მისტერ პრეზიდენტ, ვისი ცა უნდა ჩაგეკეტათ და ვისი ჩაკეტეთ?! - კვირის პალიტრა

მისტერ პრეზიდენტ, ვისი ცა უნდა ჩაგეკეტათ და ვისი ჩაკეტეთ?!

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსულ თვითმფრინავებს აშშ-ის საჰაერო სივრცის გამოყენება აეკრძალებათ.

„ვაცხადებ, რომ ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა ფრენისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს აკრძალვა რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და მის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს.

ვაშა მისტერ პრეზიდენტ ბაიდენ! ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე რუსული სამგზავრო თვითმფრინავები რომ ვეღარ შეფრინდებიან, ამით ეტყობა პუტინს ძალიან შეეშინდება და ვეღარ დაბომბავს ხარკოვის საავადმყოფოს თუ კიევის ტელეანძას?

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ომის დაწყებამდე და მით უმეტეს, დაწყების შემდეგ მუხლმოდრეკილი იხვეწება - ნატო, ამერიკა, დაგვეხმარეთ და გამოაცხადეთ უკრაინის საჰაერო სივრცე ფრენებისთვის აკრძალულ ზონად!!!

მაგრამ ამერიკა უკრაინის ცის ჩაკეტვის ნაცვლად საკუთარ საჰაერო სივრცეს უკეტავს რუსეთს, განა იმიტომ, რომ რაიმე შეცდომა მოსდის, არამედ მძიმე რეალობიდან გამომდინარე - უკრაინაში ამერიკული საჰაერო თავდაცვის განთავსების შემთხვევაში აშშ-ი და რუსეთი ომის წინ დადგებიან - არ უჭირს სიმართლის აღიარება პრეზიდენტ ბაიდენს...

ეს, რა თქმა უნდა, კრემლშიც კარგად უწყიან და ამიტომაც ბომბავენ უმოწყალოდ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს.

2-1646224891.jpg
რუსული საბრძოლო ავიაცია აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას...

თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ რუსეთის თავდასხმამდე უკრაინელებს და მთელ მსოფლიოს ღიად აცნობა - ჩვენ ამერიკელები და ნატოელი პარტნიორები დავეხმარებით უკრაინელებს პოლიტიკური მხარდაჭერით, ფინანსურად, რუსეთზე სანქციების დაწესებით და უკრაინული არმიისთვის გარკვეული სახეობისა და ტიპის შეიარაღების მიწოდებით, მაგრამ ნუ მოგვთხოვთ უკრაინის მიწაზე ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცების ფიზიკურ გაგზავნასო...

და ასეც ხდება, მაგრამ უკრაინელებისთვის გადაცემული ამერიკული საზენიტო „სტინგერებით“ (რისთვისაც უკრაინელი მეზენიტეები დიდად მადლობლები არიან) უკრაინის ცის დაცვა მხოლოდ 3,8 კმ სიმაღლემდე შეიძლება, რაც ძალიან კარგად იციან რუსმა პილოტებმაც და ისინიც ან 4 კმ-ის სიმაღლიდან ბომბავენ ან „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტებს უფრო შორი მანძილიდან უშვებენ, ხოლო რუსული შვეულმფრენები კი ძალიან დაბალ სიმაღლეზე, 20-30 მეტრზე დაფრინავენ (რაც უკრაინის სწორ რელიფზე ბევრად ადვილია, ვიდრე ავღანეთისა თუ კავკასიის მთაგორიან პირობებში), რათა „სტინგერისა“ და „იგლას“ ოპერატორმა ვერ მოასწროს რეაგირება - საჰაერო სამიზნის დროული აღმოჩენა და საზენიტო რაკეტის გაშვება.

უკრაინას ეხლა სასწრაფოდ სჭირდება საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე მომუშავე საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები.

უკრაინული „ოსას“, „ტორის“ „ბუკებისა“ და C-300-ების ნაწილი ან განადგურებულია ან კიდევ რაკეტების მარაგი ამოწურვის პირასაა.

უკრაინელი მეზენიტეებისთვის პირდაპირ მისწრება იქნებოდა თანამედროვე ფრანგული თუ ამერიკული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები - „პეტრიოტი“, „ასტერი“, „მიკა“ ან სულაც ანტისარაკეტო THAAD-ი, რომლებსაც რუსული გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების ჩამოგდება ყველა სიმაღლეზე და ძალიან შორს მანძილზე, თვით რუსეთის საჰაერო სივრცეშიც კი შეუძლიათ, ხოლო THAAD-ი ასე ნაქებ რუსულ აერობალისტიკურ „ისკანდერებსაც“ მოუსინჯავდა „კბილს“...

3-1646224927.jpg
ამერიკული „პეტრიოტები“ საიმედოდ გააკონტროლებდნენ უკრაინის ცას, მაგრამ...

მაგრამ დასავლეთი საჰაერო თავდაცვის ასეთი სერიოზული შეირაღების უკრაინელებისთვის მიწოდებაზე არ წავა.

არ წავა იმიტომ, რომ „სტინგერისგან“ განსხვავებით, რომელსაც ავღანელი მოჯაჰედებიც კი რამდენიმე საათში მშვენივრად ითვისებდნენ (რადგან „სტინგერი“ მოქმედებს „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპით და სწორი დამიზნებისა და სტარტის შემდეგ საზენიტო რაკეტა ოპერატორისგან მართვას აღარ საჭიროებს), „პეტრიოტისა“ თუ „ასტერის“ საბრძოლო მომსახურებას ძალიან კვალფიციური კადრები სჭირდება, რომელთა გადამზადებას უკრაინელი მეზენიტეებში, შეიძლება თვეები დასჭირდეს, საკუთარი სპეციალისტების გაგზავნა უკრაინაში კი არ სურს იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რუსეთ-ნატოს ბირთვულ ომში გადაიზარდოს, ამერიკელმა ოპერატორმა „პეტრიოტიდან“ უკრაინის ცაში რუსული ბომბდამშენი რომ ჩამოაგდოს...