"ჩვენმა თანამემამულემ მოახერხა და თავის თანამემამულე მეორე არამზადასთან ერთად ხელში ბირთვული იარაღი ჩაუგდო. ახლა კი რუსეთი ამით აშანტაჟებს მსოფლიოს" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა თანამემამულემ მოახერხა და თავის თანამემამულე მეორე არამზადასთან ერთად ხელში ბირთვული იარაღი ჩაუგდო. ახლა კი რუსეთი ამით აშანტაჟებს მსოფლიოს"

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი მენაღარიშვილი "კვირის პალიტრასთან" ედუარდ შევარდნაძის იმ ნათქვამს იხსენებს, რაც მას დასავლელი ლიდერებისთვის ოფიციალურად თუ არაოფიციალურად არაერთხელ უთქვამს: ყურადღება მიაქციეთ უკრაინის უსაფრთხოებას, რადგან, თუ რუსეთმა უკრაინა დააჩოქა, იცოდეთ, მეორე დღეს თქვენ კართან ახალი ბოროტების იმპერია დაიბადებაო. იბადება­ თუ არა დასავლეთის კართან ბოროტების ახალი იმპერია და რა ბერკეტები აქვს დასავლეთს რუსეთთან გასამკლავებლად, ამ საკითხებზე ირაკლი მენაღარიშვილს­ ვესაუბრეთ:

- რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა. ყოველ შემთხვევაში, მაღალი ალბათობის სავარაუდო სცენარი სწორედ ასეთი იყო, იმიტომ, რომ ცხადია, უკრაინა არ დათმობდა თავის ეროვნულ არჩევანზე­ პრინციპულ პოზიციას, რომელიც დასავ­ლურ კურსს გულისხმობს, და შესაბამისად, რუსეთი ამას არ მიიღებდა. ეს ყველაფერი ლოგიკურად აქამდე მიდიოდა და მივიდა კიდეც. რაც შეეხება რუსეთის მიზანს, მას სურს უკრაინამ დათმოს პროდასავლური ინიციატივები.

- კონკრეტულად ომის დაწყების მიზანს­ ვგულისხმობ, ეს არის მხოლოდ უკრაინის პროდასავლური არჩევნის შეცვლა თუ შეიძლება­ უფრო ფართომასშტაბიან მიზნებზე­ საუბარი?

- როგორც ჩანს, პუტინმა ეს არ ჩათვალა საკმარისად. საქართველოშიც აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ ამით საქართველოს ევროინტეგრაციული გზა ვერ შეაჩერა. უფრო მეტიც, ახლა უფრო ახლოს ვართ ნატოსთან, ვიდრე მაშინ ვიყავით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გვაქვს და ა.შ. ამიტომ ამ მაგალითიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ საჭიროა უკრაინის ხელისუფლება შეცვალოს, რადგან უკრაინის ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს დასავლეთით მოძრაობას. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ოპერაცია უკრაინის ხელისუფლების შეცვლისთვის დაიწყეს.

- ზელენსკიმ მოლაპარაკება შესთავაზა, განიხილება ნეიტრალიტეტის შესაძლებლობაც. თქვენი შეფასებით, ეს სწორი სვლაა?

- მოლაპარაკება ყველაზე სწორია და, რა თქმა უნდა, ამით ზელენსკიმ მოიგო - მსოფლიოს აჩვენა, რომ მზად არის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა სისხლის ღვრა შეწყდეს. მისი ამოცანაა, მოქალაქეები აღარ დაიღუპონ. ამიტომ ზელენსკის ეს ნაბიჯი სწორი იყო...

- დასავლეთის სანქციები­ ნელ-ნელა ძლიერდება. ეს მხარდაჭერა საკმარისია?

- რა თქმა უნდა, მყისიერი შედეგის მისაღებად, რომ შეაჩერონ რუსეთი, დასავლეთის ძალისხმევა არ არის საკმარისი, მაგრამ ამ ზომებს ეფექტი აუცილებლად ექნება. ამას დრო სჭირდება და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, შედეგს დავინახავთ.

- როდესაც ადამიანები იღუპებიან, ამის შესაჩერებლად რა უნდა გაკეთდეს? როცა საქართველო იბომბებოდა, თბილისში ევროპელი ლიდერები ჩამოვიდნენ და ამან გავლენა იქონია. კიევში მსგავსი რამ რატომ არ გაკეთდა?

- შესაძლოა არ თვლიან საჭიროდ. ამასთან, აქ ომის მესამე დღეს მოადგა თბილისს, იქ კი უკვე ათასობით ადამიანი ჰყავს­ დაკარგული, მაგრამ უკრაინა კბილებით იბრძვის და ასე მარტივად არ არის ხელში ჩასაგდები.

- ის, რომ ამერიკის დაზვერვის მონაცემები გამართლდა, ხომ ნიშნავს, რომ კონკრეტული ინფორმაცია კარგა ხნით ადრე ჰქონდათ. ამ პერიოდში პრევენციული ზომების მიღება არ იყო შესაძლებელი?

- საბოლოო შეფასება მაშინ გაკეთდება, როდესაც ომი დასრულდება. ჩვენ ხომ ყველაფერი არ ვიცით. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ინფორმაციული საკენკით, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ხანდახან ჩაგვივარდება ხოლმე ხელში, ეს კი სრული სურათის დანახვის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ ძალიან ამბიციურ დასკვნას ნუ გავაკეთებთ.

- ეს დასკვნა არ არის, საზოგადოებას აქვს კითხვები, თუკი იყო ინფორმაცია, არ თუ ვერ მიიღეს ზომები.

- საზოგადოება უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე შესაძლებელია. მათი ეს სურვილი გასაგებია, მაგრამ ბევრი რამ, რაც ადამიანს ჰგონია, რომ სასწრაფოდ არის საჭირო, უბრალოდ, შესაძლებელი არ არის ხოლმე.

- თუკი რუსეთი უკრაინაში მიაღწევს მიზანს, ამას რა შეიძლება მოჰყვეს?

- ღმერთმა არ ქნას! კიდევ ერთხელ მოვახდენ ედუარდ შევარდნაძის ციტირებას, რომელსაც დასავლელი ლიდერებისთვის ოფიციალურად თუ არაოფიციალურად არაერთხელ უთქვამს, ყურადღება მიაქციეთ უკრაინის უსაფრთხოებას, რადგან, თუ რუსეთმა უკრაინა­ დააჩოქა, იცოდეთ, მეორე დღეს თქვენ კართან ახალი ბოროტების იმპერია დაიბადებაო.

- არ ხდება თუ ვერ ხდება ამის გაცნობიერება. რატომ არ იღებენ სათანადო ზომებს?

- იმიტომ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, თავის დროზე საბჭოთა კავშირს, რომელიც იდეაში რუსეთის იმპერია იყო, ჩვენმა თანამემამულემ მოახერხა და თავის თანამემამულე მეორე არამზადასთან ერთად ხელში ბირთვული იარაღი ჩაუგდო. ახლა კი რუსეთი ამით აშანტაჟებს მსოფლიოს.

- ანუ, დასავლეთს თამაში უწევს?

- რუსული სცენარით თამაშს ნუ დავარქმევთ, დასავლეთი ანგარიშს უწევს იმას, რომ ეს არის გიჟი, რომელსაც ხელში ბირთვული იარაღი აქვს.

- საქართველოს ხელისუფლების განცხადებები რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ?

- მე უფრო მკაცრი ვიქნებოდი. სხვას არაფერს დავამატებ...

- როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- უამრავი სცენარია, რომელთა მიხედვითაც შეიძლება მოვლენების განვითარება და მთავარი ის არის, ყველაზე უარესი არ მოხდეს.

- ყველაზე უარესში უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას გულისხმობთ?

- ამასაც და კიდევ უარესიც არსებობს­ - რუსეთსა და დასავლეთს შორის ბირთვულ დაპირისპირებას.

- ამის ალბათობა როგორი შეიძლება­ იყოს?

- ამას ჩვეულებრივი ყოფითი ლოგიკით ნუ მივუდგებით. ხშირად ყველაფერი ისე ვითარდება, რომ ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს. მსოფლიო რამდენჯერმე გადაურჩა ასეთ სცენარს, მაგალითად, კარიბის კრიზისის დროს, და როგორც გაირკვა, შემდეგაც, პერესტროიკის დროს, როდესაც რომელიღაც საბჭოთა კომპიუტერს მოელანდა, რომ ამერიკული რაკეტები უტევდნენ საბჭოთა კავშირს. ამაზე იმ ოფიცერს, რომელმაც ეს დააფიქსირა, რეაქცია იმ ინსტრუქციის მიხედვით რომ მოეხდინა, ახლა დედამიწა აღარ იარსებებდა. ამიტომ, როდესაც ასეთ შემთხვევებზე ვართ დამოკიდებული, ძალიან ძნელი სათქმელია, რა ლოგიკით შეიძლება ხელმძღვანელობდეს მსოფლიო.

- ამ ვითარებიდან კარგი გამოსავალი რა იქნებოდა?

- საუკეთესო იქნებოდა, რუსეთი რომ გონს მოეგოს და პუტინი გაუშვან იქ, სადაც საჭიროა. ეჭვი მეპარება, ეს მოხდეს. მაგრამ, თუკი მსოფლიო მოახერხებს, რომ პუტინი შეეშვას უკრაინას, ეს იქნებოდა იდეალური გზა. თუ პოზიტიურ გზებზე ვისაუბრებთ, ასეთი ბევრი რამ შეიძლება იყოს.

- თუ პუტინი პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ რა იქნებოდა პოზიტიური გამოსავალი?

- ის, რომ რუსეთი ძალიან მკაცრად დაისაჯოს. დაისაჯოს ისე, რომ მეორედ ვეღარ გაბედოს მსგავსი რამ.

- ეკონომიკური სანქციებით?

- რა თქმა უნდა.

- ანუ უნდა გაძლიერდეს წნეხი?

- რა თქმა უნდა, იმაზე შეუდარებლად მეტად, რაც ახლა არის და იმედია, ასეც მოხდება.

რუსა მაჩაიძე