„ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების პირამიდა ინგრევა: „განათლებული თვითმპყრობლის“ ეპოქა დასრულებულია“ - კვირის პალიტრა

„ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების პირამიდა ინგრევა: „განათლებული თვითმპყრობლის“ ეპოქა დასრულებულია“

ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ (The Guardian) გამოაქვეყნა ცნობილი რუსი მწერლის - ვლადიმერ სოროკინის სტატია სათაურით - „ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების პირამიდა ინგრევა: „განათლებული თვითმპყრობლის“ ეპოქა დასრულებულია“, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილმა ხელოვანმა რუსეთის პრეზიდენტის კარიერა გააანალიზა და მის მიერ შექმნილი ხელისუფლების სტრუქტურა ჯონ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელში“ აღწერილ „ყოველთა მპყრობელთა“ ბეჭედს შეადარა, [„მორდორში“ არსებულს].

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„რუსეთში ხელისუფლება პირამიდის პრინციპით არის ორგანიზებული, რომელიც ჯერ კიდევ ივანე IV მრისხანის დროს ჩამოყალიბდა, - წერს ვლადიმერ სოროკინი. „ხელისუფლება ძლიერი უნდა ყოფილიყო, მკაცრი, არაპროგნოზირებადი და ხალხისათვის შეუცნობადი. მათ სხვა არჩევანი არ უნდა ჰქონოდათ, მორჩილებისა და თაყვანისცემის გარდა. და ამ პირამიდის მწვერვალზე ზის ერთი ადამიანი - ერთი კაცი, რომელსაც აბსოლუტური ხელისუფლება აქვს და ყველას მართავს“.

პირამიდის მწვერვალზე ჯდომა ლიდერებში ყველაზე ცუდ და ბნელ ხასიათს ამჟღავნებს - ისევე, როგორც „ყოველთა მპყრობელთა“ ბეჭედი, - მიიჩნევს მწერალი და ამის მაგალითად მოჰყავს ბორის ელცინი, რომელმაც პრეზიდენტობა „დემოკრატობით დაიწყო და ბოლოს ხეპრედ, ხულიგნად და ალკოჰოლიკად იქცა“: „რუსეთის მეფეების მსგავსად, ელცინმაც ჯარი და ტანკები ჩეჩნეთში საომრად გაგზავნა და ჩეჩენი ხალხი სასიკვდილოდ გაწირა“. ბორის ელცინმა თავისი მმართველობის პირველივე ეტაპზე ხელისუფლების ტრადიციული პირამიდა არ დაამსხვრია, მან მხოლოდ შეალამაზა და მოსახლეობას დასავლური კეთილდღეობა აღუთქვა“.

ვლადიმერ პუტინმა კი გადაწყვიტა რუსეთის საზოგადოება საბჭოთა კავშირში - მისი ახალგაზრდობის ქვეყანაში დაებრუნებინა. „პუტინიზმის იდეოლოგია ძალიან ეკლექტურია, მასში საბჭოურისადმი პატივისცემა ფეოდალურ ეთიკასთან თანაარსებობს, ლენინის იდეები მეფე-იმპერატორების იდეებთან და რუსულ მართლმადიდებლობასთან მეზობლობს“, - წერს ავტორი და იხსენებს ვლადიმერ პუტინის საყვარელ ფილოსოფოსს, მონარქისტსა და ანტისემიტს ივან ილინს, რომელიც გერმანიის ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლას მიესალმა. მისი აზრით, ფაშისტები ქვეყანაში ბოლშევიკურ იდეებს ბოლოს მოუღებდნენ. თავის სტატიებში ივან ილინი წერდა, რომ რუსეთშიც დადგება ბოლშევიზმისაგან განწმენდის დრო და გამოჩნდება დიდი ფიურერი, რომელიც დაჩოქილ სახელმწიფოს ფეხზე წამოაყენებს.

ვლადიმერ სოროკინი თვლის, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების გამოცხადებით ვლადიმერ პუტინმა საბოლოოდ ჩამოიხსნა „განათლებული ავტოკრატის ნიღაბი. მას რომ ეს ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მორგებული, ეს დასავლელი ლიდერების ბრალიც არის, რადგან მათ ვლადიმერ პუტინს საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია და ბოლოს - დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარება აპატიეს: „რუსეთის ახალი მეფე მათთვის რაღაც, რუსული არყისა და ხიზილალის მსგავსი იყო - ის მათ ახალისებდა“.

საბოლოოდ, ვლადიმერ პუტინში „კაგებეს“ საბჭოთა ოფიცრის აღზრდა გამოვლინდა - არა მარტო მისი დამოკიდებულება ჩვეულებრივი ადამიანებისადმი, „სახარჯ მასალად“, არამედ - ჩეკისტის მთავარი პრინციპის სახით - არ ითქვას არცერთი მართალი სიტყვა“, - წერს ავტორი. პრეზიდენტი ხალხისაგან მალავს თავის ნამდვილ ჩვევებს, მალავს პირად ცხოვრებას და ნათესავთა წრეს, საბოლოო ჯამში კი, თავისი მოქმედებით ძირს უთხრის სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეებს.

„ახლა ყველაფერი ნათელი გახდა: ამ ომით ვლადიმერ პუტინმა ყოველგვარი მიჯნა დაარღვია - წითელ ხაზს გადააბიჯა. მან ნიღაბი ჩამოიხსნა, „განათლებული თვითმპყრობლის“ ჯავშანი დაიმსხვრა. ახლა ყველა იმ დასავლელმა ლიდერმა და პოლიტიკოსმა, რომლებიც „ძლიერი რუსი მეფისადმი“ სიმპათიებს გამოხატავდნენ, ენა უნდა გააჩერონ და გააცნობიერონ, რომ სწორედ მათმა მეგობარმა გააჩაღა სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში. სამწუხაროდ, დღეს აგრესორი რუსეთია - ვლადიმერ პუტინის რუსეთი. იგი ევროპას სიკვდილისა და ნგრევის გარდა არაფერს მოუტანს“, - ასკვნის სტატიის დასასრულს ვლადიმერ სოროკინი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ