"აშშ-სა და ნატოს არ სურთ ომში ჩართვა, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

"აშშ-სა და ნატოს არ სურთ ომში ჩართვა, მაგრამ...“

"რას ვშვრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიაღწევს უკრაინაში წარმატებას და რას გავაკეთებთ მაშინ, თუ უკრაინა გაიმარჯვებს?!“

ევროპამ 24 თებერვალს "ცხელი ომის" რეალობაში გაიღვიძა. გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების გადაწყვეტილება, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში თურმე "კიევის რეჟიმისგან გენოციდს" განიცდიდა. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მარტო ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის ბელარუსის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდანაც. მასირებული შეტევაა დედაქალაქ კიევზე, რომელიც მედგარ წინააღმდეგობას უწევს პუტინის პირსისხლიან რეჟიმს. ოკუპანტი უკვე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ხოცავს ქალებსა და ბავშვებს. ცივილიზებული მსოფლიო პირველი შოკიდან გამოვიდა და რუსეთს აქამდე არნახული სანქციები დაუწესა, უკრაინა იღებს შეიარაღებასა და ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგრამ საკითხავია, ეს საკმარისი იქნება რუსეთის გასაჩერებლად?! ამ დღეებში ყველაზე ხშირად ისმოდა კითხვა, რამ გაააფთრა რუსეთი ახლა ასე, რატომ გახდა მისთვის ასეთი მიუღებელი მაინცდამაინც დღეს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების თემა? ხომ ფაქტია, რომ არც უკრაინის და არც საქართველოს ნატოში მიღებას ამ ეტაპზე არავინ აპირებდა? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს გიორგი გობრონიძესთან.

giorgi-gobronidze.jpg

- როცა ვლაპარაკობთ ამ კონფლიქტსა და მის საერთაშორისო სამართლის განზომილებაზე, შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც აკეთებს რუსეთი, აუხსნელია როგორც სამართლის, ისე საერთაშორისო ურთიერთობის ნორმებით. რუსეთის მოქმედებაში რაციონალური საფუძვლის პოვნა ძალიან ძნელია. არც 2008 წელს ჩანდა საქართველოს ნატოში მიღების ნიშანწყალი, თუმცა საქართველოში შემოიჭრა.

რუსეთის ფედერაციას თუ მართლაც სურდა ნატოს გაფართოებისთვის ხელის შეშლა და უკრაინის თავის ორბიტაზე დატოვება, ამის მიღწევა შეეძლო სამხედრო აგრესიის გარეშეც. ეს შეეძლო ეკონომიკური ზეწოლით, აღმოსავლეთ რეგიონში სეპარატისტული მოძრაობების წახალისებით, ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის შექმნით, ბოლოს და ბოლოს, შეეძლოთ ცივილიზებულად მოქცეულიყვნენ ერთხელ მაინც და უკრაინისთვის კრიზისის მოგვარება განსაზღვრული დათმობების სანაცვლოდ შეეთავაზებინათ.

გავიხსენოთ პუტინის განცხადება უკ­რაინაში შეჭრამდე, რომ უკრაინა თურმე ყოფილა ხელოვნური წარმონაქმნი, რითაც მან უკრაინული სახელმწიფოს ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დააყენა. ამ ნარატივის დამკვიდრებას კრემლი წლებია ცდილობს.

ეს თავის დროზევე უნდა ყოფილიყო დასავლური ქვეყნებისთვის განგაშის ნიშანი, რადგან ამით, ფაქტობრივად, ამბობდნენ, რუსეთის იმპერია უნდა დაბრუნდესო. აქედან გამომდინარე, რუსეთის გათვლით, უკრაინის მის ორბიტაზე დამაგრებით ან საერთოდ შეერთებით, დაიწყებდა იმპერიის რეანიმაციას. თუ რუსეთი აიღებს უკრაინას, რუსეთი შექმნის საბჭოთა კავშირს, ან შექმნის ბევრად უარესს - ჩრდილოეთ კორეის მსგავს საბჭოთა კავშირს. მინდა ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ ილუზია, რომ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება სიკეთეს მოგვიტანს.

როგორც ჩანს, კრემლს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელი საზოგადოება გაიხლიჩებოდა, აირეოდა; მათ ჰქონდათ 2014 წლის მაგალითი, როდესაც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი გადავიდა რუსეთის მხარეს, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს პირველი შოკის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის დაცვა. როგორც ჩანს, ელოდნენ, რომ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა სიხარულით შეხვდებოდა, რუსულ ტანკებს ყვავილებით შეეგებებოდა, რაც არ მოხდა. როგორც ვხედავთ, უკრაინაში ძალიან მაღალი ყოფილა სახელმწიფოებრიობის განცდა და სამოქალაქო თვითშეგნება. უკრაინის თითოეული მოქალაქე, ეროვნების მიუხედავად, იბრძვის სამშობლოს გოჯი მიწისთვის. ბლიცკრიგი რუსეთს არ გამოუვიდა. რუსეთი აშკარად შეცდა უკრაინელი საზოგადოების შეფასებაში და პირველი, ვისგანაც მიიღო დიდი წინააღმდეგობა, თანაც არმიაზე არანაკლები, ეს იყო სწორედ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა. უკრაინასთან ომის დაწყებით რუსეთის ფედერაციამ საბოლოოდ მოშალა ის პარადიგმა, რაც გულისხმობს რუსეთის პოლიტიკაში მყარად გამჯდარი სლავური ხალხების ერთიანობის იდეას, რაც იქნება სიგნალი ყველა კულტურულად თუ რელიგიურად ახლომდგომი ერისთვის; სიგნალი იმისა, რომ რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს კულტურული და ცივილიზაციური სიახლოვე. თუ ვამბობთ, რომ რუსეთის ისტორია იწყება კიევის რუსეთით, გამოდის, საკუთარი კულტურის აკვანი უკრაინაში შეჭრით მან მიწასთან გაასწორა, საკუთარ ფესვებს გადაუარა. პრაქტიკულად, საკუთარ იდენტობას მიაყენა დარტყმა. ამ ომს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მძიმე შედეგები ექნება უშუალოდ მოსკოვისთვის.

- როგორი იქნება ეს მძიმე შედეგები?

- ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი კრიზისი, რასთანაც ევროპასა და მთელ მსოფლიოს უწევს გამკლავება. ეს რომ ასეა, ამის მანიშნებელია თუნდაც გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილება დაეხმაროს უკრაინას შეიარაღებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია კონფლიქტებში მონაწილეობასა და იარაღის ვინმესთვის მიწოდებას დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა, დღეს კი ეს გადაწყვეტილება მიიღო ზუსტად იმიტომ, რომ 1939-1945 წლების შემდგომ ამაზე მძიმე გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. კრემლი აცხადებდა, რომ სურდა ევროპას გადაეხედა უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ნატო დაჰბრუნებოდა 1997 წლის პოზიციებს. თუ რუსეთის ფედერაცია ამბობს, რომ მისთვის საფრთხეა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ამ ინტერვენციით ის თვითონ ცდილობს მიუახლოვდეს ნატოს საზღვრებს და ასევე აიძულებს ნატოს წევრ ქვეყნებს სრულად გადახედონ რუსეთთან ურთიერთობას. დღეს ნატოს ძალები ევროპის აღმოსავლეთით უპრეცედენტოდ იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ერთიანი არ ყოფილა დასავლეთი. საბოლოოდ რუსეთმა მიაღწია იმას, რომ დასავლური ქვეყნები, რომლებიც ბოლო წლებში ცდილობდნენ თავდაცვის ბიუჯეტების შემცირებას, ამ გადაწყვეტილებას ცვლიან. გავიხსენოთ ისიც, რომ 2014 წლამდე ევროპაში ნატოს დამატებითი ჯარები, ფაქტობრივად, არ განლაგებულან. ეს დაიწყო სწორედ ყირიმის ანექსიის შემდგომ, როდესაც რუსეთმა შავ ზღვაში ძალთა ბალანსი დაარღვია და რეგიონის უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად შეცვალა.

რაც შეეხება ეკონომიკურ განზომილებას, რუსეთმა მიიღო იმაზე დიდი დარტყმა, ვიდრე შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა ალყაში მოქცეულმა მეომარმა სახელმწიფომ. როდესაც დიპლომატიაში გაჩნდა ასეთი ტერმინები "კატასტროფული და გამანადგურებელი სანქციები", რუსეთი უნდა დაფიქრებულიყო, მაგრამ ყურად არ იღეს. ჩათვალეს, რომ დასავლეთი ისევ შეშფოთდებოდა და მალევე გადაუვლიდა. დღეს კი ვხედავთ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები იყინება, სვიფტიდან თიშავენ რუსულ ფინანსურ ორგანიზაციებს­, უკვე ლაპარაკობენ არა მარტო "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის, არამედ "ჩრდილოეთი ნაკადი 1"-ის გაჩერებაზეც და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მიიღებს ძალიან დიდ ეკონომიკურ დანაკარგს, რის ფასსაც უპირველესად რუსი ხალხი გადაიხდის. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი მოსახლეობაც არაფერს ნიშნავს. ეს არის კლასიკური ტირანული რეჟიმი, რომელსაც ხალხი არ აინტერესებს. ისედაც უმძიმესია რუსეთში, განსაკუთრებით რეგიონებში, მცხოვრებთა მდგომარეობა, ზოგ ადგილას საბჭოთა კი არა, მეფის რუსეთის დროინდელია ინფრასტრუქტურა, მაგრამ პუტინის რეჟიმს ეს არ ადარდებს. ისტორიის პუტინისეული ლექცია არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. ჩეხეთის პრეზიდენტის ნათქვამს დავეთანხმები, რომ პუტინი შეშლილია, რომელსაც სჭირდება იზოლაცია და სამედიცინო მეთვალყურეობა.

- სანქციებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის დასასჯელად. "ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე - დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის". ცნობილია, რომ უკრაინაში უცხოეთიდან შეიარაღებისა და ჰუმანიტარული ტვირთების გარდა, ჩადიან მოხალისეებიც. რამდენად მოსალოდნელია უკრაინაში მიმდინარე პროცესებში ნატოს ჩართვა?

- ძნელია თქმა, მაგრამ ვერაფერს გამოვრიცხავთ. გაეროს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც იცავს თავს, აქვს როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური თავდაცვის უფლება. სწორედ კოლექტიური თავდაცვის ნაწილია ის, რომ დღეს უკრაინას უცხო სახელმწიფოები აძლევენ იარაღს, იქ არაერთი სხვა სახელმწიფოდან შედიან მოხალისეები.

ვიცით, რომ ისტორიაში პირველად ამოქმედდნენ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, რაც მიანიშნებს, რომ ნატო შესაძლოა განიხილავს ჰუმანიტარული ინტერვენციით ან სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ეგიდით ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე პროცესში. რა თქმა უნდა, ეს უპირველესად იქნება სამშვიდობო მისია.

მართლაც საინტერესოა ბაიდენის განცხადება - აშშ-სა და ნატოს არ სურთ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა, მაგრამ ამ გზას აშკარად განიხილავენ.

- საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე მინდა გკითხოთ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს უკრაინის შესახებ. მან თქვა ისიც, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს, თუმცა ჩემთვის გაცილებით მიუღებელი გახლდათ ღარიბაშვილის ფრაზა, მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი და ომი უკრაინაშიაო...

- მაინც რა საქმე აქვს პრემიერს, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისთვის, როგორ პოლიტიკას ატარებს?! ეს განცხადება იყო ყოვლად მიუღებელი, მეტიც, არაეთიკური. მან ეს თქვა არასწორ დროს, არასწორ ადგილსა და არასწორი ფორმით. დიპლომატიაში, საერთაშორისო პოლიტიკაში, ასე არ ლაპარაკობენ. გავიგე, რომ სანქციების მხრივ საქართველოს ბევრი არაფერი შეუძლია, ის ვერც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდება. ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს ხომ შეიძლება ნაკლებად ხისტად და ასე არადიპლომატიურად არ თქვა? ჩვენ ვნახეთ ღარიბაშვილის სრული არაკომპეტენტურობა. რას ლაპარაკობს, რატომ ლაპარაკობს, აზრზე არ არის! საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს გაცილებით დიპლომატიური და ადეკვატური განცხადებები გააკეთოს. ჩვენი კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია საგარეო პოლიტიკაში სწორედ პრეზიდენტმა წარმოადგინოს ქვეყანა, რისთვისაც მთავრობის თანხმობაა საჭირო. იმედია, ამას გააკეთებენ და ბრიუსელსა და პარიზში დაგეგმილი ვიზიტებისას პრეზიდენტს პრობლემები არ შეექმნება.

რაც შეეხება პოლიტიკას, დღეს საქართველო ძალიან მოწყვლადია რუსული საფრთხეების მიმართ. ჩვენთან საოკუპაციო ძალასთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები ახერხებენ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გაუგონარი რამეა. ვერ ვხვდები, რა არის ჩვენი პოლიტიკა, ვის ვუწოდებთ საქართველოს მტერს და ვის მეგობარს? ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ამ დროს არა მარტო მთავრობამ, არამედ მთელმა პოლიტიკურმა კლასმა, მათ შორის ოპოზიციამ, ოკუპაციისგან შექმნეს არა ეროვნული ტრაგედია, არამედ პოლიტიკური ბრენდი, ოკუპაციის თემა გამოიყენეს იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმისთვის. საქართველო შეძლებისდაგვარად არის უკრაინის გვერდით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერებას, ჩვენი საელჩო დღემდე რჩება კიევში. მინდა ვუსურვო გამძლეობა ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც თავიანთი ოჯახებით ომის ეპიცენტრში არიან. ამას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს როგორც უკრაინის პოლიტიკური ელიტისთვის, ისე ხალხისთვისაც. რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, მინდა მათ, ვისაც აღარ ახსოვთ, შევახსენო, რომ უკრაინელები ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს იბრძოდნენ ქართველების მხარდამხარ. უკრაინის ვერტმფრენებმა აფხაზეთიდან უამრავი ქართველი გამოიყვანეს, მათ ათასობით სიცოცხლე გადაარჩინეს. 2008 წელს, როდესაც თბილისის დაბომბვის საფრთხე იყო, უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, რუსთაველზე იდგა. იუშჩენკო მაშინ სააკაშვილს კი არა, საქართველოს იცავდა. რა სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარება აღმოგვიჩინა მაშინ უკრაინამ, ეს კიდევ სხვა საკითხია. ამიტომ, სანამ რამეს ვიტყვით, ვიდრე საკუთარ "საქმეებზე" ვილაპარაკებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ. ეს განსაკუთრებით შეეხება ხელისუფლებას. დღეს უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი ვალია. ამან შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში დაგვაზიანოს, მაგრამ არის რაღაც, რაც არ უნდა ვიკადროთ. აქციები და მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინის სოლიდარული. საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც რუსეთმა არა მარტო ტერიტორიები წაართვა, არამედ ბოლო 30 წელიწადში სამჯერ მოუწყო ეთნიკური წმენდა. ჩვენ საერთაშორისო დანაშაულის მსხვერპლი ვართ.

დღეს საქართველო უპირველესად უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, რომ 2008 წლის ომზე ე.წ. ტალიავინის დოკუმენტი სრული სისულელე და აბსურდია. ახლა მაინც ხომ კარგად დაინახა მსოფლიომ, რომ პროვოკაციას კი არ წამოვეგეთ, ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა. ევროკავშირი და გერმანია ძალიან ცდილობდნენ იმჟამად უსუსური არგუმენტებით საკუთარი კომფორტის ზონაში დარჩენას, თურმე ექსცენტრიკული პრეზიდენტი გვყავდა, რომელმაც ომი დაიწყო. საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენ როგორ დავიწყეთ ომი?!

- რუსეთს არაერთმა ქვეყანამ ჩაუკეტა საჰაერო სივრცე. ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღოს.

- დავანებოთ თავი ჩვენი ქვეყნის სისუსტეების დემონსტრირებას. ოპოზიცია დღეს დაკავებულია ტრაგედიის კომერციალიზაციით, მთავრობა კი პოპულიზმით. მოვუწოდებ, გააკეთონ საქმე. დასხდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია და საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე კი არა, იმაზე იფიქრონ, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რომლის შედეგადაც შემცირდება ჩვენი ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება; როგორ უნდა გაიზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები; რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში რუსული საინფორმაციო პოლიტიკის შესაზღუდად; რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისევ რუსულ ორბიტაზე; რას ვშვრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიაღწევს უკრაინაში წარმატებას და რას გავაკეთებთ მაშინ, თუ უკრაინა გაიმარჯვებს?! ერთხელ მაინც გააკეთო ის საქმე, რაც ქვეყანას სჭირდება. უსაფრთხოების პოლიტიკა რომ არ გააჩნია სახელმწიფოს, ამაზე ილაპარაკონ. პოლიტიკური მასკარადით არის დაკავებული ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ისე მოახერხეს, რომ უკრაინის კრიზისიც კი ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციისთვის გამოიყენეს, ყოჩაღ!

- საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს განაცხადა, მსოფლიო მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ომისთვის რუსეთსა და უკრაინას შორისო.

- ჯერ ძნელია რამის თქმა. ყველა ომი დასაწყისში ე.წ. ომის ნისლით არის მოცული. არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. არავინ ელოდა, დასავლეთშიც კი, უკრაინის ასეთ მედგარ წინააღმდეგობას. შესაბამისად, რომ დაინახეს, როგორ იბრძვის სახელმწიფო გადარჩენისთვის, უპრეცედენტო მხარდაჭერა დაიწყო. აღარავინ დარჩა მსოფლიოში, ვინც რუსეთს არ აკრიტიკებს. იმასაც კი მოვესწარით, "თალიბანმა" მოუწოდა რუსეთს მშვიდობისკენ. აშშ-მა პუტინს "საპატიო" ადგილი მიუჩინა დესპოტთა სიაში, ბაშარ ასადსა და კიმ ჩენ ინთან... უკრაინა გმირობის საოცარ მაგალითებს გვიჩვენებს, დასავლეთი კი ძალიან მობილიზებულია, რაც ფრთხილი ოპტიმიზმისთვის საფუძველს იძლევა. ვიქონიოთ იმედი, რომ 21-ე საუკუნეში აღარ გამოუვათ იმპერიებს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის განადგურება.