"ეს არაადამიანური ბოროტებაა!“
"იცოდე, შენი ქვეყნის ისტორია, გახსოვდეს 25 თებერვალი, იცნობდე ამბროსი ხელაიას ცხოვრებას და მაინც ოკუპანტის პოლიტიკას ამართლებდე, ამოუხსნელი ფენომენია“
მშვიდობის ფასი, დაუსრულებელი რუსული აგრესია და ჩვენი ერთიანობა - ეს არის საკითხები, რომლებზეც ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე საბა (ინწკირველი) საუბრობს.
- თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიის ვიდეოკადრები ვნახე. 21-ე საუკუნეში ერთი ქვეყანა არაფრისგან ქმნიდა მიზეზს, რომ მეორე ქვეყანას დასხმოდა თავს. პატარა საქართველომ ეს არაერთხელ მწარედ გამოცადა. დღემდე ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. რუსეთი ზუსტად იმავე სცენარით მოქმედებდა უკრაინაში, რომლითაც 2008 წლის აგვისტოში შემოვიდა საქართველოში. მაშინ მას საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უფლება მისცა ემოქმედა. მე როგორც სასულიერო პირი არ ვემხრობი ძალადობას, თუნდაც იმ პირებსა და სახელმწიფოებთან, რომლებიც არასწორად იქცევიან. ამ საუკუნეში ომი დანაშაულია და ამაზე პასუხი უნდა აგოს აგრესორმა ქვეყანამ. იმ პრინციპით სხვების შევიწროება, შენზე დიდი ვარ და უნდა დაგჩაგროო, უნდა დასრულდეს. სისხლის ღვრა არასდროს არის გამართლებული, მით უმეტეს ახლა, როდესაც მსოფლიო ამხელა პრობლემის წინაშე დგას - "კოვიდმა" ახალ რეალობაში გადაგვიყვანა და ამ დროს ფართომასშტაბიანი თავდასხმა მეზობელ სახელმწიფოზე მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინას უკან, სიბნელეში დაბრუნება არ სურს და თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება სურს, არაადამიანური ბოროტებაა. ერთი ქვეყნის მმართველი ცეცხლს უხსნის მეორე ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს და ამაზე გაჩუმება რაღაც "არგუმენტის" მოშველიებით, მიუღებელია. როგორ შეიძლება დაიჯერო პუტინის პროპაგანდისტული მანქანის, როდესაც ვხედავთ, როგორ უშენს ჭურვებს მშვიდობიან მოსახლეობას, იერიში მიიტანეს საავადმყოფოებზე, საბავშვო ბაღებზე... ყველას გვახსოვს მწარე გაკვეთილი - 2008 წელს გორის ცენტრში "მხტუნავი ბომბები" რომ ჩამოყარეს. ეს მსგავსება რომ არ დავინახოთ, ის უფრო გამაკვირვებს.
ყველანი თვალს ვადევნებდით, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ზელენსკი როგორ იკავებდა თავს, თუმცა პუტინმა მაინც თავისი გაიტანა და შეიჭრა უკრაინაში. ამის შემდეგ, ალბათ, არაფერი იქნება ძველებურად - სამყარო ძალიან დიდი კრიზისის წინაშე დადგება.
- ისტორიულად ვიცით, რომ რუსეთში სწორედ უკრაინიდან გავრცელდა მართლმადიდებლობა. გასაგებია, რომ იქ ხელისუფლება და ეკლესია განუყოფელია, მაგრამ რას გვეუბნება ის, რომ სუსტი პროტესტიც არ გამოუხატავს რუსეთის სამღვდელოებას?
- კანონიკურად მართლმადიდებლური ეკლესია ერთია, განურჩევლად ეროვნებისა და ქვეყნისა. წარმოუდგენელია, უფლის მსახური ამართლებდეს თავდასხმით ომს, სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სასულიერო პირები თავადაც ერთვებოდნენ საომარ პროცესებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობდა, ანუ ჩვენს ტერიტორიაზე. ახლა, როდესაც პუტინის რუსეთი თავს ესხმის მეზობელ უკრაინას, ეკლესია თავის ხალხს, ხელისუფლებას უნდა მოუწოდებდეს, შეწყვიტოს ეს ბოროტება. როდესაც ეკლესია მართალ სიტყვას არ ამბობს, ის ღმერთს კი არა, ეშმაკს ემსახურება. რუსეთის პატრიარქი აცხადებს, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გზა აირჩიეს. ასე იყო 2008 წელსაც, ასეა ახლაც - რუსეთის ეკლესია ახალისებს თავის ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების დახოცვისკენ, მიწებისკენ წართმევისკენ, ნგრევისკენ... მესმის, რომ დიპლომატიას დიდი მნიშვნელობა აქვს, სიტყვიერი მხარდაჭერა, აგრესიული მოქმედებების დაგმობა და აღშფოთებაც დიპლომატიის ნაწილია. მაგრამ ამ ბოროტებას დასასრული არ უჩანს. 2008 წელს საქართველოში შემოიჭრნენ, 2014 წელს უკრაინაში, ახლა მასშტაბურ შეტევაზე გადავიდა... თუ ახლა არ შეაჩერეს, რუსულ ბომბებს სხვა ქვეყანაში ჩამოყრიან, მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ, სავარაუდოდ, არც ბალტიისპირეთს მოერიდებიან. ამ ვითარებაში გამოსავალი უნდა იპოვონ, რომ ამ ბოროტებას წერტილი დაუსვან. ხალხები და ქვეყნები, ვისაც სამწუხარო ისტორიული რეალობით რუსეთთან მეზობლობა ხვდა წილად, როდემდე უნდა ვიყოთ იმის შიშით, რომ რაღაც არ მოეწონება, რომელიმე ქვეყანასა და ორგანიზაციასთან ჩვენი დაახლოება გააღიზიანებს, დაგვბომბავს და მოქალაქეებს დაგვიხოცავს.
- ხშირად მიზეზი არც სჭირდება.
- დიახ, როგორც კი თავის მოსახლეობასთან დაეძაბება სიტუაცია, მაშინვე საგარეო იერიშებს იწყებს იმის საჩვენებლად, აი, რა მაგრები ვართო. ამას ხედავს დასავლეთიც და ამ რეალობაში მისი ქმედებები ცოტა გაუგებარია. არც სანქციებია საკმარისი, სხვა, უფრო ეფექტური გზა უნდა გამონახონ... ისინი ომით მოდიან, გვაიძულებენ ავტომატისა და ტანკის ლულის პირისპირ ვიცხოვროთ; გვართმევენ მშვიდობიან, სტაბილურ მომავალს, ადამიანების სიცოცხლეს და როგორ უნდა დავიცვათ თავი?!.. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ნებისმიერი ომის შემდეგ ადამიანებს, ერებს შორის სიძულვილი ჩნდება და ამის დავიწყებას, მტრობის გადალახვას, ერთმანეთის პატიებას ზოგჯერ საუკუნეებიც არ ჰყოფნის. ეს არის ყველაზე დიდი სირთულე, რაც ომს მოაქვს ხალხებს შორის. თუნდაც სასულიერო პირმა, როგორ უნდა ავუხსნა იმ გაუბედურებულ დედებს, რომელთა შვილები ომმა შეიწირა, შეიყვარე რუსეთი და მიიღე-მეთქი. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომები უმძიმესი ტრაგედია იყო ჩვენთვის და ძნელი სათქმელია, რუსები ჩვენი მეგობრები არიანო. ჩვენ რუსი ხალხის მტრები არა ვართ, ჩვენ არ ვეთანხმებით მათი ხელისუფლების პოლიტიკას. ეს მათაც, იმ პროგრესულად მოაზროვნე ნაწილსაც უნდა აწუხებდეს და ცდილობდეს პროპაგანდის მსხვერპლი ნაწილი სარკეში ჩაახედოს, ოკუპანტი ხელისუფლება შეაჯანჯღაროს - ყველა ომი ხომ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ომია. ამას გარდა, როგორც ადამიანს, ქვეყანასაც აქვს თავისუფალი არჩევნის უფლება, რაც ძნელი გასაგებია რუსეთისთვის. შეიძლება ჩვენ ვცდებოდეთ არჩევანში, მაგრამ ამ შეცდომის შედეგს ჩვენ ვიგემებთ და თავადვე ვაგებთ პასუხს. რა უფლებით მაიძულებს ვიღაც, ძალდატანებით შემაცვლევინოს ჩემი არჩევანი?! ეს არ ესმის რუსეთს, უფრო სწორად, ესმის, მაგრამ არაფრად დაგიდევთ სხვის უფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაზე დიდია, დიდი და არა ძლიერი.
უმძიმესი სანახავი იყო უკრაინის ერთ-ერთი ქალაქის დაბომბვის ამსახველი ვიდეოკადრები, ადამიანები ქუჩაში იყვნენ დამხობილი და ერთად ლოცულობდნენ. ჯერ გავიფიქრე, რუსმა სასულიერო პირებმა თუ ნახეს ეს-მეთქი, მერე 2008 წელს კონფლიქტის ზონაში რუსი სამხედროების პირისპირ მყოფი მშვიდობიანი ქართველები გამახსენდა. ზოგი ცეცხლმოკიდებულ სახლებში ეხვეწებოდა ღმერთს გადარჩენას და ზოგიც ეკლესიაში და მივხვდი, რომ ძალიან გულუბრყვილო იყო ჩემი მღელვარება. ვისგან ველოდებით ჰუმანიზმს?.. ჩვენ ხომ შეგვეხო ეს სისასტიკე და თუ მოეპრიანება, კიდევ შეგვეხება. მაცხოვარმა მოგვცა ყველაზე მთავარი - სიყვარულის მცნება, რომელსაც უნდა ვასრულებდეთ. დღეს ყველას გვაკლია სიყვარული, მათ შორის რელიგიურ ადამიანებს. ომს ქრისტესთან არავითარი კავშირი არა აქვს, პირიქით, ანტიქრისტეს ქმედებაა. ეს ყველაზე დიდი ბოროტებაა, რომელსაც გამართლება არა აქვს. სიძულვილით არც ახლა მძულს რომელიმე ერი, მათი განადგურება კი არა, ხელისუფლების იდეოლოგიის შეცვლა მინდა, ოღონდ ამაში თავად საზოგადოებამ უნდა შეიტანოს წვლილი გამოფხიზლებით, აქტიურობით, ობიექტური მიდგომით. საზოგადოებაში ვგულისხმობ ყველას, როგორც სამეცნიერო წრეებს, ასევე, მედიას, სამედიცინო პერსონალს, ხელოვნების წარმომადგენლებს. განსაკუთრებით მინდოდა აღმენიშნა სასულიერო პირებიც, მაგრამ ამის მოლოდინი არა მაქვს, რადგან ყველას საბჭოთა კავშირი 2-ის აღდგენა სურს.
როგორ იქცევა რუსეთის ფედერაცია, პუტინი თუ დასავლეთი, ეს სხვა საკითხია, აი, მე როგორ ვიქცევი, ამაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი: ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვდგავარ იმ ქვეყნის გვერდით, რომელსაც მასზე დიდი მეზობელი ჩაგრავს, თუ რუსეთის პოზიციას ვიცავ, რომელიც უკრაინის განადგურებას ცდილობს?! ბევრი ვიცი, ვინც რუსეთის პოზიციას ამართლებს, მათ შორის არიან სასულიერო პირებიც. არადა, გასულ კვირას 25 თებერვალი იყო, 1921 წლის ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში - გასაბჭოებამ, ფაქტობრივად, განსაზღვრა ქვეყნის მომავალი. "გაწითლების" შემდეგ რამდენიმე ხანში, 30-იანი წლების მეორე ნახევარში, ქვეყნის საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს გამოუცხადეს ბრძოლა. არადა, ამბროსი ხელაია გვყავდა, რომელმაც სამშობლოს და თავისუფლების დაუშრეტელი სიყვარულით, თავდადებით, იმ ბნელ წლებში გზა გაგვინათა.
უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს, მაგრამ მაინც ვერაფერი ვისწავლეთ, ალბათ, არც არის გასაკვირი. ქრისტეს სამყარომ ჯვარცმა გამოუტანა და ეს ადამიანებმა ჩაიდინეს, ყველაზე დიდი უსამართლობა! მას შემდეგ ადამიანები არ შეცვლილან. ჩვენს სალოცავ სამშობლოსაც ისე ვექცევით, როგორც მაშინ უფალს მოექცნენ. იცოდე, შენი ქვეყნის ისტორია, ის, რომ შენი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, გახსოვდეს 25 თებერვალი, იცნობდე ამბროსი ხელაიას ცხოვრებას და მაინც ოკუპანტის პოლიტიკას ამართლებდე, ამოუხსნელი ფენომენია. არც მე ვამბობ, რომ დასავლეთში ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ დასავლური სამყარო თავისუფალია, დიქტატურა არ არის და ადამიანს შეუძლია ისე განვითარდეს, როგორც სურს. ამას ირჩევდა ამბროსი ხელაია, ამისთვის იბრძოდა ჩვენი წინაპარი... მეც მირჩევნია, თავისუფალი ვიყო და პირადი კეთილდღეობა მოვიკლო, ვიდრე მონობაში გადიდკაცებული ვიყო. ვინც სხვა არჩევანს აკეთებს, ალბათ, სული აქვს გაყიდული და მიაჩნია, რომ თუ მეზობელ, მაგრამ აგრესორ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა ექნება, ამას სათავისოდ, გასადიდკაცებლად, პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენებს. ასეთებს მინდა შევახსენო, რომ კაცი, რა სტატუსიც უნდა ჰქონდეს, ერში იქნება თუ ბერში, უპირველესად სახელით ცხოვრობს, იმ სახელით, რომელსაც თავისი ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე მოიხვეჭს და ცხონებასაც სწორედ ასე იმსახურებს. რაც მთავარია, ადრე თუ გვიან, ყველა დიქტატურა სრულდება და სრულდება ცუდად.ყოველთვის, მაგრამ კონკრეტულად ახლა, სიტყვა "მშვიდობა" ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ხშირად უნდა შევახსენოთ ერთმანეთს. მშვიდობა ყოფილიყოს, მთელ სამყაროში, ჩვენს გულებსა და ოჯახებში. ყველა ადამიანი იმისთვის უნდა განეწყოს, სხვა ადამიანს მშვიდობა უსურვოს. ვისაც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ახსოვს, ისინი იწყებენ ომს. ახლა გვმართებს გონიერება, რომ იმ განსაცდელიდან, რასაც რუსეთისნაირი ქვეყნის მეზობლობა ჰქვია, ზიანის გარეშე გამოვიდეთ. არასდროს უნდა დავაყენოთ პირადი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ამას ერთობა ჰქვია და თუკი ერთიანი ვიქნებით, ადვილად ვერ მოგვერევიან.