რით უტევენ რუსი აგრესორები და რით იცავენ თავს უკრაინელები - კვირის პალიტრა

რით უტევენ რუსი აგრესორები და რით იცავენ თავს უკრაინელები

უკრაინის წინააღმდეგ რუსული ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების მესამე დღეს უკვე შეიძლება გაანალიზება, რა შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას იყენებს შეტევისას რუსეთის არმია და რა საშუალებებით იცავენ თავს უკრაინელები.

ცეცხლსასროლი იარაღი

შეტევების მონაწილე რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების პირადი შემადგენლობის მთავარი საშტატო შეიარაღება 5,45 მმ კალიბრის АК-74 ტიპის "კალაშნიკოვის" ავტომატებია, თუმცა სპეციალური ოპერაციების ძალებსა და სხვადასხვა სპეცდანიშნულების რაზმის ელიტურ დანაყოფებს მოდერნიზებული "კალაშნიკოვები" - АК-12-ები აქვთ. უკრაინის დამცველებიც, ძირითადად, ანალოგიური, საბჭოთა­ წარმოების АК-74 -ით არიან აღჭურვილი, თუმცა ეროვნული გვარდიისა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებს უფრო მოძველებული, 7,62 მმ კალიბრის АКМ-იც ბევრი აქვთ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებისა და სპეცრაზმების არსენალშია 5,56 მმ კალიბრის ნატოს ქვეყნების ავტომატური იარაღი - ამერიკული М4 თუ ისრაელის NTavor-ი, თუმცა მათი რაოდენობა "კალაშნიკოვებისას" მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

მას შემდეგ, რაც ორ დღეში კიევის ქუჩებში თითქმის ყველა მსურველს ოცი ათასამდე АКМ დაურიგეს, უკრაინის დამცელთა ხელში ამ ტიპის "კალაშნიკოვების" რიცხვმა მოიმატა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ასე დარიგებული ავტომატების ნაწილი შეიძლება იმ პოტენციური დამნაშავეების ხელში აღმოჩნდეს, რომლებიც კიევის ქუჩების დაცვის ნაცვლად ამ ქუჩებში მაროდიორობას დაიწყებენ.

მოწინააღმდეგე მხარეებს ტყვიამფრქვევის სახეობებიც ანალოგიური აქვთ: 7,62 მმ-იანი ПКМ-ები და მსხვილკალიბრიანი НСВ-ები, თუმცა უკრაინელებმა იარაღის საწყობებიდან მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მსხვილკალიბრიანი ДШК-ებიც კი გამოიტანეს.

დაპირისპირებული მხარეების ყველაზე მასობრივი სნაიპერული იარაღი ისევ СВД-ს შაშხანებია, თუმცა ბოლო პერიოდში უკრაინელმა სნაიპერებმა რამდენიმე ასეული დასავლური წარმოების თანამედროვე სნაიპერული შაშხანა მიიღეს, მათ შორის - მსხვილკალიბრიანიც.

რუსული სპეცრაზმების სნაიპერულ ჯგუფებსაც საკმარისად აქვთ თანამედროვე სნაიპერული შაშხანები, როგორც რუსული, ისე - ნატოს წევრი ქვეყნების წარმოებული, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები შემოვლითი გზებით ადვილად შოულობენ მიამიტი ან ფულს დახარბებული ზოგიერთი ევროპული საიარაღო ფირმის მეშვეობით.

ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება

დღევანდელ ბრძოლებში ორივე მხარე ყველაზე მეტს ისევ კარგად ცნობილ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნ РПГ-7-ებს იყენებს, საბჭოთა დროინდელ РПГ-22 და РПГ-26 ტიპის ერთჯერად ყუმბარსატყორცნებთან ერთად.

რუსულ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს, რომლებიც კიევის გარეუბნებში სხვადასხვა მხრიდან ცდილობენ შეღწევას, უკრაინის ჯავშანტექნიკასთან საბრძოლველად აქვთ გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, Корнет-ები, რუსული ტანკების ასაფეთქებლად კი უკრაინის არმიამ, საკუთარი წარმოების მართვადი "კორსარების" გარდა, საკმარისად დააგროვა ამერიკული "ჯაველინები" და ბრიტანული NLAW-ები, რომლებსაც წარმატებით იყენებს არა მარტო ტანკების, არამედ სხვა რუსული ჯავშანტექნიკის გასანადგურებლადაც.

alada2-1645999612.jpg
უკრაინის გზაზე აფეთქებული, ჩამწვარი და დამდნარი რუსი მედესანტეების ალუმინისჯავშნიანი БМД-2

ჯავშანტექნიკა

ტანკები უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული საბატალიონე-ტაქტი­კური ჯგუფების მთავარი ძალაა.

რუსი ტანკისტები ბრძოლებში იყენებენ Т-72 ტიპის მოძველებულ და თანამედროვე მოდიფიკაციებს, ასევე აირტურბინისძრავიან Т-80-ებსა და შედარებით თანამედროვე Т-90-ებს, რომლებიც მოდერნიზებულ Т-72-ს მაინცდამაინც არაფრით აღემატება.

უკრაინის სატანკო პარკს, ძირითადად, სხვადასხვა მოდიფიკაციის Т-64 ტიპის ტანკები წარმოადგენს, რომელთაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ხარკოვის სატანკო ქარხანა უშვებდა. უკრაინელების შეიარაღებაშია ასევე საბჭოთა დროინ­დელი Т-72-ები და დიზელისძრავიანი Т-80УД-ები.

მოწინააღმდეგე მხარეების ტანკების საბრძოლო შესაძლებლობები თითქმის ერთნაირია, თუმცა რუსებს გაცილებით მეტი ტანკი ჰყავთ.

დაპირისპირებული მხარეების ძირითადი ჯავშანმანქანებია БТР-80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები და მისი მოდიფიკაციები (რუსების - БТР-82, უკრაინელების - БТР-4); ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბრძოლის ველზე, ძირითადად, წარმოდგენილია БМП-2-ებით, თუმცა უკრაინელების შეიარაღებაში შემორჩენილია მოძველებული БМП-1-ებიც, რუსეთი კი იყენებს შედარებით თანამედროვე БМП-3-ებს, სადესანტო БМД-2-ებსა და БМД-3-ებს.

alada3-1645999612.jpg
უკრაინელი მეზენიტეების მიერ დაზიანებული და იძულებით დამჯდარი, რუსი გენერლების "სიამაყე" - Ка-52 "ალიგატორი"

არტილერია

უკრაინის ქალაქებზე შეტევის წინ რუსი არტილერისტები მოწინააღმდეგის პოზიციების ძლიერ საცეცხლე დამუშავებას ცდილობენ, თუმცა უკრაინული ქალაქების საცხოვრებელი უბნების დაბომბვასაც არ ერიდებიან.

რუსები იყენებენ როგორც Нона-ს და Акация-ს, ისე - МСТА-С-ის ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარებსა და ბუქსირებად ჰაუბიცებს. ლულიანი არტილერიის გარდა, რუსი სამხედროები უკრაინის მიწას დაუნდობლად ბომბავენ Град-ის, Ураган-ისა და Смерч-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებითაც.

უკრაინის არმია თავდაცვისთვის თითქმის ანალოგიურ საბჭოთა წარმოების საარტილერიო სისტემებს იყენებს.

საჰაერო თავდაცვა

გასაგებია, რომ უკრაინაში შეჭრილი­ რუსეთის არმია თან ვერ წაიყვანდა სტაციონარული ობიექტების დასაცავად განკუთვნილ უზარმაზარ С-300-ისა და С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. ისინი რუსეთის ტერიტორიიდან, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან და ასევე რუსეთის წინ "დაჩოქებული" ლუკაშენკოს ბელარუსიდან აკონტროლებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს. შეტევაზე გადასული რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელია Панцирь-ის, Бук-ისა და Тор-ის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც რუსული ჯავშანკოლონების რიგებში მოძრაობს. რუსი მეზენიტეები შეიარაღებულნი არიან Игла-სა და Верба-ს ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებითაც.

უკრაინელების საჰაერო თავდაცვის შეიარაღებაშია С-300 ტიპის ადრეული მოდიფიკაციის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ასევე - Бук-ისა და Оса-ს მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, Игла-ების, გარდა, ერთი თვეა, უკრაინელი მეზენიტების შეიარაღებაში გამოჩნდა ამერიკული "სტინგერებიც", რომლებიც უკრაინელ მეგობრებს ლიეტუველებმა და ლატვიელებმა უწილადეს.

ავიაცია

უკრაინის ტერიტორიაზე სამიზნეების (მათ შორის - სამოქალაქო) დასაბომბად რუსეთის გენერალიტეტი აქტიურად იყენებს საარმიო ავიაციის Ми-24, Ми-35М,Ми-28 და Ка-52 ტიპის დამრტყმელ შვეულმფრენებს, ხოლო სატრანსპორტო Ми-8МТ-ებიდან ტაქტიკურ საჰაერო დესანტს სხამს.

რუსეთის, ანექსირებული ყირიმისა და მორჩილი ბელარუსის აეროდრომებიდან აფრენილი რუსული მოიერიშე Су-25СМ-ები უკრაინულ ობიექტებს დაბალი სიმაღლიდან ბომბავენ, საფრონტო ბომბდამშენი Су-24М-ები და Су-34-ები კი - საშუალო სიმაღლიდან. მოსალოდნელია შორი მოქმედების ბომბდამშენების - Ту-22 М3-ების გამოყენებაც. რუსული Су-30 СМ-ები და Су-35-ები უკრაინის საჰაერო სივრცის გაკონტროლებასა და ჰაერში გაბატონებას ცდილობენ.

უკრაინის საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობები შედარებით მოკრძალებულია და რუსეთის ვერაგულ ღამეულ საჰაერო თავდასხმებს გადარჩენილი რამდენიმე უკრაინული Су-25, МиГ-29, Су-24М და Су-27 ეპიზოდურად გამოიყენება კონკრეტული საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად.

ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები

რუსეთმა უკრაინასთან ომი Искандер-М ტიპის აერობალისტიკური და Калибр-ის ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვით დაიწყო. სამი დღის განმავლობაში რუსეთმა ორასამდე მაღალი სიზუსტის სხვადასხვა მოდიფიკაციის ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. ყველა მათგანი მიზანს ვერ მოხვდა, თუმცა ბევრმა დააზიანა და დაანგრია უკრაინული არმიის ყაზარმები, აეროდრომები თუ რადიოლოკატორები.

ომის მეორე დღეს უკრაინამ Точка-У-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტით იერიში მიიტანა როსტოვის ოლქის მილეროვოს სამხედრო აეროდრომზე­ და იქ ერთი ან მეტი Су-30 СМ ტიპის თვითმფრინავი გაანადგურა. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის პირველი შემთხვევა და იმედია, უკრაინელი მერაკეტეები ასეთ შედეგს გაიმეორებენ.

ფლოტი

რუსეთმა ბარენცისა და ჩრდილოეთის­ ზღვების ფლოტებიდან სევასტოპოლში დამატებით კორვეტებისა და დიდი სადესანტო ხომალდების წინასწარ გადმოყვანით შავ ზღვაში თავისი სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების დიდი მობილიზაცია შეძლო. ექვსი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი, რომლებსაც ფრთოსანი "კალიბრების" გაშვება შეუძლიათ, ორ ათეულამდე წყალზედა სამხედრო ხომალდთან ერთად, უკრაინის საზღვაო ძალებთან შედარებით, რუსეთს უდიდეს უპირატესობას აძლევს. ამ უპირატესობის გამოყენებას რუსი ადმირალები მარიუპოლისა და ოდესის დასაპყრობად აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე მრავალრიცხოვანი საზღვაო დესანტის გადასხმით აპირებენ.