"ჩემი იტალიელი მამა“
"არასდროს აღიარებდა სალვადორ დალის აშკარა გავლენას. სურდა ყველას სრულიად ორიგინალური სტილის მქონედ მიეჩნია. ის ერთდროულად გახლდათ მხატვარი, მოქანდაკე, პოეტი, მწერალი... ელტვოდა მზეს, სითბოს, ქალებს და მისი ნახატებიც იჟღინთებოდა ალისფრით. როდესაც მის ცხოვრებაში ცოტა ხნით, მაგრამ მაინც დგებოდა დეპრესია, შემოქმედებაში მუქი ფერები ჭარბობდა"
ლანფრანკო ფრიჯერი იტალიის XX საუკუნის მეორე ნახევრის სიურრეალისტური ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება. მისი გამოფენები იმართებოდა ევროპისა და ამერიკის საუკეთესო გალერეებსა და მუზეუმებში. მხატვარს არასდროს უფიქრია, რომ შეიძლებოდა ერთ დღეს მთელი თავისი მემკვიდრეობა მის ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად გამოჩენილი უცხოელი ქალისთვის დაეტოვებინა. წლების წინ, ერთ სევდიან დღეს, ია ჩხეტიანმა ბარგი ჩაალაგა, ერთადერთ შვილს დაემშვიდობა და ემიგრანტის გზას დაადგა. ვერც წარმოიდგენდა, რომ იტალიაში ჩასვლისთანავე ცნობილი მხატვრის საქმეთა მმართველად მუშაობას დაიწყებდა და შემდეგ ის მხატვარი მემკვიდრედ დაასახელებდა.
რა იყო წასვლამდე
- მეგონა, იღბალი არ არსებობდა ან ჩემკენ სავალი გზა დახშული ჰქონდა. იმდენად პატარა დავობლდი, რომ დედა თითქმის არ მახსოვს. მამამაც ნაადრევად დაგვტოვა. ობლობის უმძიმეს წლებს დევნილობა დაემატა. აფხაზეთიდან ვარ. შემდეგ ცხოვრება ისე წავიდა, როგორმე დამოუკიდებლად უნდა გამეტანა თავი, შვილისთვის მიმეხედა, ფეხზე მყარად დავმდგარიყავი.
ეს კი სამშობლოში სულ უფრო ძნელდებოდა და 2014 წელს გადავწყვიტე ევროპაში ბავშვის ან მოხუცის მომვლელად, ან სულაც დამლაგებლად მემუშავა. ვფიქრობდი, რომ შვილთან, დასთან, ძმის ოჯახთან განშორება დამანგრევდა, მეშინოდა, რომ ყველასგან შორს, უცხო ადამიანებთან ყოფნა გამიჭირდებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი და ისევ ემიგრაცია მესახებოდა უკეთესი მომავლის იმედად.
ბედთან პირისპირ
- იტალიაში ერთი თვის ჩასულიც არ ვიყავი, ახლობელმა რომ მთხოვა, მანტუაში, სოფელ კვინჯენტოლეში, ერთ-ერთ ოჯახში დასახმარებლად გავყოლოდი. საინტერესოს არაფერს ველოდი იქ, სადაც არავის ვიცნობდი და ენაც კარგად არ მესმოდა. თუმცა ლანფრანკოსთან პირველივე შეხვედრისას ენის ბარიერიც გაქრა და უცხოობის შეგრძნებაც. არასდროს დამავიწყდება, 91 წლის ექსტრავაგანტური მოხუცი, მოხდენილი პიჯაკითა და ძალიან ლამაზი ჭრელი შარფით. ის მარტო ხელოვნებით ცდილობდა მოენუსხე, მანერებით, ქცევით გახვევდა თავბრუს. ამიტომაც ჰყავდა უამრავი მეგობარი. ასაკის მიუხედავად, უზარმაზარ ენერგიას ასხივებდა. როგორც ხელოვნების მოყვარული, მისი შემოქმედებით აღფრთოვანებას გამოვხატავდი. სიამოვნებდა. პირველსავე დღეს ყავაზე მიმიწვია, მკითხა საქართველოს შესახებ. მხოლოდ ერთი ქართველი, სტალინი იცოდა. ვუთხარი, ქართველებს გენიალური მხატვრები გვყავს და უნდა იცნობდეთ მათ შემოქმედებას. მერე ინტერნეტში ერთად ვათვალიერებდით კატალოგებს და აღნიშნავდა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავდით. მე ვცდილობ ჩემი შემოქმედებით მოგხიბლოთ, თქვენ კი ისე წარმოაჩენთ ქართულ კულტურას, როგორც პირად საგანძურს, ეს ძალიან მომწონსო.
დამშვიდობებისას გვთხოვა ისევ მივსულიყავით ნამუშევრების დაფასოებაში დასახმარებლად - ნახატები უნდა აგვერიცხა და ქრონოლოგიურად დაგველაგებინა. მოგვემზადებინა ანკეტები... საქმე ძალიან ერთფეროვანი იყო, მაგრამ თან ერთვოდა ლანფრანკოს ძალიან საინტერესო საუბრები მხატვრობაზე, მხატვრის ტექნიკასა და სხვა თავისებურებებზე. განიხილავდა საკუთარ და სხვების შემოქმედებას. ხელოვნებათმცოდნეობის მასტერკლასს გავდიოდი. ერთ დღესაც მითხრა, კატერინა (ასე მეძახდა), ძალიან მოხუცი ვარ, მინდა ჩემს საქმეს გაუძღვე. გადმოდი ჩემთან საცხოვრებლადო. თავის საქმეთა მმართველად დამნიშნა და ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო პერიოდი. ლანფრანკო ჩემი იტალიელი ფორტუნა იყო და სულაც არა მგონია შემთხვევითობა, რომ იტალიაში სწორედ მის დაბადების დღეს, 22 თებერვალს ჩავსულვარ.
ნდობა
ლანფრანკოს ჰყავდა შესანიშნავი მეუღლე სილვანა, რომელიც 2009 წელს გარდაცვლილა. შვილები არ ჰყოლიათ. ჰყავდა ნათესავები, რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. დღეს ჩემთან მეგობრობენ. საოცარმა მოხუცმა მისი საქმეების განმგებლად და მემკვიდრედ მე რომ ამირჩია, გამიკვირდა. ვკითხე კიდეც, რატომ მე-მეთქი? მან გაიხსენა ჩვენი ურთიერთობის პირველი დღეები. ძალიან ჰყვარებია ფულის სხვადასხვა ადგილას შენახვა, მაგრამ ავიწყდებოდა. ამიტომაც მისი კარადების დალაგების დროს არაერთხელ წავაწყდი ათასობით ევროს. ყოველ ჯერზე ვეძახდი, ვაჩვენებდი. ალბათ, შენი ფულია და გინდა მაჩუქოო. ვიცინოდით. უყვარდა ფერადი სამოსი, ფერადი პერანგები, შარფები, ფრანგული სუნამოები, მაგრამ არ უყვარდა ქალაქი, ხალხმრავლობა და ამიტომაც მთხოვდა, ყველაფერი მე მეყიდა. ნივთი ქვითრისა და ხურდის თანხლებით მიმქონდა და უკვირდა, როგორ ვერ ხვდები, რომ გენდობიო. მერე მეგობრებს უყვებოდა, რომ მის ქართველ მეგობარს ფული არ უყვარს. ერთ დღეს გამომიცხადა, ყველა საბანკო ანგარიშს განდობ, ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე შენ წახვალ, შენ გადაწყვეტ, რომელ მუზეუმში გავმართო გამოფენაო. ვიუარე. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ბანკსა და ფულთან არ გამაკაროთ-მეთქი. ამაოდ - შენ ჩემი მემკვიდრე ხარ და სხვა გზა არა გაქვსო.
8 წელი ვიცხოვრეთ ერთ ჭერქვეშ. ის იყო ჩემი იტალიელი მამა. ყოველთვის აღნიშნავდა, კატერინა, მექცევი როგორც მამას და ეს ძალიან მომწონს. არადა, არასდროს მიფიქრია შვილებზე. ჩემთვის საკმარისი იყო საყვარელი სილვანაო. არადა, მეუღლესაც ხანგრძლივად ტოვებდა მარტოს, შეეძლო თვეობით შეჩერებულიყო პარიზის საუკეთესო სასტუმროებში, სადმე, თბილ ქვეყანაში. ელტვოდა მზეს, სითბოს, ქალებს და მისი ნახატებიც იჟღინთებოდა ალისფრით. როდესაც მის ცხოვრებაში ცოტა ხნით, მაგრამ მაინც დგებოდა დეპრესია, შემოქმედებაში მუქი ფერები ჭარბობდა.
კვინჯენტოლელი მოქანდაკის სიღარიბეში გაზრდილი ვაჟი, რომელმაც თითქმის საუკუნის განმავლობაში იცოცხლა და დიდი აღიარება მოიპოვა, 2019 წელს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცხოვრების ბოლო 45 წლის განმავლობაში ვეგეტარიანელი იყო. ხუმრობდა, ხორცი და სიგარეტი ერთდროულად მივატოვე და მსოფლიოს იმავეს ვურჩევო. არასდროს უავადმყოფია. მხოლოდ სიკვდილამდე ორი თვით ადრე გახდა ავად.
იტალიელი სალვადორ დალი
არასდროს აღიარებდა სალვადორ დალის აშკარა გავლენას. სურდა ყველას სრულიად ორიგინალური სტილის მქონედ მიეჩნია. თუმცა ის ძალიან საინტერესო შემოქმედი იყო. ერთდროულად გახლდათ მხატვარი, მოქანდაკე, პოეტი, მწერალი... განსაკუთრებით ეამაყებოდა მილანში პიაცა დუომოზე აღმართული ნეტარი კარკანეს, იტალიელი წმინდანის ქანდაკება, რომელსაც სავიზიტო ბარათად მიიჩნევდა.
ის ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებდა სილვანას. ჟღალთმიანი, ჭორფლიანი გოგო ჩემი მფარველი ანგელოზი იყოო. ლანფრანკო მიამბობდა, როდესაც ახალგაზრდები და ღარიბები იყვნენ, ბრინჯის საკრეფად პლანტაციებში თვეობით მიდიოდნენ და გასამრჯელოდ ზამთარში თავის გასატანად ბრინჯი მოჰქონდათ. სილვანა თავის წილ ბრინჯს ყიდდა და შეყვარებულ სტუდენტ მხატვარს უგზავნიდა, რომ ესწავლა. იცოდა, რომ არ ვიქნებოდი იოლი ქმარი, მაგრამ მზად იყო ყველაფერში მხარში ამოსდგომოდაო, - ამბობდა ლანფრანკო. უკვე გამოსაცემად მზად არის ლანფრანკოსა და სილვანას საოცარი სიყვარულით გაჟღენთილი წერილების კრებული.
ვცდილობ მისი ანდერძის ყველა პუნქტი აღვასრულო. ახლა ჯერი მისი საცხოვრებელი სახლის მუზეუმად გადაკეთებაზეა.
ვფიქრობ, როდესაც იმიერში ერთმანეთს შევხვდებით, ის კმაყოფილი იქნება, რომ რაც ყველაზე მეტად უყვარდა, რასაც მთელი არსებით ქმნიდა, მისი შესანიშნავი ხელოვნება და დაწყებული საქმეების დასრულება მე მანდო.