"ეს ფორმირებული ჰიტლერი მზად არის ცოფიანი ძაღლივით დაკბინოს და მოსპოს გარშემო ყველა და ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"ეს ფორმირებული ჰიტლერი მზად არის ცოფიანი ძაღლივით დაკბინოს და მოსპოს გარშემო ყველა და ყველაფერი"

„ეს ფორმირებული ჰიტლერი მზად არის ცოფიანი ძაღლივით დაკბინოს და მოსპოს გარშემო ყველა და ყველაფერი. ახლა მთავარია გავძლოთ და გამარჯვება გარდაუვალია“

"კვირის პალიტრას" უკრაინის მოვლენებზე ესაუბრა პეტრო შუკლინოვი, LIGA.net-ის პოლიტიკური მიმომხილველი:

- რუსი ჰიტლერი უტევს ევროპას. უკრაინაში რუსეთის შემოჭრა არის ევროპაში მესამე მსოფლიო ომი, რომლის შეჩე­რება შეუძლია მხოლოდ დასავლეთს და მხოლოდ სწრაფი­ მოქმედებით. მთელი სამყარო ხედავს, როგორ დაგვდევს საბჭოთა­ კავშირის ბნელი მოჩვენება, რათა ისევ იმ ჯოჯოხეთში შეგვათრიოს. ბლიცკრიგი ვერ შედგა, რამაც შეშალა პუტინი, იმდენად, რომ დასავლეთის უმკაცრესი სანქციების მიუხედავად, რუსული ქვემეხები გუგუნს არ წყვეტს. გეგმაც აქვთ შედგენილი, როგორ ააშენებენ მეოთხე რაიხს - რუსეთის ახალ იმპერიას, რომელიც ევროპას სისხლისმღვრელი ომით ემუქრება და თუ მიუშვეს, არც აპირებენ შეჩერებას.

ახლა მთავარია გავძლოთ და მჯერა, გამარჯვება გარდაუვალია. პუტინის ნაცისტური გამოსვლა, როცა უკრაინაში შეჭრაზე ისაუბრა, აშკარად მიანიშნებს მის გეგმებზე. რუსეთის ჰიტლერი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი რუსეთი იყო, რომელსაც მხოლოდ ფორმალურად ჰქონდა მეორე სახელწოდება, ანუ მისი ლოგიკით, იმ ავადსახსენებელ კავშირში უკრაინელები, ქართველები, ბელარუსები, ყაზახები და სხვა ხალ­ხები არ ყოფილან. ეს ფორმირებული ჰიტლერი მზად არის ცოფიანი ძაღლივით დაკბინოს და მოსპოს გარშემო ყველა და ყველაფერი. მისი გუნდის წევრებიც ასეთი დაგეშილები­ არიან და ბოლო კაპიკებს დახარჯავენ, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მოგვაყენონ. დასავლეთმა ჩაყლაპა ყირიმი და დონბასი, თუ უკრაინის ოკუპაციასაც ჩაყლაპავს, ეს ნიშნავს, რომ ცოფიანი ძაღლი აუცილებლად აიწყვეტს.

- რა სცენარი აქვს რუსეთს?

- უკრაინის სრული ოკუპაცია. ის ახლა გალიაში დამწყვდეულ მხეცს ჰგავს, იმიტომ, რომ თავის ქვეყანაში უკვე სრულიად დაკარგა პატივისცემა. რუსებისთვისაც კი ტირანი და მკვლელია. მათ დაკარგეს იმედი, რომ სანამ პუტინი ცოცხალია, არჩევნებში სხვა ვეღარ გაიმარჯვებს. 30 წელია ქვეყანა დეგრადირებულია, ახლა კი დაემსგავსა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, უდანაშაულო ხალხს ხოცავს. პირველად მოლდოვას წაჰგლიჯა ნაწილი, შემდეგ საქართველოს, თანაც რამდენჯერმე. ოკუპირებული აქვს ბელარუსი, ფაქტობრივად, დაიმორჩილა ყაზახეთი, სომხეთი კი უბრალოდ მოაშთო. ყირიმის ანექსიის შემდეგ წაიღო დონბასის ნაწილი და იქ მოიყვანა ტერორისტული ორგანიზაცია. ახლა ცივილიზებული სამყარო დიპლომატიაზე საუბრობს, მაგრამ პუტინს მხოლოდ ერთი ენა ესმის - იარაღის ენა. უკრაინაზე თავდასხმა პუტინის ცხოვრების უკანასკნელი ფრაგმენტი უნდა იყოს. ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - უკრაინისთვის სამხედრო დახმარება. ამ წუთშიც ჩემს ქვეყანას რაკეტებს­ უშენენ და დიპლომატიის მნიშვნელობაზე საუბარი ცინიზმია. ქართველებს ეს ყველაფერი არაერთხელ გაქვთ განცდილი, ამიტომ კარგად გესმით ჩვენი, მადლობა მხარდაჭერისთვის. ქართველების არ იყოს, ჩვენებიც ზოგ შემთხვევაში შიშველი ხელებით ებრძვიან რუს ოკუპანტს. პოლიცია ავტომატიანი რუსის წინააღმდეგ პისტოლეტით მიდის, რათა თავისი ხალხი დაიცვას. ყველა­ ქალაქს, სოფელს თავისი გმირული ისტორია აქვს, რომელზეც დაიწერება, მაგრამ რომ დაიწეროს, ამისთვის უნდა გადავრჩეთ.