"რუსეთი ცდილობს უკრაინელ ხალხს ცეცხლითა და მახვილით მოახვიოს თავს დაობებული რუსული დოქტრინა“ - კვირის პალიტრა

"რუსეთი ცდილობს უკრაინელ ხალხს ცეცხლითა და მახვილით მოახვიოს თავს დაობებული რუსული დოქტრინა“

"უკრაინის არმია თავგანწირვით იბრძვის, მაგრამ რუსეთის გიჟი პრეზიდენტი თავისას არ იშლის“

"ეს ნამდვილი კოშმარი იყო, თითქოს საშინელებათა ფილმს ვუყურებდი... გზაში გავიგე, რომ ჩემი სახლის მეზობელი კორპუსი რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტამ შუაზე გადახსნა - 8 მობინადრე დაიღუპა, 150 კაცი მძიმედ დაშავდა", - ასე იხსენებს კიევში რუსების თავდასხმის დღეს მწერალი, აკადემიკოსი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, უკრაინის ყოფილი ელჩი ლატვიაში რაულ ჩილაჩავა:

- უკრაინელი ხალხი უკვე რვა წელია საომარ ვითარებაში ცხოვრობს. ჯერ კიდევ ომის გამოცხადებამდე შეიწირა რუსეთმა 14 ათასი უკრაინელის სიცოცხლე, გაუბედურდა უამრავი ოჯახი, დევნილად იქცა ორ მილიონამდე კაცი.

კიევის დატოვებას არ ვაპირებდი, არ მეგონა, თუ რუსული დესანტი ასე მალე გამოჩნდებოდა დედაქალაქში. დილის 4 საათზე მეგობრის ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ის იყო, მითხრა, რუსები კიევს­ ბომბავენო და გამაყრუებელი გრუხუნის ხმა გავიგონე. ჩავრთე რადიო, ტელევიზორი... რადიო თავშესაფრების მოძებნას, მეტროსადგურებში ჩასვლისკენ მოგვიწოდებდა. ორი წლის შვილიშვილი მყავს, ვიფიქრე, მეტროში რომ ჩავიდე, ვაითუ სულ ვეღარ ამოვიდე იქიდან-მეთქი. ამასობაში ვხედავ, კიევის ქუჩებში ხელჩართული ომია რუს დესანტებსა და უკრაინელ მებრძოლებს შორის. ვიფიქრე, რომ ქალაქს უნდა გავცლოდი. იმ ასაკში აღარ ვარ, რომ იარაღი ამეღო ხელში, ჩავსვი მანქანაში შვილები, რძალი, შვილიშვილი და დასავლეთ უკრაინისკენ გავემართე. 600 კილომეტრი გამოვიარეთ, მანქანით, ხოხვით, ფორთხვით... შემოვლითი გზებით ვიარეთ, ვინაიდან ვიცოდით,­ რომ რუსები ყველაფერს ბომბავდნენ, აეროპორტებით დაწყებული, საავადმყოფოებით დამთავრებული. უკრაინის არმია თავგანწირვით იბრძვის, მაგრამ რუსეთის გიჟი პრეზიდენტი თავისას არ იშლის.

- ხალხის განწყობა როგორია?

- ხალხი არ არის პანიკაში. სხვათა შორის, ქალაქიდან ის ხალხი გავიდა, ვინც ასაკში იყო, ან ცოლ-შვილის გაყვანა სურდათ სამშვიდობოზე. შიში და პანიკა არავისთვის შემინიშნავს, მიუხედავად იმისა, ხალხი საკუთარი თვალით უყურებს, როგორ აფეთქებენ რუსები სახლებს, უკრაინულ ჯავშანტექნიკას...ამასთან, მომდის ხმები, რომ რუსი ჯარისკაცები დემორალიზებული არიან. ახალგაზრდა ჯარისკაცებმა არ იციან, რატომ არიან უკრაინელები მათი მტერი, რისთვის ებრძვიან ხალხს, რომელიც მისი ენის მსგავს ენაზე ლაპარაკობს, მათ ჰგვანან სახით, მათი გვარის მსგავსი გვარები აქვთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს ახალგაზრდები ტოვებენ ტექნიკას და ტყვედ ბარდებიან.

- რას ფიქრობენ უკრაინელები პუტინის ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინა ლენინის მიერ შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნია?

- უკრაინელი ახალგაზრდა ისტორიკოსები უარყოფენ თანამედროვე რუსებთან გენეტიკურ კავშირს. მათი ვერსიით, ახლანდელი რუსები არიან ფინურ-უგორული ხალხების, თათარ-მონღოლთა ეთნიკური ნაზავი, რომლებსაც კიევის რუსეთთან არანაირი კავშირი არა აქვთ, სლავებადაც კი არ მიიჩნევენ. სიტყვა "რუსი" უკრაინელების­ თვითდასახელება იყო. როგორც ცნობილია, მოსკოვის დამაარსებელი კიევის მთავარი იური დოლგორუკი იყო, მისი საფლავი კიევშია. ახლა თავად განსაჯეთ, ვინ ვისი შემქმნელია.

რუსული ოფიციალური პროპაგანდა მუდამ ამტკიცებდა, რომ უკრაინელები ცალკე ერს არ წარმოადგენენ, რაც ამ უკანასკნელთა მუდმივ პროტესტს იწვევდა. იკრძალებოდა უკრაინული ენა, ამ ენაზე წიგნების გამოცემა და სწავლება. უკრაინელთა ლტოლვა დამოუკიდებლობისკენ სასტიკად ისჯებოდა და ასე გრძელდებოდა თითქმის ოთხასი წლის განმავლობაში, სანამ უკრაინა რუსეთის იმპერიაში შედიოდა და, სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ინტელექტუალური და ეკონომიკური საყრდენი იყო. იმპერიის იდეოლოგები საუკუნეების განმავლობაში აყალბებდნენ ისტორიას, ქმნიდნენ ფსევდოთეორიებს კიევზე, როგორც სამი ერის (ველიკორუსების, მალორუსებისა და ბელორუსების) აკვანზე. პუტინმა ეს იცის და ყველანაირად ცდილობს დაკარგული სტატუს-კვოს აღდგენას. ცდილობს ამ ხალხს ცეცხლითა და მახვილით მოახვიოს თავს დაობებული რუსული­ დოქტრინა.

- შთაბეჭდილება იქმნება, რომ პრეზიდენტი­ ზელენსკი იმედგაცრუებულია დასავლელი პარტნიორებით და ცივილიზებული მსოფლიოს­ ლიდერების უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. უკრაინელ ხალხში როგორი განწყობაა ამ საკითხზე?

- ზუსტად ისეთი განწყობაა, როგორზეც პრეზიდენტი ზელენსკი საუბრობს. უკრაინელმა პრეზიდენტმა ასეთი რამ განა­ცხადა: "ჩვენ მარტო ვრჩებით საკუთარი სახელმწიფოს დაცვისას. ვინ არის მზად იბრძოლოს ჩვენთან ერთად? ასეთს ვერავის ვხედავ. ვინ არის მზად მისცეს უკრაინას ნატოში შესვლის გარანტია? ყველას ეშინია". დიახ, ის მართალია და მასავით ფიქრობენ ჟურნალისტები, მეცნიერები, ჩემი კოლეგები, მწერლები, ჩემი მეზობლებიც.

- დღის წესრიგში დადგა უკრაინის ნეიტრალიტეტის აღიარება.

- უკრაინას ნატოში შესვლა რუსული­ აგრესიისგან თავის დასაცავად სურდა. ერთი ცნობილი პოლიტიკოსი ამბობდა­, ჩვენ ევროპაში კი არ უნდა წავიდეთ, ევროპა­ აქ ჩვენ უნდა ავაშენოთო. გეოგრაფი­ული თვალსაზრისით, ევროპის ცენტრი უკრაინაში, კერძოდ, იმიერკარპატეთშია. უკრაინას არსად შესვლა არ სჭირდება, ის თავად არის ევროპა. უფრო მეტიც, უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა. როდესაც უკრაინამ ატომურ იარაღზე უარი განაცხადა, მისი სუვერენიტეტის თავდებად დადგნენ რუსეთი, ამერიკა და ინგლისი. ამ მემორანდუმის ხელმომწერებიდან ერთ-ერთი­ დღეს თავად ესხმის უკრაინას. ამიტომ ამ ოკუპანტ სახელმწიფოსთან არანაირი ხელშეკრულების დადებას არა აქვს აზრი.

დღეს მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომი კი არ არის, საქმე გვაქვს იდეოლოგიების, მსოფლმხედველობების შეჯახებასთან. ეს ომი უნდა დამთავრდეს, რაც შეიძლება სწრაფად, ქვემეხების ენა დიპლომატიამ უნდა შეცვალოს.

ხათუნა ბახტურიძე