რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი?
რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, რომელიც რუსული არმიის შემაკავებელი ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანას გულისხმობდა, მთელ მსოფლიოში განგაში გამოიწვია.
ანალიტიკოსთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს განცხადება არაფერია, თუ არა სხვა ქვეყნების გაფრთხილება, არ ჩაერიონ რუსეთ-უკრაინის ომში. პუტინის განცხადება არ ნიშნავს, რომ მას სურს ბირთვული იარაღის გამოყენება.
ბირთვული იარაღი 80 წელია, მართლაც შექმნილია და ქვეყნებს ის ეროვნული უსაფრთხოების გარანტად აქვთ.
რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს?
მაშინ, როცა ვსაუბრობთ, რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს, აქ დაახლოებითი რიცხვი უნდა გამოვიყენოთ, რადგან ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. ამერიკელი მეცნიერების აზრით, რუსეთს 5977 ბირთვული ქობინი აქვს. ეს ბირთვული იარაღის ის ნაწილია, რომელიც ფეთქდება. აქედან ნაწილი უკვე ჩამოწერილია, დარჩენილი 4500 ბირთვული ქობინიდან უმეტესი ნაწილი სტრატეგიულ ბირთვულ იარაღად მიიჩნევა ანუ - ბალისტიკურ რაკეტებად, რომელსაც შეუძლია ბირთვული ქობინი შორ მანძილზე გადაისროლოს. სწორედ ასეთი იარაღი ითვლება ბირთვული ომის იარაღად.
დანარჩენი იარაღი - ნაკლებად დამანგრეველი, ტაქტიკური ბირთვული იარაღია, რომელიც ბრძოლის ველზე ან წყალში გამოიყენება. ყველაფერი ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს ათასობით რაკეტა აქვს, რომელიც შორ მანძილზე მოქმედებს.
ექსპერტთა თქმით, ამ იარაღის უმეტესი ნაწილი, უბრალოდ, განთავსებულია აეროდრომებზე, სამხედრო ბაზებსა და წყალქვეშა სამხედრო გემებზე.
რამდენი ბირთვული იარაღი აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს?
დღესდღეობით ბირთვული იარაღი მსოფლიოში 9 ქვეყანას აქვს. ესენია: ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ კორეა.
როგორც ცნობილია, 191-მა სახელმწიფომ, მათ შორის - აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ისინი არ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. ეს მოლაპარაკება გულისხმობდა, რომ მათ უნდა შეემცირებიათ ბირთვული იარაღის მარაგები და საბოლოოდ - გაენადგურებიათ კიდეც. 1970-80-იან წლებში ამ ქვეყნებმა მართლაც შეამცირეს ბირთვული ქობინების რიცხვი.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი ამ მოლაპარაკებას არ შეუერთდა. 9 ქვეყნიდან ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ ამბობს, რამდენი ბირთვული იარაღი აქვს დამზადებული. 2003 წელს ამ კავშირზე უარი განაცხადა ჩრდილოეთ კორეამაც.
აღსანიშნავია, რომ დღეს, როცა პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ბირთვული იარაღით იმუქრება, უკრაინას ბირთვული იარაღი არ აქვს. პუტინის ბრალდების მიუხედავად, არ არსებობს იმის ფაქტი, რომ უკრაინას ოდესმე ბირთვული იარაღი ეწარმოებინოს.
რამდენად დამანგრეველია ბირთვული იარაღი?
ბირთვული იარაღის მთავარი დანიშნულება მაქსიმალური ზიანის მიტანაა. ბირთვული იარაღის სიძლიერე და მასშტაბურობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
1. ქობინის ზომა
2. სიმაღლე, სადაც ქობინი ფეთქდება
3. მდებარეობა, სად გამოიყენება ბირთვული იარაღი
შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე ქობინსაც კი უამრავი ადამიანის დაღუპვა და გარემოს დაზიანება შეუძლია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უარყოფით შედეგს გამოიღებს.
მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბირთვული იარაღი „სულ რაღაც“ 15 კილოტონა იყო და მისი აფეთქებისას 146 ათასი ადამიანი დაიღუპა.
თანამედროვე ტიპის ბირთვული იარაღის წონა ათას კილოტონაზე მეტია. იმ ადგილას, სადაც ასეთი ბომბი აფეთქდება, თითქმის აღარაფერი დარჩება.
დამაბრმავებელი განათების შემდეგ წარმოიქმნება გიგანტური ცეცხლოვანი ბურთი (რაც ძლიერი გამოსხივებაა) და დარტყმის ტალღა, რომელიც უამრავ კილომეტრზე ყველა შენობასა და ცოცხალ არსებას ანადგურებს.
რა არის ბირთვული შემაკავებელი და მოქმედებს თუ არა?
ბირთვული იარაღის დიდი არსენალის მფლობელთა სასარგებლოდ ამბობენ, რომ პოტენციური შესაძლებლობა, რომელიც მტრის სრულად განადგურებას გულისხმობს, არავის გაუჩენს სურვილს, მსგავს ქვეყანასთან ომი წამოიწყოს. ამას გარანტირებულ თანაზიარ განადგურებასაც უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები ყოველ წელს უფრო მეტ ბირთვულ მოწყობილობას ცდიან და თანამედროვე ტექნიკას ამზადებენ, 1945 წლის შემდეგ, ის არცერთ საომარ კონფლიქტში არ გამოუყენებიათ.
რუსული სამხედრო დოქტრინა ბირთვული იარაღის შემაკავებელ ფუნქციასაც გულისხმობს და 4 შემთხვევას ასახელებს, რომლის დროსაც შესაძლოა ქვეყანამ ბირთვული იარაღი გამოიყენოს:
1. ბალისტიკური რაკეტების რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე გაშვების დროს
2. ბირთვული იარაღის ან მსგავსი ტიპის მასობრივი გამანადგურებელი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე ან მისი მოკავშირე ქვენების ტერიტორიაზე გამოყენების დროს
3. რუსეთის ფედერაციის სახელისუფლებო ან სამხედრო სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმისა და ბირთვული იარაღით დამუქრებისას
4. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს, როცა თავად ფედერაციის არსებობა დგება საფრთხის წინაშე
უნდა გვეშინოდეს თუ არა?
მნიშვნელოვანია, რომ საომარ ვითარებაში ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება არსებობს, თუმცა ამის შანსი ისევ მცირეა.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მუქარა შესაძლოა უფრო გაფრთხილება იყოს, ვიდრე სურვილი იმისა, რომ იარაღი გამოიყენოს, შეცდომის დაშვების საფრთხე მაინც არსებობს, როცა სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება ან ერთი მხარე არასწორად აღიქვამს მეორე მხარის ქმედებას.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთს ბირთვული იარაღის განთავსების ადგილის ცვლილება ჯერ არ შეინიშნება, თუმცა დაზვერვის ცნობით, ისინი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.