"მე ვარ მანანა კოზაკოვა, მაშასადამე - ქართველი! ღმერთმა არ ქნას, ის მოხდეს, რისიც მეშინია..."
"მიუხედავად იმისა, რომ ვარ მანანა კოზაკოვა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ რუსული კულტურის მსახურის, დიდი მსახიობის შვილი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად განვიცდი ჩემი და-ძმის ყველანაირ იზოლაციაში (ეკონომიკურ, მორალურ, მთელი მსოფლიოს ზიზღის) ყოფნას, ვარ უკრაინელ ხალხთან, იმიტომ, რომ მახსოვს რუსეთის ომი, დამოუკიდებლობა, მცოცავი ოკუპაცია და ასე შემდეგ...
მე ვარ მანანა კოზაკოვა, მაშასადამე - ქართველი", - ეს სიტყვები მსახიობმა მანანა კოზაკოვამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი და საყოველთაო აღფრთოვანება მოჰყვა...
მანანა კოზაკოვამ თავისი ემოციები გულწრფელად გაგვიზიარა და ამ თემებზე "კვირის პალიტრასთან" ვრცლად ისაუბრა:
- 16 წლის ასაკში, პასპორტი რომ გავაკეთე, ეროვნება ქართველი მივუთითე... მახსოვს, გაოცებულები მეკითხებოდნენ, კოზაკოვა ხარ და ქართველი რანაირად, ხომ არ შეიშალეო?... იმ დღეს მე ჩემი არჩევანი გავაკეთე, ყოველთვის მქონდა შანსი წავსულიყავი, მაგრამ საქართველო ავირჩიე სამშობლოდ და ღამურასავით სხვა სამშობლო ვეღარ მექნებოდა, სამშობლო ერთია!

- თქვენმა დღევანდელმა პოსტმა ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მეტად რომ გაგვიზიაროთ ემოციები, გულისტკივილი...
- ყველა შეძრწუნებულები ვართ, რაც ახლა უკრაინაში ხდება... ყოველწამიერად ვართ ჩართულები და მხოლოდ მაგით არის ახლა ჩვენი გონება მოცული. ბავშვებს, მოხუცებს რომ ხედავ, ისე განვიცდი, თითქოს საკუთარ სხეულს სტკივა...
ძალიან ბევრს ვფიქრობ რუსეთზე... მათი კულტურის ნაწილიც ვარ, რუსული გენეტიკური კოდიც მაქვს და ჩემთვის ბევრი რამეა მნიშვნელოვანი... მიფიქრია რუს ხალხზე, მათ რომ ამბიციები, იმპერიალიზმი დაეძლიათ და არ აერჩიათ ის ხელისუფლება, რომელსაც გამუდმებით ირჩევენ, ყველაფერი რა სხვანაირად იქნებოდა.... მათ ისტორიას რომ გადახედო, თავისუფლებისთვის ნაკლებად უბრძოლიათ. ყოფილა რევოლუციები, მაგრამ არა - თავისუფლების მოპოვებისთვის.
მიფიქრია, ასე რომ არ ყოფილიყო, რუსეთი როგორი ქვეყანა იქნებოდა. საერთოდ 180 გრადუსით შეიცვლებოდა ვექტორი მთელი მსოფლიოს მსოფლმხედველობისა, მათი მონაწილეობის აღქმასა და ცივილიზაციაში... საოცარი პოტენციალის ქვეყანაა... ჩემი შვილი ეროვნული გამოცდებისთვის რომ ემზადებოდა, გეოგრაფიიდან იყო კითხვარები და გაკვირვებული იყო - ხე-ტყის, ოქროს, ნავთობის, ტერიტორიების მხრივ სტატისტიკურად რუსეთი ნომერ პირველია... ახლა ხომ აღარ არის მეთვრამეტე საუკუნე, როცა, ასევე, იყო იმპერიალისტური მისწრაფებები - ინგლისი იპყრობდა ინდოეთს და ასე შემდეგ. მერე, ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს საჭირო არ არის და განვითარება შეიძლება არა იმით, რომ სხვა ქვეყნები დაიპყრო, არამედ, შენი ქვეყანა განავითარო!
წარმოგიდგენიათ, რუსეთს რომ ეს იმპერიალიზმი დაეძლია, რა იქნებოდა? ამხელა სიმდიდრე, კულტურა, მწერლობა განზე მდგომი კი არ უნდა იყოს, არამედ - შენი ნაწილი! მაშინ რაღა აზრი აქვს ამხელა პოტენციალს?! გამიჯნულია კულტურა და ერი, აღარ გახდა ერთი ნაწილი! რატომღაც ქართველები ხშირად დოსტოევსკის ახსენებენ და მე ვიტყოდი, რომ ტოლსტოია ნამდვილი გენიოსი! მის ყოველ ფრაზაში უზარმაზარ სიბრძნეს ამოიკითხავ...

კი, ბატონო, მე ვიყო ძლიერი, მაგრამ ჭკვიანურად! აქეთ მთხოვდნენ ქვეყნები ჩემს ზეგავლენას, კი არ ვკლავდე და ვაიძულებდე ჩემთან იყოს, ქვეყნებს კი არ ვიპყრობდე, ღმერთო ჩემო, რომელი საუკუნეა?! საქართველოში, სახლში მყოფი უბრალო ადამიანები ვხვდებით ამდენს და იქ როგორ ვერ ხვდებიან, როგორ ვერ მუშაობს ეს კოლექტიური აზროვნება?! - ერი რომ გაიღვიძებს, გაერთიანდება და იტყვის - არა!
არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს! არსებობს მეოთხედი სხვა რუსეთი, სულ პატარა რაოდენობა, რომელიც ამას ხვდება... ლაპარაკში დაგეთანხმებიან, რომ პუტინი საშინელებაა, მაგრამ ჩემთვისაც კი უთქვამთ, აფხაზეთს თქვენთან არ უნდა, დამოუკიდებლობა უნდაო... თან ამას ამბობენ საკმაოდ მაღალი წრის წარმომადგენლები. როგორც ახლა პუტინი გამოვიდა და ამბობდა, რომ, თურმე, უკრაინა ლენინს დაუარსებია, თორემ მანამდე არ არსებობდაო... არადა, პირიქით იყო! ამას მხოლოდ საუბარში კი არ ამტკიცებენ, წიგნები, აუდიოჩანაწერები არსებობს, სისხლში აქვთ გამჯდარი! ისტორიას ისე ცვლიან, მეტი რომ არ შეიძლება!
ჩვენ რომ დავხარჯეთ წლები - ზვიადისტი, არაზვიადისტი, "ქოცი", "ნაცი", მათ სხვანაირად გამოიყენეს... ის ხომ საშინელებაა, მაგრამ არც ჩვენ ვიქცევით ჭკვიანურად. ახლა უნდა მოხდეს ყველას კონსოლიდაცია და რა შუაშია, ვინ რომელი პოლიტიკური წრის წარმომადგენელია?! ერთიან მიზნებზე უნდა ვიფიქროთ და ისე არ მოხდეს, რისი შიშიც მაქვს - როგორც 1990-იანებში ვიყავით ავანგარდში... პირველებმა გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, 9 აპრილი გავიარეთ, ომი და ევროკავშირსა და გაეროშიც მშვიდად მყოფმა ბალტიისპირეთმა შეგვასწრო... ახლაც - "ქოცი-ნაცის" ძახილია. ეს "ნაცების" მოწყობილი მიტინგია და არ გავალო... აგერ უკრაინა ევროკავშირში განიხილეს, რა თქმა უნდა, საქართველოს გარეშე... რეზოლუცია ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ განცხადება შეატანინეს. ძალიან ვღელავ, ისევ განზე არ დავრჩეთ. ის ისტორია ისევ ცუდად არ გამეორდეს!

ამიტომ, გონზე უნდა მოვეგოთ ყველა და საერთო მიზნებზე ვიფიქროთ. მიზანი კი უფრო შორსმიმავალია, ვიდრე - დღევანდელი გეგმები... კარგად თქვა ერთმა და გავიმეორებ - პოლიტიკური თავმოყვარეობა! არავინ გთხოვს ტანკით შეუვარდე რუსეთს, მაგრამ პოლიტიკური თავმოყვარეობა უნდა გაგვაჩნდეს! არ უნდა გვეშინოდეს, ასე თუ ვიფიქრებთ, მერე მოვა და კიდევ უარესს დამმართებსო. მონობა მეტი კი არაფერია! თავისუფლების აზრი საშიში არ უნდა იყოს, თავისუფლებას მერე თავის ფასი აქვს და ხომ ვხედავთ, უკრაინასაც თავიდან გვერდით არ ედგნენ, მაგრამ თავიანთი მამაცობით ყველა გააკვირვეს და მსოფლიო გვერდით დაუდგა...
ჩვენ სულ სექტებად ვიყოფით და ყველას ჰგონია, მისია საქართველო. ერთი საქართველო გვაქვს და ყველა ერთი მიზნის ქვეშ უნდა ვიყოთ! რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას კითხვა სჭირდება?... იტყვიან, კი ოკუპანტიაო, მაგრამ... - აი ეს მაგრამ არის დამღუპველი!
(სპეციალურად საიტისთვის)