"ხალხს უნდა მივცეთ იარაღი ქვეყნის დასაცავად“ - კვირის პალიტრა

"ხალხს უნდა მივცეთ იარაღი ქვეყნის დასაცავად“

უკრაინის შემდეგ იქნება თუ არა საქართველო და რამდენად ადეკვატურია "ოცნების" პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობაში, ამ საკითხებზე საპარლამენტო უმცირესობის წევრ იაგო ხვიჩიას ვეესაუბრეთ:

- მსოფლიო წესრიგი იცვლება. ვეღარ ვიტყვით, რომ ამ სამყაროში პატარა ქვეყნებისთვის ცხოვრება უსაფრთხოა. ადეკვატურად უნდა მოიქცე, რათა ნაკლებად მოუნდეს მტერს შენთან შემოსვლა, მაგრამ თან არ გამოვიდეს ისე, რომ ემონები. ჩემი აზრით, ეს არის გამოსავალი, რაც ზელენსკიმაც თქვა. უნდა დავუბრუნოთ ადამიანებს იარაღი, რომ მტერმა იცოდეს, მოსახლეობა შეიარაღებულია. შეიძლება ქვეყანა დაამარცხო, მაგრამ ხალხს ვერ დააჩოქებ. ქვეყანაში ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ბევრ რამეს, თუ გვინდა უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი. რუსეთს საჰაერო ბრძოლას ვერ მოვუგებთ, მაგრამ მოსკოვს თუ ეცოდინება, რომ მთელი ქვეყანა შეიარაღებულია, ყველა ქართველი მზად იქნება თავისი საკუთრება დაიცვას, შემოჭრა აღარ მოუნდება. ნახევარზე მეტი ქონება სახელმწიფოსთვის გვაქვს მიცემული, ხალხს უნდა დავუბრუნოთ და მივცეთ იარაღი მათ დასაცავად. ეს არის უკიდურესად აუცილებელი ნაბიჯები, რათა გვქონდეს უნარი და მოტივაცია, მტერს წინააღმდეგობა გავუწიოთ. და ბოლოს, ჩხუბი "ნაცმოძრაობასა" და "ოცნებას" შორის უნდა დამთავრდეს. შუღლი უნდა დავივიწყოთ.

- თქვენი აზრით, უკრაინა მხოლოდ სანქციების იმედად დარჩა?

- ველოდები, რომ დასავლეთის სანქციები ეფექტური იქნება. ეს შეიძლება ეფექტური იყოს და ყველასთვის გასაგები გახდეს, რომ ომი არავის ინტერესში არ ჯდება.

- მხოლოდ სანქციებით რომ ვერ ხერხდება რუსეთის შეჩერება?

- ახლა აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. უკრაინაზე თავდასხმა სხვა პოლიტიკური აქტია, ვიდრე თავის დროზე საქართველოზე. მგონი, ცივილიზებული სამყარო ვერ დაიმალება. მათ უკრაინასთან სხვა პასუხისმგებლობა აქვთ.