავის სჭირდება. როცა თქვა ვაღიაროთ თუ არა დონბასიო, აშკარად გამოჩნდა, რომ საგარეო დაზვერვის უფროსი ნარიშკინი წინააღმდეგი იყო და იმიტომაც იყო ამხელა კაცს ენა რომ ჩაუვარდა. ეს იყო მისთვის მიუღებელი.

- ზელენსკის განცხადება იყო, დარჩა მარტო უკრაინა და 28 ქვეყნის ლიდერმა პასუხი ვერ გამცაო, ამაზე რას იტყვით?

- რაღაც ეტაპზე მართლა რჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ უკრაინა დარჩა მარტო, მაგრამ რომ ნახეს მათი გამბედაობა და შემართება, ყველა დადგა მათ გვერდით. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ადვილად ვერ აიღებს უკრაინას. ამერიკის დაზვერვა ამბობს, 93 საათია კრიტიკულიო ფსიქოლოგიურად, იმედი მაქვს, რომ გადარჩება უკრაინა, ვხედავთ მათ თავდადებას. მოლოტოვის კოქტეილებით დგანან ადამიანები. ამხელა ქალაქში ბრძოლა ძალიან რთულია. მით უმეტეს, რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მიჩვეულები არიან ტანკებით ბრძოლას. ამიტომაც გაუჭირდათ თავის დროზე გროზნოს აღება, სანამ გროზნო ბოლომდე არ გაასწორეს მიწასთან, ისე ვერ აიღეს ჩეჩნეთი. იმედი მაქვს, კიევს მიწასთან არ გაასწორებენ, ამას არავინ დაუშვებს, ანტისარაკეტო სისტემებით მოამარაგებენ ბოლო ბოლო და ასე მარტივად ვერ დაბომბავენ კიევს. იარაღების შეტანის პრობლემა არ არის, სანამ კორიდორი მუშაობს.

(სპეციალურად საიტისთვის)