"9 აპრილი რომ მოხდა ჩვენთან და ეროვნული მოძრაობა იყო, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ იგივე სულისკვეთებაა ახლა აქ" - რას ჰყვება ქართველი ექიმი კიევიდან
"...შეიძლება ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ოჯახი მაინც რომ გავიყვანო უსაფრთხო ადგილას... ყოველ წუთს ახალი ინფორმაცია ვრცელდება და ყველაფერი იცვლება. ახლა გვითხრეს, რომ კიევის უშიშროების ტექნიკური ბაზების დაბომბვა იგეგმება...", - გვითხრა ქართველმა ექიმმა - მიხეილ ნაჭყებიამ, რომელიც უკრაინაში უკრაინელ მეუღლესთან და ათი წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობს...
- ბატონო მიხეილ, ომის დაწყებამდე არ სცადეთ უკრაინიდან წამოსვლა, რეალური საფრთხე ხომ უკვე აშკარა იყო?
- ჩემი მეუღლე - ნინა კიევის სკოლის პედაგოგია, უცხო ენების სპეციალისტი, ერთ-ერთი კლასის დამრიგებელია. მან მითხრა, ახლა ბავშვებს ვერაფრით ვერ მივატოვებო. ბავშვები ქალაქში დარჩენილიყვნენ და მათ პედაგოგს ქალაქი დაეტოვებინა, მართლაც არაფრით შეიძლებოდა.
მე კლინიკაში ვმუშაობ, ყბა-სახის ქირურგი ვარ და ჯერ კიდევ 24 თებერვალს სამსახურში ვიყავი... 24 თებერვალს საღამოს უკვე ვიცოდით, რომ რაღაც იწყებოდა, დღის მეორე ნახევრიდან ქალაქს დაძაბულობა შეეტყო. კი ვგრძნობდით, რომ საფრთხე ახლოვდებოდა, მაგრამ კიევში თუ ამდენად დიდი შემოტევა იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდით...

ხუთშაბათს პაციენტები ჩვეულებრივად მივიღე, პარალელურად, ტელევიზორსაც ვუყურებდი, ინტერნეტით ინფორმაციასაც ვეცნობოდი და რომ წამოვედი, მეტროში ხალხი უკვე ღამის გასათევად იკრიბებოდა, საშიშროება, განგაში იყო... სახლში წამოვედი, მაღაზიაში შევიარე, რაღაც პროდუქტები ვიყიდე და ის ღამე ოჯახმა სახლში გავათენეთ. აფეთქებების ხმა ძალიან შორიდან ისმოდა.
მეორე დღეს, რაღა სამსახური გვახსოვდა, ფაქტის წინაშე დავდექით, რომ რუსები უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იყვნენ... წამოსვლაზე არც მაშინ გვიფიქრია, რადგან საკუთარი ავტომობილი არ მყავს და თან მეუღლე დას და ოჯახის წევრებს ვერ მიატოვებდა, ყველას წამოსვლა კი შეუძლებელი იყო... ჩვენს საელჩოს დავუკავშირდი და მითხრეს, ჯერჯერობით ჩვენც აქ ვართ და ჯობია ადგილზე იყოთ, ვიდრე წახვიდეთ, გზაში მეტი საფრთხეაო... მართლაც, გადაადგილება იმდენად ქაოსურია, მატარებლის ბაქანზე შეიძლება ორი დღე ლოდინი მოგიწიოს. ჯერ ისინი გადაჰყავთ, ვისაც ბილეთი ომის დაწყებამდე ჰქონდა შეძენილი.
ოთხი ღამე თავშესაფარში გავატარეთ... გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ ჩვენ წინ დიდი სუპერმარკეტია, რომელსაც დაბლა სართულზე საწყობი აქვს და შედარებით ნორმალური პირობებია.
- ათი წლის გოგონა გყავთ და როგორ ცდილობთ, მისი ფსიქიკა გადაარჩინოთ, ბავშვი არ შეშინდა?
- ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი მე რამდენჯერმე გადატანილი მაქვს... ჩემს ამბებს ვუყვები, რაც გამოვიარე, 90-იან წლებიდან დაწყებული. ბავშვს ეშინია, მაგრამ ძალიან შეგნებულად იქცევა. მეკითხება, ხომ ყველაფერი კარგად იქნებაო, დავამშვიდებ, ვაკოცებ და მიდის თავის საქმეს აგრძელებს. მე და ჩემი მეუღლე მაგაზე ძალიან ვნერვიულობთ, რომ ეს ყველაფერი ბავშვზე მთელი ცხოვრება კვალს დატოვებს.
- როგორც ექიმს, ამ დღეებში არ გიწევთ მუშაობა?
- ომი ახალი დაწყებულია და ახლა ხდება ყველაფრის დაორგანიზება... ამ წუთას ის კლინიკა დაკეტილია, სადაც მე ვმუშაობ. ტრანსპორტი არ დადის. გუშინ მეტრო მუშაობდა, მაგრამ ყველა სადგური - არა. ორი დღე უწყვეტად კომენდანტის საათი იყო და კლინიკაში ვერც ჩვენ მივიდოდით, ვერც - პაციენტი.
თავშესაფრიდან ოთხი დღე ვერ ამოვედით და გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ პროდუქტების შეძენა იქვე შეგვეძლო. საკვები და წყალი იყიდებოდა. ძალიან სიცივე იყო, მაგრამ აღარ ვჩიოდით, ვუძლებდით, რადგან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით. ჩვენი მეზობელი მუშაობს ამ სუპერმარკეტში და მან გვითხრა, მე ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახის წევრები ხართ და წამოდით, შედარებით კომფორტულად იქნებითო...
უკრაინელი ხალხი გმირია! მაღაზიის თანამშრომლები ხუთი დღის განმავლობაში და ახლაც შენობიდან არ გადიან, ღამე თავშესაფარში რჩებიან, დილით ხუთ საათზე დგებიან და ყველაფერს ამზადებენ. ამ სუპერმარკეტში მხოლოდ პროდუქტები არ იყიდება, კულინარიაც არის და აცხობენ, საკვებს ამზადებენ, მომხმარებელს რომ პრობლემა არ შეექმნას.
მეც ჩავერთე მათ საქმიანობაში და ბოსტნეულით დატვირთული ურიკები დამქონდა. ჩემი მეუღლე საცხობში ეხმარებოდა. პურს ვფუთავდით, ვარიგებდით... ასე ვთქვათ, მოხალისეები გავხდით.
დღისით, როცა კომენდანტის საათი არ იყო, ჩვენ, მამაკაცები, საბავშვო მოედნებიდან ტომრებში ქვიშას ვაგროვებდით, საბურავებს, ბოთლებს, მოლოტოვის კოქტეილებისთვის. ქვიშით და საბურავებით მანქანები დავტვირთეთ ქალაქის დაცვის ობიექტების ბარიკადებისთვის... ასეთ რეალობაში გავიღვიძეთ იქ, სადაც 800 კილომეტრში და უფრო ახლოს, ევროპის საზღვარია!
- საქართველო როგორ გამოიყურება უკრაინიდან, არის ჩვენი ქვეყნიდან სათანადო მხარდაჭერა?
- პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, რადგან ბევრი ინფორმაცია არ მაქვს ქართველი პოლიტიკოსების შესახებ. ერთადერთი ის ვიცი, რომ აქაურები ქართველებზე გიჟდებიან, მართლა ძალიან ვუყვარვართ. ყოველთვის დიდ პატივს გვცემდნენ ქართველებს, მაგრამ ახლა კიდევ მეტად, რადგან ხალხმა ასეთი მხარდაჭერა გამოხატა... ჩემს მეგობარს ძველ თბილისში კერძო სასტუმრო აქვს და სამი უკრაინელი ოჯახი შეიფარა. ვიცი, რომ იგივე ბევრმა გააკეთა... ახლობელს პატარა რესტორანი აქვს და უფასოდ კვებავს უკრაინელ სტუმრებს. ამიტომ, უკრაინაში ქართველი ხალხის ძალიან მადლობელი არიან. ხელისუფლება მიდის-მოდის, ხალხი კი რჩება.
რაც შეეხება უკრაინას, აქ ხალხი ძალიან ერთსულოვანია! ამ დღეების განმავლობაში ყველამ გადადო თავის სიმპათია, ანტიპათია და ქვეყნის სადარაჯოზე დგანან... მათ შორის ის ხალხი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ვინმე გარეშემ რომ მთავრობაზე ცუდი უთხრას, ალბათ, ძალიან მკაცრ პასუხს გასცემენ... 9 აპრილი რომ მოხდა ჩვენთან და ეროვნული მოძრაობა იყო, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ იგივე სულისკვეთებაა ახლა აქ. მეშვიდე კლასში ვიყავი, რუსთაველზე პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა... იმის მერე ერთიანობის ისეთი ემოციები და შეგრძნება აღარ მქონია.
მე უკრაინა ძალიან მიყვარს, მეუღლე უკრაინელია, დიდი ხანია, აქ ვარ და რასაც საქართველოსთვის გავაკეთებ, იმავეზე უკრაინისთვისაც უკან არ დავიხევ!
- როგორც ყბა-სახის ქირურგს, მალე ,ალბათ, დიდი დატვირთვა გელით...
- მზად ვარ ყველაფრისთვის, აქ ვარ და ყველანაირად მივეხმარები ჩვენს მოძმე უკრაინელებს... ჯერ უფრო სამხედრო ჰოსპიტლებია მობილიზებული და ჩვენ საველე პირობებშიც, სტაციონარშიც შეგვიძლია მუშაობა, სადაც კი დაგვიძახებენ. თბილისიდან კოლეგებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ წამოსვლა უნდათ. ჯერჯერობით ვერ ჩამოვიდნენ, რაღაც პრობლემები შეექმნათ.
შეიძლება ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ოჯახი მაინც რომ გავიყვანო უსაფრთხო ადგილას... ყოველ წუთს ახალი ინფორმაცია ვრცელდება და ყველაფერი იცვლება. ახლა გვითხრეს, რომ აქაური უშიშროების ტექნიკური ბაზების დაბომბვა იგეგმება. მეგობრებმა მომაწოდეს "ლენტა.რუს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია... რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების ტექნიკური ბაზები უნდა დაიბომბოს და ახლოს მცხოვრები მოსახლეობა მოერიდეთო... იმდენი "ფეიკნიუსი" ვრცელდება, შეიძლება სპეციალურად არის ახლაც ხალხში პანიკის დათესვის მცდელობა. ხედავს მოწინააღმდეგე, როგორი კონსოლიდაცია და მობილიზებაა. ბავშვიდან დაწყებული, ხანდაზმულებით დამთავრებული, ფიზიკურად რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ.
რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, რასაც შესაბამისი სტრუქტურები გვაძლევენ. ასეთი აპლიკაციაა ტელეფონში - "კიევი ციფრული", სადაც ყველანაირი ინფორმაცია მოდის შესაძლო საჰაერო შეტევის შესახებ. გვაფრთხილებენ, თავშესაფრებში ჩადითო, თუ სადმე ტრანსპორტი გადაადგილდება, აფთიაქი სად მუშაობს, კომენდანტის საათის გრაფიკი...
ინტერნეტი არის, მე სადაც ვცხოვრობ, იქ ჯერჯერობით შუქი, გაზი არის. კიევში წყალი ონკანიდან არ ისმება, გაფილტვრა ჭირდება, მაგრამ მაღაზიებში წყალი და საკვები არის.
(სპეციალურად საიტისთვის)