ნახევრად პარტიზანული მოქმედების ტაქტიკამ უკრაინის გზებზე რუსული ჯავშანკოლონები ჯართის გროვად აქცია - ანუ როგორ უნდა ააფეთქო რუსული „ტაიფუნი“ თუ „ტიგრი“ - კვირის პალიტრა

ნახევრად პარტიზანული მოქმედების ტაქტიკამ უკრაინის გზებზე რუსული ჯავშანკოლონები ჯართის გროვად აქცია - ანუ როგორ უნდა ააფეთქო რუსული „ტაიფუნი“ თუ „ტიგრი“

რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს უკვე ნათლად გამოიკვეთა უკრაინის დამცველთა მოქმედების ტაქტიკის ერთ-ერთი მიმართულება, კერძოდ კი - ნახევრად პარტიზანული ჩასაფრებებისა და თავდასხმების მოწყობა უკრაინის გზებზე მოძრავ რუსულ ჯავშანსატანკო და საავტომობილო კოლონებზე.

ბლიცკრიგის ანუ სწრაფი შეტევით საბრძოლო უპირატესობის მოპოვების ჩანაფიქრის შესრულების ფარგლებში, უკრაინის საზღვრებზე შეჭრის წუთებიდან, რუსული საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფების კოლონები, ძირითადად, უკრაინის ასფალტირებული გზებით გადაადგილდებიან (ვინც ასფალტიდან გადაუხვია, კი ჩარჩა გაუვალ ტალახში ჩაფლული).

ასეთი ძლიერი რუსული ჯავშანკოლონის, რომელსაც ჰაერიდან დამრტყმელი შვეულმფრენებიც იცავენ, შესაჩერებლად, მთელი საბრძოლო ოპერაციაა ჩასატარებელი, ტანკების არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, რისი ტექნიკური შესაძლებლობა უკრაინის არმიას (რომელიც იძულებულია, ძალები დაქსაქსოს სხვადასხვა მიმართულებებიდან ერთდროული რუსული შეტევების მოსაგერიებლად) ყოველთვის არ აქვს.

2-1646053207..jpg
უკრაინელი მოხალისეები კიევის გარეუბანში ჩასაფრებას აწყობენ...

ამიტომაც უკრაინელებმა რუსულ ჯავშანკოლონებთან ბრძოლის ერთგვარი, ნახევრად პარტიზანული მოქმედების ტაქტიკა აირჩიეს - გამოცდილ სამხედროებს გვერდში უდგებიან ტერიტორიული თავდაცვის ძალების (რომელიც ეხლა, ომის პირობებში ყალიბდება) მოხალისეები და ისინი თავდასხმებს აწყობენ, ძირითად, რუსულ ჯავშანკოლონებს ჩამორჩენილ მანქანათა ჯგუფებზე, განსაკუთრებით კი - საწვავის გადამტან ავტოცისტერნებზე.

ამ ტაქტიკამ უკვე გამოიღო დადებითი შედეგი - საწვავის მიუწოდებლობის გამო, ათობით რუსული საბრძოლო ტექნიკა გაჩერდა, მათმა ეკიპაჟებმა კი გაქცევით უშველეს თავს.

გზებზე ასეთი ჩასაფრებებისთვის საუკეთესო იარაღს წარმოადგენს ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ მოხალისეებს, გასაგებია, ძვირად ღირებულ და დეფიციტურ „ჯაველინებს“ არავინ ანდობს, ამიტომაც უკრაინის შეირაღებული ძალების სარდლობამ მოხალისეებისთვის სპეციალური ცნობარი დაამზადა იმის სასწავლად, თუ როგორ დაწვან რუსული „ტაიფუნის“ თუ „ტიგრის“ ტიპის ჯავშანმანქანები „მოლოტოვის კოქტეილით“ (ისე, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ცეცხლგამჩენ სითხიან ბოთლს სინამდვილეში „კოქტეილი მოლოტოვისთვის“ ჰქვია - ასე დაარქვეს მას ფინელებმა 1939 წელს, როდესაც ფინეთში შეჭრილ სტალინ-მოლოტოვის საბჭოთა ტანკებს აფეთქებდნენ) და როგორ ჩაუფუშონ საბურავები სატვირთო ავტომობილებს.

„კოქტეილი მოლოტოვისთვის“ ძალზე ეფექტიანი საბრძოლო საშუალებაა, თუკი ბოთლი ჯავშანმანქანის ძრავის ნაკვეთურთან გატყდა და ცეცხლგამჩენი სითხე გახურებულ ძრავს დაესხა - ვერანაირი ცეცხლმქრობი ავტომატური სისტემა ვეღარ უშველის...

გზაზე ბასრი საგნების განთავსება მტრის მანქანების საბურავების დასაზიანებლად, ასევე, კარგი მიგნებაა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის არმიის ყველა ბორბლებიანი ჯავშანმანქანა და სატვირთო ავტომობილი აღჭურვილია საბურავების დაბერვის ავტომატური სისტემით და საბურავში რამდენიმე ტყვიის მოხვედრის მიუხედავად, მანქანას 50 კმ-ის გავლა მაინც შეუძლია, ანუ განერიდება ჩასაფრების ადგილს.

ამ სასწავლო ცნობარში დამწყები პარტიზანისთვის უკრაინელ სამხედრო მრჩევლებს რატომღაც არ აქვთ მინიშნებული საღებავის გამოყენების შესაძლებლობაც - გაჩერებულ ჯავშანკოლონასთან მიახლოების საშუალება თუ მიეცათ, პულვერიზატორით შეიძლება საღებავის შესხმა ჯავშანტრანსპორტიორისა თუ ტანკის მძღოლ-მექანიკოსის ტრიპლექსებზე, რის შემდეგაც ის იძულებული იქნება, ლუქი გააღოს, ნახევრად ამოიწიოს და ისე მართოს, რა დროსაც უფრო ადვილი ხდება მძღოლ-მექანიკოსის მწყობრიდან გამოყვანა, თუნდაც - მოზრდილი ქვის პირდაპირ შუბლში ტყორცნით...

3a-1646053352.jpg
უკრაინელი მოხალისეები კიევის გარეუბანში ჩასაფრებას აწყობენ...
3b-1646053379.jpg
უკრაინელი მოხალისეები კიევის გარეუბანში ჩასაფრებას აწყობენ...
3g-1646053404.jpg
უკრაინელი მოხალისეები კიევის გარეუბანში ჩასაფრებას აწყობენ...
3d-1646053427.jpg
უკრაინელი მოხალისეები კიევის გარეუბანში ჩასაფრებას აწყობენ...

გასაგებია, რომ ეს მეთოდები შეიძლება ღიმილის მომგვრელი იყოს რეგულარული არმიის მებრძოლებისთვის, რომლებიც ავტომატითა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით არიან შეირაღებულნი, მაგრამ იმის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, დამხმარე საშუალებებით მტრის ჯავშანტექნიკას როგორ უნდა მიაყენო მეტ-ნაკლები ზიანი, მგონი, არც უკრაინელებს აწყენთ და არც ქართველებს...