„სტინგერმა“ კრემლი ავღანეთის ომში დაამარცხა და იგივეს „გამეორებას“ უკრაინის ცაშიც იწყებს... - კვირის პალიტრა

„სტინგერმა“ კრემლი ავღანეთის ომში დაამარცხა და იგივეს „გამეორებას“ უკრაინის ცაშიც იწყებს...

უკრაინის ცაში მორიგი რუსული დამრტყმელი შვეულმფრენი Ми-35М-ი ჩამოაგდეს, რაც უკვე გაკვირვებას აღარ იწვევს რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის მეექვსე დღეს, როდესაც რუსულმა საბრძოლო ავიაციამ უკრაინის საჰაერო სივრცეში არაერთი თვითმფრინავი, შვეულმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა.

მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში უკრაინელმა მეზენიტეებმა წარმატებას გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით - „სტინგერით“ მიაღწიეს, სწორედ იმ „სტინგერით“, რომელმაც 1979-89 წლების ავღანეთის ომში შავი დღე აყარა საბჭოთა სამხედრო ავიაციას ავღანეთის ცაში.

გადაჭარბებულად არ იქნება ნათქვამი, რომ სწორედ „სტინგერებმა“ შეიტანეს უდიდესი წვლილი საბჭოთა კავშირის დამარცხებაში ავღანეთის ომში.

ავღანეთში შეჭრილი საბჭოთა არმია დაუნდობლად ბომბავდა ავღანელების ყიშლაყებს და არ არჩევდა, სად იყვნენ მოჯაჰედები და სად - მშვიდობიანი მოსახლეობა.

მაშინ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ განახორციელა საიდუმლო ოპერაცია და 1986 წლიდან ავღანელი მებრძოლებისთვის „სტინგერის“ ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადაცემა დაიწყო, რომელიც მაშინ თავად ამერიკული არმიისთვისაც ახალი ხილი გახლდათ, რადგან პენტაგონს მხოლოდ ხუთი წლით ადრე ჰქონდა შეიარაღებაში მიღებული.

„სტინგერამდე“ ავღანელები კი იყენებდნენ მოძველებული ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს - ამერიკულ „რედ აისა“ თუ საბჭოთა „სტრელა-2“-ს, მაგრამ „სტინგერმა“ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

საქმე ის არის, რომ „სტრელას“ გაშვება, ძირითადად, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლებოდა, რაც რეაქტიული თვითმფრინავი უკვე დაბომბავდა, თავზე გადაუფრენდა მეზენიტეს და ინფრაწითელი დამიზნების „სტრელას“ რაკეტა თვითმფრინავის რეაქტიული ძრავიდან გამოსულ მაღალი ტემპერატურის აირის კვალს გაჰყვებოდა.

„სტინგერის“ სროლა კი შესაძლებელი გახდა თვითმფრინავის შემხვედრ კურსზე, სანამ იგი მიზანს დასაბომბად მიუახლოვდებოდა, რაც უკვე ძალიან დიდი ტაქტიკური პლუსი გახლდათ.

ამის მიღწევა ამერიკელმა კონსტრუქტორებმა იმით შესძლეს, რომ საზენიტო რაკეტის ინფრაწითელი დამიზნების სისტემას ულტრაიისფერიც დაუმატეს და „ჭკვიანი“ რაკეტა საფრენი აპარატის კონტურს ცის ფონზე მანამდე აღიქვამდა, სანამ თვითმფრინავი გადაუფრენდა - ანუ „სტინგერის“ გაშვება შემხვედრ კურსზეც გახდა შესაძლებელი.

ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ 1986-89 წლებში ავღანელ მოჯაჰედებს, საერთო ჯამში, „სტინგერის“ ასობით გამშვები და - არანაკლებ 4 ათასი საზენიტო რაკეტა გადასცა.

საბჭოთა სამხედრო ავიაციამ ავღანეთის თითქმის ათწლიან ომში 125 თვითმფრინავი და 333 შვეულმფრენი დაკარგა.

რა თქმა უნდა, ყველა მათგანი „სტინგერის“ „სინდისზე“ არ არის, თუმცა 1986 წლის სექტემბრიდან დაწყებული (როდესაც პირველი „სტინგერი“ გამოიყენეს ავღანეთის ცაში), 1989 წლის თებერვლამდე, საბჭოთა არმიის ავღანეთიდან გამოსვლის დღემდე, ავღანელმა მოჯაჰედებმა „სტინგერების“ საშუალებით რამდენიმე ათეული საბჭოთა თვითმფრინავი და შვეულმფრენი „ჩამოხსნეს“.

მთავარი კი ის გახლდათ, რომ „სტინგერების“ ფართო გამოყენებამ საბჭოთა გენერალიტეტი აიძულა, შეეცვალა საბრძოლო და სატრანსპორტო ავიაციის მოქმედების ტაქტიკა ავღანეთის ცაში.

„სტინგერების“ შიშით, საბჭოთა მოიერიშე თვითმფრინავების (თბილისის საავიაციო ქარხნის გამოშვებული Су-25-ების) პილოტები იძულებულნი გახდნენ, 4 კმ სიმაღლეზე დაბლა აღარ ეფრინათ, რადგან „სტინგერი“ 3,8 კმ სიმაღლემდე „წვდებოდა“. ასეთი სიმაღლიდან კი ზუსტი დაბომბვა და სარაკეტო დარტყმების მიყენება თითქმის შეუძლებელი გახდა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეამცირა საბჭოთა ავიაციის საბრძოლო ეფექტიანობა ავღანეთის ომში.

საბჭოთა შვეულმფრენების ეკიპაჟები კი პირიქით, მიწას „გაეკვრნენ“ და ფრენებს ძალიან დაბალ სიმაღლეზე, 30-60 მ-ზე, რელიეფის გაყოლებით ახორციელებდნენ, რათა „სტინგერის“ ოპერატორს ვერ მოესწრო მათი შვეულმფრენის მიზანში ამოღება. ამან კი თავის მხრივ გაზარდა ავარიებისა და კატასტროფების რიცხვი, რადგან შვეულმფრენის პილოტირება ავღანეთის მთაგორიანი რელიეფის მიყოლებით, დაბალ სიმაღლეზე, ურთულესი გახლდათ.

ამ არცთუ ისე მცირე ისტორიული რაკურსის შემდეგ დავუბრუნდეთ ჩვენს, არანაკლებ რთულ რეალობას - კრემლი თავის „ტრადიციებს“ არ ღალატობს, იმის განურჩევლად, თუ ვინ ზის წითელ მოედანზე - ბრეჟნევი, გორბაჩოვი თუ პუტინი, მათ ხომ საერთო „იდეა“ აერთიანებთ - დაბომბე, დაბომბე, დაბომბე...

2-1646125509.jpg
„სტინგერების“ მასობრივი გამოყენება რუსულ შვეულმფრენებს შავ დღეში ჩააყენებს...

ამიტომაც ისედაც ლეგენდარულ „სტინგერს“, რომელმაც დააჩქარა საბჭოთა არმიის ავღანეთის ციდან და ხმელეთიდან განდევნა, უჩნდება საუკეთესო შანსი, გაიმეოროს ეს კარგი საქმე და ეხლა უკვე უკრაინის ცაში არ გაახაროს, ამჯერად - რუსული თვითმფრინავები და შვეულმფრენები, რომელთა ნაწილი (თუნდაც იგივე Су-25-ები და Ми-24-ები) ჯერ კიდევ ავღანეთს ბომბავდა და ჯერ კიდევ იქ შეიძლებოდა გამხდარიყვნენ „სტინგერების“ ლუკმები...

პ.ს. ამ ბლოგის ავტორს 1997 წლის იანვარში საშუალება მიეცა საბერძნეთში, ათენში დაეთვალიერებინა სამხედრო ქარხანა, სადაც „სტინგერებს“ აწყობდნენ - თვალები აქეთ-იქით გამირბოდა, როგორ მინდოდა, რომ ამ ცინცხალ „სტინგერებს“ ქართული ცაც დაეცვათ, რომელიც მხოლოდ „რაგატკების“ იმედზე იყო, მაგრამ „სტინგერი“ დღემდე არ გამოჩნდა ქართული არმიის შეირაღებაში, თუმცა გვპირდებიან...