"ჩვენი და უკრაინის ნატოში გაწევრების გარდა, სხვა რამ, რაც ომს და პუტინს შეაჩერებდა, უბრალოდ, არ არსებობდა და დღეს ეს დადასტურდა“
"კიევი რუსეთს გააჩერებს და ამ ომში პუტინის ხელისუფლება დამთავრდება", - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
- პუტინი არ მალავს თავის სურვილებს. მისი ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა კიევში და მის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. მან დასავლეთს გაუგზავნა მკვეთრი მესიჯი, რომ უკან არაფერზე დაიხევს. ამასობაში დასავლეთს ხელ-ფეხი აქვს შეკრული და საბრძოლო მოქმედებებში ვერ ერთვება. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია რეალობა.
- პუტინი მოახერხებს მიზნის მიღწევას?
- ბოლო 10 წლის განმავლობაში უკრაინამ ბევრი იბრძოლა და ასე მარტივად არ დათმობს. თუ უკრაინისთვის მძიმე შედეგით დამთავრდა ეს ომი, მოსახლეობა ამას არ შეეგუება და ეს არ იქნება ერთეპიზოდიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის. უკრაინა კარგად მომზადებული დახვდა ომს - ის დანაპირები, რომ ეს არ იქნებოდა რუსეთისთვის მარტივი გასეირნება, შესრულდა. თუმცა ასევე კარგად გვახსოვს, რომ აგვისტოში ომის ამ ეტაპზე ჩვენც საკმაოდ დიდი წარმატება გვქონდა, თუმცა შემდეგ დასრულდა ისე, როგორც დასრულდა...
- დღეს, ალბათ, საქართველოს და ევროპის ბედიც უკრაინაში წყდება და რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ემუქრება თუ არა ჩამოშლა ჩვენს სუვერენიტეტსაც, მიუხედავად იმისა, პრემიერმა დაგვაიმედა, რომ "არავითარი საფრთხე არ გვემუქრება". არის მზად საქართველო ვითარების ესკალაციისთვის?
- ღარიბაშვილის კომენტატორად არ გამოვდგები, რადგან არსებობს სიბეცის მასშტაბი, რომელსაც კომენტარს ვერ გაუკეთებ. მან ღირსეული პასუხი მიიღო თბილისის ქუჩებში და შემდგომ უკრაინის პრეზიდენტისგანაც. ღარიბაშვილის ადგილი რომ არ არის ამ ხელისუფლებაში, მგონი, ნათლად გამოჩნდა... მოლდოვა და საქართველო საფრთხის ქვეშ რომ ვართ, ამაში, მგონი, ეჭვი არავის ეპარება. მსოფლიო ლიდერები კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარსაც არ თვლიან საჭიროდ სწორედ იმის გამო, როგორც ჩვენი ხელისუფლება იქცევა. მაშინ როდესაც დღეს უდიდესი ყურადღება ეთმობა მოლდოვის გაძლიერებას და მსოფლიო მედია წალეკილია მოლდოვის შესახებ ამბებით, ჩვენ შესახებ მხოლოდ თბილისის სურათებია. კარგია, საამაყოა ქართველი საზოგადოების აქტივობა, მაგრამ საკმარისი არ არის. პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე უკრაინა-საქართველო-მოლდოვა, იმიტომ, რომ რუსეთი ებრძვის იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა. ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინაში, კიევში, არის ერთმნიშვნელოვნად ყველაფრის საწინააღმდეგო, რაც კი ცივილიზებულ სამყაროს შეუქმნია, უკეთებია ამ 80-90 წლის განმავლობაში. ამიტომ ეს არის უზარმაზარი გამოწვევა მთელი დასავლეთისთვის, რომ შესაძლებელია შუაგულ ევროპაში საცხოვრებელ სახლს ჭურვს ესროდნენ და ამასობაში ნატო მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება. ჩვენი და უკრაინის ნატოში გაწევრების გარდა, სხვა რამ, რაც ომს და პუტინს შეაჩერებდა, უბრალოდ, არ არსებობდა და დღეს ეს დადასტურდა. განცხადებები, რომ ესკალაციის პირობებში საქართველო არაფრისთვის არ არის მზად, აბსურდულია. ბოლოს და ბოლოს, თავდაცვის მინისტრი ვიყავი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ასე არ არის. ქართული ჯარი თუ არ აღემატება, არაფრით ჩამოუვარდება უკრაინის არმიას. არ ვიცი, რა მოხდა ამ 6 წლის განმავლობაში, რამდენად წინ წაიწია უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა, მაგრამ 2016 წლის მდგომარეობით, ჩვენ გაცილებით კარგად მომზადებული შეიარაღებული ძალები გვყავდა. ამიტომ ასეთი განცხადებები, არიქა, ჩვენ არაფერი გვივარგა და რა სახსენებელი ვართო, უადგილოა.
- სანქციები, რომელთაც ვერ ექნება მყისიერი ეფექტი, გახდება თუ არა რუსეთის შემაკავებელი?
- კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანქციების ქაღალდიდან საქმედ გადაქცევა, რათა მსოფლიოს თანამედროვეობის ეს მთავარი ბოროტება ჯერ გააჩერონ და შემდეგ ის აღარ არსებობდეს დედამიწაზე. სანქციებს აუცილებლად ექნება საშუალო და გრძელვადიანი შედეგები და კრემლი ძალიან მწარედ იწვნევს. მაგრამ ამის გარდა, აუცილებელია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც მყისიერად შეაჩერებს საომარ მოქმედებებს. უკრაინის ვიცე-პრემიერმა მიმართა არა რომელიმე სახელმწიფოს, არამედ კომპანია "ეფლს" და მოითხოვა, მომსახურება შეაჩეროს რუსეთში. ასეთი ამბები დიდი ზიანის მომტანი იქნება რუსეთისთვის, ყველა დიდი და პატარა მოქმედება დაწყებული იმით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღარ იქნება რუსეთში, რომ პოლონეთი სათავეში ჩაუდგა მსოფლიო ჩემპიონატიდან რუსეთის გაგდების ამბავს... ასეთი ამბები ახდენს საზოგადოებაზე გავლენას. რუსეთის მოსახლეობამ თუ ვერ გააცნობიერა, რომ ყველა სიკეთეს, რაც კი ცივილიზებულმა სამყარომ შექმნა, ეთხოვებიან იმიტომ, რომ ჰყავთ ადამიანი, რომელიც 21-ე საუკუნეში ჩვეულებრივ კილერად იქცა, მანამდე ძალიან რთული იქნება რუსეთის დამარცხება.
- რუსეთ-უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს თუ ხედავთ, რაზეც პუტინმა არაერთხელ გააკეთა აქცენტი?
- ყველაფრის საშიშროებას ვხედავ. არა მგონია, პუტინმა რაიმეს გაკეთებაზე უარი თქვას, მაგრამ საკუთარი მოსახლეობის საკითხი დგას და აქ მარტივად არაა საქმე. ბირთვული იარაღი ისეთი არ არის, ოთახში ჩააგდო, მერე კარი დაკეტო და სხვაზე ზეგავლენა არ იქონიოს...
მჯერა, კიევი გააჩერებს რუსეთს და ამ ომში პუტინის ხელისუფლება დამთავრდება - ეს სრულიად ერთმნიშვნელოვანია.