"თუ დღეს დასავლეთის პოზიციის გამო უკრაინა­ იძულებული გახდა წავიდეს ნეიტრა­ლიტეტზე, რუსეთი ამაზეც კი აღარ იქნება თანახმა“ - კვირის პალიტრა

"თუ დღეს დასავლეთის პოზიციის გამო უკრაინა­ იძულებული გახდა წავიდეს ნეიტრა­ლიტეტზე, რუსეთი ამაზეც კი აღარ იქნება თანახმა“

"დასავლეთმა მორალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და დღეს, როდესაც ჩვენ თოფი გვაქვს მოშვერილი და ჩვენ გვსაყვედურობენ, საქართველო სანქციებს რატომ არ უერთდებაო, თავად რატომ არ უწესებენ რეალურ სანქციებს?“

"უკრაინის დაცემა ავტომატურად ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვის დაცემას. ეს ერთი პაკეტია და როგორც ჩანს, პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინით ერთდროულად რამდენიმე კურდღელს მოკლავს", - ამბობს პოლიტიკის უსაფრთხოების ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე.

lagazidze.jpg

- როგორც კი დაიწყო უკრაინაზე შეტევა, ვამბობდი, რომ დასავლეთს უკრაინის თავზე დაეხურა ცა, რაც უკრაინას საჰაერო­ შეტევას აარიდებდა და არ მივიღებდით იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს, რადგან თავის­ დროზე არ მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებითაც­ შეძლებდა დიდი ქალაქების­ დაცვას და უკრაინის სიღრმეში რუსეთის სწრაფ სვლას თავიდან აირიდებდა. ამისთვის თვე-ნახე­ვარი მაინც ჰქონდა დასავლეთს, როდესაც რუსეთმა მოითხოვა უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს პერსპექტივის აკრძალვა, ნატოს წევრი ყოფილი საბჭოთა­ ქვეყნების, ანუ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი ვარშავის ბლოკის ქვეყნებიდან ნატოს ცოცხალი ძალისა და შეიარაღების გაყვანა, 1997 წლის სტატუს-კვოს დაბრუნება, ყოველგვარ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე უარის თქმა. ამას იმიტომ ვუბრუნდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რისკენ მიდის რუსეთი. რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ უკრაინით, რადგან უკრაინის დაცემა ავტომატურად ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვის დაცემას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის შესაძლო სამხედრო შემოჭრის თაობაზე. ეს ერთი პაკეტია და როგორც ჩანს, პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინით ერთდროულად რამდენიმე კურდღელს მოკლავს. ბაიდენმა თქვა, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. მას მხოლოდ საბჭოთა კავშირის აღდგენა კი არა - კარგად წაიკითხოს დასავლეთმა ის ულტიმატუმი, რომელიც პუტინმა ჯერ დეკემბერში გაუგზავნა და შემდეგ უკრაინაში შეჭრამდე ერთი კვირით ადრე - იქ შავით თეთრზე წერია ის, რაც მე უკვე ვთქვი და ეს დააგვირგვინა პუტინის გამოსვლამ შეჭრამდე. ის ამბობს, რომ მას რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს და ეს საბჭოთა კავშირის ფარგლებს აღემატება.

- მისცემს დასავლეთი ამის საშუალებას?

- რა შეუშლის ხელს? თუ დღეს დასავლეთის პოზიციის გამო უკრაინა­ იძულებული გახდება წავიდეს ნეიტრა­ლიტეტზე, რუსეთი ამაზეც კი აღარ იქნება თანახმა. პუტინი ითხოვს უკრაინის სრულად განიარაღებას, მეორე სახელმწიფო ენად რუსულის აღიარებასა და უკრაინის კონფედერაციას. ესეც არ არის საბოლოო მიზანი. ყველაზე მცირე, რაც რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში სურს, არის ისეთი ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობები, როგორიც გააფორმა აზერბაიჯანთან უკრაინაში შეჭრის წინადღეს. მას უნდა ისეთი სამოკავშირეო ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს კულტურით დაწყებულ ყველა სფეროს და რაც მთავარია, სამხედრო მორჩილებას - ანუ რეალურად საბჭოთა კავშირის ტრანსფორმირებულ კავშირზეა საუბარი. უკრაინასაც აიძულებს, სულ მცირე, ამ ტიპის ხელშეკრულება გააფორმებინოს, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ ყველა სახელმწიფოს. ეს არის მინიმუმი და მაქსიმუმ სადამდე წავა მისი ფანტაზია, ამაზე ლაპარაკი ძნელია. თუ დასავლეთი ძალიან მალე არ გადაწყვეტს, რომ რუსეთი უნდა შეაკავოს, კრემლი ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიადგება.

- სანქციებს, რომლებიც ამუშავდა, რუსეთში ეკონომიკური შედეგები უკვე აქვს. ფიქრობთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო?

- იარაღს აწვდიან, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია - მხოლოდ ამ შეიარაღებით რუსეთის შეკავება ძალიან ძნელია. სინამდვილეში უკრაინა რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებულ ძალებს ებრძვის. გეთანხმებით, რომ ამ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას უკვე დიდი დარტყმა მიაყენა და პირდაპირ ვთქვათ, ახლო მომავალში მოცელავს, მაგრამ დრო უკრაინის სასარგებლოდ არ მუშაობს. რასაც უკრაინა ითხოვს, სამპუნქტიანი პაკეტია და აქედან ყველაზე ქმედითი იქნება, რომ დააწესონ ნავთობის ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ და შეაჩერონ რუსული ექსპორტი, მაგრამ ყველაზე პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ის არის, რომ დახურონ უკრაინის ცა რუსული ბომბდამშენებისთვის. სხვაგვარად პროცესების შეჩერება შეუძლებელი იქნება. კიდევ ერთი რამ - დასავლეთთან ენის მოჩლექამ მიგვიყვანა აქამდე. ჩვენ, როგორც პროდასავლურ ქვეყანას, წლების განმავლო­ბაში არც ერთი ნაბიჯით არ გვიღალატია­ ამ გზისთვის, ხელისუფლებას ვმიჯნავ, მოსახლეობაზე ვლაპარაკობ და დასავლეთის პასუხისმგებლობაა ის, რაც მოხდა და ხდება. დასავლეთი დამნაშავეა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გამო და ეს უნდა იგრძნოს­. ამ ყველაფრისთვის რომ სახელი­ დაგვერქმია­ და ამ წლების განმავლო­ბაში მოთხოვნის კილოთი გველაპარაკა და გვეთქვა, რომ 2008 წლისა და 2014 წლის ომები და შედეგები თქვენი დანაშაულია და კეთილინებეთ და გამოისყიდეთ ჩვენი ნატოსა და ევროკავშირში მიღებით, რუსეთი დღეს ამას ვერ გაბედავდა. დასავლეთმა მორალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და დღეს, როდ­ესაც ჩვენ თოფი გვაქვს მოშვერილი და ჩვენ გვსაყ­ვედურობენ, საქართველო­ სანქციებს რატომ არ უერ­თდებაო, თავად რატომ არ უწესებენ რეალურ სანქციებს? გერმანია, იტალია რატომ არ უწესებენ? სირაქლემასავით ჩირგვებში თავის წარგვა არ არის პროდასავლურობა. ყოველ დილით რომ ასაჯაროებენ დაზვერვის მონაცემებს და დეკემბრის შემდეგ აცხადებენ, რუსეთი კიევში შეიჭრებაო, რატომ არ მისცეს იარაღი? რატომ არ მისცეს საჰაერო თავდაცვის სრულფასოვანი სისტემები? არავინ გაბედოს და კაპიტულანტობა არ დასწამოს უკრაინის ხელისუფლებას, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით ებრძვის რუსეთს. ნორმალური შეიარაღების მიწოდება არ შეეძლოთ? ხვალ-ზეგ შეიძლება აქ რუსეთის ტანკები შემოვიდეს და გავჩუმდეთ? როდესაც დასავლეთზე ამას ვამბობ, მინდა საქართველოში პროდასავლური იდეა გადავარჩინო, რადგან როგორ წარმოუდგენიათ, თუ უკრაინა დაეცა და ნეიტრალიტეტზე აიძულეს, თუ მოგვადგა ჩვენ, ეს დასავლეთის იმიჯს გადაარჩენს? ამას პირში წყლის ჩაგუბება უშველის? პირიქით, სანამ დროა, განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, რათა საქართველოში პროდასავლური საქართველო გადავურჩინოთ მომავალ თაობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა სავსეა იმ ჯგუფებით, რომლებსაც რუსეთი პირველივე დაძახილზე გამოიყენებს პროვოკაციისთვის, დივერსიული აქტებისთვის და ა.შ. 2016 წლიდან საქართველო პერმანენტულ ჰიბრიდულ ომშია რუსეთთან, საფრთხე ძალიან დიდია. რადიოსივრცეში პირდაპირი მოწოდებებია კაპიტულაციისკენ და ამაზე ხელისუფლებამ იცის რამე? ეს დღეს და გუშინ დაწყებული პროცესი ხომ არ არის? ვიცით, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ეს ყველაფერი ხომ ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ძალიან ცუდი რამ მზადდება? საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კონკრეტული ინფორმაცია რომ არ ჰქონდეს, ხომ არ იტყოდა, საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის შეჭრის საფრთხეაო? ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, დასავლეთისგან რას უნდა ელოდოს მოვლენათა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში.რას ჰქვია, უსაფრთხოების საბჭოს არ მოვიწვევო?! ცხადია, პრემიერმა უნდა თქვას, რომ საფრთხე არ არისო, მაგრამ მეორეა, რეალურად რას აპირებენ ყველა იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც ქვეყანას დაუდგება. სხვა თუ არაფერი, ის ხომ მაინც უნდა თქვა, ეკონომიკურ პრობლემებს როგორ გაუმკლავდებიან და სანქციებს რომ ფინანსურ ბაზრებზე დომინოს პრინციპი ექნება, ეს ხომ ვიცით.

- ღარიბაშვილის განცხადება, სანქციებს არ შევუერთდებითო, რამდენად სწორად ან საფრთხის შემცველად მიგაჩნიათ?

- ასეთი განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას სახეს უკარგავს და იზოლაციაში აქცევს მოსალოდნელი რუსული საფრთხის პირისპირ. იმავდროულად, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ განსხვავებული აზრის პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად - ცხადია, აქ რუსულ აგენტურას არ ვგულისხმობ - თავისი მედიებით და ექსპერტთა საზოგადოებით დაჯდეს და ყველა საფრთხეზე, რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში დაგვემუქროს, ფინანსურით დაწყებული და ღმერთმა ნუ ქნას, სამხედრო შემოტევით დამთავრებული, შეთანხმდნენ, რას აპირებენ და როგორი იქნება რეაგირების ფორმები. დასავლეთთან უნდა იყოს მუდმივი კონტაქტი, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა. უნდა ვიცოდეთ, რა გველოდება და რა პრევენციული მექანიზმები უნდა ჩავრთოთ, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მეუფე იაკობს, რომელსაც ჰქონდა შესანიშნავი განცხადება: "მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია. დღეს საქართველო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დგას. არა მარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ. 2008 წელს ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და იქ სიკეთე შეიტანეს თუ რა? მოასხდნენ თავზე და არიან ისე, ამიტომ მინდა ჩემს ერს მოგმართოთ - დავფიქრდეთ, თუ რის წინაშე ვდგავართ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა, არ შეგვეშინდეს, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ".

განსაცდელის დროს მეუფის ასეთ მორალურ პოზიციას ერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს ბრიტანეთის გამორჩეულად სწორი პოზიცია და თურქეთის პრეზიდენტის მოწოდება ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის, რომ ნატო სიტყვიდან საქმეზე უნდა გადავიდეს უკრაინის დასახმარებლად. დიდი მადლობა მათ ამისთვის.

რუსა მაჩაიძე