"რუსების გამჩერებლები მხოლოდ ამერიკელები არიან“ - კვირის პალიტრა

"რუსების გამჩერებლები მხოლოდ ამერიკელები არიან“

"სანქციები ნამდვილად არ არის საკმარისი.­ ბაიდენმაც თქვა, რომ ეს გრძელ ვადაზეა გათვლილი. უკრაინა კი რამდენ ხანს გაძლებს? ხომ გამოჩნდა, რომ ნატო არ აპირებს­ რუსეთთან ომს?“

"ხელისუფლების პოლიტიკა იმაზეა მიმართული, რომ რუსეთს საბაბი არ მისცეს აგრესიისთვის. ეს თუ გადაგვარჩენს, სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ ვნახოთ. სამწუხაროდ, ეს არ არის იმის გარანტია, რომ რუსეთი არ მოგვიტრიალდება", - ამბობს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი თორნიკე­ შარაშენიძე.­

- უპირველესად ქებათა ქება ამერიკულ დაზვერვას, რადგან ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ რუსეთი ომს დაიწყებდა, მათ შორის, ძალიან ინფორმირებულ რუსებს. უკრაინაში შეჭრა არ ექვემდებარება რაცი­ონალურ ახსნას, რადგან გაუგებარია, ამით რა­ მოიგო რუსეთმა. ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ნატოში მაინც ვერ შედიოდა. შეეძლო პროვოკაციები მოეწყო დონბასის ოლქში, რათა მთლიანად დაეკავებინა და ასე მოეხდინა ზეწოლა უკრაინაზე. ამით ხელში ეყოლებოდა უკრაინა. ეს რუსეთს უკან ძალიან ცუდად მოუტრიალდება, ასეთი ომის გაჩაღება ყველაზე ახლოს მდგომ ერთან შედეგების გარეშე არ ჩაივლის.

- მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ზეწოლა ყოველდღიურად ძლიერდება, არის უკმაყოფილება­, რომ ეს სანქციები საკმარისი არ არის რუსეთის შესაჩერებლად...

- ნამდვილად არ არის საკმარისი.­ ბაიდენმაც თქვა, რომ ეს გრძელ ვადაზეა გათვლილი. უკრაინა კი რამდენ ხანს გაძლებს? ხომ გამოჩნდა, რომ ნატო არ აპირებს­ რუსეთთან ომს? ორი ვარიანტი იყო - ან ჩაესვათ უკრაინაში, მაგალითად, ერთი ამერიკული ბატალიონი, რომელიც პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა, რადგან, წესით, რუსეთი ამერიკას ომს არ დაუწყებდა. მაგრამ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჯერ იყო ფსიქოლოგიური ომი, რომელშიც პუტინი იმარჯვებს იმიტომ, რომ პირველი: მას აქვს ყველაფერზე წამსვლელის იმიჯი და მეორე - ამერიკაში უკრაინა მაინც აღიქმება როგორც რუსეთის ტრადიციული­ გავლენის სფეროდ და ამიტომ ამერიკის რიგითი ამომრჩეველი რუსეთთან კონფრონ­ტაციას მხარს არ დაუჭერს. როგორც ცნობილია, ბაიდენმა უკრაინიდან ამერიკელი სამხედროები გაიყვანა, ეს კი პუტინმა აღიქვა ისე, რომ ამერ­იკა უკრაინაში აღარ იყო და რუსეთს თავისუფლად შეეძლო შესვლა. რუსეთს მხოლოდ ამერიკის ეშინია, რადგან რუსების გამჩერებლები მხოლოდ ამერიკელები არიან...

- ამერიკის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ომს იწყებდა და ისიც ცხადი იყო, ამერიკელების გასვლა კრემლისთვის კარტ-ბლანში იქნებოდა. რა შედეგიც ექნებოდა ამას, ეცოდინებოდათ და რისი გათვლით მიიღო ამერიკამ ეს გადაწყვეტილება?

- როგორც გითხარით, ეს იმის შედ­ეგია, რომ პუტინმა ფსიქოლოგიურ ომში გაიმარჯვა, რომ უკრაინის გამო ამერიკა რუსეთთან ომს არ დაიწყებს.

- რამდენად არის საფრთხე, რომ სამხედრო აგრესია გავრცელდეს მოლდოვაზე, საქართველოსა და თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე?

- ვფიქრობ, ცოტა ხანს უკრაინაზე გაჩერდება, მით უმეტეს, რომ 45-მილიონიანი და ამხელა ტერიტორიის მქონე ქვეყნის დამორჩილება არ იქნება ადვილი.

- უკრაინის არმია შეძლებს გამკლავებას?

- ჯერჯერობით კარგად უმკლავდება. საბედნიეროდ, მსხვერპლიც არ არის დიდი და ეს არის მთავარი. ორი-სამი დღე იქნება გადამწყვეტი, ამასობაში რუსეთმა კიევი თუ ვერ აიღო, ეს ფსიქოლოგიურად დაეტყობა რუსულ არმიას, მით უმეტეს, რუს მოსახლეობაში ამ ომს რეალურად მხარდაჭერა არა აქვს. საქართველოს რომ შევადაროთ, მაშინ ცხინვალის დაბომბვის თემა გამოიყენეს საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად და ხალხის მხარდაჭერა არ გვქონდა. ახლა ესეც არ არის და ამ ომს ვერაფრით ამართლებენ.

- საქართველოს ხელისუფლების განცხადებები რამდენად ადეკვატურია ამ ვითარებასთან?

- ჩვენ რა შეგვიძლია? ჩვენ რა უნდა ვქნათ, როდესაც დასავლეთი სანქციების იქით ვერ მიდის? რა უნდა ვქნათ, როდესაც ყურის ძირში რუსი სამხედროები დგანან?

- ის მაინც არ უნდა ვთქვათ, რომ ომი უკრაინაშია, ჩვენთან ხომ არა, ასე არ არის?

- ამაზე რა გითხრათ, როგორც ჩანს, პრემიერს ნამეტანი პირდაპირობით მოუვიდა. გეთანხმებით, რომ განცხადების ფორმას გააჩნია და ჯობს, საერთოდ არაფერი თქვან. ხელისუფლების პოლიტიკა იმისკენაა მიმართული, რომ რუსეთს საბაბი არ მისცეს აგრესიისთვის. ეს თუ გადაგვარჩენს, სიმართლე გითხრათ, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ ვნახოთ. სამწუხაროდ, ეს არ არის იმის გარანტია, რომ რუსეთი არ მოგვიტრიალდება. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ რა სანქციებს უნდა მივუერთდეთ? გამოვიდეთ საბავშვო ასაკიდან და რეალურად ვიმსჯელოთ. თუმცა, ცხადია, აზრის ძალიან დელიკატურად გამოხატვაც შეიძლებოდა.

რუსა მაჩაიძე