"როგორ ვერ მიხვდი, იმ უსინათლო კაცმა მთელი "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა, უბრალოდ, თქვენ წაგაკითხათო" - რა ემოციურ ამბავს იხსენებს პოეტი - კვირის პალიტრა

"როგორ ვერ მიხვდი, იმ უსინათლო კაცმა მთელი "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა, უბრალოდ, თქვენ წაგაკითხათო" - რა ემოციურ ამბავს იხსენებს პოეტი

პოეტ საშა გველესიანის მესამე კრებული შარშან პრემია "საბას" წლის საუკეთესო­ პოეტური კრებულის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა მაინცდამაინც არც თავის წარმოჩენა უყვარს და არც - ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობა. მისი მეგობრები ხშირად ამბობენ, რომ იშვიათად, ვინმეს ისე უყვარდეს სამშობლო, როგორც საშას. "ვარ მიჯაჭვული კლდეებზე და ტყვე ვარ ქარაფთა,/ გულ-ღვიძლს მიკორტნის ღამისფერი ბედის ყორანი,/ სინდისს მიწამლავს ბაზალეთი და სისხლს - მარაბდა,/ თავდაღმა მიდის ჩაწყვეტილი ჩემი ბორანი", - ამბობს თავის ერთ-ერთ ლექსში და მასთან საუბრისას მართლაც გრძნობ სამშობლოს მოჭირისუფლე პოეტის ტკივილს.

- ბევრი რამ არის საჭირო, ადამიანში და მით უფრო - ბავშვში სამშობლოს ხატი რომ შეიქმნას. ჩემი გამზრდელი ბებია-ბაბუას და მამას დამსახურებაა, როგორიც ვარ დღეს. საოცარი ადამიანები და პატრიოტები იყვნენ. ხშირად საუბრობდნენ საქართველოზე და მე პირდაღებული ვუსმენდი. საბჭოთა­ კავშირი კარგი იყო თუ ცუდი, ეს სადავო არ არის, მაგრამ მაშინაც­ კი საქართველოთი იწყებდნენ ფიქრს და საქართველოთივე ამთავრებდნენ, დღეს კი საქილიკო თემად იქცა პატრიოტიზმი. მიმდინარე პროცესებმა და გაჭირვებამ სწორი რელსებიდან გადაგვიყვანა, რაც მართული პროცესი მგონია, გამიზნული იმისთვის, რომ ადგილის დედის შეგრძნება­ დავკარგოთ და საბოლოოდ დედამიწა ერთ დიდ სახელმწიფოდ იქცეს. სიტყვა "სამშობლო" რას ნიშნავს, ბევრმა არ იცის. გადახედეთ ტელევიზიებს, ბოლოს ეს სიტყვა სად გაიგონეთ? ერთი ევროპელი მეცნიერი, ისტორიკოსი წერდა, რომ არა საქართველო, დღეს ევროპა მეჩეთებით სავსე იქნებოდაო. ამით ბევრი რამის თქმა შეიძლება. ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, ძველად ქალიან-კაციანად, ყველა მომართული იყო სამშობლოსთვის, დღეს კი ეს სიტყვა ლექსიკიდანაც ამოაგდეს და ბავშვების გონებიდანაც. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის სამშობლო, მშობელმაც უნდა აუხსნას, საიდან მოვიდა, რა უკეთებია მის წინაპარს! ამ ერთმა მუჭა ქვეყანამ რამდენ რამეს გაუძლო და მაინც შეინარჩუნა თავისი სახე და რწმენა, მაგრამ დღეს აღარ ლაპარაკობენ ამაზე. სირცხვილადაც კი ითვლება იმაზე ლაპარაკი, რაც ყველაზე ძვირფასია. ქართველობისაც რცხვენია თურმე ზოგს. ამას წინათ წავიკითხე, ერთი ახალგაზრდა წერდა, მრცხვენია, აქ რომ დავიბადე და გავიზარდეო! ახლა მაინც არის საზღვრები ღია და წადი, სადაც გინდა, თუ ამით გეშველება... დღევანდელი ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი აქ კი ცხოვრობს, მაგრამ ვერ მიმხვდარან, რა უნდათ ამ ქვეყანაში, რა უნდა აკეთონ. ევროპა და ამერიკა კარგია, მაგრამ კინოში ნანახი ქვეყანა სხვაა და რეალობა - სხვა. დალხენილი ცხოვრება არსად არ არის.

წლების განმავლობაში იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" ამოღებული იყო სწავლებიდან. მშობლიურ ენაში შესაბიჯებლად მასზე საუკეთესო განა არსებობდა? ვინც კი ქართველოლოგია, ყველას უთქვამს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი გენიალური წიგნი, როგორიც "დედაენაა", არ არსე­ბობს. რაც დაგვიტოვეს, ის არ გვინდა და სამაგიეროდ შემოგვაქვს ახალი, რომელიც არ ვარგა... ჩემთვის სამშობლო ილია ჭავჭავაძეა, ადამიანი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ქვეყანას მიუძღვნა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებმა, რომელთაც უკვე რამდენიმე წელია, ქართული და უცხოური ლიტერატურის კურსს ვუკითხავ, არაფერი იციან ასეთი ადამიანების შესახებ. არის ასეთი მცენარე, სახელწოდება არ მახსოვს, რომელსაც ფესვები არ აქვს და ქარი საითაც დაუბერავს, იქით მიქრის. თუ გვინდა, ასეთებად დავზარდოთ ჩვენი შვილები, კი ბატონო! ხეს ფესვი თუ არ აქვს, ხმება, მერე შეშად დახერხავენ და დაწვავენ. ახლა სწორედ იმას ცდილობენ - ფესვები ამოგვძირკვონ, ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით.

- რა არის სწორი - აღვზარდოთ მოქალაქე თუ აღვზარდოთ ადამიანი?

- უპირველესად უნდა აღვზარდოთ ადამიანი. თუ ადამიანი არა ხარ, ვერც მოქალაქედ ივარგებ! მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ამ ორ სიტყვას შორის დიდი მანძილია გასავლელი. მე აღარ მაცვია ჩოხა-ახალუხი, აღარც - ჯაჭვის პერანგი და ამით არსებითად არაფერი იცვლება, მაგრამ თუ არ მოგყვება შენი წარსული, თუ სისხლითა და ხორცით არ აღიქვამ სამშობლოს, მაშინ არაფერს აზრი არ აქვს.

- სწორად განვითარებულ საზოგადოებას, ისევე როგორ მწერლობას და, საერთოდ, ხელოვნებას, შეუძლია რეალობის შეცვლა?

- ვიდრე კონკრეტულად ამაზე ვისაუბრებთ, ვიტყვი, რომ საზოგადოების სწორად ჩამოსაყალიბებლად საჭიროა, ბავშვები მივაჩვიოთ კითხვას. დღეს ამაზე ყველა წუხს. მე კითხვა ბებიაჩემმა მარიამმა შემაყვარა, თანაც - ყველაზე ბანალური ხერხით. თვითონ მიკითხავდა ზღაპრებს, რადგან ანბანი კი ვიცოდი, მაგრამ მეზარებოდა­. ერთხელ ზღაპარი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, შუა გზაში მიატოვა და კითხვა აღარ გააგრძელა. ვიჯაჯღანე, ვიტირე, მაგრამ ამაოდ. ბოლოს დავჯექი და თვითონ დავიწყე კითხვა. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ თავისუფლად ვკითხულობდი და ვიგებდი კიდეც.

კიდევ ერთი ამბავი­ მახსოვს: ბაბუაჩემის ძმის სოფელში ვატარებდი ხოლმე ზაფხულს. რას ვიზამდით 8-9 წლის გოგო-ბიჭები? ვთამაშობდით მთელი დღე. ერთი უსინათლო კაცი ცხოვრობდა სოფელში, ნათესავად გვერგებოდა. წყაროსთან იჯდა ხოლმე ხშირად. ერთი თხოვნა მაქვსო, გვითხრა ერთხელ, სულ მინდოდა "ვეფხისტყაოსანი" წამეკითხა, ხომ იცით, მე ვერ შევძლებდი და იქნებ თქვენ წამიკითხოთო? ის კაცი ისე გვიყვარდა, ვერ ვიზარმაცებდით. გავარდა ერთი, მოიტანა წიგნი, დავსხედით და წავიკითხეთ პროლოგი. ისე მომეწონა, მგონი, დავიზეპირე კიდეცო, გვითხრა და მართლაც ზეპირად თქვა. პირდაღებულები ვუყურებდით, ვერც ვკითხეთ, როგორ დაიმახსოვრა ასე უცებ, ვერ გავუბედეთ. ხვალ წავიკითხოთ შემდეგიო, შემოგვთავაზა. მოკლედ, მთელი ზაფხული ვკითხულობდით, ხან - ერთი, ხან - მეორე, ხან - მესამე და მერე ეს კაცი ზეპირად გვეუბნებოდა.

უკვე პირველ კურსზე ვიყავი, ჩემს მეგობარს მოვუყევი, ასეთი გენიოსი კაცი გვყავდა-მეთქი სოფელში­ და გაეცინა. როგორ ვერ მიხვდი, რომ იმ კაცმა მთელი "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა, უბრალოდ, თქვენ წაგაკითხათო. ადრე ასეთები იყვნენ ადამიანები, ასე შეეძლოთ წიგნი და კითხვა შეეყვარებინათ ბავშვებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მწერლებმა შეიძლება ბევრი საოცარი ნაწარმოები შექმნან, მაგრამ თუ არავინ წაიკითხავს, რა აზრი ექნება? რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ვიცი, ბრწყინვალედ რომ აზროვნებენ და წერენ, მაგრამ მათთვის ყველა კარი დახშულია. აბა, გარყვნილებაზე დაწერე, მაშინვე დიდი ტირაჟით თუ არ დაგიბეჭდავენ და დაგიფინანსებენ კიდეც!… რეალობის შესაცვლელად ერთ მხარეს დგომაა საჭირო, მაგრამ ერთსა და იმავე პლატფორმაზე მყოფი ადამიანებიც კი დააშორეს ერთმანეთს. ყველაზე მეტი ძალისხმევა სწორედ იქით არის მიმართული, რომ ის ადამიანები, ვისთვისაც სამშობლო ფასეულია, დააცალკეონ.

- პოლიტიკის საშუალებით?

- დიახ და ეს შეძლეს კიდეც. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ალენ დალესის "დოქტრინა" გამახსენდა, თითქოს დღევანდელობაზეა­ მოჭრილი. საუბარია ფასეულობების გაყა­ლბებაზე, ისეთი ხელოვანების წინ წამოწევაზე, რომლებიც ცნობიერ­ებაში დაამკვიდრებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს; პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა; ადამიანები დაშორდებიან ერთმანეთს. თუ ერთი მეგობარიც კი არ მეყოლება, როგორ შეიძლება,­ ვიყო ადამიანი? ასეთი საზოგადოება რეალობას შეცვლის? თუ შეცვლის, მხოლოდ - უარესისკენ. გარყვნილების პროპაგანდაა ლიტერატურაშიც და კულტურის სხვა სფეროებშიც.

- ეს არის მიზეზი, რატომაც არ მონაწილეობთ ლიტერატურულ კონკურსებში?

- პრინციპულად არ ვმონაწილეობ. ერთადერთხელ, შარშან გამოცემული კრებული თვითონ გამომცემლობამ წარადგინა კონკურსზე "საბა"... ახლა მობილიზების დროა, რათა ყველამ დავიწყოთ ფიქრი სამშობლოზე, დიდმაც და პატარამაც!

ნინო ჯავახიშვილი