"ყოველი წუთი ჩემი ხალხის, უდანაშაულო სამოქალაქო პირების სისხლზე გადის“ - კვირის პალიტრა

"ყოველი წუთი ჩემი ხალხის, უდანაშაულო სამოქალაქო პირების სისხლზე გადის“

"უკრაინა ჯერ კიდევ ელოდება დასავლეთის გამოღვიძებას. ჩვენ საბოდიშო არავისთან გვაქვს, 21-ე საუკუნეში რუსეთმა შუაგულ ევროპაში ომი წამოიწყო და ამაზე პასუხი უნდა აგოს!“

უკრაინელი პოლიტოლოგი ოლესია იახნო პროცესების განვითარების მოსალოდნელ სცენარებზე გვესაუბრა.

- კიევი მედგრად დგას (ინტერვიუ ჩაწერილია 26 თებერვალს, - ავტ.). მთელი­ ღამე თავშესაფარში გავატარე, როცა დილით ქუჩაში გამოვედი და მოხალისეებმა ცხელი ყავა დამალევინეს,­ მივხვდი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი ყავა... ბლიცკრიგი­ არ შედგა.

რუსეთის ტაქ­ტი­კა ასეთია: მწყობრიდან გა­მოიყ­ვანოს და აიღოს ინფ­რას­ტრუქტურული­ ობიექტები, მათ შორის ელექტროსადგურები და აეროპორტები, სახმელეთო საზღ­ვარი ყირიმთან, დაჟინებით ცდილობს შემოვიდეს სახმელეთო გზით ბელარუსის მხრიდან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გავლით და გადმოსხას საჰაერო დესანტი კიევის მეორე სანაპიროზე, დნეპრის მახლობლად, რომელიც ქალაქს­ ორ ნაწილად ყოფს. პუტინს სურს მაქსიმუმს მიაღწიოს, შემდეგ კი, ისევ ნეიტრალიტეტზე დაიწყოს საუბარი ჩვენი წინა პირობისა და გარანტიის გარეშე. ვფიქრობ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომამდე შორია. ჯერ პუტინი "სამხედრო ლოგიკით" მუშაობს, რომელსაც ჩემი ქვეყანა­ გააფთრებული იგერ­იებს. უკრაინა ჯერ კიდევ ელოდება დასავლეთის გამოღვიძებას. ჩვენი პრეზიდენტი სწორად სვამს აქცენტებს - ჩვენ საბოდიშო არავისთან გვაქვს, 21-ე საუკუნეში რუსეთმა შუაგულ ევროპაში ომი წამოიწყო და ამაზე პასუხი უნდა აგოს.

- სანქციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და მკაცრია...

- დასავლეთის გამოღვიძება დაიწყო. იმედია, ჩემი გმირი ხალხი გაუძლებს. შეიძლება მოლაპარაკებაზე საუბარი, ოღონდ აბსოლუტურად თანაბარ პირობებში. ახლა ყველა წუთი ჩემი ხალხის, განსაკუთრებით, უდანაშაულო სამოქალაქო პირების სისხლზე გადის. ვითარება ყოველ წუთს იცვლება, ახლა მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებს კი არა, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და ბაღებს ბომბავენ. გვაწვდიან იფორმაციას, რომ ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს აირწინაღებს ურიგებენ, ვფიქრობთ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ, რათა შემდეგ ყველაფერი უკრაინას დააბრალონ. ამას კი მხოლოდ სანქციები არა, დროული, ადეკვატური პასუხი სჭირდება. მეორე მხრივ, თუ უფრო მკაცრი სანქციები გაგრძელდება, ეს პუტინის თავდაჯერებასა და მის მიმართ ნდობას შეარყევს, ეს კი მის შიდა სისტემას მოარყევს. პუტინი გაჩერდება იქ, სადაც გააჩერებენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინამ გააგრძელოს მედგარი წინააღმდეგობა, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ნაწილზე რუსეთი დაამყარებს კონტროლს. თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სრულად დაპყრობას ვერ შეძლებენ, თავს არ დაზოგავენ მის გასაყოფად - ერთ ნაწილში რუსეთის პროტექ­ტორატით დანიშნული მთავრობით კიევში, მეორე ნაწილში პროუკრაინული მთავრობით, რომლის დედაქალაქი იქნება ლვოვი.

საჭიროა სანქციები და არავითარი კომპრომისი, რუსეთში მუდმივი საპროტესტო ტალღა როგორც ელიტაში, ასევე უბრალო მოქალაქეებში და დასავლეთის ტაქტიკური მუშაობა მათთან, ვისაც რუსეთი მოკავშირედ მიიჩნევს, მაგალითად, ჩინეთთან.