პუტინის მთავარი მიზანი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაა - კვირის პალიტრა

პუტინის მთავარი მიზანი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაა

დღეს მეექვსე დღეა, რაც უკრაინა გმირულად იგერიებს ვერაგი მტრის შეტევებს. პუტინის ოცნება, რომ უკრაინა ვერ გაუძლებდა და როგორც სახელმწიფო, ორ-სამ დღეში ჩამოიშლებოდა, საბედნიეროდ, არ ახდა. რუსეთმა უკრაინის ვერც ერთი დიდი ქალაქი და საოლქო ცენტრი ვერ აიღო. უკრაინელების დიდ წინააღმდეგობასთან ერთად შესაძლებელია ეს იმითაცაა განპირობებული, რომ რუსეთს ქალაქებში მძიმე ტექნიკის შეყვანისა და ბრძოლების გამართვის ეშინია: კარგად ახსოვთ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მიღებული მწარე გამოცდილება.

კიევში, ხარკოვში, ოდესაში და ა.შ. მოსახლეობას არ დაუტოვებია საცხოვრებელი კორპუსები და აქტიურად ემზადებიან რუსეთის სამხედრო შენაერთების შემოჭრის შემთხვევაში, ბრძოლები ქუჩებში გადაიტანონ. ამ დროს მსხვერპლი ორივე მხრიდან ძალზე დიდი იქნება. პუტინის მთავარი მიზანი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის (რომელსაც ის ნარკომანებსა და ნაცისტებს უწოდებს) “განეიტრალება” (მათი ლიკვიდაციის ჩათვლით) და უკრაინის ხელისუფლებაში მარიონეტული რეჟიმის მოყვანაა. “პატარა დიქტატორი” ამას ვერ შეძლებს, უკრაინის დედაქალაქი თუ არ დაიკავა. კიევის მოსახლეობა ოთხ მილიონზე მეტია (გარეუბნებით ექვს მილიონსაც აღწევს) და რუსეთის მხარეს ჯერჯერობით არავინ გადასულა (თუმცა ღალატიც არაა გამორიცხული). ამიტომ ოკუპანტს თავისი ვერაგული მიზნებისთვის სურს, პირველ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინოს და კიევის მოსახლეობას დედაქალაქის დასატოვებლად „ღია და უსაფრთხო" დერეფანს სთავაზობს.

28 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა: "მივმართავთ კიევის მოსახლეობას. ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი კიევი-ვასილკოვის გზატკეცილით. ეს მარშრუტი ღია და უსაფრთხოა". თუ ეს არ გამოუვიდათ ქალაქების დაბომბვას დაიწყებენ, ისე, როგორც ხარკოვზე მიიტანეს სარაკეტო იერიში გუშინ.

პარალელურად, პუტინი ცდილობს, მცირერიცხოვანი, მობილური სადაზვერვო-დივერსიული რაზმები (სდრ) შეგზავნოს კიევსა და უკრაინის დიდ ქალაქებში.

ბრიტანულმა გამოცემამ The Times 28 თებერვალს მეტად საყურადღებო ინფორმაცია გაავრცელა: “კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული. გამოცემის ცნობით, გასამხედროებულმა ფორმირებამ, „ვაგნერის ჯგუფმა“, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ხელმძღვანელობს, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან თავისი მებრძოლები დააბრუნა რუსეთში და, დიდი თანხის სანაცვლოდ, პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების ლიკვიდაცია დაავალა”.

foto-1646125496.jpg
“ვაგნერის ჯგუფის” ერთ-ერთი დანაყოფი (2014 წელი, დონბასი)

ამ შემთხვევაში შესაძლოა, “ვაგნერის ჯგუფის” სახელით რუსეთის მობილური სადაზვერვო-დივერსიული რაზმები მოქმედებდნენ. დღეისათვის მათი მიზნებია: უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, ქალაქებში დივერსიების მოწყობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის (ელექტროსადგურები, წყალსადენი, გათბობის სისტემა, ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემა და ა.შ.) მწყობრიდან გამოყვანა, მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა და სხვ. ჩემი აზრით, უკრაინის საბოლოო გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იქნება: შეძლებს თუ არა უკრაინის ხელისუფლება დღეს არსებული ერთიანობის შენარჩუნებას; მოასწრებს თუ არა დასავლეთის სამხედრო დახმარების (სამწუხაროდ, დაგვიანებული) ეფექტიანად გამოყენებას და რამდენად ადეკვატურ პასუხს გასცემენ უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული რაზმების მოქმედებებს.

დღეს მთელ მსოფლიოში სპეციალური დანიშნულების დანაყოფების (ე.წ. სპეცნაზის – სპეცრაზმის) განსაკუთრებული მრავალფეროვნებაა. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ასეთი სახის “სპეცრაზმები” არ ჰყავდეს.

“სპეცრაზმის” უმთავრესი და უპირველესი დანიშნულებაა:

1. სადაზვერვო-დივერსიული და პარტიზანული ოპერაციების ჩატარება მოწინააღმდეგის ზურგში;

2. სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის შიგნით;

3. ტერორისტების განეიტრალება.

ათწლეულების მანძილზე იქმნებოდა ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის “სპეცრაზმების” უძლეველობის მითი. იმპერიული აზროვნების რუსი პოლიტიკოსები არც ამჟამად მალავენ ამ საეჭვო სიამაყეს. საინტერესოა, მართლაც ასე ყოვლისშემძლე და დაუმარცხებელია რუსეთის “სპეცრაზმები”?

პოლიტიკური მკვლელობისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე დივერსიებისა და ტერაქტების ორგანიზების მხრივ საბჭოთა სპეცსამსახურები ყოველთვის გამოირჩეოდნენ. საბჭოთა და შემდეგ - რუსეთის “სპეცრაზმები” ითვლებოდა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ დანაყოფებად, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით ჩამორჩებოდნენ მოწინააღმდეგეს ტექნიკური აღჭურვისა და დაფინანსების მხრივ, ფანატიზმის ხარჯზე, ხშირად პირადი შემადგენლობის დიდი მსხვერპლისდა მიუხედავად, დასახულ მიზანს მაინც აღწევდნენ.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაწყებული, მსოფლიოში არც ერთ რამდენადმე სერიოზულ ომს და სამხედრო კონფლიქტს არ ჩაუვლია საბჭოთა “სპეცრაზმების” მონაწილეობის გარეშე. ვიეტნამი, ანგოლა, ეთიოპია, მოზამბიკი, ნიკარაგუა, ავღანეთი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც საბჭოთა იმპერია სამხედრო ძალით და სადაზვერვო-დივერსიული მეთოდებით საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა.

საბჭოთა კავშირი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც სპეციალური დანიშნულების დანაყოფები შეიქმნა. “ზენიტი”, “ვიმპელი”, “კასკადი”, “ალფა”, “ომეგა”, “კობალტი”, “ვიტიაზი”, “რუსიჩი” - ეს საბჭოთა “სპეცრაზმების” არასრული ჩამონათვალია. იმ პერიოდში ამ სახის დანაყოფები თავდაცვის სამინისტროს (უშუალოდ სამხედრო დაზვერვას - გე-ერ-უს), კა-გე-ბეს (საგარეო დაზვერვას) და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავდა. მათგან ყველაზე ადრე შეიქმნა და, ამის გამო, განსაკუთრებული საბრძოლო გამოცდილება გე-ერ-უს სადაზვერვო-დივერსიულ დანაყოფებს გააჩნდათ.

გე-ერ-უს “სპეცრაზმები" მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის და შემდგომ - რუსეთის მიერ განხორციელებულ ყველა ოფიციალურ შეიარაღებულ კონფლიქტში და ფარულ სპეცოპერაციაში. ეს სპეცსამსახური და მისი სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ და განხორციელებულ, როგორც “ღია” ოპერაციებში (პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტები, “აგვისტოს ომი”), ასევე - მრავალ, ჯერ კიდევ გაუხმაურებელ სპეცოპერაციაში.

ყველაფერი კი საბჭოთა არმიისა და ფლოტის რეგულარულ დანაყოფებში მცირერიცხოვანი და მობილური სადაზვერვო-დივერსიული და პარტიზანული ჯგუფების შექმნით დაიწყო.

გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო ომის დროს, დასავლეთის ფრონტზე მოქმედი ბოლშევიკების პარტიზანული ჯგუფების ბაზაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა არმიის პირველი სპეცდანაყოფები - “არალეგალური სამხედრო ორგანიზაცია”, რომელთა ძირითადი ამოცანა იყო ე. წ. აქტიური დაზვერვის (დივერსიების და ტერაქტების) ორგანიზება მეზობელი დამოუკიდებელი (უპირველესად - პოლონეთის, რუმინეთის და ბალტიისპირეთის) ქვეყნების ტერიტორიაზე. სტრუქტურულად ისინი შესაბამისი სამხედრო ოლქების დაქვემდებარებაში იყვნენ და სისტემატურად მონაწილეობდნენ საერთო-საჯარისო წვრთნებში. კიევში, მინსკში, ხარკოვსა და მოსკოვში იმ პერიოდში მოქმედებდა დივერსანტებისა და პარტიზანების მოსამზადებელი სპეცსკოლები.

საბჭოთა სამხედრო “სპეცნაზის” პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1936-1939 წლებში, ესპანეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობის პერიოდი. საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, “სხვათა ომში” აგზავნიდა საჯარისო დანაყოფებს, მფრინავებს და სპეცსამსახურის თანამშრომლებს საბრძოლო გამოცდილების მისაღებად და ოსტატობის დასახვეწად. ესპანეთის სამოქალაქო ომში საბჭოთა პარტიზანული რაზმები აფეთქებდნენ ხიდებს, საავტომობილო გზებს და რკინიგზის ლიანდაგებს. ამგვარი გამოცდილება მათ ძალზე გამოადგათ გერმანელების წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლებში.

1941-1945 წლების პერიოდი ფართომასშტაბიანი სადაზვერვო-დივერსიული და პარტიზანული მოქმედებებით გამოირჩეოდა, რასაც გერმანელებმა რეალურად ვერანაირი კონტრზომები ვერ დაუპირისპირეს. მეორე მსოფლიო ომში მიღწეულ გამარჯვებაში თავისი წვლილი სწორედ პარტიზანულმა დაჯგუფებებმა შეიტანეს.

1950 წელს საბჭოთა სამხედრო დაზვერვის “გრუს” დაქვემდებარებაში 46 ასეული შეიქმნა, თითოეული - 120 კაცის შემადგენლობით დაკომპლექტდა. მეთაურები უპირატესად სამხედრო დაზვერვის ოფიცრებიდან იყვნენ შერჩეულნი.

1953 წელს, როდესაც საბჭოთა შეიარაღებული ძალების შემცირება დაიწყო, დარჩა მხოლოდ 11 სპეციალური დანიშნულების ასეული.

1956 წელს ბალტიის ფლოტში შეიქმნა საზღვაო “სპეცნაზის” პირველი დანაყოფები. ხოლო მომდევნო წელს სამხედრო ოლქებსა და აღმოსავლეთ ევროპაში დისლოცირებულ საბჭოთა ჯარების ჯგუფებში შეიქმნა ხუთი სპეცდანიშნულების ბატალიონი (მათ შორის - 43-ე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში).

1963 წელს, საბჭოთა გენშტაბის დირექტივით, 10 სამხედრო, მათ შორის - ამიერკავკასიის ოლქში, დაიწყო ცალკეული კადრირებული სპეცდანიშნულების ბრიგადების (თითოეული 1700 კაცის შემადგენლობით) ფორმირება. ამ პერიოდიდან მოყოლებული, საბჭოთა სამხედრო დაზვერვა სისტემატურად მართავდა ფართომასშტაბიან სწავლებებს, რომლებიც მაქსიმალურად იყო მიახლოებული საბრძოლო ვითარებასთან.

სპეციალური დანიშნულების მზვერავი-ოფიცრების მოსამზადებლად 1968 წელს რიაზანის საჰაერო-სადესანტო სამეთაურო სასწავლებლის კურსანტებისგან შეიქმნა მეცხრე ასეული, რომლებიც, გაძლიერებულ სამხედრო მომზადებასთან ერთად, სწავლობდნენ ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, ფრანგულ, ჩინურ და სხვ. ენებს, იმისდა მიხედვით, თუ რა გეოგრაფიული მიმართულებებით იგეგმებოდა მათი გამოყენება. 1977 წლიდან კი “სპეცრაზმების” ოფიცრების მოსამზადებლად ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, დაზვერვის ფაკულტეტზე, შეიქმნა სპეციალური სასწავლო ჯგუფები.

რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული ექსპერტებისა და ჟურნალისტების მონაცემებით, 1970-1985 წლებში საბჭოთა არმიაში 13 სპეცდანიშნულების ბრიგადა, სულ - 15-20 ათასი კაცის შემადგენლობით იყო.

ეს ციფრი საკმარისია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ საბჭოთა კავშირის იმპერიალისტურ მიზნებში, რომლისთვისაც საბედისწერო ავღანეთის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და მრავალწლიანი სამოქალაქო ომის პროვოცირება გახდა. ჩემი აზრით, უკრაინის სპეცსამსახურები კარგად უნდა იცნობდნენ რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული რაზმების მოქმედებების მეთოდებსა და ხერხებს და შესაბამისი პასუხიც უნდა გასცენ მათ.

(პირველი ნაწილის დასასრული)