პუტინის ბლიცკრიგს ჰიტლერის ბლიცკრიგის ბედი ელის - კვირის პალიტრა

პუტინის ბლიცკრიგს ჰიტლერის ბლიცკრიგის ბედი ელის

"ის, რაც პუტინმა შეძლო საქართველოს ნაწილის­ ოკუპაციის დროს და რასაც­ მაშინდელი მსოფლიო გულგრილად მოეკიდა, ვეღარ განმეორდება - პუტინს ყირიმის ოკუპაციის დროინდელი იოლი გასეირნება აღარ გამოსდის..."

ვუყურებ რუკაზე გამოსახულ შეტევის მიმართულების მაჩვენებელ ისრებს და გიჩნდება დე ჟავუს შეგრძნება. ეს ხომ უკვე იყო! 1941 წლის აგვისტოშიც ხომ სწორედ ბელორუსიიდან, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან უტევდნენ გუდერიანის ტანკები კიევს? მაგრამ ეს ხომ 2022 წლის 27 თებერვლის რუკაა და კიევისკენ ახლა უკვე შოიგუს ტანკები მიდიან! ისტორია მეორდება - მე-20 საუკუნის ჰიტლერს 21-ე საუკუნეში პუტინის სახით "ღირსეული" მიმდევარი გამოუჩნდა. მათი მიზანი ხომ ერთია - იმპერიის შექმნა მეზობელი ქვეყნების დაპყრობისა და დამონების გზით!

Mმესამე რაიხის აღორძინებისა და მსოფლიოს დიქტატურის დამყარების გზაზე ჰიტლერმა ჩვენი პლანეტის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა, რუსეთის იმპერიის აღდგენისთვის კი პუტინს მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. ბევრი პარალელი იკვეთება ჰიტლერისა და პუტინის ქმედებებში და, იმედია, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ბლიცკრიგი (ომის მოგება ელვისებური­ შეტევებით) ისევე ჩაფლავდება, როგორც ჰიტლერისა.

სტატიის დაწერის დროს, 27 თებერვალს, პუტინის უკრაინაზე თავდასხმის მეოთხე დღეს, უკვე გარკვეული იყო, რა ოპერატიულ-ტაქტიკური ჩანაფიქრი ჰქონდა რუსეთის გენშტაბს და რომელი მიმართულებებიდან და როგორი წარმატებით უტევდა ის უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებს.

ისევე, როგორც ჰიტლერი ცდილობდა, ბლიცკრიგით სწრაფად აეღო მოსკოვი, პუტინიც აჩქარებს თავის სამხედროებს, რაც შეიძლება მალე შეიჭრან კიევში, რომ უკრაინის დედაქალაქში დასვას პრორუსული მარიონეტული ხელისუფლება (როგორც გააკეთა აფხაზეთის, ცხინვალისა თუ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ), რომელსაც ფიქციურ რეფერენდუმს ჩაატარებინებს და ეცდება, მთელ მსოფლიოს თვალში ნაცარი შეაყაროს - ჩემთან რა გინდათ, რეფერენდუმით უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა, დაივიწყოს დასავლეთის გზა და ისევ მოძმე რუს ხალხს ჩაეხუტოსო. მაგრამ ის, რაც პუტინმა შეძლო საქართველოს ნაწილის­ ოკუპაციის დროს და რასაც­ მაშინდელი მსოფლიო გულგრილად მოეკიდა, ვეღარ განმეორდება - პუტინს ყირიმის ოკუპაციის დროინდელი იოლი გასეირნება აღარ გამოსდის.

24 თებერვლის გამთენიისას უკრაინაზე თავდასხმა (აქაც პარალელი: 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერმა ომი დილის 4 საათაზე დაიწყო; პუტინმა აგრესიის დასაწყებად დილის­ 5 საათი შეარჩია) ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მასიური დარტყმით დაიწყო, რომელთა სამიზნე უკრაინის აეროდრომები, რადიოლოკაციური სადგურები, სამხედრო ნაწილების შენობები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები აღმოჩნდა.

სარაკეტო თავდასხმას საავიაციო და საარტილერიო დაბომბვები მოჰყვა და უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადად, სამი მიმართულებიდან, რუსეთის არმიის არანაკლებ 80 საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი­ (თითოეულ ჯგუფში­ ათასამდე მებრძოლია) შეიჭრა ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის მობილური საშუალებების თანხლებით. სამხრეთის მიმართულებიდან, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან (რომელიც ოკუპაციიდან რვა წელში კრემლმა მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად აქცია) დაძრულმა რუსულმა ჯავშანკოლონებმა შეტევა, ძირითადად, ორი მიმართულებით გააგრძელეს: დასავლეთით - ხერსონისა და ნიკოლაევისკენ, ოდესის ასაღებად და მოლდ­ოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთისკენ, სახმელეთო­ გზის გასაჭრელად და აღმოსავლეთით - მელიტოპოლზე გასვლით, აზოვის ზღვის სანაპიროთი მარიუპოლზე იერიშის მიტანით ამ მებრძოლი­ ქალაქის (რომელიც­ რვა წლის განმავლობაში დონბასელ პრორუს სეპარატისტებს ყელში ჰქონდათ გაჩხერილი, რადგან ვერ დაიპყრეს) "ქვაბში" მოსაქცევად. რუსული ჯავშანკოლონები მელიტოპოლიდან ჩრდილოეთით, ზაპოროჟიესკენ, ანუ უკრაინის შუაგულის დასაპყრობდაც გაემართნენ. ძირითადი შეტევის­ კიდევ ერთი მიმართულება ჩრდილო-აღმოსავლეთი გახლდათ, როდესაც როსტოვის ოლქიდან რუსული შენაერთები ისედაც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების დასახმარებლად გაემართნენ­, ბელგოროდის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებიდან კი უკრაინას ჩრდილოეთიდან დაესხნენ თავს ხარკოვისა და სუმის აღების შემდეგ კიევისკენ აღმოსავლეთიდან გაჭრის მიზნით. რუსეთის უკრაინაზე შეტევის მესამე ძირითადი მიმართულება ჩრდილო-დასავლეთიდან, ანუ ბელარუსის ტერიტორიიდან გამოიკვეთა. ამ ქვეყნის ხელისუფლების მუხანათობა უკრაინისთვის ზურგში­ დანის ჩაცემის ტოლფასი აღმოჩნდა და თუკი ჰიტლერის დამქაშებივით პუტინის რეჟიმსაც 21-ე საუკუნის ნიურნბერგის საერთაშორისო სასამართლო გაასამართლებს, იქ ერთი ადგილი ლუკაშენკოს აუცილებლად უნდა შეუნახონ.

სამი ძირითადი მიმართულებიდან დაწყ­ე­ბული ფართომასშტაბიანი შეტევებით რუსეთმა მოახერხა უკრაინის დამცველთა ძალების გაფანტვა, თუმცა რვა წლის განმავლობაში დონბასში პოზიციური­ ბრძოლების დროს შექმნილმა უკრაინელ­ების ეშელონირებულმა თავდაცვამ გაუძლო რუსეთის რეგულარული­ არმიის და­ნაყოფებით გაძლიერებუ­ლი სეპარატისტების შეტევებს.­

ჩრდილოეთ მიმართულებაზე ხარკოვისა და სუმის­ დამცველებიც გმირულად იბრძოდნენ, ისევე, როგორც სამხრეთით ხერსონსა და ნიკოლაევში, მაგრამ ძალები აშკარად არათანაბარია, მით უმეტეს, რომ ომის დაწყების მეოთხე დღეს რუსეთმა­ შეტევაში­ თავისი დაჯგუფების მეორე ეშელონის ჩართვა დაიწყო.

რა მოხდება უახლოეს დღეებში, პროგნოზირება მეტ-ნაკლებად შეიძლება. Pპირველი - აღმოსავ­ლეთ­ ფრონტზე რუსეთის არმია ეცდება "ქვაბში" მოაქციოს მარიუპოლი და დონბასის ის დამცველები, რომლებიც­ დონეცკი-ლუგანსკის ხაზის გაყოლებაზე ჯერჯერობით ინარჩუნებენ თავდაცვის ზღუდეს. მეორე - ოდესის აღება პუტინისთვის პრინციპის საკითხია და ხერსონისა და ნიკოლაევის მიმართულებებიდან სახმელეთო შეტევების პარალელურად, ეცდება, ოდესის სიახლოვეს დიდი სადესანტო ხომალდებიდან გადასხას მრავალრიცხოვანი საზღვაო დესანტი (ასეთივე, ოღონდ შედარებით მცირერიცხოვანი საზღვაო დესანტის გადასხმა აზოვის ზღვის სანაპიროზე, მარიუპოლთანაც იგეგმება). ოდესის აღების შემთხვევაში რუსეთი შედარებით ადვილად გაჭრის დერეფანს სეპარატისტულ დნესტრისპირეთამდე, რაშიც შეიძლება იქაური რუსული სამხედრო ბაზის მოკრძალებული საბრძოლო პოტენციალიც გამოიყენოს. Mმესამე - მთავარი ბრძოლები კიევის გარშემო გაიმართება, რადგან დედაქალაქის მარწუხებში მოქცევა სურთ. ამისთვის რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები სწრაფად იკავებენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს, რომ სამი მხრიდან ალყაშემორტყმულ კიევს სამხრეთიდანაც შეუტიონ. უკრაინის გმირი დამცველები, სამწუხა­როდ, ვერ შეძლებენ შეტევის ყველა მიმართულებაზე აგრესორების დიდხანს შეჩერებას და თავდაცვის უმთავრეს ობიექ­ტად შეიძლება კიევი დარჩეს, რომლის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უკრაინის მომავლისთვის.

რუსი აგრესორებისა და უკრაინის დამცველთა ტაქტიკა

მოწინავე რუსული ჯავშანკოლონები სწრაფად მოძრაობენ, ძირითადად, ასფალტირებულ გზებზე და დასახლებულ პუნქტებსაც გვერდს უვლიან, რომ ადგილობრივი­ მასშტაბის ბრძოლებით­ არ შეფერხდნენ (გავიხსენოთ აგვისტოს ომის დროს რუსეთის სადესანტო დანაყოფების სწრაფი გამოჭრა ცხინვალიდან ნიქოზი-ვარიანის გზაზე). ბრძოლებში შეტევის მეორე ეშელონის დანაყოფებიც ებმებიან ძლიერი საარტილერიო და საავიაციო მხარდაჭერით. სხვათა შორის, უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე მოუძებნეს "წამალი" რუსების ბლიცკრიგს - ამერიკული "ჯაველინებითა"­ და ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით მათ არაერთი რუსული ჯავშანკოლონა "დაადუღეს".

იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ავიაცია უკრაინის ცაშია გაბატონებული (რა გასაოცარიც უნდა იყოს, უკრაინის აეროდრომების მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, უკრაინის საბრძოლო თვითმფრინავები, მათ შორის, თავის დროზე თბილისის საავიაციო­ ქარხანაში აწყობილი მოიერიშეები, მაინც ახერხებენ აფრენას და რუსული კოლონების დაბომბვას) და მოსალოდნელია, ადრე თუ გვიან, უკრაინის არმიის საბრძოლო ტექნიკა მის სამიზნედ იქცეს, მალე შეიძლება უკრაინელი სამხედროების მთავარი საბრძოლო ტაქტიკა გახდეს ნახევრად პარტიზანული მოქმედება ტოტალური თავდაცვის ელემენტებით, მით უმეტეს, თუკი დასავლეთი, შეპირებისამებრ, უახლოეს დღეებში უკრაინის არმიას ასეულობით "ჯაველინსა" და "სტინგერს" მიაწვდის.

რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე­ დღეებში რუსეთის არმიამ მასშტაბურად დაიწყო საშვეულმფრენო ტაქტიკური დესანტის გადასხმა უკრაინის აეროდრომებზე მათი დაკავებისა და იქ მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღების­ მიზნით, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის შუაგულში ერთ საათში ათასობით რუს მედესანტეს გადაიყვანენ.G გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები - "იგლები", "გრომები", "სტინგერები" - საუკეთესო საშუალებაა, რომ უკრაინულმა მცირერიცხოვანმა ჯგუფებმა რუსულ სატრანსპორტო თვითმფრინავებზე ინადირონ მათი დაჯდომა-აფრენის მომენტში.

კიევში პანიკის დასათესად ომის დაწყების პირველი სამი ღამის განმავლობაში მცირერიცხოვანი რუსული სადაზვერვო-დი­­ვერსიული ჯგუფები (ალბათ, ომის დაწყებამდე შეგზავნეს სამოქალაქო ტანსაცმლით და მათ ბინები სხვადასხვა უბანში­ იქირავეს) ქუჩებში ისროდნენ და აფეთქებებს­ აწყობდნენ. თითქმის ალყაში მოქცეულ კიევზე­ ფართომასშტაბიანი რუსული იერიშის დაწყების შემთხვევაში ეს ჯგუფები, რომელთა გამოვლენას უკრაინული სპეცსამსახურები მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ, დედაქალაქში მეხუთე კოლონის როლს ითამაშებენ.