მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
"მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და რას ნიშნავს, პოლიტიკური გამოსვლა არ იყოს?", - ამ სიტყვებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ განცხადების გაკეთება სავალდებულო პროცედურად არ უნდა იქცეს.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ განცხადება სამართლებრივ მხარეს უნდა შეეხებოდეს, ასევე ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს ბრალდებულის პირად საკითხებს, როგორც ჯანმრთელობის, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების საკითხს. მოსამართლის თქმით, მან წინასწარ არ იცის, თუ რის თქმას აპირებს ბრალდებული. შესაბამისად, განცხადება საშინაო და საგარეო პოლიტკის მიმოხილვა არ უნდა იყოს. აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა.
„რას ნიშნავს, გამოსვლა არ უნდა იყოს პოლიტიკური მიმოხილვა? საერთოდ, ეს პროცესი პოლიტიკურია. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და რას ნიშნავს, პოლიტიკური გამოსვლა არ იყოს",- განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. მან მოსამართლეს შესვენების გამოცხადება სთხოვა.
"თუ შეიძლება, ექიმთან პაუზა გამოვაცხადოთ",- განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
მან სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდომისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შესვენება კიდევ ერთხელ ითხოვა.
როგორც სააკაშვილმა დარბაზის დატოვებამდე განაცხადა, ექიმთან კონსულტაციისთვის დამატებით 5 წუთი დასჭირდება.
მანამდე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი შეუძლოდ გახდომის მიზეზი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც მკურნალობის გარეშე ასეთ შედეგს იძლევა.
„ეს არის იმ ნევროლოგიური დაავადების შედეგი, რომელიც მკურნალობის გარეშე ასეთ შედეგებს იძლევა. თავის მხრივ, ეს არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, არაერთი ფიზიკური ზემოქმედების შედეგი. ეს პერიოდულად მემართება. მაგრამ ახლა ეს მეასეხარისხოვანია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"