"რასაც უნდა აკეთებდე, უცხო მიწაზე მაინც ფესვების გარეშე დგახარ“ - კვირის პალიტრა

"რასაც უნდა აკეთებდე, უცხო მიწაზე მაინც ფესვების გარეშე დგახარ“

"პატრიარქისთვის ნარუქით "იოსების სიზმარი“ შევქმენით, გვეამაყება, რომ უწმინდესს ჩვენი ნაბადიც ვუსახსოვრეთ“

"გულდასაწყვეტია, როდესაც ლილი იოსელიანის მოსწავლე საკუთარი გადაწყვეტილების თუ შექმნილი ვითარების გამო ასრულებს სამსახიობო კარიერას, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც თემურ ჩხეიძის რჩეული ხარ. სწორედ თემურ ჩხეიძემ წამიყვანა მარჯანიშვილის თეატრში. მე არასოდეს წამოვიდოდი თეატრიდან, ჩემი ნება რომ ყოფილიყო. მიყვარს თეატრი, იმიტომ, რომ ჩემს სათქმელს ვამბობდი სცენიდან", - ამბობს იტალიაში მცხოვრები ქართველი, რომის სამრევლოსთან არსებული სახელოსნო "მწყემსის სახლის“ დამფუძნებელი, მსახიობი და პოეტი ცისანა ქოთილაიძე, რომელიც დღეს რომში ცნობილი ხელოვანია.

- მოგესალმებით! როგორ ხართ რომში ქართველები?

- როგორ ვართ? რთული შეკითხვაა, მხოლოდ პირადად თუ გაგცემთ პასუხს თითოეული ჩვენგანი. უფლის წყალობით არსებობს ერთი თავშეყრის ადგილი - ეს არის ქართული ტაძარი რომში, სადაც შესვლისთანავე გეუფლება ერთიანობის შეგრძნება. 9 აპრილის ღამეს სრულმა სიჩუმემ რომ დაისადგურა სივრცეშიც და თითოეულ ჩვენგანშიც, იმ ერთიანობაზე მოგახსენებთ. ასეთ ერთიანობას ქმნის რომის ქართულ ტაძარში მამა იოანე (ხელაია), უდიდესი მადლის და სიკეთის მატარებელი. იმდენად დიდი მადლი აქვს მამა იოანეს კურთხევას, რომ მიუხედავად ბევრი ჭირ-ვარამისა, სანთელ-საკმეველმა გზა მაინც გაიგნო და დიდი ფიქრისა და შრომის შედეგად რომში ქართული ანბანის გამოფენა გაიმართა.

ანბანის იდეა ჯერ კიდევ 2019 წელს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნენო გაბელიას გავანდე. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ანბანის იდეამ საგრანტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. თითოეული ასო ხელით არის გამოჭრილი ხისგან, რომელიც რომში მცხოვრებმა ნიჭიერმა ემიგრანტმა ნიკოლოზ გოგლიჩიძემ დაამზადა. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს საელჩოების მიმართ რომსა და ვატიკანში - ჩემს იდეას თუ პროექტს არასოდეს ტოვებენ უყურადღებოდ.

მთავარი "დამნაშავენი" ჩემი დები არიან - გუნა და ლია ქოთილაიძეები. მათ გააცოცხლეს ქართული ანბანი. გუნას მხატვრული მხარე აბარია, ლიას - ტექნოლოგიური, მე - იდეა, მიმართულება, ორგანიზება. ერთად ვთანხმდებით დიზაინზე და…ასე იქმნება ნამუშევრები.

ლილი იოსელიანი მასწავლიდა, სცენაზე როცა დგახარ, თავხედი უნდა იყოო. ეს "თავხედობა" საქმეში სულ დამყვება. მაგალითად, გუნას ვურეკავ რომიდან საქართველოში და ვეუბნები, რომის პაპთან მივდივარ, თექის თეთრი ნაბადი უნდა გააკეთო, რომლის შიდა მხარეს ხის მერქნის ბოჭკოთი შესრულებული მიქელანჯელოს "პიეტა" იქნება-მეთქი. რა თავხედობააო, მითხრა და ტელეფონი გამითიშა. რა თქმა უნდა, არ მოვეშვი და ერთ მშვენიერ დღეს ნაბდით ხელში რომის პაპის წინაშე აღმოვჩნდი.

shali2-1645979942.jpg

- ყველაზე საინტერესო ადგილს მივადექით - რა ვითარებაში შეხვდით რომის პაპს?

- ერთ დღეს დამებადა აზრი, რომ ჩემი ლექსები რომის პაპისთვის გამეგზავნა. დავწერე წერილი, სადაც ვაცნობდი თავს და ვუხსნიდი, რომ ვწერდი ლექსებს იტალიურ ენაზე. წერილის გაგზავნიდან ძალიან მოკლე დროში მივიღე პასუხი, რომ მოეწონა ლექსები და მიწვევდა ოთხშაბათის აუდიენციაზე, წმინდა პეტრეს მოედანზე.

სამლოცველოში შემოწმების გარეშე შემიშვეს. ლოცვის დასრულების შემდეგ პაპი ხუთი წუთით ჩვენ გვერდით დაჯდა და ისევე ლოცულობდა, როგორც ჩვენ. ამის შემდეგ დაიწყო შეხვედრები. იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ არ მახსოვს, რას ვლაპარაკობდი. ერთი მახსოვს - ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი. ვლაპარაკობდი საქართველოზე, ჩემი საჩუქრის დანიშნულებაზე, რადგან მე თეთრი ნაბადი მივუტანე, რომელზეც ნარუქით შესრულებული მიქელანჯელოს "პიეტაა" გამოსახული. როდესაც ხელი ჩამოვართვი და შევეხე, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. უსაზღვროდ დიდი ენერგია და სიკეთე მოდიოდა მისგან, მაგრამ სრულიად განსხვავებული იმ ემოციისაგან, რაც ჩვენს პატრიარქთან შეხვედრისას მიგრძნია. როდესაც პატრიარქს ვეხები, მე სახლში ვარ, ვგრძნობ, რომ ის ჩემიანია, რომის პაპთან შეხებისას კი სტუმრის შინაგანი მდგომარეობა მქონდა, დიდი პატივისცემის გრძნობით განმსჭვალული.

რომის პაპი აღფრთოვანებული დარჩა თეთრი ნაბდით. გადავეცით პროექტიც, რომლის განხორციელებასაც ვაპირებდით, ვგულისხმობ "მწყემსის სახლის" გახსნას, ემიგრანტების სწავლება-დასაქმებას. მას შემდეგ, რაც რომის პაპისაგან საპასუხო წერილი მივიღე, დავუკავშირდი მილანში არსებულ ქართულ-იტალიური საზოგადოების "სამშობლო გულით სატარებელი" ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნუნუ გელაძეს და ვუამბე ჩემი გეგმის შესახებ. თითქმის ყველა საკითხი ერთად განვიხილეთ. სწორედ ამ მსჯელობების შედეგად, ჩამოყალიბდა სახელოსნოს სახელწოდება. ეს, ალბათ, სწორი ნაბიჯია ქართული თექის პოპულარიზაციისათვის ევროპაში.

პირველი გამოფენა, რომლის მიზანი იყო, თექა გადაქცეულიყო თანამედროვე გამოყენებად ტექსტილად, 2000 წელს ბატონი ბადრი პატარკაციშვილის ხელშეწყობით გაიმართა. ამ წლების განმავლობაში 13 გამოფენა გაიმართა საქართველოში თუ საზღვარგარეთ.

shali5-1645980112.jpg

- რას წარმოადგენს ნარუქი?

- ნარუქი ხელით ნაკეთი ქაღალდია. თვითონ სიტყვა სულხან-საბას ლექსიკონის განმარტებით ნიშნავს ხელოვნების ახალ სახეს - ანუ პირველყოფილი, პირველქმნილი ხელოვნების ახალ სახეს. თექაზე მუშაობისას სპეციფიკურ მეთოდს ვიყენებდით: ხის მერქნის ბოჭკოს ზემოდან ვაკრავდით თექას, რათა უფრო მდგრადი ყოფილიყო და დროთა განმავლობაში არ გამოძენძილიყო. პატრიარქისთვის ნარუქით "იოსების სიზმარი" შევქმენით, გვეამაყება, რომ უწმინდესს ჩვენი ნაბადიც ვუსახსოვრეთ.

shali3-1645979942.jpg

- რამდენად რთულია უცხოეთში ცხოვრება?

- უცხო მიწაზე დგომა არასოდეს არის მყარი. ფესვების გარეშე დგახარ, რასაც უნდა აკეთებდე. საქართველოში კი ფეხზე მყარად ვიდექი. მაბედნიერებდა, ჩემი მაყურებელი რომ მისმენდა და ზოგჯერ ცრემლიც ერეოდა ჩემ გამო.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...

- ორი ქალიშვილი მყავს, ბარბარე ასპროცენტიანი დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობს. კინორეჟისორობა აქვს გადაწყვეტილი. ელენე რომში აპირებს სამსახიობო კარიერის გაგრძელებას. ჰყავს არაჩვეულებრივი შვილი - გაბრიელი, რომელიც იტალიურ ფეხბურთს სწავლობს.

რუსუდან შაიშმელაშვილი