"საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რაც სწორი და ლეგიტიმურია, არ ნიშნავს ღირსების დაკარგვას“
რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს უკრაინის შემდეგ საქართველოს და არის თუ არა "ოცნების" ხელისუფლება ამისთვის მზად, ამ კითხვებს "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა:
- ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანასთან ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის მიერ დადგენილი მსოფლიო წესრიგის უხეშად გადახედვის ცდას ვხედავთ. ეს არის ნასროლი ხელთათმანი მთელი ევროპული და ევროატლანტიკური სისტემის უსაფრთხოებისთვის. რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ ეხება საქართველოს და მცდარია პოზიცია, თუ სირაქლემასავით თავს ქვიშაში ჩავრგავთ, ეს გვიშველის. ხელისუფლება მოქალაქეებს უქმნის ყალბ განცდას, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში არის მშვიდობა და რომ არ დავკარგოთ, ამიტომ იქცევა ასე. მაგრამ როგორ არის მშვიდობა, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, კლავენ, ქონებას ართმევენ? . დეზინფორმაციის მთელი კამპანია, რუსული გავლენის აგენტები გამალებული მუშაობენ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და პერსპექტივის წინააღმდეგ. ამის საპასუხოდ ხელისუფლება რას აკეთებდა ამ წლების განმავლობაში?! ხელისუფლებამ ეს დრო გაფლანგა, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აგვეშენებინა ძლიერი ეკონომიკა, ეროვნული უსაფრთხოება, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციები. პირიქით, ეკონომიკა, ენერგეტიკა სულ უფრო დამოკიდებული გახადა რუსეთზე.
დღეს არ დგას მხოლოდ საკითხი, უკრაინას როგორ ვუდგავართ მხარში. თუმცა ეს, დიახ, არის ეროვნული ღირსების საკითხი. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რაც სწორი და ლეგიტიმურია, არ ნიშნავს ღირსების დაკარგვასა და განსაცდელში მყოფი მეგობრისთვის ზურგის ჩვენებას. ასევე დგას კითხვა, რამდენად არის საქართველო მზად ამ ომის შედეგებისთვის? ჩვენი სასურსათო თუ ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის... ოპოზიცია ვითხოვდით ხელისუფლებასთან ერთად საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხებზე მსჯელობას. "ლელომ" პირველივე საათებში განვაცხადეთ, რომ ახლა არა დაყოფის, არამედ ერთობისა და საფრთხეებთან გამკლავების დროა, მაგრამ მათ კარი დაკეტეს. უსაფრთხოდ ყოფნას სჭირდება უსაფრთხოების სისტემის შენება, რაც არ ნიშნავს ჩუმად ჯდომას. საზოგადოებას სწორედ ამაზე სჭირდება პასუხები და არა მარტო იმის თქმა, რომ არაფერი გვემუქრება.
- უკრაინის საკითხში დასავლეთის აქტიურობა საკმარისია?
- დასავლეთმა აჩვენა ერთიანობის მნიშვნელოვანი მაგალითი, ევროკავშირი-აშშ-ის სანქციებს შეუერთდა არაერთი სხვა ძლიერი სახელმწიფო: კანადა, იაპონია და სხვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, დასავლეთი უფრო გააქტიურდება. რუსეთი ცდილობს შეცვალოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტი ძალადობრივი გზით, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ეს გამოწვევაა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის.
დასავლეთმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ ამას თავადაც აღიარებს, ახლა სწორი და გაბედული ნაბიჯების დროა.