"თუ ჩვენი ხელისუფლება ახალ სისულელეებს არ ჩაიდენს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მალე შეიძლება მოხდეს, ევროპას რუსეთთან ომის აღარ ეშინია" - კვირის პალიტრა

"თუ ჩვენი ხელისუფლება ახალ სისულელეებს არ ჩაიდენს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მალე შეიძლება მოხდეს, ევროპას რუსეთთან ომის აღარ ეშინია"

უკრაინასა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს რუსეთზე მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, რუსეთი აგრძელებს უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს. უკრაინის ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები და მოსახლეობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვის ახალ ისტორიას ქმნიან.

ცალკე საუბრის თემაა ამ პროცესებზე აშშ-სა და ევროპის რეაქცია და გადაწყვეტილებები რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ ამ თემებს აუცილებლად შევეხებით.

უკვე ცხადია, რომ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც ის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე იყო. ვითარება პრაქტიკულად ყოველწამიერად იცვლება, მაგრამ ასე დავსვამდი კითხვას - როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში მას შემდეგ ხდება, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო?

- უპირველეს ყოვლისა, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი ამ ბოლო დღეების ნაფიქრალი. მე აღმაშფოთა იმ უტიფარმა, ცივილიზებული სამყაროსთვის ყოვლად მიუღებელმა აგრესიამ, რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელი, რადიკალური დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გზაზე მდგარი უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა.

მე აღმაშფოთა იმ ქედმაღლურმა, ამპარტავანმა, ფსევდომეცნიერულმა და აშკარად ქსენოფობიურმა რიტორიკამ, რომლითაც პრეზიდენტმა პუტინმა დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ამაყი, მებრძოლი უკრაინული ერის წინააღმდეგ ომის, ოკუპაციის და აგრესიის გამართლება სცადა. პუტინის რიტორიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჰიტლერის სიტყვებს, რომელიც მან 1939 წელს პოლონეთში შეჭრის გასამართლებლად წარმოთქვა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ პუტინიც ჰიტლერივით დაასრულებს. ისტორიის განაჩენს ვერავინ გაექცევა.

რამდენიმე თვის წინ გითხარით, რომ ომი უკრაინაში რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი იქნება. ეს დროც დადგა. ამას უკვე ევროკავშირის ლიდერებიც არ მალავენ.

უკრაინამ კი, პუტინის გასაოცრად, დაამტკიცა, რომ ის დიდი ერია. გასაჭირის ჟამს მან შიდაპარტიული კინკლაობა დაასრულა და ურყევი მონოლითივით მტერს კრიჭაში ჩაუდგა. ყველა პუტინის ზრახვა, რომ ომი უკრაინაში სამოქალაქო ბზარს გააჩენდა, აბსოლუტურად ფუჭი გამოდგა. მართლაც - ძალა ერთობაშია.

- მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთის ბირთვული ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა ყველაზე აქტუალური თემაა გამოიყენებს თუ არა პუტინი ამ ომში ბირთვულ იარაღს.

იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სრულ ჭკუაზე არაა, ახლა ბევრი წერს. ამის ფონზე კითხვაც სულ მეტ აქტუალურობას იძენს. ვხედვათ, რომ რუსეთი უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს, მაგრამ ფაქტია, რომ ბირთვული იარაღი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის გამოუყენებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვულმა ქვეყნებმა სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადეს ბირთვული იარაღის არგამოყენების შესახებ, არაა გამორიცხული, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულმა პუტინმა მიიღოს გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

თქვენი დაკვირვებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს?

- სამხედრო ექსპერტი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ერთს გეტყვით - ვინც წითელი ღილაკის დაჭერას აპირებს, ამის შესახებ საჯაროდ ტელეკამერების წინ მსოფლიოს არ ატყობინებს. არ ვიცი, დააჭერს თუ არა პუტინი წითელ ღილაკს, მაგრამ მისი გზავნილი დასავლეთის დაშინებას ემსახურებოდა. დასავლეთს კი არ შეშინებია.

ომმა უკრაინაში დასავლეთის დემოკრატიებს წინააღმდეგობები და უთანხმოებანი დაავიწყებინა და ისინი ეხლა ერთიან, ძლიერ გუნდს წარმოადგენენ. სარკასტულად ვიტყვი - მადლობა პუტინს: მან მოახერხა ის, რაც ბაიდენმა, შოლცმა და მაკრონმა მრავალი თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს!

ვთქვი, რომ დასავლეთს არ ეშინია. არ ეშინია იმიტომ, რომ ის ასეთი სცენარისთვის დიდი ხანია ემზადებოდა და მისი საპასუხო ტექნოლოგიები გააჩნია. აშშ-სა და ევროპის ცა პუტინის რაკეტებისთვის დაკეტილია. უკრაინულ და ჩვენ ცასაც დახურავენ მალე, ალბათ. არსებობს სხვა, რუსეთისთვის გაცილებით უფრო სახიფათო სცენარებიც. თუ პუტინს დედამიწის აფეთქება სურს, იგი ამას ვერ მოახერხებს. რუსეთი მეოცე საუკუნეში ჩარჩა, მსოფლიო კი ვითარდება. გააგრძელეთ კითხვა "ინტერპრესნიუსზე"