"იმედი მაქვს, ოდესმე ვალიკო მიზანდარივით მთებს ვერტმფრენითაც გადავუფრენ"
ჩემთვის ქალისა და კაცის პროფესია არ არსებობსო, ამბობს მფრინავი სოფიკო ჭუმბურიძე და დასძენს, რომ თურმე ბევრს ჰგონია, თვითმფრინავის მართვას დიდი ძალა სჭირდება, არადა, ამისთვის მტკიცე ფსიქიკა, ნებისყოფა და პასუხისმგებლობა უფროა საჭირო, რადგან დედამიწის თავზე ფრენისას, საკუთარი თავის გარდა, 150 მგზავრის სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი.
- რატომღაც ჰგონიათ, რომ დიდ ავიაციაში მხოლოდ ვალიკო მიზანდარის, "მიმინოს", ადგილია, გოგონა კი ლარისა ივანოვნასავით მხოლოდ ბორტგამცილებელი უნდა იყოს, არადა, მე ბავშვობიდან ვოცნებობდი მფრინავობაზე. ლაგოდეხიდან ვარ, სოფელი ჭაბუკიანიდან. კავკასიონი ჩემი სოფლიდან ძალიან კარგად ჩანს. ისე მიყვარდა მისი ცქერა, სულ ვამბობ, კავკასიანმა ხელისგულზე გამზარდა-მეთქი. ისე მინდოდა, უფრო მივახლოებოდი, რომ სურვილმა ფრენისადმი ინტერესი გამიჩინა. ვოცნებობდი, კავკასიონის თავზე გადამეფრინა. რომ გავიზარდე, ჯერ ის გავიაზრე, რომ საავიაციო უნივერსიტეტში სწავლისთვის დიდი გადასახადი იყო, მერე დედის სურვილს დავყევი და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. განსაკუთრებით ქირურგიამ დამაინტერესა, თუმცა მფრინავის პროფსიით მოხიბლულმა, ხუთი წლის შემდეგ თეთრი ხალათი გავიხადე, ხელახლა დავიწყე ოცნების კოშკის შენება და საავიაციო უნივერსიტეტში ჩავაბარე. განათლების მიღების შემდეგ ეტაპებია გასავლელი. მე ჯერჯერობით პრაქტიკანტი მფრინავი ვარ. მომზადება ერთიდან სამ თვემდე გრძელდება, მერე სიმულატორზე აბარებ გამოცდებს. სიმულატორი არის თვითმფრინავის ანალოგი ანალოგიური შეგრძნებებით. აქ ვლინდება, როგორ იქცევი ტურბულენტურ ზონაში, ჩამოვარდნის დროს და ა.შ.
ჩვენს უნივერსიტეტის თელავის აეროპორტში ბაზა აქვს - "მიმინო" და უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა პრაქტიკას იქ გავდივართ. ახლა ბავშვს ველოდები. მშობიარობის შემდეგ კი ისევ დიდ ავიაციაზე ოცნების განხორციელებას შევუდგები.
- მეუღლე როგორ ხვდება თქვენს წამოწყებას?
- ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. სხვათა შორის, ვალიკო მიზანდარის არ იყოს, მეც ძალიან მინდოდა ვერტმფრენის მართვა. დიდი სამოქალაქო ავიაცია ყველაზე დიდი ოცნებაა, მაგრამ იმედი მაქვს, ოდესმე ვალიკო მიზანდარივით მთებს ვერტმფრენითაც გადავუფრენ. ვერტმფრენის მართვა სხვა სიამოვნება და შეგრძნებაა - მხოლოდ თვითონ მართავ საფრენ აპარატს, რაც შეეხება დიდ საფრენ აპარატებს, "ბოინგი" იქნება თუ "ეარბასი", ფაქტობრივად, მხოლოდ აფრენა-დაფრენა გევალება, დანარჩენ დროს ავტოპილოტი მოქმედებს. ახლა ტექნოლოგიები ისე ვითარდება, რომ, მაგალითად, "ეარბასის" რამდენიმე მოდელს აფრენა და დაფრენაც მფრინავის გარეშე შეუძლია, ამიტომ თუ გინდა ფრენით სიამოვნება მიიღო, ვერტმფრენით ან რომელიმე სამხედრო საფრენი აპარატით უნდა იფრინო.
- ჩვენს ქვეყანაში მფრინავის პროფესია პერსპექტიულია?
- დღეს საქართველოში მხოლოდ ორი კომპანია დაფრინავს და ბევრი მფრინავი არ სჭირდებათ. ვიცი, რამდენიმე მფრინავი ოთხი წელი იდგა რიგში, რომ ფრენა დაეწყოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფოს ნაციონალური ავიაკომპანია არ ჰყავს.
გერმანიაში არის სკოლა, რომელიც მფრინავებს პროფესიულ განათლებას აძლევს, საავიაციო უნივერსიტეტში რომ ჩააბარო, სწავლა ძალიან ძვირია, მე როცა ვაბარებდი, 75 ათასი ევრო იყო. გადასახადი სხვა ქვეყნებშიც ძალიან მაღალია, საქართველოში კი გაცილებით ნაკლებია და ამიტომ ბევრი ჩამოდის აქ სასწავლებლად.
- ხშირად ბორტგამცილებელი ჰგონიხართ თურმე...
- ესეც სტერეოტიპული ხედვაა. რადგან ქალი ვარ და ჩემი პროფესია ფრენასთან არის დაკავშირებული, ჰგონიათ, რომ ბორტგამცილებელი ვარ. სამედიცინო შემოწმებას ყოველწლიურად გავდივართ. ჩვენი მოდელი გოგო მოვიდაო, მეტყვიან ხოლმე შემოწმებაზე მისულს.
- და მოდელობა არ გიცდიათ?
- ერთხანს ვსინჯე, მაგრამ არ მომხიბლა პოდიუმზე დგომამ.
- ყველაზე ხშირად რას გეკითხებიან, როცა იგებენ, რომ მფრინავი ხართ?
- მამაკაცები მეკითხებიან, ერთ თვითმფრინავს რამდენი ცხენისძალა აქვსო. ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს შორისაა, რატომ ჭამთ მფრინავები სხვადასხვა საჭმელსო. იმიტომ, რომ თუ ერთი მფრინავი შეუძლოდ იგრძნობს თავს, მეორემ იტვირთოს თვითმფრინავის მართვა.
- უკვე აიხდინეთ ოცნება? გადაუფრინეთ კავკასიონს?
- გადავუფრინე და გადმოვუფრინე კიდეც, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.