"მტრის ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც დაბომბვის შემდეგ, თავშესაფრიდან ამოვიდა. ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი"
უკრაინა-რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი, 37 წლის ასლან ბოლქვაძე დაიღუპა. ის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალას მკვიდრია, სადაც მას მთელი სოფელი გლოვობს. ასლან ბოლქვაძე ამ სოფლის 7-შვილიანი ოჯახის მეშვიდე, ყველაზე უმცროსი შვილია, ექვსი დის ერთადერთი, ყველაზე პატარა ძმა და სიამაყე. უმცროსი ძმა დებმა კიევში პირველად 10 წლის წინ გააცილეს, მას შემდეგ ასლანი შრომობდა, შინ ხშირად ჩამოდიოდა და ოჯახს მატერიალურად ეხმარებოდა.
გარდაცვლილის ნათესავი ნათელა ბოლქვაძე ასლანს ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს:
- უკვე რომ აღარ არის, მხოლოდ იმიტომ კი არ ვამბობ ამას მასზე, მისნაირ, სიკეთით სავსე, მოსიყვარულე ადამიანს მართლა იშვიათად თუ შეხვდები. მისი სიკეთე ყველა გარშემომყოფს სწვდებოდა. ვერაფრით დამიჯერებია, რომ ასეთი ადამიანი აღარ არის. მე და ის ერთ სკოლაშიც ვსწავლობდით, სადაც ასლანი ყველას უყვარდა. იმიტომ, რომ ყველას პრობლემის განაწილება და დახმარება შეეძლო. თანაც როგორ? დახმარებაზე თხოვნაც კი არ სჭირდებოდა, უთქმელადაც მიგიხვდებოდა, რომ მისი გვერდით ყოფნა გჭირდებოდა. იმიტომაც ჰყავდა ყველგან უამრავი მეგობარი. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაშიც ასე იქნებოდა, ყველას შეაყვარებდა თავს. ძალიან მებრალება მისი მშობლები და უფროსი დები, რომლებისთვისაც საფიცარი და საამაყო ძმა იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, ერთ ოჯახში ექვსი და რომ არის, რას ნიშნავს მათთვის ერთადერთი, პატარა ძმა.
- რამდენი წლის წინ წავიდა ასლანი უკრაინაში?
- 10 წლის წინ. ის ძალიან მშრომელი იყო და კიევში კარგად დამკვიდრდა, მაგრამ შინ ხშირად ჩამოდიოდა თავისიანებთან და შვილთან. ის და მისი მეუღლე ახალგაზრდები დაქორწინდნენ და ისე მოხდა, რომ გაიყარნენ; ასლანი მეორედ დაქორწინდა უკრაინაში, მაგრამ შვილთან კონტაქტი არასოდეს შეუწყვეტია. ხშირად ჩამოდიოდა მშობლებისა და შვილის სანახავად. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მის დედას ძალიან გაუჭირდება ამ უბედურების გადატანა, თუმცა მამამ შეიძლება ბოლომდე ვერც გაიგოს, მის თავს რა მოხდა. ალბათ განგებამაც კი დაინდო ამ უბედურების აღქმისთვის, - მძიმე ინსულტი გადაიტანა, რომელმაც სასიცოცხლო ფუნქციები დაუქვეითა.

- როგორ გარდაიცვალა ასლანი?
- ვიცი, რომ მტრის ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც თურმე დაბომბვის შემდეგ, თავშესაფრიდან ამოვიდა. ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი. ვიცი, რომ უკრაინელმა ექიმებმა ყველაფერი იღონეს მის გადასარჩენად, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.
რაც ეს ომი დაიწყო, მთელი საქართველოც შოკში ვართ, ღმერთს ვთხოვ, რომ ასეთი უბედურებისაგან ყველა დაინდოს. თავად მე საერთოდ აღარ მძინავს ეს დღეები, მით უფრო, რომ ჩემი შვილიც ახლა კიევშია და ლამის გავგიჟდე. ის იქ მუშაობდა, ახლა, ცხადია, მისი სამუშაო არავის სჭირდება და ვეღარც უკან მოდის. მეუბნება, - დედა, ქალების და ბავშვების ისეთი რიგებია საზღვარზე, ახლოსაც ვერ მივედი, რომ ტრანსპორტში ჩავჯდე და წამოვიდიო. აი, ასეთ დღეში ვართ. ღმერთმა უშველოს უკრაინას და მერე ჩვენ, დაგვიხსნას ამ საშინელი ბოროტებისაგან.
(სპეციალურად საიტისთვის)