"ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა და ის უკრაინაში წყდება, წყდება აქ, თავისუფლების ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე, ამიტომ არ მოგცემთ უფლებას ეს „ნაც-ქოცური" დაპირისპირება გამოიტანოთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა და ის უკრაინაში წყდება, წყდება აქ, თავისუფლების ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე, ამიტომ არ მოგცემთ უფლებას ეს „ნაც-ქოცური" დაპირისპირება გამოიტანოთ"

მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა და ის უკრაინაში წყდება. წყდება აქ, თავისუფლების ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე, ამიტომ არ მოგცემთ უფლებას ეს "ნაც-ქოცური" დაპირისპირება გამოიტანოთ. როცა იქ ქალაქები იბომბება, არ მოგცემთ უფლებას ჩვენ აქ რაღაც სისულელეებზე ვილაპარაკოთ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი აუცილებლად დამარცხდება ცივილიზაციასთან.

„მე გახლავართ ხატია დეკანოიძე, რომელიც თავაწეული, ამაყი დავდიოდი უკრაინაში, გავხდი უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პოლიციის უფროსი და ყოველთვის ამაყი ვიყავი ჩემი პატარა სამშობლოთი. ეს სიამაყე დამყვებოდა ლამაზი, ცქრიალა, მწვანე კიევის ქუჩებში. მე გახლდით ადამიანი, რომელსაც დღეს ამ სიტუაციაში მიმძიმს უკრაინის თემაზე საუბარი, იმიტომ, რომ იქ ჩემი მეგობრები, ბავშვები, ქალები, კაცები ყველა ერთად იბრძვის არამხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც.

მე, ხატია დეკანოიძე, არ ვუყურებ უკრაინას და ამ ბრძოლას, როგორც ვიწროპარტიულ ან შიდა დაპირისპირების ამბავს. მე ერთ დროს უკრაინის მოქალაქე და ახლა საქართველოს ამაყი მოქალაქე, ამ ყველაფერს ვუყურებ საქართველოს და უკრაინის ეროვნული ინტერესების ჭრილში. მე, საქართველოს მოქალაქე და უკრაინელი ხალხის მეგობარი, ვისი გულიც ახლა არის უკრაინაში, კიევში, ხარკოვში, ხერსონში, სუმში, პოლტავაში, ლვოვში, მოგიწოდებთ ყველას, ის კი არ გავარჩიოთ რა თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გავიგეთ, რომ მორდორის მხარესაა, არამედ გავარჩიოთ ის, როგორ გავიდეთ სამშვიდობოს. გავარჩიოთ ის, როგორ უნდა დავუტოვოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ შვილებს, მომავალ თაობას, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი უნდა იყოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში, რუსული პროპაგანდის შემადგენელი კომპონენტი იყო, რომ საქართველოსთვის დაებრალებინათ 2008 წლის სამხედრო აგრესია.

„უკრაინელებმა, ჩვენმა მეგობრებმა, 2008 წელს ბალანსი კი არ დაიცვეს, ჩამოვიდა პრეზიდენტი იუშენკო და აქ სხვა პრეზიდენტებთან ერთად იდგა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დიახ, მე დარწმუნებული ვარ, რომ კიევში, ხარკოვში, ხერსონში, სუმში, პოლტავაში, ყველგან დამარცხდება პუტინი. პუტინი აუცილებლად დამარცხდება ცივილიზაციასთან. ჩვენ, საქართველოს, უკრაინის უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე უნდა ვიმსჯელოთ, ვილაპარაკოთ. ვისაუბროთ არა იმაზე ღარიბაშვილი რომ საუბრობს, როგორ მივებით რუსულ ბაზარს, არამედ იმაზე ვილაპარაკოთ როგორ გავიდეთ ევროპის ბაზარზე, როგორ გავაკეთოთ სასწრაფოდ გაწევრიანებაზე გეგმა. ამას უნდა ვეუბნებოდეთ ღარიბაშვილსაც და მთავრობასაც, რომ ჩვენ მოდი, მოვიწვიოთ ყველა ერთად და გავაკეთოთ გაწევრიანებაზე განაცხადი. მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა და ის უკრაინაში წყდება. წყდება აქ, თავისუფლების ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე, ამიტომ არ მოგცემთ უფლებას ეს "ნაც-ქოცური" დაპირისპირება გამოიტანოთ, ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩვენი მეგობრებისთვის. როცა იქ ქალაქები იბომბება, არ მოგცემთ უფლებას ჩვენ აქ რაღაც სისულელეებზე ვილაპარაკოთ.

მოგიწოდებთ კოლეგებო, ვიცი, რომ თქვენ ამას ფიქრობთ და ეს გულში გაქვთ. საქართველოს მთავრობას დავავალოთ, ყველამ ერთად, სასწრაფოდ, ჩვენი უკრაინელი გმირების 2008, 2022 წლებში პატივსაცემად და ჩვენი მომავალი თაობისთვის, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო ევროკავშირის გარეთ არ დარჩეს“,- განაცხადა დეკანოიძემ.