მსოფლიოს თანადგომა უკრაინას!
"შონ პენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ის პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა და ჯარის დანაყოფებთან ერთად მიწისქვეშა თავშესაფარშიც ჩავიდა"
21-ე საუკუნეში, 2022 წლის 24 თებერვალს ახალი ამბების ქრონიკა ომის ამსახველი კადრებით დაიწყო. "ჩვენ გავიღვიძეთ 1941 წლის უკრაინაში", - წერენ უკრაინელი ბლოგერები. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიო წარსულში დაბრუნდა. მძიმე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის თანადგომა და მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ამას თამამად აკეთებენ.
შონ პენი უკრაინის გვერდით!
უკრაინაში ერთ-ერთი პირველი ჰოლივუდის ვარსკვლავი შონ პენი ჩავიდა. ის ფრონტის ხაზთან ახლოს უკრაინელ სამხედროებს ესტუმრა. მსახიობი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ის პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა და ჯარის დანაყოფებთან ერთად მიწისქვეშა თავშესაფარშიც ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა შონ პენის ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მას მადლობას უხდის თანადგომისთვის.
"მე აქ ვარ იმისათვის, რომ დავგმო რუსეთის აგრესია"
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა მადრიდში, რუსეთის საელჩოსთან. აქციას ესწრებოდა ესპანელი მსახიობი ხავიერ ბარდემი. ის მადრიდში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს გაესაუბრა და ესპანურ მედიასთან რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაგმო.
"მე აქ ვარ იმისათვის, რომ დავგმო რუსეთის აგრესია... ეს არის დაპყრობა, ეს არღვევს უკრაინის ტერიტორიულ სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართალსა და მრავალ სხვა ფუნდამენტურ უფლებას", - განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა.
"დღეს უკრაინაში ათასობით ბავშვი გააღვიძა აფეთქებების ხმამ"
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თავის ინსტაგრამგვერდზე გამოეხმაურა პენელოპა კრუსიც:„"დღეს უკრაინაში ათასობით ბავშვი გააღვიძა აფეთქებების ხმამ. ჩვენთვის ისინი არიან პრიორიტეტი. ამ დრამატულ წუთებში ყველას მოვუწოდებ, დაიცვან ბავშვები. ამჟამად უკრაინაში 7,5 მილიონი ბავშვის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე".“
"ვალენტინოს" სახლის დამფუძნებელს ინსტაგრამზე განცხადება დაუბლოკეს!
რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა "ვალენტინოს" სახლის დამფუძნებელი, იტალიელი ბიზნესმენი და მეცენატი ჯანკარლო ჯამეტი. მისი პოსტი ინსტაგრამის ადმინისტრაციამ დაბლოკა, რის გამოც იტალიელმა ბიზნესმენმა აღშფოთება ვერ დამალა: "ყველა ამას წერს და მე რატომ დამიბლოკა განცხადება ინსტაგრამმა? მიყვარს ჩემი რუსი მეგობრები, რომლებიც განიცდიან უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, მიყვარს მოსკოვი და პეტერბურგი, მაგრამ ეს არ ამართლებს პუტინის ქმედებებს!"
"მოგიწოდებთ, ჩაერთოთ საქველმოქმედო საქმიანობაში"
ნატალია ვოდიანოვა - რუსი ტოპმოდელი და მეცენატი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ანტუან არნოს მეუღლე ამჟამად პარიზში ცხოვრობს, თუმცა ძალიან ხშირად ჩადის რუსეთში და უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ვოდიანოვა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "უპირველესად, როგორც დედას, ბავშვების ბედი მაფიქრებს. ამ დღეებში სულ ვფიქრობ დედებსა და ბავშვებზე, რომელთაც მიმდინარე მოვლენები ეხება. მარტო, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდები, მაგრამ ერთად ჩვენ ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია... მალე დავიწყებ ჰუმანიტარული დახმარების გაცემას საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით. ყველას მოგიწოდებთ, ჩემთან ერთად ჩაერთოთ საქველმოქმედო საქმიანობაში უკრაინის დასახმარებლად".
"მე ორი სამშობლო მაქვს და ახლა გული მტკივა"
მიროსლავა დუმა - მოდის სფეროს გავლენიანი წარმომადგენელი, ინვესტორი, ციფრული კომპანია Bურო 24/7-ის დამფუძნებელი, აღშთოთებას ვერ მალავს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის - თბილისში გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციების ფოტოებს ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, დროულად დაეხმარონ უკრაინელ ხალხს. "ჩემი გული გახლეჩილია. ჩემი ოჯახის წევრები უკრაინაში დაიბადნენ, მე - ციმბირში, სადაც ბაბუაჩემი იყო გადასახლებული. მე იქ გავიზარდე. ბებია ყოველთვის მასწავლიდა, რომ უკრაინულ ენაზე უნდა მელოცა. მე ორი სამშობლო მაქვს და ახლა გული მტკივა".
"მრცხვენია, შეწყვიტეთ!"
ილონ მასკის დედა, მწერალი, მოდელი მეი მასკი ავრცელებს თავისი რუსი ასისტენტის, ანა შერმანის განცხადებას, რომელშიც წერია: "მრცხვენია, შეწყვიტეთ!" მეი მასკი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და კიევში ვიზიტისას გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. "მსოფლიო გიყურებთ! განუწყვეტლივ ვფიქრობ იმ საოცარ ხალხზე, რომელიც კიევში გავიცანი. იმედს ვიტოვებ, რომ უსაფრთხო ადგილს შეაფარებთ თავს!",“ - წერია მის განცხადებაში.
„სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზაციას, რუსეთი ცდილობს უკრაინის კოლონიზაციას!“
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Space X-ისა და "ტესლას" დამფუძნებელ ილონ მასკს მიმართა თხოვნით: "ძვირფასო ილონ მასკ! სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზაციას, რუსეთი ცდილობს უკრაინის კოლონიზაციას! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვება კოსმოსიდან, რუსული რაკეტები ბომბავს უკრაინის საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს! ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. გთხოვთ, უკრაინას მიაწოდოთ შტარლინკ-სადგურები და წვდომა სატელიტური ინტერნეტით!"
თხოვნას ილონ მასკმა რამდენიმე საათში უპასუხა და თავის "ტვიტერზე" განცხადება გაავრცელა, რომ მან უკრაინას სტარლინკის სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. როგორც ფედოროვმა განაცხადა, ისინი ქმნიან IT-არმიას, სადაც ციფრული ნიჭის მქონე ადამიანები გაერთიანდებიან და ბრძოლა კიბერფრონტზეც დაიწყება.
„მე რუსი ვარ, მაპატიეთ ამისთვის...“
24 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე ამ ლოზუნგით გამოვიდა რუსი ტურისტი. ფოტო, რომელიც ბოდიშის სიმბოლო გახდა, არც საერთაშორისო მედიას და არც ცნობილ ადამიანებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ. ალენ დელონის შვილმა ანტონი დელონმა თბილისის აქციის ფოტო თავის ინსტაგრამგვერდზე ატვირთა და ადამიანებს მშვიდობისკენ მოუწოდა. ეს ფოტო გააზიარა თავის ინსტაგრამგვერდზე ნაიკე რიველიმ, ორნელა მუტის შვილმა. შეგახსენებთ, რომ ორნელა მუტის დედა ეროვნებით რუსია და 2016 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ის პუტინთან დაახლოებული პირია და არაერთხელ ჩასულა მოსკოვში მის წვეულებებზე დასასწრებად.
"ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის! “
"უნდა შეწყდეს რუსეთის უაზრო და სიხარბით ნაკარნახევი შეჭრა უკრაინაში! პუტინს არა აქვს უფლება, სცადოს უკრაინის გაქრობა. ჩვენ მხარს გიჭერთ, პრეზიდენტო ზელენსკი! ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის! ღმერთმა დაგლოცოთ ყველა! Слава Україні! Героям Слава! Glory to Ukraine! Glory to heroes!" - ამ ტექსტით და პუტინის პოლიტიკის დასაგმობი ვიდეოკლიპით გამოეხმაურა რუსეთ-უკრაინის ომს ლეგენდარული მომღერალი მადონა, მეორე დღეს კი უკრაინის დროშით გადაღებული ფოტო გააზიარა და თავის 17 მილიონ გამომწერს განუცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას.