"ერი, რომელიც ასე განიცდის და გრძნობს სამშობლოს, დაუმარცხებელია!“
"მსოფლიოს 2008 წლის საქართველოს უმძიმესი გამოცდილება ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში რუსეთის რიტორიკა არ შეცვლილა. ძალიან დამთრგუნველია, რომ 21-ე საუკუნეში ერთ ქვეყანას შეუძლია გადაყლაპოს მეორე მხოლოდ იმიტომ, რომ მას მონობა არ სურს. ეს კატასტროფაა..."
პოეტი დათო მაღრაძე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოში განვითარებულ პროცესებსა და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს.
- გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, მის აწმყოსა და მომავალს. რაც შეეხება იმ ტრაგიკულ სურათს, რასაც ვუყურებთ, ვფიქრობ, პუტინის რუსეთმა არსებული პოლიტიკური ბალანსი ჩამოანგრია და მესამე მსოფლიო ომი წამოიწყო, რომელიც არავინ იცის, როდის და რა შედეგით დასრულდება. უკრაინა რუსეთის სამიზნე აღმოჩნდა, მაგრამ ომი, ფაქტობრივად, ამერიკას გამოუცხადა. ამით ერთპოლუსიანი სამყარო დასრულდა. ხვალ როგორი არქიტექტონიკა მიეცემა პოლიტიკურ ბალანსს, ამის პროგნოზირება ძნელია. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა გავლენით იქნებიან მსოფლიოში წარმოდგენილი ჩინეთი, რუსეთი, ევროპა და ამერიკა. ჩვენთვის, როგორც ევროპული სამყაროსკენ მიმავალი ქვეყნისთვისაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გეოგრაფიულ ევროპაში პოლიტიკურ-კულტურული ევროპა გადარჩეს.
არ ვიცი, რა იყო მოსალოდნელი და რა მოულოდნელი, მაგრამ მაინც მგონია, რომ მოსალოდნელი იყო, რადგან განვითარებული ქვეყნის ლიდერები ამ საფრთხის შესახებ საუბრობდნენ და მეორე, მსოფლიოს 2008 წლის საქართველოს უმძიმესი გამოცდილება ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში რუსეთის რიტორიკა არ შეცვლილა. ძალიან დამთრგუნველია, რომ 21-ე საუკუნეში ერთ ქვეყანას შეუძლია გადაყლაპოს მეორე მხოლოდ იმიტომ, რომ მას მონობა არ სურს. ეს ფაქტი მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის კი არა, მთელი გენერაციისთვის, ჩემთვის, როგორც ამ ეპოქის შვილისთვის კატასტროფაა. აღფრთოვანებული ვარ გმირი უკრაინელი ხალხის თავდადებით, სამოქალაქო თუ სამხედრო თავგანწირვის მაგალითებით. ადრე თუ გვიან, ყველა ტირანია მთავრდება, შემდეგ ახალი იბადება და ასე უსასრულოდ. ისტორია ასეთი მაგალითებით არის სავსე, მაგრამ ერი, რომელიც უთანასწორო სისხლისმღვრელ ბრძოლაში ასე განიცდის და გრძნობს სამშობლოს, დაუმარცხებელია. მე სამხედრო ექსპერტი არა ვარ, დეტალებისა და სხვა ეპიზოდების განხილვის კომპეტენცია არა მაქვს, მაგრამ რაც თვალსაჩინოა, იმაზე ვსაუბრობ.
- ამ დღეების განმავლობაში აქტუალურია კითხვა: რა შეაჩერებს პუტინის რუსეთს? ამასთან, მისი ქმედებები გააპროტესტა თავად რუსი საზოგადოების ნაწილმა, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებმა, პოლიტოლოგებმა, საზოგადოების წევრებმა. რას შეცვლის ეს პუტინის ქმედებებში?
- ძნელი სათქმელია, მაგრამ ვხედავ, რომ უკრაინის მოსახლეობა რუსეთის შეიარაღებული ძალების პირისპირ დარჩა. რა ეფექტი და ძალა ექნება იმ სანქციებს, რომელთაც დასავლეთმა თავი მოუყარა, ამას დრო გვიჩვენებს. არც ის ვიცით ვინმემ, ეს აგრესია პუტინის რუსეთის დასაწყისია თუ არა, რადგან მისი ქმედებების პროგნოზი წარმოუდგენელია და ჩემგან ამაზე საუბარი უპასუხისმგებლობაც იქნება.
რაც შეეხება რუსი საზოგადოების ნაწილის პროტესტს, ერთი კაცის პროტესტიც მნიშვნელოვანი და ღირებულია, მაგრამ არ ვიცი, ქარტეხილის შესაცვლელად რამდენად ეფექტური იქნება. ნაკლები შანსია, ეს დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებაზე აირეკლოს. ყოველ შემთხვევაში, ორი ათეული წელია ვუყურებთ, რომ პუტინის მთავრობა არაფერს ეპუება, იქნება ეს არტისტული სამყაროს მოთხოვნა-პროტესტი, პოლიტიკური თუ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკული გამოსვლები, მრავალრიცხოვანი აქციები. მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, უახლოეს ხანებში კარდინალურ ცვლილებას არ ველი. სინამდვილეში, არსებობს მხოლოდ ერთი რუსეთი, სადაც თავს იყრიან ტოლსტოიც, პლისეცკაიაც და შოიგუც, ისე, როგორც არსებობს ერთი საქართველო, რომელმაც შვა ვაჟა-ფშაველა და ფიროსმანის კვალდაკვალ სააკაშვილ-კეზერაშვილიც, ილია ჭავჭავაძეც და ბერბიჭაშვილიც.
- პრემიერ-მინისტრის განცხადებას, საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსო, საზოგადოება აღაშფოთა. რას ფიქრობთ ამაზე?
- გასაგებია პოლიტიკური ოპონენტების ვნებათაღელვა - ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილი აქვთ და ყველა გზით ცდილობენ საწადელს მიაღწიონ. შემდეგ კი, თუ დასჭირდათ, სხვის შვილებს ომში გაუშვებენ, თავიანთს კი ბიუჯეტის ხარჯით უცხოეთში გაგზავნიან სასწავლებლად. ყველა პატიოსანი ქართველის ვალია, სამშობლო ასეთ დაუნდობელ ქარტეხილს აარიდოს. გაუგებარია, საზოგადოების ნაწილი რას საყვედურობს პრემიერს, ინტერვიუს წინ თმა რომ არ შეიღება და დოქტორ დოტის თავი არ დააკბენინა?! თუ მესიჯბოქსის გატკეპნილი ფრაზებით პოპულისტური განცხადებები რომ არ გააკეთა?! პრემიერმა გულახდილად მიმართა საკუთარ ხალხს დიდი რისკებისა და საფრთხის შესახებ, შეახსენა ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია... რაც შეეხება ღირსების საკითხს, ძალიან მკაფიოდ გამოუცხადა თანადგომა უკრაინელ ხალხს და თქვა, რომ საქართველოს საელჩო უკრაინაში იმ გამონაკლისთაგანია, ვინც კიევს არ ტოვებს. მადლობა ჩვენს ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს სამაგალითო მხნეობისთვის. ჩვენს საამაყო ახალგაზრდობას კი მინდა მივმართო და მოკრძალებით შევახსენო - პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნის სიყვარულს ნიშნავს და არა სხვისი ქვეყნის სიძულვილს.
- ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, საკმაოდ ცინიკური პასუხით, არა უშავს, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე სამხედრო საფრენი აპარატების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლიათ მაშინაც არ ჩამოხვიდეთო...
- არ ვიცი, ეს დეპუტატი ვინ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში არ არის... ამ ვითარებაში ქვეყნის მაღალი პირისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რა არის ქვეყნისთვის ზიანისა და საფრთხის მომტანი და მაქსიმალურად აარიდოს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
- რაში გამოიხატება ეს?..
- იმაში, რომ მმართველი გუნდი ვერ დააბულინგეს. ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. ის, რომ ოკუპაცია გაუმართლებელია, ამაზე მკაფიოდ ისაუბრა. რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, საქართველოს ინტერესებიდან იმოქმედა, რადგან ეს რუსეთზე მეტად, ჩვენს ქვეყანას დააზარალებდა. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილს ერთი სული აქვს ყველაფერში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულოს, როგორმე ეკონომიკა ჩამოშალონ, რათა ძალაუფლების ხელში ჩაგდება უფრო გაუადვილდეთ. სინამდვილეში, მხოლოდ ეს არის მათი მიზანი, თორემ არც უკრაინელი ხალხი აღელვებთ და არც ქართველები. მათი მიზანია არეულობა, რა გზითაც უნდა იყოს, პირდაპირ პუტინის საჯარისო ფორმირებების შემოსვლით თუ ეკონომიკური კრიზისით, როგორმე ქვეყანა უკვე დაზიანდეს. მათი სამშობლო უკრაინა ან საქართველო კი არა, ძალაუფლებაა. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ისტორიულმა შემთხვევითობამ ერთხელ ქვეყნის სათავეში მოახვედრა და მის გარეთ ყოფნას ვერ ეგუებიან. ქვეყანა დაზიანდება თუ არა, აღარ აინტერესებთ. იმ ბოლშევიკებივით იქცევიან, ოღონდ წითელი არმია შემოსულიყო, ხელისუფლების სათავეში მოსულიყვნენ და ყველაფრისთვის მზად იყვნენ. ქვეყნის სიყვარული პათეტიკით არ გამოიხატება, მაგრამ ჩვენში ხომ კარგა ხანია სიფრთხილეს ლაჩრობა დავარქვით, გონიერებას - ღალატი და უპასუხისმგებლობას - პატრიოტიზმი, ქართულ პათეტიკას კი, გმირობა. ერთ კონკრეტულ ადამიანსა და პრემიერს შორის, რომელსაც ქვეყნის ბედი აბარია, დიდი განსხვავებაა. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, შემიძლია საკუთარი ბედ-იღბალი სასწორზე შევაგდო, მაგრამ ხელისუფლებას სხვა პასუხისმგებლობა აკისრია. უსინდისობაა ასეთი განცხადებები მაშინ, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვაში შეჭრის საფრთხეც არსებობს.
- თუკი პუტინს მადა გაეზრდება და საქართველოსაც მოადგება, რა გარანტია არსებობს, რომ ოკუპანტის პირისპირ მარტო არ დავრჩებით?
- ქვეყნის პირველი პირები ვალდებული არიან მოსალოდნელი საფრთხე ქვეყანას აარიდონ პრაგმატული გათვლებითა და ეროვნული ინტერესებით. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გუნდმა 2008 წელს გორამდე შეძლეს რუსული ჯარის შემოყვანა, მაგრამ ეტყობა, საქმე დაუმთავრებელი დარჩათ და ახლა ცდილობენ ბოლომდე მიიყვანონ - თბილისში შემოაღწევინონ. მთელი საქართველო რომ დაკარგონ და მხოლოდ თბილისი-გორის ტრასა დარჩეს, გორს ნიკოფსიას დაარქმევენ და თბილისს დარუბანდს, მერე კი იტყვიან, საქართველო ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე გადავჭიმეთო. ასეთია მათი დამოკიდებულება ქვეყნის, ზოგადად სამყაროს მიმართ - მხოლოდ ძალაუფლებაში მოსვლა.
- ალბათ, უკრაინელ მეგობრებთან გქონდათ კავშირი?
- რასაკვირველია, უკრაინელებიც მყავს, რუსებიც, ფრანგებიც, ამერიკელებიც, სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. მეგობრებს ეროვნების მიხედვით არ ვირჩევ და არც ვარჩევ. უკრაინელი მთარგმნელებიც მყავს, მასზე ახლო მეგობარი პოეტისთვის არ არსებობს, ის ჩვენი სულიერი ნათესავი ხდება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მეგობრობა ნაციონალურ ნიადაგზე არ იბადება და არც სრულდება, ეს ზენაციონალური მოვლენაა. არც იმ ქართველებს მივეკუთვნები, რომელთაც ერთი სული აქვთ, დოსტოევსკი და ტოლსტოი მათი სივრციდან გაქრნენ, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ისინი ეროვნებით რუსები არიან, მათი მასშტაბის ფონზე ძნელია მწერალი გერქვას, თან თამასას მაინცდამაინც მათზე იღებენ, სხვა არავინ ახსენდებათ, თითქოს იოსიფ ბროდსკი და სერგეი დოვლატოვი არ ჰყოფნიდეთ სივრცეში დასაკარგავად... თუმცა, ახალი ხელმოწერები გაჩნდა - როდესაც რუსი საზოგადოება რუსეთის აგრესიას აპროტესტებს, ვფიქრობ, ძალზე შთამბეჭდავი სურათი იხატება. შესაძლოა, ამან უკვე პოლიტიკურ პროცესებზეც იქონიოს გავლენა...