"დიდი დრო დამჭირდა, რომ საკუთარი თავისთვის როგორმე თვალი გამესწორებინა“ - კვირის პალიტრა

"დიდი დრო დამჭირდა, რომ საკუთარი თავისთვის როგორმე თვალი გამესწორებინა“

"ჩუმი არასოდეს ვყოფილვარ, არც სევდიანი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, სწორედ მასზე ვერ ვლაპარაკობდი. ერთ დღესაც წერა დავიწყე. მას შემდეგ სულ ვწერ“

მწერალი ლადო კილასონია, განსხვავებული წერის მანერისა და სტილის გარდა, იმითაც არის საინტერესო, რომ პირველი ქართველი მწერალია, რომელიც მწერლობაში სპორტიდან მოვიდა. მისი ნაწარმოებები მკითხველმა სწრაფად გაიცნო და შეიყვარა:

- ძალიან საინტერესო სამყაროში ვცხოვრობთ, პანდემიის, ვაქსერების და ანტივაქსერების გარემოცვაში. პრინციპში, ისტორიის არც ერთი მონაკვეთი უინტერესო არ არის, მაგრამ თუ მაინცდამაინც ამ ეპოქაზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, იმ პერიოდში ვცხოვრობთ, როდესაც ტექნიკურმა შესაძლებლობებმა ბევრად გაასწრო ადამიანის გონებას. ყველას ჯიბეში გვიდევს ინტერნეტიანი ტელეფონი, რომელშიც მთელი სამყაროს გამოცდილებაა ჩატეული, ჩვენ კი ისევ სოციალური ქსელის ნაგვით ვიტენით ტვინს და თვალებს... ისე არ გამომივიდეს, თითქოსდა ვერ ვსწავლობთ, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ მოცემულ შესაძლებლობებთან შედარებით, ძალიან ნელი ტემპით მივყვებით.

ვკარგავთ ტყეებს, ცხოველებს, ბუნებას! მოვერიეთ უამრავ დაავადებას, ვერ მოვერიეთ სიხარბეს!

- როგორ ფიქრობთ, ქართველ საზოგადოებას სულისთვის რჩება დრო?

- ნებისმიერ საზოგადოებას აქვს დრო ათი წუთის განმავლობაში, ძილის წინ მაინც, შვილს რამე წაუკითხოს. მთავარია, სურვილი. ცოტა ნაკლები ჩავსქროლოთ სოციალური ქსელის კედლები, ნაკლები ვუსმინოთ ისეთ სიუჟეტებს, თუ რა ჰქვია რომელიმე მინისტრის მოადგილის ცოლის ნათესავს, რომელიც ამ მინისტრმა "სამინისტროში დაასაქმა", რას იტყუება ოპოზიცია და აღმოჩნდება, რომ დრო ცოტა კი არა, ბევრი გვაქვს. დროს სურვილი აჩენს, ეგ ორივე ერთად კი, ჩვევას და თუკი ჩვევა გამომუშავდა, მერე იმის ამოძირკვა ძალიან ძნელია.

- მგონი, საქართველოში პირველი მწერალი მორაგბე ხართ. რა მოგცათ რაგბიმ, წერისთვის, ცხოვრებაში?

- რაგბიში არის ერთი ძალიან მაგარი დაუწერელი წესი - თამაშის შემდეგ მოგებული გუნდი დერეფანს უკეთებს წაგებულს და ტაშით აცილებს. ამ დერეფანში უამრავჯერ გამივლია და უამრავჯერ დამიკრავს წაგებულისთვის ტაში. რაგბიმ მასწავლა, რომ ორ მთავარ მომენტში არ უნდა დაკარგო სახე - გამარჯვების სიხარულისას და დამარცხების სიმწარისას! რაგბიმ მასწავლა წამოდგომა და ისიც, რომ ყოველთვის შეგიძლია შემდეგი თამაშის მოგება.

- "ვიცი ეგ ბიჭი, - თქვა მამამ. მამას ვინც მოსწონდა, იმაზე არასოდეს იტყოდა კაციო. ეგეთები მისთვის სულ ახალგაზრდა, შემძლე, გულიან ბიჭებად რჩებოდნენ, - სარბიელში მუშაობდა ზალიკო გიგინეიშვილთან ერთად და ისე მაგრად წერდა რაგბიზე, თამაში მოგინდებოდა", - ასე იხსენებთ აკა მორჩილაძეს, მისი შემოქმედების თქვენს ცხოვრებაში შემოსვლას... თქვენს ცხოვრებაში როგორ შემოვიდა წერა სპორტულ და ლიტერატურულ ზღაპრებზე, რომანებზე?..

- კითხვა დედამ შემაყვარა, წერა კი, დუმილმა და პასუხგაუცემელმა პასუხებმა დამაწყებინა. მე ასე მეჩვენება, თუ არ გათელილხარ, თუ არ ჩაგიყლაპავს, საკუთარ თავზე მწარედ არ გაგცინებია, მაშინ რაღა გაწერინებს? ჩუმი არასოდეს ვყოფილვარ, არც სევდიანი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, სწორედ მასზე ვერ ვლაპარაკობდი. ერთ დღესაც წერა დავიწყე. მას შემდეგ სულ ვწერ.

- ერთ-ერთ ნაწარმოებში წერთ, გადაშალეთ "კოლიმური მოთხრობები" და აღარასოდეს იქნებით ისეთი, როგორიც ადრეო... გჯერათ, რომ ასეა?

- დიახ, ეს "კოლიმური მოთხრობების" ავტორს არ სჯეროდა, რომ ლიტერატურას ვინმეს შეცვლა შეეძლო, თუმცა, მგონი, მისი ნაწერები დღემდე საპირისპიროს ამტკიცებს. ამაზე მხოლოდ საკუთარი მაგალითით შემიძლია გიპასუხოთ - რეზო ინანიშვილი, ისააკ ბაბელი, ფოლკნერი, ჰემინგუეი, ვარლამ შალამოვი, შოლოხოვის "წყნარი დონი", აკა მორჩილაძე რომ არა, ის არ ვიქნებოდი, რაც ახლა ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ რეზო ინანიშვილის შემოქმედება სრულად წაკითხული მაქვს, სახლში შემოდგომასავით ჩაყვითლებულ მის ახალ ექვსტომეულთან ერთად კიდევ რამდენიმე ძველი და ყდაშეცრეცილი წიგნიც გვიდევს, თუმცა, თუ წიგნის მაღაზიაში მის რომელიმე ახალ გამოცემას წავაწყდი, აუცილებლად გადავშლი და მოთხრობების სათაურებთან ერთად ერთ-ორ აბზაცს თვალს ჩავკრავ ხოლმე... როგორც კი სათაურებს ჩავათვალიერებ, ვხვდები, რომ ეს წიგნი და მისი ყველა მოთხრობა სახლში გვაქვს, მაგრამ მაინც ვყიდულობ. ხანდახან, თუ კრებულში ვერ წავაწყდები "თებროს", "გმინვას", "ცოდვა დიდისას" და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძვირფასს მოთხრობასა და ჩანახატს, გული მწყდება, მაგრამ გულისწყვეტას მალევე სიამაყე შემიცვლის, ვინაიდან ზოგჯერ დიდი მწერლის ჩატევა ერთ, თუნდაც ძალიან მაგრად შეკრულ წიგნში შეუძლებელია.

- ალბათ, შეგხვედრიათ ადამიანი, რომელმაც შეგცვალათ, რომელზეც დაწერა მოგინდათ...

- ასეთი ადამიანები ყოფილან, ახლაც არის და იმედია, კიდევ ბევრი იქნება. აკა მორჩილაძე წერს, ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ერთ დიდ წიგნსო! ამაზე ზუსტად ვერც ვიტყვი... ერთი კაცი გამახსენდა, რომელსაც შემთხვევით შევხვდი და მისი ნაამბობიდან, ვფიქრობ, ერთი მართლა კარგი მოთხრობა დავწერე, ოღონდ მაგ კაცთან მართალი ვერ გამოვედი, არაფერი მომიტყუებია, უბრალოდ, ბოლომდე სიმართლე ვერ ვუთხარი, ვერ გავბედე. ალბათ, მოვა დრო და ამასაც მოვყვები...

ერთხელ, სახლისკენ მიმავალ გზაზე, აკაკი წერეთლის ბაღის რკინის ღობესთან მიფენილ წიგნებში მონაცრისფრო-მოთეთრო ყდა შევნიშნე. წინ ემიგრანტებზე მთხრობელი, ამერიკაში დაბადებულ-გაზრდილი სომეხი მწერლის, საროიანის წიგნი მედო. "წერაში მაგაზე დიდი კაცი არ ჰყოლიათ", - მითხრა ჭაღარა ბუკინისტმა. ახალი წაკითხული მქონდა აკა მორჩილაძის პატარა სტატია, სადაც ამბობდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიტერატურა ერთმანეთისგან განსხვავებული და თავისებურად საინტერესოა... აკა მორჩილაძის გავლენით შევიძინე. არც მოთხრობების სიუჟეტი დამამახსოვრდა და არც სათაურები, რაც მკითხველი კაცის სენია, ხანდახან წაკითხულ წიგნებს ვერც იხსენებ, არაფერი გახსოვს იმ ბუნდოვანი შეგრძნების გარდა, რომელმაც გატკინა, ყელში წაგიჭირა, გაგაცინა ან დაგაფიქრა.

ვერ ვხვდები, რატომ შემომრჩა მურაკამის წიგნების გრძელი და რუხი მატარებლიდან ეს ფრაზა: "ნაოკომ საკუთარი გულივით ბნელ ტყეში ჩამოიხრჩო თავი", მაგრამ ასე მომივიდა საროიანთანაც, არაფერი დამამახსოვრდა გარდა იმისა, რომ წიგნმა გამათბო. რაღაც დროის შემდეგ ისევ წავიკითხე ყველა მოთხრობა და ის, რაც აქამდე შეგრძნებად შემომრჩენოდა მთელი თავისი სითბოთი, ოღონდ უკვე სახელებით, ამბებით, სიუჟეტებით თვალწინ გადამეშალა და ცხოვრებაში პირველად, წერა კი არა, თარგმნა მომინდა.

ძალიან ძლიერია კაფკა, გიჟია დოსტოევსკი, მთის წყაროს ტოტივით დაწმენდილი და დახვეწილია კეპოტე, ოკეანესავით დიდები არიან ფოლკნერი და ტოლსტოი, მაგრამ არის ლიტერატურაში კიდევ სხვა რაღაცაც - უბრალო სიტყვებით მოყოლილი კეთილი ამბები, რომ წაიკითხავ, ვითომ არაფერი, მაგრამ ბოლოში, უცებ ისე გათბები, თითქოს პატარა ხარ და ზამთრის სუსხიან ღამეს ლოგინში ჩათბუნებულ ბუთქუნა ბებიას ჩაეხუტე.

გურამ გეგეშიძეს აქვს ერთი მოთხრობა - "მზეა, თბილა", ერთი ციცქნაა, თითქოს არაფერზე დაწერილი, მაგრამ პირდაპირ გულში გაივლის. ასეა პლატონოვის სამგვერდიანი და თითქოს სრულიად უბრალო "იუშკაც", რომელიც, ჩემი აზრით, მის ყველა დიდ რომანს სჯობია.

ჰოდა, ასეთია საროიანიც. აქ ვერ იპოვით ღრმა აზრებს, ბაბელისა და ნაბოკოვის სტილისტურ გირლანდებს, ყველაფერი მარტივი და სადაა, სათაურებიც კი... მისი მოთხრობები მათთვისაა, ვინც იცის ო’ჰენრის ფასი, ვისაც არ ერიდება იმის თქმის, რომ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ურჩევნია "ძმებ კარამაზოვებს," ვინც თანამედროვე ამერიკული კომედიის "ჩემი დიდი ბერძნული ქორწილის" მთელ მომხიბლაობას იაზრებს, ვისთვისაც ზღვაზე დასვენება და ძვირიანი სასტუმროების კომფორტი უცხო არ არის, მაგრამ დამლაგებლებით დაწკრიალებულ ოთახებსა და სხვისი ხელით მომზადებულ გემრიელ საჭმელებს მაინც თავისი ბავშვობით გაჟღენთილი სოფლის სახლი ურჩევნია. ზუსტად ასეთია საროიანის მოთხრობები. მას ძალიან უყვარს თავისი ოჯახი, ნათესავები, ბავშვობა და ის პატარა სამყარო, ათასობით კილომეტრზე მოკიდებული ხურჯინივით რომ გადაჰყვა მის ხალხს, უცხო, შორეულ ქვეყანაში და მასზე ასე თბილად, სევდიანად, სასაცილოდ ჰყვება და ამბობს "ლიტერატურის მთავარი დანიშნულება მოგზაურობაში წასული კაცის იმ რუკით აღჭურვაა, რომელიც მას საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას აპოვნინებს".

ასე რომ, მეც, ალბათ, ის აღმოვაჩინე კითხვისას, რასაც ყველა ადამიანი აღმოაჩენს ხოლმე საკუთარ თავში, როცა ახალგაზრდობას, შეჩვევისა და შეგუების უნარს უკან მოიტოვებს, ოღონდ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის როგორმე თვალი გამესწორებინა. როდესაც ცოტათი მაინც გავუსწორე, ვფიქრობ, უკეთესი გავხდი, იმიტომ, რომ მივხვდი, რამდენი რამე მეშლებოდა და შემეშლება და ამის გამო სხვებსაც უფრო ლმობიერად დავუწყე ყურება.

- რაგბიზე ზღაპრებში, ასევე, რომანებში, სხვადასხვა ეროვნების, ჟანრის მწერლებს, მათ ნაწარმოებებსაც გვაცნობთ. ასე უფრო ადვილად ესაუბრებით მათ თუ კითხვაში ადამიანების ჩათრევასაც ცდილობთ?

- არ ვიცი, ვინ როგორ იგებს, მაგრამ მე გულიდან წამოსული სათქმელი მიყვარს. ყოველთვის გაურანდავი, მოუხეშავი, მაგრამ შიგნით ვერდატეული ნათქვამი მირჩევნია. ვცდილობ ასეც ვწერო, გულით - იმაზე, ვინც მაინტერესებს და ისე, როგორც მაინტერესებს. თუ ჩემი სიტყვები ვინმეს მაგარ მწერალთან მიიყვანს, ამაზე კარგი რა იქნება, თუ არადა, ის ათი წუთი ხომ მაინც გამონახა, რომლის დროც თითქოსდა არ ჰქონდა.